ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის, თუმცა… – დავით ნარმანია დენის და გაზის მარაგზე

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიას განცხადებით, ქვეყანა ზამთრის სეზონს ენერგეტიკული თვალსაზრისით მომზადებული ხვდება. ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

თუმცა, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, არსებული ვალუტის გაცვლითი კურსის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ბუნებრივი აირის სექტორში მიმდინარე წლის დეკემბერში ახალი ტარიფების დადგენა გახდება საჭირო. ნარმანია მოსახლეობას ჰპირდება, რომ აქაც, ტარიფი არ გაიზრდება.

“გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანთან გვაქვს გრძელვადიანი შეთანხმება ბუნებრივი აირით უზრუნველყოფაზე, მიწოდების ფასები უცვლელი იქნება. ჩვენი მოხმარებული ბუნებრივი აირის 90% კი, აზერბაიჯანიდან შემოდის. რაც შეეხება ელექტროენერგეტიკის სექტორს, საქართველოში წელს გამომუშავება თითქმის 10%-ით გაიზარდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს გამოწვეულია იმით, რომ უკეთესი ჰიდროლოგია იყო, მეორე მხრივ, ენგურჰესის რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი გამომუშავება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, როგორც წესი, შემოდგომა-ზამთრის პერიოდი საქართველოში დეფიციტური პერიოდია და მეზობელი ქვეყნებიდან გვიწევს ელექტროენერგიის შემოტანა. სექტემბრის დეფიციტი აზერბაიჯანიდან შემოტანილი ელექტროენერგიის ხარჯზე დაიფარა, როგორც ბუნებრივი აირის, ასევე ელექტროენერგიის.

სემეკის თავმჯდომარის ინფორმაციით, იმპორტიორ ქვეყნად კვლავ აზერბაიჯანი რჩება.

“რუსეთიდან იმპორტი არ ხორციელდება, რადგან არ გვჭირდება. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მცირე მოცულობით შემოგვაქვს, ისიც სისტემის დასაბალანსებლად, ანუ ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე. თუმცა 90%-ზე მეტი ყოველწლიურად კვლავაც აზერბაიჯანიდან შემოდის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი შეთანხმება გვაქვს, გაზის მიწოდებაზე რაიმე სახის საფრთხე, როგორც ფიზიკური მოცულობის დეფიციტის, ასევე ფასების ზრდის კუთხით, არ გვაქვს“, – განაცხადა ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი