“დედაბოძად შეექმნა ჩვენს ქვეყანას” – ქართული ეკლესია თამარ მეფის მიცვალების დღეს აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია თამარობას აღნიშნავს. 31 იანვარს კეთილმორწმუნე მეფის, თამარის მიცვალების დღე აღინიშნება, ის 810 წლის წინ, 1213 წელს გარდაიცვალა.

“თუ წელში გამართულა როდისმე ქვეყანა, ეს იმის მეფობის დროს გაიმართა. მზეს თუ როდისმე საქართველო გაუნათებია და გაუთბია, იმის დროს ყოფილა; სიტყვას თუ ძალა გამოუცემია, გულსა-სიმტკიცე, მკლავსა-სიმაგრე, ეგ დალოცვილი მეფის თამარის დედობის დროს მომხდარა! ის დედა იყო, ჩვენ შვილები… დედაკაცი იყო – კურთხეულ არს სახელი მისი! – და დედაბოძად კი შეექმნა ჩვენს ქვეყანას”, – წერდა ილია ჭავჭავაძე თამარ მეფეზე.

თამარი მისმა მამამ, გიორგი მესამემ სიცოცხლეშივე მეფედ გამოაცხადა. მაშინ იგი 12 წლის იყო და 5 წელი მამასთან ერთად წარმართავდა ქვეყნის საქმეებს. მისი მეფობის წლებში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო გახდა, რომელსაც ანგარიშს უწევდა ქრისტიანული დასავლეთიც და მაჰმადიანური აღმოსავლეთიც.

იგი იყო თავმდაბალი, გულმოწყალე, ტკბილად მოსაუბრე, თავისი ხალხისა და ქვეყნის პატრონი. უმდიდრესი ხელმწიფე იყო, მაგრამ თვითონ მოკრძალებული ცხოვრებით ცხოვრობდა.

თამარის გამეფების წელსვე სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით დაპირისპირება გაჩნდა. გაჩნდა სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროება, მაგრამ სიბრძნით სწორუპოვარმა თამარმა გონიერება გამოიჩინა და მოახერხა მოწინააღმდეგეს მის წინაშე მუხლი მოეყარა, სანაცვლოდ კი თვითონაც მოუწია დათმობებზე წასულიყო.

1185 წელს მეფემ რუს უფლისწულ იურიზე (ანუ გიორგი) იქორწინა. ქართველებმა მისი სარდლობით მრავალი ირანული ქალაქი აიღეს. მოგვიანებით, გიორგის შეუწყნარებელი ხასიათის გამო, თამარი იძულებული გახდა ქმარს გაჰყროდა.

1189 წელს მეფემ მეორედ იქორწინა ოსთა მეფის ძეზე, დავით სოსლანზე. თამარსა და დავითს ვაჟი შეეძინათ მას გიორგი-ლაშა უწოდეს. ვაჟის დაბადება დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა. დიდსულოვანმა მეფემ დიდძალი წყალობა გაიღო, მრავალი შესაწირით გაავსო ეკლესიები. ერთი წლის შემდეგ თამარსა და დავითს მეორე შვილი, რუსუდანი შეეძინათ.

ქართველებმა მრავალ ბრძოლაში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება, ისინი იბრძოდნენ ძველი ქართული მიწების შემომტკიცებისთვის. რამდენჯერმე მარცხიც იწვნიეს, მაგრამ XIII საუკუნეში მძლავრი ნაბიჯებით შემოდგეს ფეხი საერთაშორისო ასპარეზზე.

ქართველთა აღზევებას არ ურიგდებოდა მაჰმადიანური სამყარო და აქტიურად ემზადებოდა ქართველთა დასამხობად. მათ წერილიც გამოუგზავნეს ქართველებს, რომელიც ქრისტიანობაზე ხელის აღებასა და უომრად დანებებაზე მოუწოდებდა.

თამარმა და დავითმა ჯარი საომრად განაწყვეს. პირველსავე შეტაკებაზე შედრკნენ თურქები, მაგრამ ძლიერი ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. ფიცხელი ბრძოლის შემდეგ ქართველებმა ბასიანში მაინც შეძლეს მტერზე გამარჯვება. მათ დიდი ნადავლი მოიპოვეს და თურქთა დროშები თამარის ფეხებთან დაყარეს. ბასიანის ბრძოლის შემდეგ საზეიმო განწყობილება სუფევდა საქართველოში.

არ გასულა დიდი ხანი და გარდაიცვალა დავით სოსლანი. მგლოვიარე მეფემ თანამოსაყდრედ თავისი ძე, გიორგი-ლაშა დაისვა.

კიდევ რამდენჯერმე მოუხდათ ქართველებს მაჰმადიანებთან ბრძოლა. ძლიერების მწვერვალზე იყო საქართველო. კავკასიელთა ერთიანი სახელმწიფო უფრო გაშლილიყო. ჩრდილოეთით “ნიკოფსიითგან დარუბანდამდის” გადაჭიმული და სამხრეთით “სინოპიდან არდაველამდის”. მეფეთა მეფე იყო თამარი, ხოლო თამარის სახელმწიფო ძლიერი და ერთიანი. მრავალი უთანასწორო ბრძოლა დასრულდა თამარის დროშის გამარჯვებით. გავიდა საუკუნეები და მისი სახელი სალოცავი გახდა საქართველოსთვის.

“მზე იგი მზეთა” თამარი გახლდათ სამაგალითო ქრისტიანი, მან საეკლესიო საქმეებსაც მიხედა, რადგან ქრისტიანულ ეკლესიას ზნეობრივი რყევა შეამჩნია. აურაცხელი საბოძვარი გასცა ხალხისთვისაც. შენდებოდა ტაძრები, ციხესიმაგრეები, ხიდები. გაჩნდა “თამარის ციხე”, “თამარის ხიდი”, “თამარის ხატი”, “თამარის ეკლესია’’.

თამარის დროს აშენდა კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, ფიტარეთი, ქვაბთახევი, ბეთანია და სხვა არაერთი ეკლესია-მონასტერი. ღვთისმოშიში მეფის სახე სწორედ რამდენიმე ტაძრის ფრესკამ შემოინახა.

დღემდე თამარ მეფის ოთხი პორტრეტია შემორჩენილი. მათ შორის ერთ-ერთი ბეთანიის ტაძარს ამშვენებს. თამარის ფრესკა სამხრეთის შესასვლელიდან შესულ ადამიანს უდგება თვალწინ. მას ხელები საკურთხევლისკენ აქვს გაწვდილი. სამეფო ტანსაცმელი აცვია. მხატვარს მეფე ჩვეულებრივ ადამიანად ჰყავს წარმოდგენილი. ის მოკლებულია ღვთაებრიობას. თამარის სახე დიდებული და ამაღლებულია.

თამარ მეფის სახე შემოგვინახა ბერთუბნის ეკლესიამაც. ფრესკა დაზიანებულია, გადარჩენილი ნაწილები საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

XII-XIII საუკუნეების ქართული კულტურის, ვარძიის მშენებლობის ისტორიაში რამდენიმე პერიოდი გამოიყოფა. ერთ-ერთი ეტაპი თამარის მეფობის დასაწყისია. ვარძიის მშვენება ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია, სადაც ჩრდილოეთ კედელზე თამარ მეფე და გიორგი III არიან გამოსახულნი. თამარის ფრესკა ყინწვისშიყმაწვილ ქალს ეკლესიის მოდელი უპყრია ხელთ. თამარმა ბასიანის ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად ტაძარი უხვი წყალობით აღავსო.

ყინწვისის ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე თამარ მეფე ლაშა-გიორგისთან და გიორგი III-სთან ერთადაა გამოსახული. შენობა შეულესავთ და ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ გადარჩენილი ფრესკები მხატვრული ღირსებით შუა საუკუნეების მონუმენტური ფერწერის უმნიშვნელოვანესი ძეგლებია.

თამარის გარდაცვალების თარიღად მეცნიერები რამდენიმე წელს ასახელებენ. მძიმე სენით დაავადებული მეფის გარდაცვალება მთელმა საქართველომ იგლოვა. ქვეყანამ დაკარგა დედა და დედოფალი სრულიად სახელმწიფოსი. ეს იყო კლასიკური ხანა საქართველოს ისტორიაში.

თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია. ზოგიერთი ისტორიული წყარო თამარ მეფის საძვალედ გელათს ასახელებს, ზოგიც – იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.

ეს დღე განსაკუთრებული ზეიმით დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღინიშნება, რადგან გადმოცემით, თამარ მეფემ ჯვარი სწორედ ამ ეკლესიაში დაიწერა.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მეფე თამარს ასევე, აღდგომიდან მესამე კვირას, მენელსაცხებლე დედებთან ერთად მოიხსენიებს, რადგან ის თავისი ცხოვრებით ემსახურა უფალს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2013 წელი წმინდა თამარ მეფის წლად გამოაცხადა.

ლელა დევდარიანი

 


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი