25 წლამდე ახალგაზრდებისთვის სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა

სტაჟიორთა კონკურსის მიზანი, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სრულყოფაა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მის მმართველობის სფეროში მოქმედ 13 სხვადასხვა ორგანიზაციაში, ახალგაზრდა სტაჟიორთა მისაღებად, კონკურსი გამოცხადდა. სამინისტრო ვაკანსიას 146 პოზიციაზე აცხადებს, აქედან 112 ანაზღაურებადია, 34 კი, ანაზღაურების გარეშე.

როგორც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განმარტავენ, ვაკანტური პოზიციებისთვის სტაჟირების ხანგრძლივობა, 1 თვიდან 1 წლამდე ვადითაა განსაზღვრული.

მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა სტაჟიორთა მისაღებად მსგავსი კონკურსი, 2022 წლის ივნისშიც გამოცხადდა და 30-მდე წარმატებული სტაჟიორი, უკვე დასაქმდა სამინისტროსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში.

სტაჟიორად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომლის ასაკიც 25 წელს არ აღემატება და რომელსაც სამინისტროს იმ სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურისთვის ან სსიპ-ის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულისთვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული განათლება ან/და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება აქვს, ან/და ჯერ კიდევ სტუდენტია (აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია). წარმატებულ სტაჟიორებს, სტაჟირების ხელშეკრულება გაუგრძელდებათ ან სამინისტროს სისტემაში დასაქმდებიან.

კონკურსის ფარგლებში, სამინისტროს აპარატში 10 ანაზღაურებადი ვაკანსია ცხადდება, ხოლო სამინისტროს ორგანიზაციებში, სულ 112 ანაზღაურებადი ვაკანსია, ანაზღაურების გარეშე კი – 34. კერძოდ:

1. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ცხადდება 10 ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: საერთაშორისო ურთიერთობები, შიდა აუდიტი, სახელმწიფო შესყიდვები და სხვ.

2. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ცხადდება 25 ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: არქიტექტორი, რესტავრატორი, არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, კედლის მხატვრობის სპეციალისტი, კონსტრუქტორი, იურისტი, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება, შესყიდვები.

3. სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოში ცხადდება 5 ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება, ახალგაზრდული ბანაკის მოწყობა, ადამიანური რესურსების მართვა, სახელმწიფო შესყიდვები, იურიდიული.

4. სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ცხადდება 62 ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: ხელოვნებათმცოდნე, რესტავრატორი, არქეოლოგი, არქიტექტორი, ეთნოგრაფი, სხვადასხვაენოვანი გიდი, ექსპონატების შემგროვებელი, იურისტი, ექსპოზიციონერი, მარკეტოლოგი, საქმისწარმოება, ინფორმაციული ტექნოლოგიები და სხვ.

5. სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმებსა და მის მუზეუმთა ჯგუფებში ცხადდება 6 არაანაზღაურებადი ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: ეთნოლოგი, სხვადასხვაენოვანი გიდი, პიარი, ორგანიზატორი, ფონდების კურატორის/ფონდის მცველის ასისტენტი.

6. სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმში ცხადდება 3 ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: არქივარიუსი ხელნაწერთა ფონდში, არქივარიუსი აფიშების ფონდში, არქივარიუსი ხალხური და გამოყენებითი მუზეუმის ფონდში.

7. სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ მუზეუმში ცხადდება 4 ანაზღაურებადი ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: გამოფენის მეთვალყურე, ექსკურსიამძღოლი, კანცელარიის უფროსის თანაშემწე.

8. სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ მუზეუმში ცხადდება 6 არაანაზღაურებადი ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: გამოფენის მეთვალყურე, ექსკურსიამძღოლი, ფონდის მცველის ასისტენტი.

9. სსიპ ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ცხადდება 5 არაანაზღაურებადი ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: ხელოვნებათმცოდნე, სხვადასხვა ენოვანი გიდი.

10. სსიპ დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში ცხადდება 2 არაანაზღაურებადი ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: ფონდების მცველი, ექსკურსიამძღოლი.

11. სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ცხადდება 5 არაანაზღაურებადი ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: ინგლისურენოვანი გიდი, რუსულენოვანი გიდი.

12. სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში „რუსთავი“ ცხადდება 10 არაანაზღაურებადი ვაკანსია მოცეკვავე-მსახიობის მიმართულებით.

13. სსიპ ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცხადდება 1 ვაკანსია გამნათებლის მიმართულებით.

14. სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში ცხადდება 3 არაანაზღაურებადი ვაკანსია მსახიობის მიმართულებით.

15. სსიპ ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცხადდება 2 ვაკანსია: პიარის მიმართულებით; საქმისწარმოებისა და HR-ის მიმართულებით.

ანაზღაურებად, ისევე როგორც ანაზღაურების გარეშე პოზიციებზე, კანდიდატები შემდეგი საკონკურსო ეტაპების გავლის შედეგად შეირჩევიან: განაცხადების გადარჩევა, ტესტირება ან/და წერითი დავალება, გასაუბრება. კონკურსანტები შედეგების შესახებ ინფორმაციას თითოეული საკონკურსო საფეხურის დასრულების შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ პოზიციაზე ერთდროულად არის გამოცხადებული კონკურსი ანაზღაურებად და არაანაზღაურებად სტაჟირებაზე მისაღებად, ანაზღაურებად სტაჟირებაზე წარდგენილები იქნებიან საუკეთესო შეფასების მქონე კანდიდატი/კანდიდატები, ხოლო მომდევნო საუკეთესო შეფასების მქონე კანდიდატი/კანდიდატები, არაანაზღაურებად სტაჟირებაზე იქნებიან წარდგენილები.

ამასთან, სტაჟირების დაწყებიდან არანაკლებ ერთი თვის გასვლის შემდეგ, არაანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე მყოფი პირის შეფასების (დამაკმაყოფილებელი, კარგი, ძალიან კარგი) და უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, სტაჟიორის თანხმობით, მისი გადაყვანა ანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზეც შეიძლება. ასეთ შემთხვევაში, სტაჟირების საერთო ვადა, 1 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

სტაჟიორთა კონკურსის მიზანი, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სრულყოფაა. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ელექტრონულად სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე – www.hr.gov.ge კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღის განმავლობაში.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი