როგორი ჯარი სჭირდება XXI საუკუნის საქართველოს? – რეფორმის დადებითი და უარყოფითი მხარე

23 წლამდე სტუდენტები 2025 წლის 1 იანვრიდან სწავლის პარალელურად სავალდებულო სამხედრო სამსახურსაც გაივლიან. 4 წლის განმავლობაში, წელიწადში ერთი თვე, ახალგაზრდები, სურვილის შემთხვევაში, სამხედრო ბაზებზე იმსახურებენ. ცვლილებებს თავდაცვის ახალი კოდექსი ითვალისწინებს.

რეფორმის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევას რეგიონული სამინისტროს ნაცვლად, თავდაცვის უწყება განახორციელებს. ამისთვის რეგიონებში თავდაცვის ცენტრები აშენება. პროექტი 80 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება. შედეგად, ქვეყანას 100 000-ზე მეტი რეზერვისტი ეყოლება.

თავდაცვის ახალი კოდექსი კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს. “გირჩის” რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანება ახალგაზრდებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების გარანტი ვეღარ იქნება. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში. “გირჩის” ბიბლიური თავისუფლების ე.წ. ეპისკოპოსები და სასულიერო პირები კი, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან აღარ გათავისუფლდებიან.

თავდაცვის ახალი კოდექსი საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანონპროექტი სამხედროების საჭიროებებზეა მორგებული და მას უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.

იდეის თანახმად, თავდაცვის ახალი კოდექსით უნდა გაუმჯობესდეს სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიები. დარეგულირდეს ჯარისკაცების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის საკითხი. გაიზარდოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაზარალებული სამხედროების კომპენსაცია – 7000-ის ნაცვლად 20 000 ლარი გახდეს. სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვალების შემთხვევაში კი კომპენსაცია 30 000 ლარი იქნება. 100 000 ლარი რჩება კომპენსაცია ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ოჯახებისთვის.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს დაცვა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა შესაბამისი უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა. სამხედრო სავალდებულო სამსახური 18-დან 27 წლამდე პირმა, 1 წლის ვადით უნდა მოიხადოს. გაწვეული სამხედრო მოსამსახურის ანაზღაურება – თვეში 63 ლარია.

წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, მათ შორის ავადმყოფობის სიმულაციით, თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით და ა.შ. სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება. ამასთან, გაიზარდა სავალდებულო ჯარში გაწვევის გადავადების საფასური და 10 000 ლარით განისაზღვრა.

საინტერესოა, უზრუნველყოფს თუ არა არსებული სამხედრო სამსახური ახალგაზრდებში პატრიოტული განწყობების გაძლიერებას ან, როგორი უნდა იყოს ქართული ჯარი, სადაც სიამოვნებით იმსახურებდნენ? ამ საკითხზე მედია სააგენტო “24” ახალგაზრდებს ესაუბრა.

23 წლის ახალგაზრდამ, რომელმაც სამხედრო სამსახური ვალდებულების გამო გაიარა და თავი არ აარიდა, ამბობს რომ ის 1 წელი, რაც ჯარში გაატარა, მისთვის, ფაქტობრივად, დაკარგულია. ერთადერთი, რაც იქ ყოფნის პერიოდში მოსწონდა, საკუთარი თავის გამოცდა იყო, თუ რამდენად გაუძლებდა მკაცრ პირობებს – უძილობას, ზამთარში სიცივეს და ზაფხულში სიცხეს.

მისი თქმით, ჯარში უამრავი სისტემური ხასიათის პრობლემაა, ფუნქციონალური გადანაწილებები მოკლებულია სამხედრო განათლების მიღების მცირეოდენ შესაძლებლობებსაც კი. იხსენებს, რომ ჯარში მსახურების პერიოდში, ხშირად უწევდა საპროტესტო აქციებზე ყოფნა, სადაც წესრიგის დაცვა ევალებოდა. მიაჩნია, რომ ამ საქმეს სპეციფიკური ცოდნა სჭირდება.

“ყველაზე მეტად ის არ მომწონდა, რომ ჯარში ჩემი ყოფნით, ვერც ქვეყანა ხეირობდა და ვერც მე. ეს არ იყო პატრიოტიზმი”, – ამბობს ახალგაზრდა მამაკაცი.

მისი აზრით, უფრო გონივრული იქნება, რომ თანხები, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის იხარჯება, ახალგაზრდების პროფესიულ მომზადებას მოხმარდეს, იმავე თავდაცვის ძალების თანამშრომლებისთვის.

“24”-ის კითხვაზე, თუ რატომ არ აარიდა თავი სამხედრო სამსახურს, ამბობს, რომ ბედს დამორჩილდა, იმ მომენტში ერთადერთი “ხსნა” მისთვის “გირჩი” იყო. ამას ისევ სახელმწიფო სამსახურში ყოფნა ერჩივნა. მისი აზრით, “გირჩი” ხალხს ჯარში გაწვევისგან პოპულიზმის გამო იხსნის და არაფერს აკეთებს სისტემის ფუნქციონალური გამართვის სასიკეთოდ.

კიდევ ერთი, 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მედია სააგენტო “24”-ს ეუბნება, რომ სამხედრო სამსახურს თავს ეკონომიკური მდგომარეობის გამო არიდებს და იძულებული გახდა “გირჩის” მღვდელი გამხდარიყო.

“25 წლის ასაკში სამხედრო სამსახურში წასვლა ჩემთვის ეკონომიკური შემოსავლის დაკარგვას ნიშნავს, გარდა ამისა, 1-წლიანმა სამუშაო წყვეტამ შესაძლოა სამომავლო კარიერული განვითარების პერსპექტივის დამაკარგვინოს”, – ამბობს ის.

სამხედრო სამსახურის ფორმირებასთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულება აქვს. მისი აზრით, თანამედროვე სამყაროში სავალდებულო სამხედრო სამსახური არაეფექტიანია, ამიტომ სახელმწიფოს უსაფრთხოება მთლიანად საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს უნდა ეფუძნებოდეს. ჯარი დაკომპლექტებული უნდა იყოს დარგის სპეციალისტებით, ვისთვისაც სამხედრო სამსახური პროფესიაა და ვინც ამ სფეროში წლების განმავლობაში ეუფლება ცოდნას და ივითარებს შესაბამის უნარებს.

“21-ე საუკუნეში, სახელმწიფოს უსაფრთხოება თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებას უნდა ეფუძნებოდეს და არა ცოცხალი ძალის რაოდენობის ზრდას”, – ამბობს ის.

“ბიბლიური თავისუფლების” კიდევ ერთი ე.წ. მღვდელი “24”-თან საუბრისას ამბობს, რომ “გირჩი” მისი თვითმიზანი არ ყოფილა, თუმცა ჯარის თავიდან აცილების გამო, სხვა გზა არ ჰქონდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ჯარი ყოველთვის მაინტერესებდა, ამ ე.წ. ჯარში არაფერს სწავლობ. რომელიმე სახელმწიფო სამსახურში დაცვაში მუშაობ, არც იარაღი გაქვს. უბრალოდ მიზერულ თანხას გიხდიან, რაც არაფერში გყოფნის”, – ამბობს ის.

ანალოგიური პოზიცია აქვს 26 წლის დასაქმებულ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც საქართველოში მოქმედ სავალდებულო სამხედრო სამსახურს “უფასო გუშაგის სისტემას” უწოდებს. მისი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან ეს 18-დან 27 წლამდე მამაკაცების, საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაშარჟება და რაც მთავარია იაფფასიანი პოპულიზმია.

“ეს არის ასაკი, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცები ძალიან შრომისუნარიანები არიან, მათ შეაქვთ გადასახადები ქვეყნის ბიუჯეტში. ამ ფორმით მამაკაცების ძალდატანებით და იძულებით დარაჯად დაყენება 3 დღეში ერთხელ, დაანგრევს ქვეყნის ეკონომიკას”, – ამბობს მოქალაქე, რომელმაც სახელისა და გვარის გამხელა არ ისურვა.

მისივე აზრით, ახალგაზრდები 3 დღეში 1 დღე-ღამე ციხეებში მუშაობენ გუშაგებად, ხოლო, იმ შემთხვევაში თუ ახლობელი ჰყავთ, რომელიმე უწყების დაცვაში არიან.

“ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ როგორ არ ადარდებს ადამიანების ბედი ქართულ სახელმწიფოს. როგორ შეიძლება მინდოდეს სისტემა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან წლებში მუშაობის უფლებას მართმევს. იმ სფეროში, სადაც მე ვმუშაობ, გამოცდილება 27 წლამდე თუ არ დავაგროვე, ეს ნიშნავს იმას, რომ მე ვეღარასდროს მივაღწევ წარმატებას”, – აცხადებს ის.

20 წლის სტუდენტი “24”-თან საუბრისას აცხადებს, რომ ნამდვილ ჯარში იმსახურებდა, მაგრამ არა – გუშაგად. მისივე აზრით, საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯარი სავალდებულო უნდა იყოს, საქართველოში ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს იარაღის სწორედ დაჭერა და ჰქონდეს გარკვეული სამხედრო განათლება.

“ღამის თევა “ბუტკაში” ჯარი არ არის. დიდი სიამოვნებით წავიდოდი ისეთ ჯარში, სადაც ნამდვილი სამხედრო გაკვეთილები, სამხედრო სწავლა, სპორტული აქტივობები, წვრთნა, ვარჯიში, ომის სიმულაციები იქნებოდა. მასწავლიდნენ იარაღის დაშლა-აწყობას. იქნებოდა მუსიკალური ოთახები, სადაც შეიძლება სამხედრო მუსიკალური გუნდი ჩამოყალიბდეს”, – ამბობს ის.

სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მიესალმება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, სამხედრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თუმცა გარკვეული შენიშვნები აქვს. მისი თქმით, როდესაც გაწვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პენიტენციური სისტემისთვის, უშიშროებისთვის ხორციელდება, პირი არ გადის სამხედრო მომზადებას. ასეთ დროს, ჯარისკაცის მომზადების ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე პროფესიონალის.

ვახტანგ კაპანაძე

ვახტანგ კაპანაძე საყოველთაო გაწვევის სისტემის ამოქმედებას მხარს არ უჭერს და მიაჩნია, რომ 21-ე საუკუნის საქართველოსთვის ეს ადეკვატური და რელევანტური არ იქნება. თუმცა, მეორე მხრივ, არც საყოველთაო სამხედრო სამსახურის სრულად გაუქმებას უჭერს მხარს. მისი მოსაზრებით, საქართველოსთვის დღეს უფრო მნიშვნელოვანია ხარისხიანი შეიარაღებული ძალები, ვიდრე რაოდენობრივი.

“არ არის საჭირო ახალგაზრდა, გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდებს სამხედრო სამსახური ციხეებში გაატარებინო, ავტომატებით დაადგნენ თავზე “ტატუირებულ” დამნაშავეებს. არ არის ეს, არც პატრიოტული და არც ეფექტიანი. წვევამდელებს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, 12 თვით იწვევენ, აქედან საბაზისო სამხედრო მომზადება შედგება 3 თვისგან, სადაც განისაზღვრება შაბათ-კვირა დასვენება. ჯარისკაცებმა სამხედრო მომზადების პერიოდში არანაკლებ 3 შაბათ-კვირა უნდა დაისვენონ. სავალდებულო სამხედრო სამსახურში პირი ისვენებს 2 დღით – შაბათ-კვირას, ანუ გამოდის რომ საბაზისო მომზადების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეს ზოგადად 9 თვე უწევს სამსახური. 9 თვეს გამოაკლდება შაბათ-კვირა, სამხედროს 15-დღიანი შვებულება, ამას შეიძლება 10 დღე დაემატოს ოჯახური პირობების გამო აღებული შვებულება, შედეგად, გამოდის რომ ამ 1 წლის განმავლობაში, ქვეყანას სამხედრო 4 თვის განმავლობაში ემსახურება”, – ამბობს კაპანაძე.

რაც შეეხება საკონტრაქტო წესით სამხედრო სამსახურს, როგორც კაპანაძე ამბობს, ასეთ დროს პირს გაცნობიერებული აქვს საკუთარი პროფესიული არჩევანი, რაც მის საბრძოლო სულისკვეთებას ზრდის, აძლიერებს დანაყოფის გუნდურობას, სამხედრო მეგობრობას, ამცირებს გადინებას – მეთაურს ჯარისკაცების ყოველ წელს ორჯერ სახლში გაშვება და ახლების მიღება არ მოუწევს. ამგვარად, სამხედრო მომზადებაზე დახარჯული სახსრები უფრო ნაყოფიერად იქნება გამოყენებული, შედეგადაც დასრულდება სამხედრო სამსახურისთვის ფსევდო რელიგიური, პაციფისტური და სხვა მიზეზებით თავის არიდება. გარდა ამასთან, გენერალ- მაიორი მიიჩნევს, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში არ მსახურობენ, შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი განათლება, კარიერა დაგეგმონ, იძულებით არ დაქორწინდნენ და ოჯახის შექმნა გრძელვადიან ინტერესებს მოარგონ.

“ძალიან ბევრი მაგალითია იმისა, რომ ახალგაზრდები ჯარისგან თავის ასარიდებლად რამდენიმე ფაკულტეტს ამთავრებენ, სწავლობენ 7-8 წელი, ოღონდ არა იმის გამო, რომ სწავლა სწყურიათ”, – ამბობს გენშტაბის ყოფილი უფროსი.

კაპანაძე საუბრობს სავალდებულო სამხედრო სამსახურის უარყოფით ზეგავლენაზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზეც. კერძოდ, პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის, დაბალი ანაზღაურების გამო, სოციალური შენატანისგან თავისუფლდება, სამაგიეროდ იღებენ ძალიან მაღალ დაზღვევას, თავისუფლდებიან გადასახადებისგან. ამას ემატება ისიც, რომ ვინაიდან გაწვევა ორჯერ ხდება, სამხედროებს წელიწადში ორი ახალი ფორმა უნდა შეუძინონ. კაპანაძეს მაგალითი მოჰყავს მსოფლიოს გამოცდილებიდანაც.

“თუ ვედრებით სკანდინავიის ან ბალტიისპირეთის ქვეყნებს, სადაც სავალდებულო გაწვევა ჯერ კიდევ არის შემორჩენილი, ნუ დაგვავიწყდება, რომ ნორვეგიაში, წელიწადში ახალწვეულები 12 800 აშშ დოლარს იღებენ სამხედრო სამსახურში ანუ პირი თვეში იღებს 1 061 აშშ დოლარს, ჩვენთან 65 ლარი იყო და ახლა 70-ია, თუ არ ვცდები. ფინეთში წელიწადში 20 000-დან 22 000-მდე ევროს ხელფასს იღებენ”, -ამბობს კაპანაძე.

მისი თქმით, საქართველოში ბევრი ახალგაზრდა თვითდასაქმებულია და ოჯახს არჩენს, ზოგი ტაქსიზე, ზოგი საცხობში, ზოგი სოფლის მეურნეობაში მუშაობს. კარგ კადრს კი კომპანიები ჯარის გამო, სამსახურებიდან არ უშვებენ.

” არ მინახავს, რომ ბანკს გამოეშვას თავისი ე.წ. აიტიშნიკი ან რომელიმე მაღალანაზღაურებადი სამსახურიდან ვინმე წასულიყოს ჯარში, რადგან ამით ახალგაზრდა დაკარგავს სამსახურს. საქართველოს სჭირდება მაღალი პროფესიული დონის, მაღალი მომზადების, მცირე ზომის შეიარაღებული ძალები და ძალიან კარგად მომზადებული, სტრუქტურირებული და მოქნილი სისტემა – რეზერვი”, – განუცხადა “24”-ს ვახტანგ კაპანაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანას საშუალოდ 12 000-დან 18 000-მდე გაწვევის რესურსი აქვს, თუმცა იწვევს 6 000-ს, რაც კორუფციის საფრთხეს აჩენს. ასევე საყურადღებოა გამწვევი პუნქტების დაფინანსება. ისინი საქართველოს 69 მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია. პუნქტი 5-8 კაცისგან შედგება, რომელთა უფროსი 1500 ლარს, ხოლო თანამშრომელი 600-დან 800 ლარამდე იღებს. გამოდის, რომ წელიწადში საშუალოდ 4 მლნ 550 000 ლარი გამწვევი პუნქტების შენახვაზე იხარჯება. ამას ემატება საწვავის, ოფისის ხარჯები. ეს კი დაახლოებით ის თანხაა, რომლის მეშვეობითაც წელიწადში 250 პროფესიონალი სამხედროს მომზადებას დასჭირდება.

რაც შეეხება “გირჩის ბიბლიურ თავისუფლებას” კაპანაძის აზრით, პოლიტიკური პარტია არ უნდა უბიძგებდეს პიროვნებას თავი აარიდოს ქვეყნის კანონებს.

“ეს არის აფერისტობა, რომელიც ახალგაზრდას ტყუილს აჩვევს”, – აცხადებს კაპანაძე.

რთული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოების დაცვა რეგიონში მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული. მედია სააგენტო “24” -მა გენერალ-მაიორს ჰკითხა, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ უკრაინასთან დაკავშირებით, რა სახის სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს ომში მყოფ ქვეყანას. კაპანაძის აზრით, საქართველოს მთავრობას უკრაინაში სამხედრო ექიმების გაგზავნა შეუძლია, რომლებიც ლაზარეთსა და ჰოსპიტლებში იმუშავებენ. ეს იქნება, არა სამხედრო, არამედ ჰუმანიტარული დახმარება. მისი აზრით, ომში ექიმები ისეთ უნარებს შეიძენენ, რომელსაც ვერავითარი უნივერსიტეტი ან სასწავლებელი ვერ მისცემს მათ, იმავდროულად, ეს საქართველოს მხრიდან უკრაინელი ხალხისადმი ძალიან დიდი დახმარება იქნება.

საბოლოოდ, ფაქტია, რომ პირი, რომელსაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის დროს საბრძოლო იარაღთან შეხება არ აქვს, არ გადის შესაბამის სამხედრო და თეორიულ ინტენსიურ სწავლებას და მხოლოდ გუშაგის ხელოვნებას ეუფლება, საჭიროების შემთხვევაში, თავის მოვალეობას ხარისხიანად ვერ შეასრულებს. მეორე მხრივ, საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის მცირე ჯარი ვერ იქნება  სიმშვიდის საფუძველი, რაც უნდა განვითარებულ ტექნოლოგიებსა და შეიარაღებას ფლობდეს. რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ცოცხალი ძალის საჭიროება ყოველთვის არსებობს, 21-ე საუკუნეშიც კი.

ავტორი: ინგა ფუტკარაძე

 


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი