მორიგი ფინანსური თაღლითობა სოციალურ ქსელში – “ენერგო-პრო ჯორჯია” მოქალაქეებს აფრთხილებს
ქვეყნის რეგიონების ელექტროენერგიით მომმარაგებელი კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიას” სახელით სოციალურ ქსელებსა და ვიდეო პლატფორმებზე ყალბი სარეკლამო განცხადება კვლავ ვრცელდება. თაღლითური სქემის ავტორები კლასიკური ფინანსური პირამიდის მეშვეობით ცდილობენ თანხების მიზიდვას. კერძოდ, გავრცელებულ ვირუსულ ვიდეოში საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყნის სტუმრებს რუსულ ენაზე მოუწოდებენ თანხის ჩადებას გაურკვეველ ფინანსურ ოპერაციაში.
ენერგოკომპანია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ მსგავს თაღლითურ შემოთავაზებებს და არ დარეგისტრირდნენ მათ პლატფორმაზე.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიდეოს გამოჩენისთანავე, 11 იანვარს, “ენერგო-პრო ჯორჯიას” იურიდიულმა დეპარტამენტმა შეტყობინება გააგზავნა შსს-ს კიბერუსაფრთხოების ცხელ ხაზზე. ასევე, ოფიციალური წერილი გაიგზავნა შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში.
სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ კატეგორიულად აცხადებენ, რომ გავრცელებული განცხადება ყალბია და კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება.
ლელა დევდარიანი