ნინოს ჯვარს მოჰყვა საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების დამკვიდრება – დღეს ნინოობა

წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოში წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს – გარდაცვალება.

წმინდა ნინოს ხსენება ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უდიდესი დღესასწაულია, სწორედ ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი გახდა ქართველთათვის ქრისტიანული რწმენის დამკვიდრების სიმბოლო.

ნინოს ჯვარს მოჰყვა ქრისტიანული სარწმუნოების დამკვიდრება და მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რამაც უდიდესი გარდატეხა შეიტანა ქართულ კულტურასა და სააზროვნო სივრცეში.

წმინდა ნინო დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის ახლო ნათესავი და კეთილმორწმუნე მშობლების მხოლოდშობილი ასული იყო. მამა ზაბულონი, რომის მხედართმთავარი და ფრანკთა განმანათლებელი გახლდათ. ხოლო დედა, სოსანა იერუსალიმის პატრიარქის, იობენალის და. ღვთის მცნებებით აღზრდილს, მამისაგან ბოროტებასა და განსაცდელებთან შეუპოვარი ბრძოლის ნიჭი, ხოლო დედისაგან მოკრძალება და თავმდაბლობა მიეღო მემკვიდრეობად.

12 წლისა იყო წმინდა ნინო, როდესაც მისი მშობლები იერუსალიმში წავიდნენ, ქონება კი გაყიდეს და გლახაკებს დაურიგეს. ორივემ მონაზვნობის მძიმე და ტკბილი უღელი იტვირთა, ხოლო 12 წლის ასული იერუსალიმის პატრიარქს მიანდეს, რომელმაც ბავშვი აღსაზრდელად სარა ნიაფორს მიაბარა.

სწორედ მისგან შეიტყო წმ. ნინომ მცხეთაში დამარხული კვართის შესახებ. გამოიკითხა და გაიგო, რომ ეს ქალაქი ქართლშია, ჩრდილოეთის ქვეყანაში. მას შემდეგ, გამუდმებით ევედრებოდა ყოვლადწმინდა ქალწულს, გაეხადა ამ ადგილის მოლოცვის ღირსი.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმაც შეისმინა მისი ვედრება, ძილში ეჩვენა და უთხრა: ჩრდილოეთის ქვეყანაში წადი და იქადაგე სახარება ჩემი ძისა. მე ვიქნები შენი შემწე და მფარველი. ქალწული ნინო შეძრწუნდა. მაშინ, ჩვენების ჭეშმარიტების დასტურად და ნუგეშად, დედაღვთისმშობელმა ხელში მისცა ჯვარი ვაზისა. ნინოს გამოეღვიძა და ნახა, რომ ჯვარი ხელში ეჭირა.

გახარებულმა ქალწულმა საკუთარი თმებით შეკრა ზეციური საჩუქარი, ბიძამისისაგან კურთხევა აიღო და გზას დაადგა. თავდაპირველად წმინდა რიფსიმესა და გაიანეს დაემგზავრა და, რადგანაც ისინი სომხები იყვნენ და სომხეთში მიდიოდნენ, ჯერ სომხეთში ჩავიდა. იქ იხილა თანამგზავრების მოწამებრივი აღსასრული და მარტო დაადგა ქართლისაკენ მომავალ გზას.

საქართველოში რომ შემოვიდა, ჯერ კიდევ თოვლიანი იყო ჯავახეთის მთათა მწვერვალები. ნანახმა გააოცა და შეაშფოთა. სულიერი სიმხნევე მაცხოვრის ხილვამ განუმტკიცა. მწყემსებს დაემგზავრა და ქართლისაკენ გამოეშურა.

გზამ მცხეთაში მოიყვანა მაშინ, როდესაც არმაზობას აღნიშნავდნენ ქართლელნი. წმინდა ნინო ცრემლებით ევედრებოდა ქრისტეს, ეჩვენებინა კერპთა უსუსურობა და არარაობა. მართლაც, მისი ლოცვისთანავე ამოვარდნილმა სეტყვამ და ქარიშხალმა შემუსრა კერპები.

მერე, ღვთისმშობლის მინიშნებით, მაყვლოვანში დაიდო ბინა და ამ მაყვლოვანში იცხოვრა 6 წელი, უფლის კვართზე ამოსული კვიპაროსის მახლობლად, მეფისეულ ბაღში. მიწაზე დაფენილ ძაძაზე იწვა და დაფლეთილი სამოსი ემოსა. უამრავი სასწაული აღასრულა, სნეულთა განკურნებით დაწყებული, სვეტიცხოვლის აღმართვით დასრულებული, რომლითაც ქართლის ეკლესიის შენებაც დასრულდა. უამრავ განკურნებულს შორის ქართლის დედოფალი, ნანაც, აღმოჩნდა. მერე მირიანმაც ირწმუნა და აღესრულა უდიდესი სასწაული წმინდა ნინოს ხელთაგან-მოექცა მთელი ქართლი და მტკვრისა და არაგვის შესართავთან მოინათლა მეფეცა და ერიც.

ქადაგებდა, ასწავლიდა, დედობრივი სიყვარულით ზრუნავდა ახალმოქცეულებზე. შემდეგ, ბოდბეში განაგრძო მოღვაწეობა, იქვე გარდაიცვალა და, ანდერძის თანახმად, იქვე დაკრძალეს.

წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოში წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს – გარდაცვალება.

ლელა დევდარიანი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი