“სააკაშვილი, ხომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო? როგორ აკადრა საკუთარ თავს ეს მასკარადი”

“რა დანიშნულება აქვს ყოფილ პრეზიდენტს ამ ქვეყნისთვის, თან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ქვეყნის გამყიდველს?” – ინტერვიუ ლალი აფციაურთან

მიხეილ სააკაშვილის ხმაურიანი პროცესი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით საზოგადოება ვერ დარწმუნდა გიული ალასანიას სიტყვებში, რომ ექსპრეზიდენტს მეთოდურად აწამებენ, ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები იმუქრებიან, ყველა ის პირი დაისჯება, ვისაც რაიმე ფორმით შეხება ჰქონდა პატიმარ სააკაშვილთან.

ამ მიზნით ნაციონალები ე.წ. მაგნიტსკის სიას აქტიურად წერენ და არც იმას ერიდებიან, რომ მათი ეს მუქარა სულ უფრო აფრთხობს პოტენციურ ამომრჩეველს. სისხლიანი რეჟიმის შემოქმედნი დღემდე ვერ აცნობიერებენ, რომ ხელისუფლება 2012 წელს, სწორედ ამ მიზეზით დაკარგეს. ძალადობაა, რაც მათი ხელისუფლების ხელწერაა, საქართველოს ამომრჩევლისთვის მიუღებელია.

სააკაშვილი დახმარებას ამერიკიდან ითხოვს და წერილს წერილზე გზავნის, მის უფლებადამცველს კი საერთაშორისო სასამართლოს იმედი აქვს, რომელიც საქმეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი მისი განხილვა ქვეყნის შიდა ეროვნული სასამართლოს დონეზე დასრულებულია. სააკაშვილი ამერიკისგან საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედებას ითხოვს და მზად არის დასასჯელთა ე.წ. „შავი სია“ შეადგინოს.

რა შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ, რა სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა სააკაშვილის პროცესზე და რამდენად სარწმუნოა ამერიკელი ექსპერტის ჩვენება და დასკვნა? – ამ საკითხებზე მედია სააგენტო “24”-ს ადვოკატი ლალი აფციაური ესაუბრა.

– მუდმივად ისმის საუბარი, – ექსპრეზიდენტი კვდება, ძალიან ცუდად არის, – თუმცა ჩვენ ვიხილეთ ჩანაწერი, სადაც ის, არც ისე შეუძლოდ მყოფივით იქცევა. რას იტყვით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე და განვითარებულ მოვლენებზე?

-სააკაშვილის ვიზუალური მხარე ანუ, რაც ტელევიზიით გვაჩვენეს, როგორც ჩანს, დაცვის სტრატეგიაში შედის. ორიოდე დღის წინ წავიკითხე ადვოკატ ხაჭაპურიძის განცხადება, ახალი სტრატეგია შევიმუშავეთო და ამ ახალი სტრატეგიით უნდა დავიწყოთ სააკაშვილის დაცვის განხორციელებაო. ძველმა სტრატეგიამ, როგორც ჩანს, არ გაუმართლათ. ელემენტარულად, როგორ უნდა აკადრო ეს ყველაფერი, ყოფილ პრეზიდენტს? როგორიც არის, ეს სხვა თემაა. ის ხომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, მთავარსარდალი. როგორ უნდა აკადრო ადამიანს ან თვითონ, როგორ უნდა იკადროს ექსპრეზიდენტმა იმ სახით საზოგადოებაში წარმოჩინება, როგორითაც გამოჩნდა. ეს ხომ მასკარადი იყო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – წვერის მოშვება, მოუწესრიგებლობა. დემენცია რა დაავადებაც არის, მარტივად გაერკვევა ნებისმიერი ინტერნეტის მეშვეობით. უცებ გაიგებ მის სიმპტომებს. ის, რომ სააკაშვილი ჭკუასუსტი იყო, ეს თავიდანვე ვიცოდით, ახალი არაფერია. თავიდანვე იყო ამ თემაზე საუბარი და არაერთხელ ითქვა არჩევნების წუთიდან, მისი პრეზიდენტად მისვლისთანავე. იქამდე, ვინც მას ვიცნობდით, ყველამ კარგად ვიცით, თუ არა ჭკუამხიარული ადამიანი, კიბის სახელურზე სრიალით არავინ ივლიდა იუსტიციის სამინისტროს შენობაში და ეს ყველაზე მსუბუქი ფორმაა, რაც მე ახლა ვთქვი. დანარჩენს აღარ ვამბობ – საფერფლეების სროლა და ა.შ. მინიმუმ სირცხვილია, ასე სამარცხვინო მდგომარეობაში მისი წარმოდგენა, მით უმეტეს, დაცვასაც ეს არაფერში წაადგება. ეს ძალიან კარგად იცის შალვა ხაჭაპურიძემ. ეს იყო ძალიან დიდი სირცხვილი, უთავმოყვარეო ადამიანის საქციელი, თვითონ სააკაშვილი, როგორ დათანხმდა ამ ფორმით მოქმედებას. ჩემთვის ნათელია, ეს ვისი რჩევით გააკეთა.

– თქვენი აზრით, სააკაშვილი გამიზნულად იქცევა ასე, რაც გავრცელებულ კადრებში ვიხილეთ?

– რა თქმა უნდა. მაშინ გამოვიდნენ და თქვას ყველამ ერთად, რომ შედიან და გამოდიან ეს ნაციონალები, ე.წ. დეპუტატები და ამბობენ, სააკაშვილთან ეს საკითხი განვიხილეთ, ქვეყნის აღმშენებლობაზე ვისაუბრეთ, შევაფასეთ საერთაშორისო საკითხებიო. ამაზე ხომ საუბრობენ?! აბა, ვისთან აფასებენ, თუ ყოფილი პრეზიდენტი ასე ცუდადაა, ტყუილია და გვაბოლებდნენ? თუ ადამიანს ასეთი დაავადება აქვს და თან ამ დაავადების სიმპტომები და შედეგები, იოლად გასარკვევია თუ მოძებნი და წაიკითხავ, ვისთან განიხილავენ ამ ყველაფერს. დავიჯერო ახლა სოფო ნიჟარაძეს თავისი ის პაწაწუნა კარგი შვილი რომ ჰყავს, ასეთ მდგომარეობაში მყოფ მამასთან შეჰყავს და ასეთი მამა უნდა ანახოს?! თქვენ ამის გჯერათ? ელემენტარულით – საყოფაცხოვრებო საკითხებით ვიწყებ, ასეთ ფორმაში მყოფს აჩვენებს მამამისს და თქვენ, ეს გჯერათ? მაშინ, თუ ასეთ მდგომარეობაში აჩვენებს ამ პატარა ანგელოზს, ეჭვი შემეპარება, რომ დედას ძალიან უყვარდეს თავისი შვილი.

– სააკაშვილმა იცის, რომ ის ვიდეო თვალის დაკვირვების ობიექტია 24-საათიან რეჟიმში. მისი ქცევა პატიმრობისთვის თავის არიდებაზეა გამიზნული? მასთან ვიზიტად მყოფებმაც ხომ იციან, რომ სათვალთვალო კადრებში ხვდებიან?

– გასაგებია და სწორედ მაგას ვამბობ, თავმოყვარე ადამიანი ასე, როგორ უნდა მოიქცეს-მეთქი. იცის, რისთვისაც კეთდება, ხალხის გარკვეულ მასებზეა გათვლა, თორემ მე რომ ვუყურებ, ჩემთვის მისი ქმედება სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. რაც არ გინდა ჯანმრთელობა შერყეული იყოს ადამიანი, მის მოწესრიგებას წინ რა უდგას? დედა ხომ ჰყავს, არ ეცოდება თავისი შვილი? დანარჩენების პოზიცია, გასაგებია.

– ამერიკელმა ექსპერტმა, სასამართლო პროცესზე დაკითხვისას, ხაზი გაუსვა, რომ მოუწესრიგებელი პატიმარია, ფრჩხილებიც არ აქვს დაჭრილიო.

– გასაგებია, ეს ყველაფერი, რისთვის და როგორ. მოუწესრიგებელიაო, სირცხვილია. მისი ადვოკატი არ იყო, რომ იძახდა, სუნი ასდისო, ყარსო. აი, ამ სიტყვით ადვოკატმა მოიხსენია თავისი დაცვის ქვეშ მყოფი. მეტი, რა უბედურება გინდა. მაგრამ იცი, რა მიკვირს? – დედამისის საქციელი, როგორ არ ენანება თავისი შვილი იმისთვის, რისთვისაც გაწირეს. ასე სამაიმუნო გახდა, ასეთი სასაცილო, ამ მდგომარეობამდე დაეცა. მგონი, თვითონ ეს ნაციონალები აგიჟებენ, ყველა ერთად, თავისი ხროვა, თავის დაცვიან-სტრატეგიანად. მაქსიმალურად ცდილობენ, სიკვდილამდე მიიყვანონ, რომ ქვეყანა სკანდალში გახვიონ. აბა, ვის აწყობს სააკაშვილის სიკვდილი. ამ ხელისუფლების არც მომხრე ვარ და არც დითირამბებს ვუმღერი. რაში აწყობს ხელისუფლებას, სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა, ვიღაცამ ამიხსენით.

“სააკაშვილი ბოლომდე გაწირეს, იმისთვის სჭირდებათ, რომ ამ ქვეყანას თავს ლაფი დაასხან”

– რის საფუძველზე აცხადებს გიული ალასანია, რომ მის შვილს მეთოდურად წამლავენ, კლავენ?

– თვითონ თუ სჭირდებათ, თორემ სხვას, არავის. რაში სჭირდება ხელისუფლებას რაიმე სახის სკანდალი, რისთვის? რა დანიშნულება აქვს ყოფილ პრეზიდენტს ამ ქვეყნისთვის, თან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ქვეყნის გამყიდველ პრეზიდენტს. სააკაშვილმა, რომელმაც უარი თქვა თავის ქვეყნის მოქალაქეობაზე და მიიღო უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, ახლა აქ რა უნდა ქნას? ჯერ თავის დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს. რაში სჭირდება ახლა ხელისუფლებას სააკაშვილის სიკვდილი? რა შედეგის მომტანია ან მისი ცოცხლად ყოფნა, ან მკვდრად ყოფნა თუ არა სკანდალის? ეს ისევ ნაცებს სჭირდებათ, იმიტომ, რომ საკუთარი პრეზიდენტი უკვე გაწირული ჰყავთ. დამთავრებულია მაგის საქმე პირველივე წუთიდან. როცა ურჩიეს, რომ საქართველოში შემოსულიყო არაჟნის კონტეინერში ჩამალული, იქიდან უკვე გაწირული ჰყავდათ, ეს ხომ ფაქტია.

– თქვენი აზრით, გიული ალასანიაც ნაციონალების ამ სცენარში წერია, ანუ სააკაშვილის საწინააღმდეგო სცენარში.

– ზუსტად მაგას ვამბობ. აბა, ჭკუათმყოფელი დედა, ასე უნდა იქცეოდეს? დავანგრევდი ქვეყანას, ჩემი შვილი ასეთ მდგომარეობაში, როგორ უნდა ჩამეგდო. შვილის ასეთი მდგომარეობის ნახვა, დედისთვის უმძიმესია. გადავდგამდი ყველაფერს, რომ ჩემი შვილის ჯანმრთელობა შემენარჩუნებინა. გიული ალასანიას ჭკუა თუ აქვს, თავისი განცხადებებით გადაუკეტოს ყველას, ნაციონალებს, იქ მისასვლელი გზა და თავისი შვილის ჯანმრთელობაზე იფიქროს.

– თქვენი პოზიცია გასაგებია, თუმცა ექსპრეზიდენტის დედა ფიქრობს, რომ მსგავსი განცხადებებით, დასავლეთის ქვეყნები გაიგებენ, რომ მისი შვილი აქ საფრთხეშია და აწამებენ. ამ გზით უნდა მის განთავისუფლებას მიაღწიოს.

– ეგ არ გამოვა. შანტაჟი იმ უცხოელებმა თავიანთ ქვეყნებში მოაწყონ. იძახიან, – სიებს გავაკეთებთო, იმხელა სიები არსებობს სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რომ ერთი-ორი თვე არ ეყოფათ წასაკითხად. რა სიები? ვინ ლაპარაკობს ამ სიებზე? ამ ხელისუფლების ბრალი ზუსტად ეს არის, რომ მათ ლაპარაკის საშუალება მისცა და ციხეში ერთიანად არ შეყარა. აი, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული „ქართული ოცნების“, რომ ვისაც კი რაიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, თანამდებობის კუთხით ვგულისხმობ, ყველა ციხეში არ შეყარა და დღეს პარლამენტში გვერდს უმშვენებენ, არჩევნებში მონაწილეობის და გამარჯვების საშუალებაც მისცა. ეს არის ამათი უსაშინელესი დანაშაული და ამას ხალხი ხედავს.

– იგივე ეს ხალხი არყევს დღეს ხელისუფლებას და ქვეყანას, რომლებსაც შერჩათ ყველაფერი – ფინანსები, თანამდებობები, გავლენები…

– ამიტომ გაიქცნენ ქვეყნიდან. მაგრამ, რომ ნახეს აქ კოჰაბიტაცია დაიწყეს და ლმობიერად მოექცნენ, ნელ-ნელა მობრუნდნენ და თავზეც დაგვასხდნენ.

– ამერიკელი ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაპანი ამბობს, რომ სააკაშვილის დაავადებები სიკვდილის საშიშროებას ქმნის და განსაკუთრებით ის, რომ კრუნჩხვები ემართება.

– ნებისმიერი დაავადება, ელემენტარულად, გრიპის ვირუსიც კი ქმნის სიკვდილის საშიშროებას. მაგრამ აი, ამ ამერიკელი ექსპერტის, იცი, რა მიკვირს? კატეგორიულად ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა ეს დაავადება საქართველოში დაპატიმრების შემდეგ შეიძინა. რატომ? ხერხემალი ისე, სხვა დროს არ ზიანდება? კისრის მალები არ ზიანდება? ელემენტარულად, სისტემატური ჯდომისგან ზიანდება კისრის მალები. სხვაგან არსად წაქცეულა სააკაშვილი? არსად უთრევიათ ? უკრაინაში, რესტორანში ვნახე, როგორ იჭერდნენ, სულ კისრით ათრიეს და ამ ექსპერტმა, რით დაადგინა, რომ სააკაშვილს კისერი საქართველოში დაუზიანეს? ხანდაზმულობა დაადგინა? სადმე ეწერა ექსპერტიზის დასკვნაში, რომ ხანდაზმულობა ემთხვევა მის საქართველოში დაკავების დროს? ეგრე, სად არის, ეგ ზღაპრები სხვებს მოუყვნენ, აქ არავის სჭირდება. გასაგებია, ლობისტები ჰყავთ დაქირავებული, უამრავ თანხას იხდიან. ჩვენი ჯიბიდან მოპარული თანხებით არიან დღემდე და იმას ხარჯავენ. თავის საკუთარი, რაც ჰქონდათ, ყველამ კარგად ვიცით. მე და შენ მაინც ხომ კარგად ვიცით, რით მოვიდნენ მაგათი ცნობილი სახეები, იგივე კეზერაშვილი, ახალაიები და სხვ. კარგად ვიცით, რა შესაძლებლობები ჰქონდათ და აბა, რას ხარჯავენ, თუ არა ჩვენი ჯიბიდან, ქვეყნის ბიუჯეტიდან წაღებულ ფულს და ამას საქართველოს საწინააღმდეგოდ იყენებენ. რად უნდა ამას ლაპარაკი? თუ მოატყუებენ იმათ, 200-მდე ასაკოვანი ქალბატონი რომ მოჰყავთ აქციებზე, ახალგაზრდა სახე ვეღარ დავინახე კადრებში. – ვაი, ვაი ვაი, ეს მიშაა? დედა… დედა, მიშა ყოფილა, ვაიმე… – კარგით რა. ვის სჭირდება ახლა ეს სპექტაკლები? ვისთვის კეთდება? ისევ თავისი მომხრეებისთვის. ყველა კარგად ხვდება, რაც ხდება. ზუსტად ვიცი, თვითონვე ხითხითებენ ამათ საქციელზე. დღეს სპეციალურად დავჯექი და ამ ექსპერტის დაკითხვას ვუსმინე. მაინტერესებდა, რა ჩვენებას მისცემდა სასამართლოს. ტიპი არის პოტენციური თაღლითი, პირდაპირი მნიშვნელობით. ხმამაღლა ვამბობ, თაღლითია, წავიდეს და მიჩივლოს თუ უნდა. რით უნდა დაადგინო, დაწერე მაშინ დასკვნები მისი ხანდაზმულობის თაობაზე, რომ ეს დაავადება განუვითარდა მას ამ 9 თვეში, რაც სააკაშვილი პატიმრობაშია. იქნებ, მანამდეა მიღებული და არა ამ პერიოდში?! იქნებ 9 თვის და 5 დღით ადრე მიიღო? რით ადგენს ამ დაავადების ხანდაზმულობას, რომ აცხადებს, სააკაშვილმა ეს დაავადება აქ მიიღო. თითიდან გამოწოვილია. ამბობს ხაჭაპურიძე – ახალი სტრატეგია შევიმუშავეთ, საერთაშორისო სასამართლოში გავიტანთ ამ საქმესო. როგორ აპირებენ ამ საქმის გატანას, ასეთი შანტაჟით?! ამ ეტაპამდე ეს ნორმა არ არსებობს რომ დაუსრულებელი საქმე, აღკვეთის ღონისძიებაზე თუ არ იმსჯელეს, საერთაშორისო სასამართლოში ვერ გაიტან საქმეს დასრულებამდე. რა უნდა გაიტანო. სად?! რა კონიაკზეა იქ ლაპარაკი. 2 ბოთლი კონიაკიო, მოვისმინე.

“როცა ამერიკაში გზავნის წერილებს და ევროპაში, მაშინ არ აქვს დემენცია?”

– როგორც ვიცი, აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის შეტანა და სააკაშვილისთვის დაუშვეს?

– არ ვიცი, ვერ გეტყვით. ზოგადად, აკრძალულია. კითხვები ჩნდება, როგორ იღებს. კარგით რა, თუკი აიფონი გიდევს, აიქოსს ეწევი, კონიაკს სვამ, ცალკე პალატაში ხარ და ფართო ეკრანიან ტელევიზორზე ხარ ჩამოკიდებული, თუკი თვეში 500 მნახველი შემოდის ექიმიდან დაწყებული, ერთი ცოლი, ორი ცოლი, სამი ცოლი, თუ რამდენიც არის, რა ვიცი და კიდევ – ძმაკაცი, დაქალი, მეგობარი, პარტიის წევრი, დედა, ერთი მამა, ორი მამა, სამი მამა, ცხრა მამა თუ კი ესენი, სუყველა შემოდიან, რითღა გაწამებენ? ექიმებს შენ ესვრი, ექთნებს შენ ესვრი რაღაც საგნებს, აპარატურას შენ ამტვრევ და კიდევ შენ გაწამებენ?!. ამიხსენით, ეგ როგორ ხდება.

– კითხვაზე, უშლის თუ არა ხელს მედიკამენტების მიღების პარალელურად 2 ბოთლი კონიაკის დალევა მის გამოჯანმრთელებას, ამერიკელმა ნევროლოგმა უპასუხა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს, საგანგაშოდ არ ჩათვალა და ამიტომ არ მიუთითა ამის შესახებ ექსპერტიზის დასკვნაში.

– ანუ მან აღიარა, რომ სააკაშვილი ორ ბოთლ კონიაკს იღებდა. დაადასტურა, რომ ექსპრეზიდენტი ალკოჰოლურ სასმელებს დაწაფულია და ორ ბოთლზეა ასული. სულ არ სჭირდება ამას, დიდი პრაქტიკის გამოცდილების მქონე ექიმი, ექსპერტი, ელემენტარულად სამედიცინო განათლება სულ არ სჭირდება იმას, რომ მედიკამენტებთან ერთად, მით უმეტეს, ფსიქოტროპულ ( არც არანაირთან) მედიკამენტებთან ერთად, სასმელს არ იღებენ.

– ექსპერტმა თქვა, რომ ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

– ჰოდა, სწორედ ამიტომ არის თაღლითი.

– ამერიკელი ნევროლოგის დასკვნა ცრუ დასკვნაა?

– ფაქტია, რომ ყალბია. რას ჰქვია, ჯერ თვითონ ფსიქოტროპული მედიკამენტი აღგზნებადია, მერე ამას თუ ალკოჰოლურ სასმელს დააყოლებინებენ და ამაში ექსპერტი პრობლემას თუ ვერ ხედავს, ეს რა ექიმია, ჩამოაშორეთ ამ საქმეს, იმიტომ, რომ სხვას მოკლავს.

– ცრუ ჩვენება, ხომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს?

– სასამართლომ ეს ჩვენება არ უნდა გაიზიაროს. იმიტომ, რომ, რაც ის იქ მოყვა, სახის ბრძნული გამომეტყველებით რომ იჯდა, სიცრუეა. მაინტერესებს, სად ნახა მან წამების კვალი. სააკაშვილის დროინდელი ციხის კადრები გადაუგზავნეთ და ნახოს, მერე გაარკვევს, წამება რა არის. გაფითქინებულ, გაკრიალებულ ოროთახიან პალატაში წევს და თურმე, აიქოსს ეწევა. მგონი, მაგიდაზე ტელეფონიც ედო. შეიძლება პულტი იყო, მაგრამ მე ტელეფონს მივამსგავსე. აწყობილი აქვს კაცს საქმე. იმ დღეს წავიკითხე, 500-ჯერ ერთი მნახველი იყო შესული, 300-ჯერ მეორე, 200-ჯერ მესამე და კიდევ, ვინ იცის, რამდენი. რომელ პატიმარს აჩვენებენ ასე ახლობლებს, ნათესავებს და ნაცნობ-მეგობრებს?!

– გამოდის, სააკაშვილთან მიმართებაში ირღვევა სისხლის სამართლის კანონი და პატიმრობის შესახებ კოდექსი.

– აბსოლუტურად გეთანხმები.

– ამაზე შესაბამისი უწყებები რატომ არ რეაგირებენ?

– არ ვიცი. ალბათ, ფიქრობენ, რომ მაინც ქვეყნის პრეზიდენტი იყო და მეტ-ნაკლებად, როგორც გამონაკლისი შემთხვევა, დაშვებულია. მაგრამ ეს ნაციონალები ამ ყველაფერს სხვაგვარად იყენებენ.

“მოვა დრო უკრაინელები ზელენსკისაც გაასამართლებენ”   

– ამ გამონაკლისს “მაგნიტსკის სიის” შედგენა და ამერიკაში სააკაშვილის დაწერილი წერილების გამოქვეყნება მოჰყვა, ანუ არც ისე ცუდადაა, როგორც გვარწმუნებენ. რა გათვლა აქვს სააკაშვილის დაცვის მხარეს?

– როცა ამერიკაში გზავნის წერილებს და ევროპაში, მაშინ არ აქვს დემენცია? რომ გამოდის პროცესებზე და ლექციებს გვიკითხავს ხან ერთ ენაზე და ხან მეორეზე, მაშინ, არ აქვს დემენცია? რა გეგმებიც აქვს, ნათელია. სააკაშვილი საქართველოში შემოსვლის დღიდან ბოლომდე ჰყავთ გაწირული. ის იმისთვის სჭირდებათ, რომ ამ ქვეყანას თავს ლაფი დაასხან. ზოგი მისი მომხრე უკრაინიდან იმუქრება, ტანკებით შემოვალთო. ჰოდა, რომ შემოხვალ, როგორც გახვალ მერე, ის არავის გაუყო. ქართველი რომ ამას ამბობს და ასე იმუქრება, კი ვიცი, რისი ღირსიცაა. სად შემოხვალ, ვის გადაუვლი?! ეს არის მაგათი სახე. რად უნდა ლაპარაკი, რომ უკრაინის ხელისუფლება დაეხმარა სააკაშვილს აქ შემოსვლაში. კარგი, ჩვენ საზღვარზე შემოიპარა, თვითონ როგორ გამოეპარათ. რისთვისაც ეს ყველაფერი იყო დადგმული, ეს არ გამოუვიდათ. უნდოდათ, მეორე ფრონტი გაეხსნათ საქართველოში, იმედი ჰქონდათ, უკრაინა იქ გაიმარჯვებდა და ესენი უკრაინის ხელით, აქ ხელისუფლებაში დაბრუნდებოდნენ. ეს გეგმები ჯერ კიდევ აქვთ და ფიქრობენ, ეს ორი ტაკიმასხარა გაიყოფს ორ ქვეყანას. სულ მაინტერესებს, ზელენსკის ოპოზიცია ჰყავს? მაგათი ხმა რატომ არ ისმის? დიქტატორია და იმიტომ. მოვა დრო და ზელენსკის უკრაინელები, როგორც გაასამართლებენ, გავიგებთ.

ესაუბრა გიორგი გლოველი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი