სახურავის გარეშე დარჩენილ სახლში ბავშვებს ღია ცის ქვეშ სძინავთ – სტიქია დასავლეთ საქართველოში  

დასავლეთ საქართველო, უკვე რამდენიმე დღეა, ძლიერ ქარს ებრძვის. უამინდობამ პრობლემები შექმნა სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში.

სტიქიის გამო, წაქცეულია ხეები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში გზებს ხერგავს და ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ათობით ქალაქი და სოფელი, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამან წყლის პრობლემაც გამოიწვია, რადგან, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საქაჩები გამართულად ვერ მუშაობს. განადგურდა ინფრასტრუქტურის ნაწილიც. ძლიერმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა, პრობლემები გზებზეც შექმნა.

მედია სააგენტო “24”-ს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის მცხოვრები დაუკავშირდა. ამბობს, რომ ძლიერმა ქარმა გუშინ, მათ სახლს სახურავი გადახადა და ბავშვებმა გუშინდელი ღამე, ზამთრის სუსხში, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ გაატარეს.

მისივე თქმით, სახლის სახურავი მანამდეც მძიმე მდგომარეობაში იყო, წვიმა რამდენიმე ადგილიდან ჩასდიოდათ, ქარმა კი, მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

როგორც ოჯახის დიასახლისი გვიყვება, მუნიციპალიტეტის მერიას გუშინვე დაუკავშირდა. მერიის წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ და სურათებიც გადაიღეს, დახმარებას დაჰპირდნენ, თუმცა, თავად დაზარალებული ოჯახის წევრები უიმედოდ არიან განწყობილმი და ფიქრობენ, რომ დაპირება დაპირებად დარჩება.

“იყვნენ მაშველები, გადაიღეს ფოტოები, მოვიდა პოლიცია, შეადგინა აქტი, ხელი მომაწერინა, მერე მოვიდა თვითონ გამგებელი, გადაიღო ფოტოები და მითხრა, – მოვა ჯგუფი ზარალის შესაფასებლადო. ზამთარია, სახურავმოხდილ სახლში, როგორ უნდა ვიცხოვროთ? ძალიან უიმედოდ ვართ. მუშაობას არ ვთაკილობ, დამლაგებლად ვმუშაობ, ჩემი შემოსავლით სახლს ვერ გადავხურავ, თორემ მთავრობას ნამდვილად არ შევაწუხებდი. ნეტა მქონდეს შემოსავალი, მაგათ იმედად ყოფნას არ ვისურვებდი”, – გვითხრა ოჯახის დიასახლისმა.

ეს ოჯახი, სოციალურად დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემის დამოუკიდებლად მოსაგვარებლად სახსრები არ გააჩნიათ. თუ მუნიციპალიტეტი მათ თხოვნას არ დააკმაყოფილებს, ბავშვებს, ფაქტობრივად, კვლავ ღია ცის ქვეშ მოუწევთ დაძინება.

უამინდობის გამო, მუნიციპალიტეტები მოსახლეობას გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. დახმარების საჭიროების შემთხვევაში კი, მერიაში ამოქმედებულ ცხელ ხაზზე დარეკვას ურჩევენ.

ძლიერი ქარია სამეგრელო-ზემო სვანეთშიც, სადაც 966 კერძო სახლი და 38 საცხოვრებელი კორპუსის, 2 ამბულატორიის, 5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლისა და 10 ადმინისტრაციული შენობის სახურავია დაზიანებული.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სენაკშიც, სადაც მიკროავტობუსს ხე დაეცა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. ზუგდიდში კი, სამგზავრო მატარებელი ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, მოძრაობას ვერ ახერხებს. რამდენიმე სახლი კი, სახურავის გარეშეა დარჩენილი.

სტიქიის ფონზე, ზუგდიდის მერიამ, უსაფრთხოების მიზნით, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. მათივე განმარტებით, ძლიერი ქარის გამო, კონსტრუქციის დაზიანების საფრთხე არსებობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გარდა, ძლიერი ქარი ფოთშიც მძვინვარებს. სადაც მოსახლეობას იგივე პრობლემები აწუხებს. ფოთშიც ხეებია წაქცეული და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანებული. მოსახლეობის ნაწილი კი, დენისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.

იმერეთში, სტიქიის შედეგად, 69 სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი, წაქცეულია ხეები, რის გამოც, 10 ავტომობილი დაზიანდა. ელექტროენერგია აბონენტების ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება, ქუთაისში კი, წყალმომარაგების პრობლემები შეიქმნა. სოფლებში სასათბურე მეურნეობები დაზიანდა, რომელიც მოსახლეობის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

სინოპტიკოსების ამბობენ, რომ გაძლიერებულია აღმოსავლეთის ქარი და სანაპირო ზოლზე, საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული.

სალომე ხომასურიძე


მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება

თბილისში XIX-XX საუკუნეების აკლდამები აღმოაჩინეს

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება, ტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეფერხდება

ნიუ-იორკში ავტომობილების მრავალსართულიანი პარკინგი ჩამოინგრა (ფოტო)

პოდკასტი