“ჩახუტება მათი თავდაცვითი რეფლექსია” – როგორ ცხოვრობენ მაკაკები ჭიათურაში(ვიდეო)

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, გედების ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მაიმუნების ვოლიერია მოწყობილი, სადაც ცხოველები მძიმე პირობებში ჰყავთ, მაიმუნებს სცივათ და ამის გამო, ერთმანეთს ეხუტებიან.

სოციალური ქსელის ზოგი მომხმარებელი ამბობს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ზოგი კი, ამ ფაქტით აღშფოთებულია. ერთი სიტყვით, თემა საყოველთაო განხილვის საგნად იქცა. ადამიანების უმრავლესობა ცხოველების უკეთეს გარემოში გადაყვანას მოითხოვს.

ვითარების გასარკვევად მედია სააგენტო “24” ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. როგორც მერიაში განგვიმარტეს, ჩახუტება, მაიმუნის ერთ-ერთი დამახასიათებელი ინსტინქტია. მათ მოვლას კი, რაც სჭირდება, ყველანაირი კრიტერიუმი დაცულია, ვოლიერი დათბილულია, მაიმუნებისთვის გასართობი აქსესუარებიც ადგილზეა.

“რაციონალურად იკვებებიან, სისუფთავე და ვეტერინარული შემოწმებაც კონტროლდება“, – აცხადებენ მერიაში.

მაიმუნების ბედით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ვითარება თავად, ადგილზე გადაამოწმონ. როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, მზად არიან ყველა დაინტერესებულ პირს დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.

მედია სააგენტო “24” აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თბილისის ზოოპარკის დირექტორს, ზოოლოგსა და ბიოლოგს, ზურაბ გურიელიძეს დაუკავშირდა და მაკაკების საცხოვრებელი პირობების შესახებ, გარკვეული რეკომენდაციები მოვისმინეთ. მისი თქმით, კონკრეტული სტანდარტები, არ არსებობს, ყველა ქვეყანას თავისი სტანდარტი აქვს.

როგორც ირკვევა, მაკაკებისთვის, საცხოვრებელი ფართობი, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ამასთან ერთად, სხვა აუცილებელი საკითხებიც არსებობს. საცხოვრებლად ორი შენობა უნდა ჰქონდეთ, რომელთაგან ერთი დათბუნებული, ზამთრის ვოლიერი იქნება და მეორე ღია, შედარებით დიდი სივრცით.

” მაიმუნები ვოლიერში დამთვალიერებლებს ემალებიან და მყუდრო ადგილს ეძებენ. თითოეული ვოლიერი ერთ ცხოველზე დაახლოებით 12 კვადრატული მეტრი უნდა იყოს, დანარჩენზე სხვადასხვანაირად იანგარიშება. 4-6 მაიმუნისთვის, ზამთრის შენობა 20 კვადრატული მეტრი, სრულიად საკმარისი იქნება. უკვე გარეთა ვოლიერი, გაცილებით დიდი უნდა იყოს. მინიმუმ 200 კვადრატული მეტრის ფართობის. სივრცეში, მათი თავისებურებებიც გათვალისწინებული უნდა იყოს“, – ამბობს ზურაბ გურიელიძე.

მისივე თქმით, ჩახუტება მაიმუნისთვის დამახასიათებელი ჩვევაა. ისინი ეხუტებიან ერთმანეთს, როდესაც რაიმე დისკომფორტს გრძნობენ. ეს დისკომფორტი კი, შეიძლება გამომდინარეობდეს თვითონ შიგნით, მაიმუნების ჯგუფში მიმდინარე პროცესებიდან. შესაძლოა, იყოს ტემპერატურისთვისაც.

“ჩახუტება მათი თავდაცვითი რეფლექსია, რომელიც ძალიან ხშირად შეიძლება გამოვლინდეს”, – გვითხრა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა.

ზურაბ გურიელიძე იმასაც აღნიშნავს, რომ მას ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მაიმუნების მდგომარეობა საკუთარი თვალით არ უნახავს და შესაბამისად, უფრო დეტალურად, ამ თემას ვერ განიხილავს. ზოოლოგი განმარტავს, რომ მხოლოდ გარკვეული კადრები აქვს ნანახი, რის საფუძველზეც, მათ საცხოვრებელ პირობებს, სამართლიანად ვერ შეაფასებს.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

დედამიწის უხუცესი ხე 9500-ზე მეტი წლისაა – უნიკალური ხეები

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი