”დაკარგული” მდინარე და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მყოფი ქალაქი

“ჯორჯიან მანგანეზი” სწორედ ის კომპანიაა, რომელიც მართლაც რომ ათეულობით წლის განმავლობაში, ქალაქში არსებულ, ისედაც მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას, კიდევ უფრო ამძიმებს.

ზემო იმერეთის მშვენება, ციცაბო კლდეებით შემოზღუდულ ქვაბულში მოქცეული ქალაქი ჭიათურა, ჭიათურის პლატოსა და მდინარე ყვირილას ვიწრო ხეობაში მდებარეობს. ქალაქის წარმოშობა და განვითარება, მდინარე ყვირილას ხეობაში არსებული მანგანუმის მადნის საბადოს ბაზაზე წარმოქმნილმა მრეწველობამ განაპირობა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქს საფუძველი 1879 წელს ჩაეყარა, როდესაც აკაკი წერეთლის ინიციატივით, მანგანუმის მადნის მოპოვება დაიწყო. დაარსდა ჭიათურის შავი ქვის მომპოვებელი საზოგადოებაც, რომელიც მანგანუმს მოიპოვებდა.

1895 წელს გაიყვანეს რკინიგზა, რომელმაც ჭიათურის რკინიგზის სადგური შორაპანს დაუკავშირა. ამ პერიოდში, ჭიათურაში 6 ათასამდე ადამიანი მუშაობდა, მანგანუმის ხვედრი წილი მსოფლიო ექსპორტში კი, 50 %-ს აღწევდა.

XIX საუკუნეში მხოლოდ მდინარე ყვირილას მარჯვენა მხარე იყო განაშენიანებული, ძველი ჭიათურა, თავისი ვიწრო ქუჩებით იყო ცნობილი, რომლებიც სტიქიურად, დაგეგმვის გარეშე წარმოიშვნენ. ამგვარი ისტორიული განაშენიანება და ქუჩების ქსელი შემორჩენილია, მაგრამ, სამწუხაროდ, ქალაქს არ შემორჩა მდინარე ყვირილას ძველი იერსახე.

ძველად, ყვირილა საოცრად სუფთა წყლით გამოირჩეოდა, რომელშიც კატერებით მოსეირნე ადამიანებსა და წყლის ზედაპირზე მონარნარე გედებს შეხვდებოდით. ახლა კი, სამწუხაროდ, მარგანეცის ე.წ. შავი ოქროს რეცხვის შედეგად წარმოქმნილი შლამითაა სავსე. მდინარე ისეთი დაბინძურებულია, რომ წყლისკენ თვალიც კი არ გაგექცევა. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობისთვის, დიდ საფრთხეს წარმოადგენს. შემდეგ კი, ქალაქის საერთო იერს, პირდაპირ და შეულამაზებლად რომ ვთქვათ, ამახინჯებს.

მდინარის ნაპირებთან, რამდენიმე ადგილას, დღესაც შენიშნავთ კიბეს. მდინარის ამ ძველ ინფრასტრუქტურას თავისი დანიშნულება ჰქონდა, მდინარე აქაურების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო.

“ძველად, ჩემს ახალგაზრდობაში, ასე 1960-1980 წლებში, მდინარე ყვირილა შედარებით სუფთა იყო. მასზე კატერებით დავსეირნობდით. ამიტომაც არის ახლა მდინარის ნაპირებზე ჩასასვლელი კიბეები, რომლებსაც კატერებთან ჩავყავდით. შეუდარებელი იყო, ამ კლდეებში ჩაძირული ქალაქის მდინარეზე სეირნობა. ულამაზესად გეჩვენებოდა ადამიანს იქიდან, მედიდურად ჩამომდგარი ვეებერთელა კლდეები და მასთან ერთად, ჰაერში მონარნარე საბაგიროები. ასე, ყველაფრის განადგურება, არ შეიძლება. მარგანეცმა, მთელი ქალაქი გაანადგურა. უფრო სწორედ, მარგანეცით, ადამიანებმა გაანადგურეს ჭიათურა”, – განუცხადა მედია სააგენტო “24”-ს ჭიათურის ერთ-ერთმა ასაკოვანმა მკვიდრმა, რომელიც ძველ და ახალ ჭიათურას ერთმანეთს თამამად ადარებს, რადგან ორივე დროის რეალობაში ცხოვრება შეძლო.

მდინარე ყვირილა, უკვე რამდენიმე ათეული წელია დაბინძურებულია, მაგრამ ამ პრობლემით სახელმწიფო სტრუქტურები არ დაინტერესებულან. რამდენიმე დღის წინ მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომელიც მდინარის ათწლეულების განმავლობაში დალექილი შლამებისგან გაწმენდას გულისხმობს.

სამუშაოების საწყისი ეტაპი, ქალაქის ცენტრალურ ხიდთან მიმდინარეობს. მდინარის კალაპოტში, მძიმე ტექნიკა, ყოველდღიურად მუშაობს. გასუფთავების შედეგად ამოღებული შლამები კი, სპეციალურად გამოყოფილ, დაცულ ტერიტორიაზე საწყობდება.

როგორც ირკვევა, ამ მასშტაბურ ეკოლოგიურ პროექტს, რომელსაც “მდინარე ყვირილა შლამების გარეშე” ეწოდება, ქალაქის მარგანეცის ნარჩენებისგან მთავარი დამაბინძურებელი კომპანია – “ჯორჯიან მანგანეზი”, გარემოს დაცვითი პოლიტიკის ფარგლებში ახორციელებს. მდინარეში კი, ეს შლამი, მანგანუმის მომპოვებელი საწარმოებიდან ჩამოედინება. ათობით წელია, რაც მდინარე ყვირილაზე მანგანუმის საბადოებია მოწყობილი. დღეს, ეს საბადო სწორედ “ჯორჯიან მანგანეზს” ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ “ჯორჯიან მანგანეზი” სწორედ ის კომპანიაა, რომელიც მართლაც რომ ათეულობით წლის განმავლობაში, ქალაქში არსებულ, ისედაც მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას, კიდევ უფრო ამძიმებს. ცნობილია, რომ მდინარეზე მოწყობილი საბადოს გარდა, ჭიათურაში “ჯორჯიან მანგანეზი” სხვა პრობლემებსაც ქმნიდა. კომპანიის მძიმე ტექნიკას, ღია კარიერებზე მოპოვებული “შავი ოქრო”, წლების განმავლობაში, ქალაქში ყველანაირი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე დაჰქონდა.

“სატვირთო მანქანის ღია ძარაზე დაყრილი მარგანეცი თავისუფლად გადაადგილდებოდა ქალაქის ქუჩებში. მაშინ, სკოლის მოსწავლე ვიყავი და ვერ ვაანალიზებდი, რას ვსუნთქავდი, თუმცა, ახლა რომ მახსენდება, ჩემში დიდი ბრაზი იღვიძებს. დღის განმავლობაში, ეს ყველაფერი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. თავღია ძარაზე მარგანეცი ისე ეყარა, როგორც უბრალო სილა. იყო შემთხვევები, როდესაც სატვირთოებიდან გზებზეც იყრებოდა ეს ქიმიური ელემენტი და წარმოიდგინეთ, ადგილობრივ მოსახლეობას, როგორ საფრთხეს შეუქმნიდა”, – იხსენებს მედია სააგენტო “24”- თან ჭიათურის კიდევ ერთი მცხოვრები.

ცნობილია, რომ მდინარე ყვირილას წმენდის სამუშაოებს წინ რამდენიმეთვიანი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა. პროექტი უცხოელი ექსპერტების მონაწილეობითა და მათი რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა. მდინარის გაწმენდის გეგმა ორ ეტაპიანია. გეგმის თანახმად, მდინარის კალაპოტიდან შლამების ამოღების სამუშაოები წლეულს 2-ჯერ – იანვარ-თებერვალსა და აგვისტო – სექტემბერში განხორციელდება. მდინარის კალაპოტის გასუფთავების სამუშაოებში მძიმე ტექნიკა აქტიურად ჩაერთვება, ამისთვის საჭიროა მდინარეში წყლის დონემ დაიწიოს. წელიწადის ამ ორ სეზონზე კი, მდინარე წყალმეჩხერია, პროექტიც ორ ეტაპად ამის გამო დაიყო.

როგორც კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი განმარტავს, შლამების ყველაზე მეტი კონცენტრაცია, დამბიდან, დაახლოებით, კილომეტრის მანძილზეა. უფრო შორს, მდინარეც დაბლა იწევა და შლამებიც თითქმის აღარ არის. სწორედ წყალსადენის ტერიტორიიდან იწყებენ წმენდას და დამბამდე, მდინარის მთელი სიგანიდან იღებენ შლამებს.

“ვწმენდთ მდინარე ყვირილას, მაგრამ ასევე, პრევენცია უნდა გავაკეთოთ და აღარ ჩავუშვათ ხვალ შლამები. მოსახლეობას მინდა დისკომფორტისთვის, ბოდიში მოვუხადო. ცოტა ხმაური იქნება, შეიძლება, სადღაც დაბინძურებაც. ეს ჩემიც და ჭიათურელების ოცნებაა, მდინარე, შლამების გარეშე. ჩვენი დასუფთავების სამსახურები, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ და ვეცდებით, დისკომფორტი მაქსიმალურად შევამციროთ”, – აცხადებს ნიკოლოზ ჩიქოვანი.

ქალაქის ისტორიაში, ამ პროექტის განხორციელება, ნამდვილად კარგია, თუმცა, ჭიათურას მარგანეცთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა აწუხებს, რომელიც ამ დრომდე, გადაუჭრელი რჩება. ერთ-ერთი ის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ქალაქში ცხოვრებას, საშიშს ხდის. მანგანუმის ნარჩენებს, ბევრი მწვავე დაავადების გამოწვევა შეუძლია. თუ საბადოდან მოპოვებული მანგანუმი, შესაბამისი ტექნოლოგიითა და ფილტრებით არ გაიწმინდა, ნარჩენებით სავსე წყალს, მდინარე ქალაქში კვლავ ჩამოატარებს და ეს პროექტიც ფუჭი აღმოჩნდება.

მედია სააგენტო “24”-თან საუბრისას ჭიათურელები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

დედამიწის უხუცესი ხე 9500-ზე მეტი წლისაა – უნიკალური ხეები

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი