“საითაც ქვეყანა ტრიალებს, ჩვენც იქით უნდა ვიბრუნოთ პირი“ – როგორი იყო მიხეილ ჯავახიშვილი

,,ჯავახიშვილი იმ პატიოსან თვალსა ჰგავს, ერის საგანძურის სეიფში რომ დევს, რომელსაც ვერც მოიპარავ, ვერც გაყიდი და ვერც იყიდი, რადგან ერთადერთია, უნიკალური და ფასდაუდებელი”.

მიხეილ ჯავახიშვილი

„მიხეილ ჯავახიშვილი არავის წინაშე ქედს არ ხრიდა. მეტიც, ზოგჯერ გამომწვევ რეპლიკასაც კი წამოიძახებდა ხოლმე. მას სასტიკად აკრიტიკებდნენ. ზოგი უფრო “დიპლომატიურად” გამოდიოდა, ვიდრე მიხეილ ჯავახიშვილი, კოწია გამსახურდია, ნიკო ლორთქიფანიძე. ქედუხრელი მიხეილ ჯავახიშვილი, გარეგნობით არ სტოვებდა გოლიათის შთაბეჭდილებას, მაგრამ იყო უდიდესად აღიარებული ქართველი პროზაიკოსი. დადიოდა ბეჭებში ოდნავ მოხრილი და ხელში ჯოხით, ყურადღებას იპყრობდა ინტელიგენტური, დახვეწილი მანერებითა და დინჯი, მკაფიო მეტყველებით, ლაპარაკობდა დარბაისლურად, ბოხი ხმით. მის ქართულ მეტყველებაში, კახური აქცენტი იგრძნობოდა. მისივე რუსული ზოგ რუს კარგ მწერალსაც კი მიაჩნდა მისაბაძად. ჭამა ფაქიზი იცოდა და მთვრალი არ გვინახავს“, – წერდა პროფესორი იოსებ მეგრელიძე მიხეილ ჯავახიშვილზე.

ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ჯავახიშვილი, რომლის ნამდვილი გვარი ადამაშვილია, ყოველთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის იღწვოდა. მიხეილს, პირველი ნაწარმოებებზეც ამ სახელით აქვს ხელი მოწერილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჯავახიშვილი მისი ფსევდონიმია.

მის გვართან დაკავშირებული გაუგებრობა, შემდგომ თავად ჯავახიშვილმა განმარტა:

„ჩემი ნამდვილი წინაპრები ჯავახიშვილები არიან. ჩემს წინაპარს, ვინმე ჯავახიშვილს, ქართლში კაცი შემოკვდომია, იქიდან გამოქცეულა, ქიზიყში გადასულა და იქაური გვარი, ტოკლიკაშვილი აუღია. შემდეგ, ბორჩალოში რომ გადმოვედით, იქ ადამაშვილის გვარით ვცხოვრობდით. პაპაჩემი ხომ ადამა იყო და გვარად ადამაშვილი ავიღეთ. მე აღვადგინე და დავიბრუნე ჩვენი გვარი“.

ჯავახიშვილი ხმამაღლა და უშიშრად საუბრობდა ქვეყნის გასაჭირსა და ტკივილებზე. ის ერთ-ერთი იმ პოეტთაგანი იყო, რომელიც კალმით იბრძოდა იმდროინდელი უსამართლობის წინააღმდეგ. მწერალი ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებზეც ყოველთვის გულღიად და დეტალურად საუბრობდა. ამის ერთ-ერთი მაგალითი, მისი შეუდარებელი ნაწარმოები ,,ჯაყოს ხიზნებია“, რომელშიც თვალნათლივაა აღწერილი ყველა ის პრობლემა და დაბრკოლება, რაც მაშინ ქართველი ერის წინაშე იდგა. „

ჯაყოს ხიზნებში“ მწერალმა გვიჩვენა ერის ცოცხალი ორგანიზმის ,,ორი წყლული“, ფეოდალური არისტოკრატიის უკანასკნელი ნაშიერი, რევოლუციური ეპოქის მიერ, გარიყული მოინტელიგენტო ,,ხორცმეტი“ თეიმურაზ ხევისთავი და ბნელი სულითა და მოზღვავებული მტაცებლური ენერგიით აღჭურვილი ჯაყო. მწერალმა, განათლებულ უმოქმედობას, გაუნათლებელი მოქმედება დაუპირისპირა და ორივე საზოგადოებისათვის საშიშ მოვლენად მიიჩნია. ჯავახიშვილს ასეთი თითქოს ამოუცნობი, მაგრამ ამასთან ერთად, ღრმა შინაარსის მქონე არაერთი ნაწარმოები აქვს შექმნილი.

მიხეილ ჯავახიშვილი ის მწერალია, რომელმაც საქართველოს ისტორიაში, ათეული წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. გთავაზობთ მწერლის წერილს, რომელიც 1918 წლის 11 იანვრითაა დათარიღებული და რომელიც ბუმბერაზმა მწერალმა, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ დაწერა:

„სხვის პატრონობას შეჩვეულნი, ახლაც ჩრდილოეთიდან მოველით შველას. ვერ შევითვისეთ ის ცხადი სინამდვილე, რომ „პატრონი“ აღარა გვყავს, რომ ჩრდილოეთიდან ნაცვლად დახმარებისა და წესრიგისა, აუცილებლად გვეწვევა ღვთის რისხვა-რეაქცია და ანარქია, ხოლო, ვიდრე ქარიშხალი ჩანელდებოდეს, ქართველი ხალხი შიმშილისაგან განახევრდება. ჩრდილოეთის მომხრენი ვართ თუ აღმოსავლეთისა ან დასავლეთისა, ამის შესახებ დავა და კამათი უნაყოფოა და მავნებელიც. საითაც ქვეყანა ტრიალებს, ჩვენც იქით უნდა ვიბრუნოთ პირი. ხოლო იგი უძლეველის ძალით მიექანება დასავლეთისაკენ. მისი გზა მოსკოვსა და პერტოგრადზე კი აღარ მიდის, არამედ შავ ზღვასა სჭრის და დუნაის ხეობაზე გადადის. გვეყო მოსკოვ-პეტროგრადში გაცხრილული ევროპული კულტურით კვება, რომელსაც უფრო მეტი მონღოლური შხამი ურევია, ვიდრე დასავლეთის წმინდა სასმელი“- ვკითხულობთ მიხეილ ჯავახიშვილის მიერ დაწერილ წერილში.

მიხეილ ჯავახიშვილი, ის ადამიანი იყო, რომელიც სიკვდილის შემდეგაც, არაერთხელ გაუხსენებიათ სხვადასხვა ღონისძიებაზე. მათ შორის, ერთ-ერთი, მწერლის იუბილე იყო, სადაც ნოდარ დუმბაძემ საკუთარი სიტყვა წარმოსთქვა. სადაც, არაჩვეულებრივი, ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის უსაყვარლესი ნაწარმოებების შემქმნელი მწერალი, ნოდარ დუმბაძე, საკუთარ ბავშვობას იხსენებს, როდესაც მიხეილ ჯავახიშვილის წიგნებს, დიდი გულისყურით კითხულობდა და ეს, დიდ ბედნიერებასაც ანიჭებდა.

მწერალი იმასაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ოდესმე, ჯავახიშვილის იუბილეზე მოხვდებოდა, თანაც, სიტყვის წარმოთქმის უფლებით.

„ორი დიდი პიროვნების – კონსტანტინე გამსახურდიას და გერონტი ქიქოძის საუბარს შევესწარი მწერალთა კავშირის ბაღში. ბატონი კონსტანტინე ეუბნებოდა ბატონ გერონტის: პრომეთეოსმა იმიტომ კი არ მოპარა ღმერთს ცეცხლი, რომ შემდგომ ადამის გაბრიყვებულ მოდგმას გოეთესა და ჰაინეს წიგნები დაეწვა ამ ცეცხლში, პირიქით, დღე თუ არ ეყოფოდა საკითხავად, ამ ცეცხლის შუქზე ღამითაც ეკითხა ეს ღვთაებრივი ლექსებიო… ამ წუთში ჩემი და გამახსენდა, ღუმელში დასაწვავად გადადებული წიგნებიდან, რამდენიმე რომ მოიპარა და შემდეგ, ღამღამობით უჩუმრად კითხულობდა, კითხულობდა და მალავდა, იმ დამალულ წიგნებს შემდეგ მე ვიპარავდი და სახლის სხვენზე ვკითხულობდი, ჩემი და 12 წლისა იყო მაშინ, მე კი ცხრა წლისა. ასეთ ასაკში შეიძლება ადრეც კი იყო ჩვენთვის ჯავახიშვილის დიდებული რომანებისა და მოთხრობების კითხვა, მაგრამ მაშინ ასაკს, ვინ დაგიდევდა, ყველაფერი მოსწრებაზე იყო, ქვეყნიერება თავდაყირა იდგა და ყველაფერი უკუღმა იკითხებოდა… მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ორმოცდაოთხი წლის შემდეგ, სახლის სხვენზე კია არა, ამ მზის გულზე საკითხავი წიგნების ავტორის იუბილეს მოვესწრებოდი და განგება ამ საღამოზე სიტყვის წარმოთქმასაც მაღირსებდა…

ჯავახიშვილი შიშით, პარვით, ალიყურით, წყევლითა და კრულვით შეძენილი მწერალია ჩემთვის, ამიტომ მიყვარს იგი ასერიგად, ამიტომ განვიცდი მას დღემდე ყმაწვილივით, ამიტომ მიმაჩნია თავი მის შეგირდად, რითაც უსაზღვროდ ვამაყობ და ვიამაყებ ყოველთვის. ვაი, რა ვიწრო ნაოჭი, ღარი და ხნული ჰქონია ტვინში იმას, ვისაც ეგონა, რომ მის სახელს წაშლიდა ქვეყნიერებაზე. ტკივილი ტკივილად დარჩა. თორემ ჯავახიშვილი იმ პატიოსან თვალსა ჰგავს, ერის საგანძურის სეიფში რომ დევს, რომელსაც ვერც მოიპარავ, ვერც გაყიდი და ვერც იყიდი, რადგან ერთადერთია, უნიკალური და ფასდაუდებელი.

ახლა ჯავახიშვილის წიგნები ყველა ოჯახში აწყვია, როგორც განძი, როგორც გაფრთხილება, გამოფხიზლება, სიმართლე, აღიარება, სიყვარული, თავდავიწყება, ინტერნაციონალიზმიც და პატრიოტიზმიც, ყველაფერი ის, რითაც სუნთქავს ქართველი ხალხი. იგი ილიას პირდაპირი მემკვიდრე იყო, ამოღებული ხმალივით შიშველი და სამშობლოს საკურთხეველზე ზვარაკად მიტანილი.

ჯავახიშვილისნაირი მწერლები საერთოდ არ კვდებიან, და თუ კვდებიან, ხელმეორედ იბადებიან. ესე იგი, ერსა და მის მშობელ ხალხს არ ძალუძთ მის გარეშე სიცოცხლე. ასე იბადება უკვდავება ქვეყნიერებაზე და ასე დაიბადა საქართველოში მიხეილ ჯავახიშვილი“.

ასეთი ყოფილა 1880 წლის 8 ნოემბერს, სოფელ წერაქვში დაბადებული ქართველი მწერალი.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი