როგორ დაიწყო მიხეილ ჭიაურელისა და ვერიკო ანჯაფარიძის სიყვარულის ისტორია (ვიდეო)

“მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯებით. ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა. ვერ გაიგებდი, თვალებით ვის უყურებდა, ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა…”

მიხეილ ჭიაურელი და ვერიკო ანჯაფარიძე

ცნობილი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე და ცნობილი რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი ერთმანეთს საგარეჯოში შეხვდნენ. საფრანგეთიდან დაბრუნებულ გიორგი ჯაბადარს თეატრალური სტუდია ჰქონდა გახსნილი, სადაც მოსკოვიდან ჩამოსული ვერიკოც დადიოდა.

24 წლის მიხეილ ჭიაურელი ვერიკოსთან შეხვედრას ასე იხსენებდა:

“მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯებით. ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა. ვერ გაიგებდი, თვალებით ვის უყურებდა, ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა… ყველას მოგვესალმა და მომეჩვენა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი… და ვხედავდი მხოლოდ მას. ეზოში, მწვანეზე ჩამოვსხედით ყველანი. მოხდა ისე, რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშნავდა ეს… ჯაბადარმა ახალგაზრდა მსახიობს სთხოვა, რამე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა. სთხოვდნენ ჩვენი მსახიობებიც… “ვთხოვ, იქნებ, დამიჯეროს” – გავიფიქრე და თითქმის ჩურჩულით ვთქვი: მეც გეხვეწებით-მეთქი. მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო… რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე? არ ვიცი… ვერაფერს ვგრძნობდი… მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე…”

იმ დღიდან მათ შორის დიდი გრძნობა გაჩნდა. თუმცა, გარკვეული დროის მერე, ერთმაც შექმნა ოჯახი და მეორემაც. ორივემ თავ-თავის საქმეში გაითქვა სახელი. ცალ-ცალკე ყოფნის მიუხედავად, როგორც ჩანს, მათ შორის გრძნობა არ განელებულა, თუმცა დიდხანს ვერ ბედავდნენ ოჯახებიდან წამოსვლას… ბოლოს, მაინც შეძლეს ყურადღება არ მიაქციეს ჭორებს, გაკიცხვას, რისხვას და ბინა ვერაზე დაიდეს. ორი ხელოვანი ფიქრის გორაზე დასახლდა. მიხეილ ჭიაურელმა ორსართულიანი სახლი იმ ადგილზე ააშენა, სადაც პირველად აკოცა ვერიკოს.

მიუხედავად იმისა, რომ სიყვარული ორმხრივი იყო, შვილის ოჯახის დანგრევას მიხეილ ჭიაურელის მამა ედიშერი ვერ ეგუებოდა და დიდხანს ვერ აპატია ეს საქციელი. ამბობდა, ვერიკო თვალით არ დამენახოსო. ერთხელ მიხეილი და ვერიკო გერმანიაში გაემგზავრნენ, ქალი თბილისში ქმარზე ადრე დაბრუნდა და გადაწყვიტა, მეუღლის ოჯახში მისულიყო და ის საჩუქრები მიეტანა, რომლებიც რეჟისორმა ოჯახის წევრებისათვის შეიძინა. ქმრისგანაც ჰქონდა დასტური: წადი, როდესაც შენ დაგინახავს, მაპატიებს, გემოვნება აქვსო.

ვერიკომ ყველაზე სადა კაბა და უქუსლო ფეხსაცმელი ჩაიცვა, თმა გადაივარცხნა, თავშალი მოიხურა და მამამთილთან წავიდა. მოხუცი საფეხურზე იყო ჩამომჯდარი და კრიალოსანს ათამაშებდა.

თუ როგორი დიალოგი შედგა მათ შორის, თავად მიხეილ ჭიაურელი გვიამბობს. იხილეთ ვიდეო: