თოვლის მოსვლას თბილისში პრობლემები მოჰყვა – მოსახლეობა უკმაყოფილოა
მესამე დღეა თბილისში თოვს და დედაქალაქის ბევრ ქუჩაზე ამ დრომდე არ ყრია ტექნიკური მარილი.
მოქალაქეები ყოველდღიურად წერენ სოციალურ ქსელში თოვლის გამო, გზებზე შექმნილ პრობლემებზე. მათივე ინფორმაციით, თბილისის ზოგ უბანში თოვლის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებამდე მისვლაც კი ვეღარ ხერხდება.
“შეფერხებული იყო ტრანსპორტის მოძრაობა დილას 9 ზე სამი ავტობუსი იდგა გაჩერებული და 537-ით ჩამოვედი მეტრომდე. კიდევ კარგი დანიშნეს ეგ მარშრუტი. ყველაზე უპატრონო უბანია. ვაკის რაიონი კი არის”;
“ყველა ქუჩას არ სჭირდება ისედაც მარილი… ვაზისუბანში დასრიალებენ მანქანები 2 დღეა.. რომ გალღვება თოვლი მერე რაღად გვინდა ეგ მარილ?”
“ჩემები ცხოვრობენ ვაზისუბანში და ვერ ავდივარ 2 დღეა.. სად დაყარეს მართლა არ ვიცი. ვაზისუბანში გუშინ და დღეს გრამი არ დაყრილა ფაქტია”;
“რომ მოთოვა მახათაზე ვერ ადიოდნენ მანქანები და ხალხი მარილით დატვირთული მანქანით მოვიდნენ და დააყარეს, რაც მე დავინახე”.
როგორც მედია სააგენტო “24”-ს მუხიანის მცხოვრებლებმა შეატყობინეს, თოვლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე; ვარკეთილში, თრიალეთის ქუჩაზე N 371 ავტობუსი დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა. მოსახლეობის ინფორმაციით, ავტობუსი მოცურდა, რადგან ამ მონაკვეთზე გზა გაწმენდილი არ იყო.
დედაქალაქის მერია 2 დღეა ავრცელებს ინფორმაციას გზებზე მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებთან დაკავშირებით. მედია სააგენტო “24” ვითარების გარკვევას შეეცადა. როგორც შპს “თბილსერვის ჯგუფის” პრესსამსახურში განაცხადეს, გზების გაწმენდის სამუშაოები გრძელდება, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი. პრიორიტეტულია ფერდობები და ის ადგილები, სადაც მოცურების მაღალი რისკია.
“რაც შეეხება მეორეხარისხოვან ქუჩებსა და ჩიხებს, ჩვენი სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საპატრულო პოლიციასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან, ასევე ოპერატიულად რეაგირებს ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებზე”, – აცხადებენ “თბილსერვის ჯგუფში”.
მათივე ინფორმაციით, დედაქალაქსა და მის შემოგარენში, გზებზე ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოსული თოვლის გამო, გზებზე უკვე 1000 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა. სამუშაოებში ჩართულია კომპანიის 200-მდე თანამშრომელი და სამი ათეული სპეციალური ტექნიკა.
შპს “თბილსერვის ჯგუფი” მოუწოდებს მოსახლეობას, ქალაქში მოძრაობისას, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, ხოლო იმ მოქალაქეებს, რომელთა ავტომობილებსაც არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები, მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ ცხელი ხაზის ნომრებზე: 2 61 90 50, 2 72 22 22.
ლელა დევდარიანი