“მცხეთიდან იგოეთამდე ყოველი 10 ნაკვეთიდან, 7 უცხოელისაა” – “ნაც-ქოცების” საერთო თამაში ეკონომიკის სამინისტროსთან

შევარდნაძემ დაიწყო, სააკაშვილმა პიკში აიყვანა ყბადაღებული ინვესტიციებისთვის მიწების გაყიდვის პროცესი: ინტერვიუ ვაჟა ოთარაშვილთან

მწერალი ვაჟა ოთარაშვილი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებს და გაზაფხულზე ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს იმ ხალხთან ერთად, ვინც ხელისუფლების ანტიეროვნულ ნაბიჯს – ქართული მიწების გაყიდვას, არამხოლოდ დღევანდელი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულად მიიჩნევს. საუბარია, ქართული მიწების უცხოელებზე მასობრივად გაყიდვაზე და კომპაქტურად არაქართული სოფლების გაჩენაზე, რაც უახლოეს მომავალში დემოგრაფიულ პრობლემას კიდევ უფრო უმწვავესად წარმოაჩენს და ადგილებზე ბალანსს მკვეთრად დაარღვევს.

ვაჟა ოთარაშვილი ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აანონსებს. მას აინტერესებს, რატომ დუმს ამ ყველაფერზე პრემიერი ღარიბაშვილი და საერთოდ, ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავს თუ არა ვინმე. რა კონკრეტული დოკუმენტი მოიპოვა მწერალმა ეკონომიკის სამინისტროს თვალთმაქცურ გარიგებებთან დაკავშირებით და რატომ მიაჩნია, რომ ასობით ჰექტრის უცხოელების ხელში გადასვლაში აღებული ფული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მდიდრდებიან? – ამ საკითხებზე მედია სააგენტო „24“-ს მწერალი ვაჟა ოთარაშვილი ესაუბრა.

-საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები გააკეთეთ ქართული მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით და არაერთი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობა გამოკვეთეთ. რა რეაგირება ჰქონდა თქვენს განცხადებებზე ხელისუფლებას?

– ცალსახად უნდა ითქვას, მთავრობის მხრიდან არავითარი რეაგირება არ ყოფილა. 7 თვეა, რაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილს, უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გენერალურ პროკურორს, ფინანსურ პოლიციას და ფაქტობრივად, ყველა უწყებას ოფიციალურად მივმართეთ. არაერთი გამოსვლა გვქონდა ტელევიზიით ამ მნიშვნელოვან საკითხზე. სოფელ ქვემო ჭალაში ჩატარდა სოფლის ორი ყრილობა გასხვისებულ მიწებთან დაკავშირებით. ასევე, აქციები ჩატარდა გორის სასამართლოსთან. მასობრივი მოწოდება ხალხის შეკრებისაკენ არ გვქონია, რადგანაც ვფიქრობდით, რომ ნაციონალური რეჟიმის წევრები ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებდნენ, თორემ ჩემთან ძალიან ბევრი წერილი და ზარი შემოვიდა – დიდი საპროტესტო მიტინგი ჩატარდეს მიწების უცხოელებზე გასხვისების საწინააღმდეგოდ. არ მინდა, გარკვეულმა მტრულმა ძალებმა ეს გამოიყენონ ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის. გაზაფხულზე, როცა ცოტა უფრო დათბება, მასობრივი საპროტესტო ტალღა მერე დაიწყება. ეს საკითხი საფუძვლიანად შევისწავლე – შევარდნაძის დროს დაიწყო ჩვენი სამრეწველო ობიექტების გაყიდვა-გაძარცვის, უცხოეთში გატანის პროცესი. ეს ეხება ფაბრიკა ქარხნებს, წარმოება-დაწესებულებებს ანუ მასობრივად მოხდა საქართველოს ეკონომიკის ნგრევა ე.წ. თავისუფალი საბაზრო პირობების შემოტანით. ეს იყო შეგნებული პროცესი, რომელმაც მთლიანად მოშალა საქართველოს სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მძიმე მრეწველობა და ყველა სფერო. ვითომ ეს იყო კაპიტალიზმისკენ სვლა, მაგრამ ვერ გაიგებ, რა წყობა მივიღეთ – არც კაპიტალიზმია, არც სოციალიზმი. სოციალისტური წყობის იდეალური მაგალითია ჩინეთი, როცა მისმა წარმოებებმა, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო დაიპყრო. ჩვენ ეს პროცესი ასე უკუღმართად წარვმართეთ. ამას დაემატა ყველაზე მთავარი – ქართული მიწების გასხვისების საკითხი. ამ საკითხმა სააკაშვილის მმართველობის დროს პიკს მიაღწია – კახა ბენდუქიძის და ვერა ქობალიას ეკონომიკის მინისტრობისას, როდესაც 1 ლარად რიგდებოდა ქართული მიწა. თბილისის გარშემო არის სხვადასხვა კომპაქტური დასახლება არაქართული მოსახლეობით. არ ჩამოვთვლი კონკრეტულ დასახლებებს, რომ არ დამიწყონ, ქსენოფობი ხარო და ა.შ. მაგრამ გეტყვით, თბილისის გარშემო, ძირითადად, მაჰმადიანურ დასახლებებს ვიღებთ, რაც უდიდეს საშიშროებას უქმნის ჩვენს დედაქალაქსაც და ქართულ სახელმწიფოსაც. ანალოგიური პროცესი მასობრივად დაიწყო პერიფერიებში, ყველა რეგიონში. ეს ეხება აჭარას, რომელიც, ფაქტობრივად, თურქეთმა წაიღო, რომლის ეკონომიური სიმდიდრის 80%-ის მფლობელები, ალბათ, უკვე თურქები არიან. ხელისუფლება არავითარ დამცავ ზომებს არ იღებს – არც საკანონმდებლო, არც აღმასრულებელი ხელისუფლება. სასამართლო ხელისუფლება მაღალი სკამის დაკრულზე თამაშობს და საერთოდ, არ არსებობს. ამდენად, ეს რეგიონი დიდი საფრთხის წინაშეა და არავითარ ზომას, ამ კუთხით, არც პარლამენტი, არც უშიშროების საბჭო, არც მთავრობა არ იღებს. ამას ემატება ის, რომ ყველა რეგიონში – კახეთი იქნება, სამცხე ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქართლი განსაკუთრებით – მიწების 80%, უცხოელების ხელშია – არაბების, ირანელების, თურქების, ჩინელების, ინდოელების, პაკისტანელების, ეგვიპტელების და ა.შ.

-მხოლოდ ეს როდია, ბოლო 8 თვეში საქართველოში 11 ათასი მიწის ნაკვეთი რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს.

-თუ 11 ათასი მიწის ნაკვეთი რუსების ხელშია, 138 ათასი – არაბების. შეადარეთ ციფრები, არაქართული მოსახლეობის, ინდოელებსაც ვგულისხმობ და ჩინელებსაც, მფლობელობაში დაახლოებით 192 ათასი ნაკვეთია.

-მთავრობას არ აინტერესებს, ვინ ხდება ქვეყანაში მიწების დიდი ნაწილის მესაკუთრე? ეს ხომ ქვეყნის უსაფრთხოების თემაა.

-მინდა საზოგადოების ყურადღება სწორედ ამას მივაპყრო – ხელისუფლებას ფეხზე კიდია საქართველოს, ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოება. სწორედ მთავრობამ დაუშვა ისეთი კომპაქტური დასახლებები, როგორიც არის ქვემო ჭალაში, სამთავისის ტაძრიდან ორ კილომეტრში – 134 სახლიანი საუდის არაბეთის არაბული სოფლის მშენებლობა. ამ საკითხზე სასამართლო დავა მიდის; ქვათახევის მონასტრიდან ასევე 2 კილომეტრში – 170 სახლიანი ეგვიპტური არაბეთის კომპაქტური სოფლის მშენებლობა და ა.შ. იგივე ვითარებაა წეროვანში. მე კონკრეტული მაგალითები გითხარით. გლობალიზაციის პირობებში, როდესაც ევროპის დიდი სახელმწიფოები ათასგვარ დამცავ საშუალებებს ქმნიან, მიუხედავად იმისა, რომ დემოგრაფიული სიტუაცია მკვეთრად უარესდება ამ ქვეყნებშიც, საქართველოში ხომ დემოგრაფიული სიტუაცია ზღვარს გადაცილებულია და შობადობას, სიკვდილიანობა სჭარბობს. ამას ემატება ეს პროცესი – მიწების უპრაგონოდ განკარგვის პროცესი. განკარგვა აქ ყბადაღებული ინვესტიციისთვის კი არ ხდება, როგორც ქვეყნის გამყიდველი ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს და ზოგადად, ხელისუფლება. როგორც მოარული ხმები ამბობენ, “ქეშების” საფუძველზე ჩალის ფასად სხვისდება მიწები. იგივე ქვემოჭალის 11 ჰა, იმ კურსით რომ დავთალეთ, 55 ათასი დოლარის ფარგლებშია გასხვისებული. ერთი მანქანა ღირს ეს ფასი.

“ყიდიან საძოვრებს, ფერმას, ტყეს, ქართული მოსახლეობისგან იცლება სოფლები”

ანალოგიური სიტუაციაა სხვაგანაც – ბაზალეთის ტბა იქნება, სოფელი ჯუგაანი თუ მოხისი. ამ მიწების გასხვისება ხდება არა ინვესტიციის შემოტანის მიზნით, არამედ პირდაპირ აუქციონზე ყიდიან და ასე უკანონებენ უცხოელს. აი, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მიწების გასხვისების ეს ბანდიტური სქემა ასეთია: ეკონომიკის სამინისტრო ნახავს, რომელიმე სოფელში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სავარგულს, მაგალითად, 15-20 ჰექტარს და გამოაქვს აუქციონზე. დღეს ავიღე საჯარო რეესტრიდან ოფიციალური დოკუმენტი N6254, რომელიც ქვემოჭალის მიწას ეხება. პირდაპირ წერია – კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალის კოლმეურნეობის 1990 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, ეს ნაკვეთი – 11 ჰა, რომელიც გასხვისებულია არაბებზე და რომლის მოძიებითაც მოსამართლე დავით პაპუაშვილი არ დაინტერესებულა. სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისთვის, ყველა გარემოება უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ პაპუაშვილმა არ გაითვალისწინა ეს ფაქტობრივი გარემოება. პირდაპირ წერია – ნაწილი ამ მიწის იყო საძოვარი, ნაწილი – სახნავ-სათესი და მრავალწლიანი ნარგავები, ნაწილი ფერმით დაკავებული ანუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. ფაქტია, სოფელს უყიდიან საძოვარს, ფერმას, ყველაფერს. ნაწილი ამ მიწის გზით და ტყით დაკავებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობია. სოფელს მისასვლელ გზასაც უყიდიან, ტყის მასივსაც, გესმით?! როგორ არის იცით არაბებზე გაყიდული – სადღაც, მოშორებით კი არაა, სოფლის მოსახლის ღობით იწყება უკვე იმ არაბების მიწები. არაბული სოფელი იქმნება პირდაპირ სოფლის გვერდით, დაშორებაც არც არის, თუნდაც 100 მეტრი. ანუ სოფელს განვითარების საშუალება ხომ აღარ აქვს, საძოვარი აღარ აქვს და გზასაც უკეტავ ტყისკენ და სახნავ-სათესისკენ მისასვლელს. არავითარ უსაფრთხოებაზე აქ ლაპარაკი არ შეიძლება. კიდევ ერთხელ ვაცხადებ – ეს საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს. წარმოიდგინეთ კომპაქტური არაბული დასახლება, თავისი მეჩეთებით და ინფრასტრუქტურით. იქ საბავშვო ბაღი დასჭირდებათ, ჯანდაცვის ცენტრიც და სკოლაც. უკვე დაიწყეს ლაპარაკი, ჩვენი კანალიზაცია მდინარე ლეღურაში უნდა ჩავიდესო, რომელიც ზაფხულში შრება, აქ რომ კანალიზაციას შეაერთებ. მიხვდით რა ხდება? ამაზე არანაირი რეაგირება საქართველოს მთავრობას არ აქვს.

– არც ერთი უწყებიდან პასუხი არ მიგიღიათ?

– არა. განცხადებას სოფლის მოსახლეობამ, 500-ზე მეტმა მოქალაქემ, მათ შორის ხუთმა მონაზონმა და მორჩილმა, მოაწერა ხელი. პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული ყველა პირველ პირს გავუგზავნეთ. ერთადერთი სამხარეო პროკურატურიდან მოვიდა პასუხი, დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავთო, არადა თვალთმაქცური გარიგებაა. კურტანიძე ვინც ანალოგიური ქმედებით აუქციონზე ყიდულობს მიწებს, როგორც ჩანს ეკონომიკის სამინისტროსთან არის გარიგებული. ყიდულობს ვთქვათ, 80 ჰა-ს ტყიბულში, 16 ჰა-ს ქარელში, სოფელ მოხისში. ხარაგაულში 18 ჰა-ს და ა.შ. ეს 29 წლის გოგო ამხელა მიწის ნაკვეთებს ყიდულობს და მერე, მაქსიმუმ 3 დღეში, არაბებზე და სხვებზე ხდება გადაფორმება.

“არაბებს გზები უკვე გაკეთებული ჰქონდათ, მიწაც 134 ნაკვეთად დაყოფილი” – კასპის მერიამ სასამართლო წააგო 

-სასამართლო პროცესი რატომ წააგო არაბებთან ქართულმა მხარემ?

– სასამართლო წააგო კასპის მუნიციპალიტეტმა, რომელმაც ჩვენი ზეწოლის შედეგად, ის შეცდომა აღარ დაუშვა, რაც ქავათახევის შემთხვევაში და მშენებლობაზე თანხმობა არ გასცა. არაბებს გზები უკვე გაკეთებული ჰქონდათ და მიწაც 134 ნაკვეთად დაყოფილი. ამის გამო არაბულმა მხარემ სარჩელი შეიტანა გორის სასამართლოში. ახლა ჩვენ მუნიციპალიტეტთან ერთად სააპელაციო სარჩელს ვამზადებთ. ამის თაობაზე ვესაუბრეთ ქართლის გუბერნატორს, ძალიან კარგი იურისტია მიხეილ შაყულაშვილი, რომელიც გაგებით მოეკიდა ამ საკითხს. უახლოეს მომავალში შევიტანთ სააპელაციო სასამართლოში საჩივარს. გამორიცხულია, არაბებმა ეს საქმე მოიგონ. უბრალოდ, აქ დიდი თამაში მიდის. როგორც ჩანს, ხელისუფლების გარკვეული პირები გარიგებულები არიან ამ უცხოელებთან და ხდება ბანდიტური გაყიდვა ქართული მიწების ისე, რომ ვერ გაიგებ, სად არის ძაღლის თავი დამარხული. ამ პერიოდში, როცა ვლაპარაკობთ სააკაშვილზე, რა ჭამა, რამდენი ცოლი ჰყავს, ბავშვი ვის შეეძინა და ა.შ, რატომ არავინ საუბრობს მიწების საკითხზე, რომელიც საქართველოს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის?! დღეს ნომერ პირველი საშიშროება და საფრთხე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემისთვის, სწორედ ეს მიწის საკითხია.

-ამიტომ, ალბათ, აქციების გადადება არ ღირდა.

– ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას ვაგრძელებთ. ჩვენ, მოსახლეობა ცალკე სარჩელის შეტანას გეგმავს ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კატეგორიას უცვლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას. ეს მარტო კასპის რაიონში არ ხდება. დღეს რომ საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ჰყავდეს, ესენი, ყველა დასაჭერები არიან – ეკონომიკის სამინისტროს მესვეურები, სააკაშვილის პერიოდიდან დაწყებული, დღევანდლით დამთავრებული, რადგან ყველა ამ მაფიურ რგოლშია ჩართული. არ გეგონოთ, რაიმე სხვაობაა – “ქოცებიც” და “ნაცებიც” ერთ თამაშს თამაშობენ ეკონომიკის სამინისტროსთან. ძალიან საინტერესო ფაქტს გეტყვით: სააკაშვილის რეჟიმის დროს ნათია თურნავა იყო ბენდუქიძის მოადგილე, მერე ეკონომიკის მინისტრი და ანგელოზის ფრთებით დადიოდა. ნინო ენუქიძე, ბენდუქიძის დროს, ქონების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და დღეს ისევ ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილეა ანუ ნაცების მარჯვენა ხელი, რომელიც მერე სააკაშვილმა „სოკარის“ დირექტორთა საბჭოს მთავარ მრჩევლად დანიშნა. ამათ მოიყვანეს და მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნეს და კარგად იცოდნენ, რომ ის ბენდუქიძის მოადგილე იყო. ვერა ქობალიას დროს დეპარტამენტის უფროსი. აი, ეს გუნდი, მერე – ჩაჩანიძე, დუგლაძე, ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის ძმა ქონების მართვის სააგენტოს უფროსი, რომელიც ასევე ამ მაფიურ წრეშია. იგივე სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ხანიშვილი, რომელიც მარადიული მინისტრის მოადგილეა – ყველა მინისტრი იცვლება ამ სფეროში, ეს ისევ მოადგილეა და რჩება მიწების განკარგვის საკითხებში. აი, ეს მაფიოზური რგოლია, რომელიც მიწას უყიდის ქართველ ერს, მომავალ თაობებს, რომელიც ხვალ-ზეგ დაიბადება ანუ მომავალ ქართველობას ტოვებენ უმიწაწყლოდ.

-კონკრეტულად, რა ახალი ინფორმაცია გაქვთ და რის გამო უჩივით ეკონომიკის სამინისტროს?

-ეკონომიკის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა იყო და აუქციონზე გაიტანა. დღეს ეს ოფიციალური დოკუმენტი მივიღეთ, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ამას მთელი სოფელი ისედაც ამტკიცებდა. სამინისტრო იძახდა, იმიტომ გავყიდეთ, რომ არასასოფლო მიწა იყო და ინვესტიცია შემოვიდოდაო. ესენი არიან ქართული მიწის გამყიდველი ყასბები, რომლებიც მიწის კატეგორიას ცვლიან ხელოვნურად. გაიხედავ და უცებ ეს მიწა აუქციონზეა გატანილი. არავითარი ინვესტიცია. 30 წლის განმავლობაში, გახსოვთ, თუნდაც ერთი ქარხანა ან ფაბრიკა აეშენებინოს სახელმწიფოს, სადაც მოსახლეობა დასაქმდებოდა. მე არ ვამბობ კერძოს. ინგლისი უძველესი კაპიტალისტური ქვეყანაა, რომელსაც კონსტიტუციაც კი არ გააჩნია, კონსტიტუციური დონის აქტები აქვს – უამრავი სახელმწიფო საწარმოა იქ. სხვათა შორის, მათი სტერლინგი ყველაზე მყარი, მაღალია და ინგლისის მოქალაქეთა პენსიები, ყველაზე მაღალი იმიტომ, რომ სახელმწიფო საწარმოები არსებობს – რკინიგზა, აეროპორტი და ა.შ. ჩინეთზე აღარაფერს ვამბობ. გული გაგისკდებათ, რომ ნახოთ – იგოეთიდან დაწყებული მცხეთამდე, ყოველი 10 ნაკვეთიდან, 7 – უცხოელისაა. გესმით, ეს რას ნიშნავს? ათი წლის მერე, ეს ისეთ შედეგებს მოიტანს, შეიძლება ააზანზაროს მთელი ქართული სახელმწიფო და ერთ დღეს დაასამაროს. ნახეთ, ილია ჭავჭავაძე ბრძანებს – “მამული, ენა, სარწმუნოება!” სახელმწიფო ამ სამ ტრიადაზე დგას. თუ მიწა არ გაგაჩნია, მაშინ ქურთი ერივით უმიწაწყლო ხალხი ხართ. მიწა არა აქვთ, ნაწილი ირანში ცხოვრობს, ნაწილი თურქეთში.

“საქართველოში მიწათსარგებლობის საკითხში მასობრივად ანტიქართული პოლიტიკა ხორციელდება”

– ბატონო ვაჟა, რა სახის თანხა შემოდის ბიუჯეტში ამ მიწების გასხვისებით, რასაც ინვესტიციების მოზიდვა უდევს საფუძვლად?

-არავითარი ინვესტიცია, როგორც მოარული ხმები ამბობენ, ნაღდი ფული შემოდის. ეს არის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. საგამოძიებო ორგანოები თავის სიმაღლეზე რომ იყვნენ, ეს ყველაფერი უცებ ამოიყრებოდა. ვერ დამისახელებთ ფაქტს, სერიოზული ინვესტიცია შემოვიდა და საქართველოს ეკონომიკა წელში გაიმართა. ცხოვრების დონე ყოველდღიურად უარესდება. თქვენ რომ შრომობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო თქვენზე ზრუნავს. საჭიროა, საზოგადოების ფართო ფენების გამოფხიზლება. თუ საზოგადოება არ გამოფხიზლდა, პირდაპირ ვაცხადებ, საქართველო დაიღუპება. ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი. იგივე საზოგადოებრივ მაუწყებელს მივმართავ: დამისვას ნებისმიერი თანამდებობის პირი, ეკონომიკის მინისტრით დაწყებული დებატებში, გნებავთ, სამართალდამცავი ორგანოებიდან ნებისმიერი პირი და მე დავუმტკიცებ საზოგადოებას, რომ ადგილი აქვს სამშობლოს ღალატს, ქართული მიწების გაყიდვას სხვადასხვა ქვენა გრძნობის საფუძველზე. ბუნებრივია, მე არ შემიძლია დავამტკიცო, ვინ რამდენ ათას დოლარს თუ მილიონს იღებს ამ საქმეში, მაგრამ როგორც მოარული ხმები ამბობენ და უკვე ღიადაც ჩანს, მხოლოდ ესაა – შემოსული ინვესტიცია და საქართველოს აყვავებული სოფლის მეურნეობა ან მრეწველობა, არ გვინახავს. მოსახლეობა დაუსაქმებლობის გამო საზღვარგარეთ გარბის. კიდევ ერთი პრობლემაა – ქართველი გლეხი თავის მამაპაპურ მიწებს ვერ იფორმებს. შესაცვლელია კანონი. მასობრივად ხდება ანტიქართული პოლიტიკის განხორციელება საქართველოში მიწათსარგებლობის კუთხით. ეს არის ზედმიწევნით ანტიქართული პოლიტიკა, რათა აქედან ხალხი გაიქცეს, რომ სოფელში ხალხი არ დამაგრდეს და სოფლები დაიცალოს. პლუს, კომპაქტური სხვა აღმსარებლობის დასახლებები შეიქმნას ქართული სოფლების მახლობლად.

– კონკრეტულად, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება იმ ყველაფრიდან, რაზეც თქვენ მწვავედ საუბრობთ?

– ბუნებრივია იკვეთება თურნავას პასუხისმგებლობა; სააკაშვილის, რომელმაც 30 ათას თურქს მისცა საქართველოს მოქალაქეობა ერთ დღეში; მისი ეკონომიკის მინისტრის – ვერა ქობალიასი და კახა ბენდუქიძის. ნინო ენუქიძის, ჩაჩანიძის, დუგლაძის, მოქმედი ეკონომიკის მინისტრის – ლევან დავითაშვილის, ხანიშვილის და ბუნებრივია, დღევანდელი ხელისუფლების. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც პასუხისმგებელია, რადგან მისი მმართველობის დროს ხდება მიწების მასობრივად გასხვისება უცხოელებზე. 2012 წლიდან ყველა პრემიერი – ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი, ბახტაძე, გახარია – „ნამახვანჰესი“ ყველას გვახსოვს. სიმბოლურ ფასად, 121 ლარად გახარიამ 600 ჰექტარი თურქებს გადასცა 99 წლით. ქოცების და ნაცების ხელისუფლება ამ საკითხში ორივე არის დამნაშავე. მათში განსხვავებას ვერ ვხედავ. მე ვხედავ მხოლოდ ტრაგიკულ მოვლენებს ჩემი მშობლიური მიწა-წყლის გასხვისებისა. რაც მეტად ვსწავლობ ამ საკითხს, უფრო მზარავს ის ღალატის სიღრმეები, რასაც ვხვდები. მანავის მიწები, დუშეთის, სიღნაღის – იცით რა მიწებია არაბების და ეგვიპტელების ხელში?! თხოთის მთა, აღაიანთან ხომ იცით, მარცხენა მხარე არის საუდის არაბეთის არაბების, მარჯვენა – ირანელების. 52 ჰექტარი ერთი არის, 50 ჰექტარი – მეორის. დიდგორის ისტორიული ადგილის გარშემო, სულ უცხოელებისაა. გადაირევით, რომ ნახოთ რა იგეგმება. ღიად ვაცხადებ, საქართველოს მიწა-წყლის ნახევარზე გაცილებით მეტი, უცხოელების ხელშია – 92 ათას კვადრატულზე მეტი. ასეთი კატასტროფული ვითარებაა. მკვიდრი ქართველი მოსახლეობის ხელში ქართული მიწა მოკლე ხანში საერთოდ აღარ იქნება. ალბათ მიწების 10% თუ იქნება ქართველების ხელში.

ესაუბრა გიორგი გლოველი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი