საბურთალოს 20-მდე ქუჩას წყალმომარაგება ერთი დღით შეუწყდება
ხვალ, 27 იანვარს, თბილისის საბურთალოს რაიონის რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლებს წყლის მიწოდება შეუწყდებათ. მიზეზი, ისაკაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებია.
დილის 10:00 საათიდან 28 იანვრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაჟა-ფშაველას და პეკინის გამზირის ნაწილს, ტაშკენტის, შარტავას, ზოვრეთის და გაგარინის ქუჩების ნაწილს, ისაკაძის, ონიაშვილის, ლვოვის, კანდელაკის, ბუდაპეშტის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ოდესის, ვაზისუბნის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ჰეიდარ აბაშიძის, გამრეკელის და მიმდებარე ქუჩებს.
როგორც მედია სააგენტო “24”-ს დედაქალაქის სასმელი წყლით მომმარაგებელ კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” განუმარტეს, ისაკაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში ახლით შეიცვალა 900 მეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული ქსელი, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები დამონტაჟდა.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს 27 იანვარს დაიწყებენ და 24-საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. შედეგად ისაკაძისა და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს წყალმომარაგება და მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.