“სისხლისგან იცლებოდა და მაშინაც სხვებზე ზრუნავდა” – ერთი გმირის ისტორია

“ერთი ხელყუმბარით ავიფეთქებდით თავს და ტყვედ არ ჩავვარდებოდით” – აფხაზეთის ომის ქრონიკებიდან

ოთარ კორინთელი ერთ-ერთია იმ ქართველ მებრძოლთა შორის, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან. მისი ცხედრის აფხაზეთიდან გადმოტანა მისმა თანამებრძოლებმა ვერ შეძლეს, თუმცა, სასიცოცხლო საფრთხის მიუხედავად, მოახერხეს და მიწას მიაბარეს.

ოთარ კორინთელი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დაწყებიდან 2-კვირაში, 1992 წლის 29 აგვისტოს, მოხალისედ წავიდა. 101-ე ბატალიონის მებრძოლი იყო. 1 ოქტომბერს, სოფელ კოლხიდაში, გაგრასთან, ძლიერი შეტევის დროს მძიმედ დაიჭრა და სისხლისგან დაიცალა.

მეგობრები დღემდე იხსენებენ მის სიტყვებს:

“გაწვრთნილ და გამოცდილ მტერს ჩემისთანები უნდა შეებნენ და არა I7-19 წლის ბიჭები. აფხაზეთში თუ არ წავედი, აბა, მარტო მათი სადღეგრძელოები ვსვა?!”

სამი თანამებრძოლი ოთარ კორინთელის ტყვიებით დაცხრილულ სხეულს სამი დღე-ღამის განმავლობაში დარაჯობდა იმ იმედით, რომ დამხმარე ძალები მოვიდოდნენ და ქართველ გმირს ღირსეულად მიაბარებდნენ მშობლიურ მიწას. მაგრამ მოგვიანებით გაიგეს, რომ გაგრა დაეცა.

სისხლისგან იცლებოდა კორინთელი და ბიჭებს ეხვეწებოდა დაეტოვებინათ და თავი გადაერჩინათ, – თქვენ ახალგაზრდები ხართ, მინდა იცოცხლოთ, ერი გაამრავლოთო… – უთქვამს ბოლოს, მერე კი, აგონიაში ჩავარდნილა.

თანამებრძოლებმა რის ვაი-ვაგლახით გათხარეს საფლავი და კორინთელი მიაბარეს მიწას. თუმცა იმედოვნებდნენ, რომ დაბრუნდებოდნენ, მის საფლავს მოძებნიდნენ და გადაასვენებდნენ გმირებისთვის განკუთვნილ სასაფლაოზე.

დღეს, იმ ადგილას, სადაც ოთარ კორინთელი დაკრძალეს, რესტორანია აშენებული… ოთარ კორინთელის ნეშტის ასავალ-დასავალი კი არავინ იცის.

ზაზა კირეულიშვილმა კორინთელი აფხაზეთში გაიცნო.

“ჩვენ, ოთართან შედარებით, პატარა ბიჭები ვიყავით, ის 40 წლის, თითქმის ორმეტრიანი კაცი იყო. წესიერი, მოწესრიგებული, გულანთებული პატრიოტი, ეროვნულ მოძრაობაში აქტიურად ჩართული. დამოუკიდებლობისათვის გამართული აქციების დროს მხარში ედგა მოშიმშილეებს. მაღალი, ახოვანი, წარმოსადეგი ვაჟკაცი გახლდათ…”, – ამბობს იგი.

ზაზა კირეულიშვილი, ოთარ კორინთელთან და მის მეგობარ ავთანდილ ჩიქოვანთან ერთ ათეულში მოხვდა.

ოთარ კორინთელი

“ის სადესანტო ქვედანაყოფში იყო ნამსახურები, მეც ასევე. მე ქვეით საბრძოლო ასეულში ვიყავი, ოთარი – კავშირგაბმულობაში. მაგრამ თითქმის ყოველდღიურად გვიწევდა ბატალიონის პირად შემადგენლობასთან შეხვედრა და ოთარსაც ხშირად ვხვდებოდი. სანამ გავიცნობდი, ავთოსგან, მასზე, მხოლოდ კარგი მსმენოდა.

თითქმის ყველა ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. კავშირგაბმულობის საშუალებები, საშტატო რადიოსადგურები, რაც ჰქონდათ, იმას ამუშავებდნენ მისი ოცეულის მებრძოლები. პოზიციურ ბრძოლებში ხშირად ერთად ვყოფილვართ_ ყოველთვის პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას მტრის თავდასხმების მოგერიების დროს..

ძირითადად, პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობდა, მაგრამ სექტემბრის ბოლოს მოწინააღმდეგე მეტად გააქტიურდა და შეტაკებებიც უფრო მეტ ხანს გრძელდებოდა. როცა უკვე ტექნიკის გამოყენებით ძლიერად შემოგვიტიეს მოწინააღმდეგე მხარის შენაერთებმა, ცხადი გახდა, რომ გაგრაზე ძალიან მასირებული შეტევა იწყებოდა. პირველი ოქტომბერი იყო… ჩვენი ბატალიონის პოზიციები კოლხიდაში მდებარეობდა. შეტევის დროს აქტიურად ჩავერთეთ ბრძოლაში და დავიწყეთ ცეცხლის მოგერიება. მოწინააღმდეგემ თანამედროვე ტიპის ტანკები გამოიყენა. ჩვენი შეიარაღება და ყუმბარმტყორცნები მათ წინააღმდეგ არაეფექტიანი აღმოჩნდა, ამიტომ მნიშვნელოვანი შედეგი ვერ გამოიღო… დავიწყეთ უკან დახევა ბრძოლით.

ჩვენს არტილერისტებს ერთი პოზიცია ჰქონდათ მოწყობილი ქვემეხებითა და ზარბაზნებით და იქ გავმაგრდით. უკვე ტყვია-წამალი გვითავდებოდა, ცოცხალი ძალაც არასაკმარისი იყო მტრის შემოტევის გასამკლავებლად.. დახმარების იმედი გვქონდა… მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ ძალიან დიდი ძალებით გვიტევდნენ აფხაზები, კონფედერატებთან და კაზაკებთან ერთად… დაჭრილები გავატანეთ ორ ჯავშანმანქანას, რომლებიც ბრძოლისთვის არ იყო განკუთვნილი – საინჟინრო სამუშაოებს ასრულებდა.. საბრძოლო მასალები არტილერისტებსაც გაუთავდათ; ჩვენ, რომლებიც გზის ორივე მხარეს ვიყავით განლაგებულნი, ვეღარ გვიფარავდნენ. გადაწყდა უკან დახევა ბრძოლით. ჩვენ ოთხნი: მე, ოთარი, ავთო და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი, დავით მშვიდობაძე სულ ერთად ვიყავით და ერთმანეთს ბრძოლაშიც კარგად ვუგებდით – შეწყობილად ვმოქმედებდით; თან, მცირე საბრძოლო გამოცდილებაც გვქონდა… სამწუხაროდ, ერთ-ერთი გადაადგილების დროს, როცა ცეცხლით ვიფარავდით მებრძოლებს, რომლებიც უკან იხევდნენ, ოთარს სატანკო ტყვიამფრქვევიდან გამოსროლილი ჯერი მოხვდა და ძალიან მძიმედ დაიჭრა. მაშინვე მივხვდით, რომ მისი გადარჩენა თითქმის წარმოუდგენელი იყო. ფილტვები, გულ-მკერდი ტყვიის ჯერს გადაეჭრა, მაგრამ ამ მდგომარეობაში მყოფს, სულ რომ ჩვენც დავხოცილიყავით, ოთარს ვერ მივატოვებდით…

მტერი ჯიუტად მოიწევდა წინ, ეტყობოდათ, არც გამოცდილება აკლდათ, კარგად იყვნენ გაწვრთნილები და ტაქტიკურად მოქმედებდნენ. ჩვენ, ორმა, ინტენსიური ცეცხლის გამო, ვერ მოვახერხეთ ოთარის ხელში აყვანა, მესამემ – ავთანდილ ჩიქოვანმა, სცადა, სროლა-სროლით წინ წასულიყო, ჩვენ რომ დავეფარეთ. ფაქტობრივად, თავს სწირავდა… ვემუდარეთ, არ წასულიყო სიკვდილზე ძალით, რადგან ჩვენ ორნი, ვერ მოვერეოდით ოთარის სხეულს – გაგვიჭირდებოდა დახმარების გარეშე ოთარის გაყვანა ცეცხლის ზოლიდან და ვთხოვეთ, დაგვხმარებოდა. ავთო ცეცხლით გადაგვეფარა, მე და დათომ კი მაინც შევძელით, ოთარი იმ ცეცხლის ხაზიდან გამოვიყვანეთ და იქვე, ერთ-ერთ მშენებარე სახლში შევიყვანეთ და ჩვენც იქ გავჩერდით. მაგრამ, საუბედუროდ, უკვე საბრძოლო მასალა თითქმის აღარ გვქონდა – თითოს 12-14 ვაზნა-ღა გვქონდა დარჩენილი და ერთად ერთი ხელყუმბარა.

როცა იმ სახლს შევაფარეთ თავი, მერე მივხვდით, რომ ალყაში ვიყავით. ძალიან ახლოს გაგვიარეს მტრის მებრძოლებმა, მაგრამ საბედნიეროდ, იმ სახლში არ შემოუხედავთ. თუმცა, სამივეს გადაწყვეტილი გვქონდა, რომ თუ მტერი მოვიდოდა, იმ ერთად ერთი ხელყუმბარით ავიფეთქებდით თავს და ტყვედ არ ჩავვარდებოდით! ოთარი უკვე სისხლისგან იცლებოდა და აგონიაში იყო. თუმცა, მომაკვდავიც კი ჩვენზე ზრუნავდა, ღირსებით და სიყვარულით სავსე! შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ გმირულად გავიდა ამ ქვეყნიდან. სანამ გონზე იყო, გვევედრებოდა, – წადით! დამტოვეთ! თავი გადაირჩინეთ.. თქვენ ახალგაზრდები ხართ და მინდა, იცოცხლოთ და ერი გაამრავლოთო… – თუმცა, სამი დღე მაინც იქ ვიყავით. მიცვალებულის მიტოვება არ გვინდოდა ასე, მიწამიუყრელად… დაღამდა… ჯერ კიდევ იმედი გვქონდა, რომ დახმარება მოვიდოდა და მტერს უკუაგდებდნენ ჩვენი შენაერთები,მაგრამ მალევე დავრწმუნდით, რომ ასე არ მოხდებოდა. ისმოდა აფეთქებების ხმა.. მტრის თვითმფრინავებსაც ვხედავდით..

როგორც გითხარით, სახლი, რომელსაც შევაფარეთ თავი, მშენებარე იყო და იქ სამშენებლო მასალა, თუნუქის ნაჭრები, მიწა ეყარა. საღამოს, როგორც შევძელით, ამოვთხარეთ მიწა და ოთარი იქ ჩავასვენეთ, ზედ დავადეთ ეს მასალები, რომ ცხოველი არ მისულიყო და ცხედარი არ ამოეთხარა;თან, ამ დროს, მოწინააღმდეგე გამუდმებით დადიოდა და მაქსიმალურად ვფრთხილობდით… მივაბარეთ მიწას ოთარი იმ იმედით, რომ მერე მივბრუნდებოდით და მივაგებდით პატივს, როგორც მას ეკადრებოდა; მაგრამ, სამწუხაროდ, გაგრა დაეცა… და ჩვენ იქ, ვეღარ მივბრუნდით… 3 დღის შემდეგ გადავწყვიტეთ, გამოვსულიყავით იმ სახლიდან და ტყე-ტყე ვიარეთ საზღვრამდე, გზაში ქართველი მწყემსი შეგვხვდა, რომელმაც გვითხრა, რომ გაგრა დაცემული იყო,განთიადსა და ლესელიძეში მიმდინარეობდა ბრძოლები და გადავწყვიტეთ, რომ იმ მიმართულებით წავსულიყავით, რათა ჩვენს ქვედანაყოფებს შევერთებოდით. სანამ ჩვენ განთიადამდე მივაღწიეთ, უკვე ისიც მტერს ჰქონდა დაკავებული; შემდეგ ისევ მთებში ავედით და წავედით საზღვრისკენ; ადლერის აეროპორტში გაგრიდან წასული ლტოლვილები ვნახეთ; საბედნიეროდ, იმ დროს ჩამოფრინდა ყაზახების ტურისტული ჯგუფი – თვითმფრინავს ელოდებოდნენ ბათუმში გადასაფრენად, იქიდან კი თურქეთში გადასვლას აპირებდნენ; ამ ჯგუფის ხელმძღვანელი ქართველი იყო.

ჩვენმა ლტოლვილებმა ტანსაცმელი, საკვები გვიწილადეს. ჩვენი იქ გაჩერება არაფრით შეიძლებოდა, რადგან აშკარად გვეტყობოდა, რომ მეომრები ვიყავით. გამოვიცვალეთ ტანსაცმელი და ტურისტული ჯგუფის ხელმძღვანელის დახმარებით, ბათუმამდე ჩამოვედით, იქიდან კი თბილისში.. თუმცა, უკვე თბილისში დაბრუნებული მივხვდი, რომ მე იქ გაჩერება არ შემეძლო…101- ბატალიონი აღარ არსებობდა, მივედი რუსთავის ბატალიონში და ისევ აფხაზეთში წავედი… სოხუმის დაცემამდე იქ ვიყავი და შემდეგ ჭუბერის უღელტეხილით გადმოვედი…

ომიდან ჩამოსვლის შემდეგ, არა ერთხელ მივმართე “წითელ ჯვარს”, ვიცი, ძალისხმევას არ დაიშურებენ ოთარის ნეშტის მოსაძებნად, მაგრამ ახლა, იმ სახლის ადგილზე, სადაც ოთარი დავკრძალეთ, რესტორანია აშენებული… დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად გამოჩნდება ვინმე აფხაზეთში, ვისაც ეცოდინება, სად გადაასვენეს ოთარის ცხედარი და შევძლებთ, მისი საკადრისი პატივით დაკრძალვას…

ომის მოგონებებში, ყველაზე მტკივნეული სწორედ ის იყო, რომ ოთარი იქ დარჩა.. და სანამ ცოცხალი ვარ, ეს ტკივილი არასოდეს მიმატოვებს!..” – ჰყვება ზაზა კირეულიშვილი.

ოთარ კორინთელი 1952 წ. 18 იანვარს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა 41-ე საშუალო სკოლა; სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარა ქ.ლენინაკანში (დღევანდელი გიუმრი), კავშირგაბმულობის ბატალიონში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (დღევანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი) იყო კალათბურთელი, საქართველოს ახალგაზრდა კალათბურთელთა ნაკრების წევრი; მუშაობდა სხვადასხვა სპორტულ საზოგადოებასა და სპორტულ სკოლაში; თავადაც გამორჩეული პატრიოტი, ახალგაზრდა თაობას უნერგავდა სამშობლოს სიყვარულს.
სამწუხაროდ დღეს, ძალიან ბევრ ახალგაზრდას არ აქვს ინფორმაცია მამების თაობის გმირული ცხოვრების შესახებ თუ როგორ წირავდნენ ისინი საკუთარ სიცოცხლეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის.

 


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი