დედაქალაქში ოფიციალურად 892 ოჯახია უსახლკარო
თბილისში 892 ოჯახია ოფიციალურად უსახლკაროდ რეგისტრირებული – ეს დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა.
უსახლკაროების შესახებ ინფორმაცია მერიისგან დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გამოითხოვა. მერიის წერილში აღნიშნულია, რომ ამ 892 ოჯახიდან 267 ერთსულიანია.
ამ ადამიანებს ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში შესთავაზეს საცხოვრისი. 150 ოჯახი სამ სხვა სოციალურ საცხოვრისში გაანაწილეს, 55 ოჯახს კი, როგორც მერია იტყობინება, შარშან, ბინები გადასცეს სარგებლობის უფლებით.
თბილისის მერიაში უსახლკარო ადამიანებისთვის ოთხი ძირითადი პუნქტი მოქმედებს – ერთი თავშესაფარი (ლილოში) და სამი საცხოვრისი (ვარკეთილში, დიდ დიღომსა და ორხევში). ასევე, მერია ადმინისტრირებას უწევს უსახლკაროებისთვის ბინების შეძენის პროცესს.
მერიის მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ შეიქმნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია და დამტკიცდა მისი დებულება.
მათივე განმარტებით, ქალაქ თბილისის გამგეობების მიერ ხორციელდება დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის პროგრამა.
“ეტაპობრივად, მიმდინარეობს სხვადასხვა ლოკაციაზე ბინების შეძენა, მათი საცხოვრისებად გამოყენების მიზნით”, – აღნიშნულია წერილში.
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლლის (ISET) კვლევის თანახმად, 55 მუნიციპალიტეტზე დაყრდნობით, უსახლკაროდ დღეს დარეგისტრირებულია 1,206 ოჯახი (რაც ქვეყნის მასშტაბით ოჯახების 0.11 პროცენტია); ასევე, 931 ინდივიდუალური პირი. თუმცა, ზოგიერთი მუნიციპალიტეტი მხოლოდ ოჯახს აღრიცხავს, ზოგიერთი კი – მხოლოდ ცალკეულ პირს. უსახლკაროდ დარჩენილთა ნაწილი შეიძლება საჯარო შენობებშიც ცხოვრობდნენ, ზოგი საერთოდ ნათესავს აფარებდეს თავს, ამიტომ უსახლკარობის მასშტაბიც კარგად არ ჩანს.
აღრიცხვისა და უსახლკაროთა მხარდაჭერის ყველაზე გამართული სისტემა ისევ თბილისს აქვს.
თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 30 პროცენტი იხარჯება სოციალურ პროგრამებზე, რაც 335 მილიონი ლარია. თუმცა, ამ თანხაში ბევრი სხვადასხვა პროგრამა შედის, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც უსახლკარობას ან საერთოდ არა ანდა მხოლოდ ირიბად უკავშირდება. საჭიროების მიხედვით, ადამიანებს მედიკამენტებისა და ოპერაციების თანხებსაც აძლევენ, მრავალშვილიანებს – საკვების ფულს. თუკი დადასტურდა – მოქალაქეს არ აქვს სახლი და არც ბინის ქირაობის სახსრები და დგება ქუჩაში დარჩენის საფრთხის წინაშე, მუნიციპალიტეტი მას ორი-სამი წლის ვადით ყოველთვიურად გადაუხდის 300 ლარის ოდენობის ბინის ქირას – დროებით მოაგვარებინებს კრიზისს და თან ყოველწლიურად შეუმოწმებს შემოსავლებს – დარწმუნდება, რომ მას ქირის გადახდა კვლავ არ შეუძლია.