როგორ დააწესა ღარიბი სტუდენტებისთვის ერეკლე მეფის სტიპენდია ილია ჭავჭავაძემ

ილია ჭავჭავაძემ ერეკლე მეფეს “საქართველოს რკინის კარი” უწოდა.

ილია ჭავჭავაძე

ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორის გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილეზე, საზოგადო მოღვაწემ, ერის მამამ – ილია ჭავჭავაძემ წამოაყენა იდეა, შექმნილიყო ერეკლე მეფის სახელობის ერთგვარი ფონდი, სადაც შემოწირული თანხა ხელმოკლე ოჯახის შვილების განათლებას მოხმარდებოდა.

ილია ჭავჭავაძემ ერეკლე მეფეს “საქართველოს რკინის კარი” უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად ქართული საზოგადოება იმაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებდა, რომ ერეკლე მეფის სახელით საგანმანათლებლო საქმე დააფინანსონ.

როგორც ილია წერს, სწავლა-განათლებისთვის გულდადებით და გულის-ტკივილით იღვწოდა აწ განსვენებული გვირგვინოსანი, როგორც კი ამისთვის დროს გამონახავდა.

“ხსენება ღვაწლით-მოსილ მამულიშვილსა, მეფეა, თუ უბრალო სიკვდილის შვილი, სესხი და ვალია შთამომავლობისა. საფლავი ქვეყნის მოღვაწე ვაჟკაცისა წმინდა სალოცავია მამულისათვის, თუ ერი ერობს და „სამარისკენ ფეხი არ გაუშვერია“.

საქმით რითიმე მართლა საუკუნოდ სახსენებელი უნდა გავიხადოთ სახელი მეფის ერეკლესი. სამადლო საქმე რამ უნდა შევქნათ და სახელი ერეკლესი დავარქვათ.

რა საქმეა იმისთანა, რომ მით საუკუნოდ ხსენებულ იყოს სახელი განსვენებულის მეფისა? ბევრ-გვარი გაჭირვება გვიძევს წინ და ძნელია კაცმა ერთი ისეთი ამოირჩიოს, რომ მეორე არ გაჰნანდეს, მეორესთვის გული არ ეტკინოს. სახსარი კი ცოტაა.

თ. ივ. სულ. ჭავჭავაძემ ერთი კარგი სარჩიელი დაუყენა თვალწინ ჩვენს თავად-აზნაურობას: არწრუნისსეულის ქარვასლის შემოსავლიდამ, რაც ხარჯს გადარჩება, ყოველ-წლივ გადაიდოს რამოდენიმე ნაწილი და ამ-გზით შეგროვდეს იმოდენა ფული, რომ მისის სარგებლით შემწეობა ეძლეოდეს ღარიბ მოსწავლეთა უმაღლეს სასწავლებელში. აზრი მშვენიერია, ადვილად ასასრულებელიც, მეტის-მეტად სასარგებლო და განსახორციელებლად დაუყონებლივ საჭირო. ამ ფულს დაერქმევა სახელი მეფის ერეკლესი. რა თქმა უნდა, არც უმისობა იქნება, რომ გარეშე კაცთაც ამ მართლა სამადლო საქმეს თავისს შეძლებისა-გვარად თავისი წვლილი არ მოაწოდონ, ოღონდ-კი თავად-აზნაურობამ სარჩიელი თ. ივ. სულ. ჭავჭავაძისა მიიღოს და საზოგადოებას გაზეთების შემწეობით ხმა მისცეს, რომ შემოსწირონ რამ, და იმედია, რომ ეს არ დარჩება ხმად მღაღადებლისად უდაბნოში.

თუ ეს საქმე შეასრულა ჩვენმა თავად-აზნაურობამ, ჟამთა-გაუთავებელი საუკუნოდ სახსენებელიც ეს იქნება მეფის ერეკლისა, რადგანაც თავნი ფულისა უსათუოდ ხელუხლებლად დადებული იქნება, მარტო სარგებელი წავა ღარიბთა მოსწავლეთა შესაწევრად, და ამ-სახით წყარო განუწყვეტლად ედინება ჟამთა დათავებამდე. აი, ჭეშმარიტად მადლიანი საქმე და ღირსი მისის დიდის სახელისა, ვისიც საუკუნოდ ხსენება ასე სანატრელია ჩვენთვის და ვისთვისაც საქართველოს შვილთა განათლება და სწავლა-ცოდნით შემოსვა დაუძინებელი სურვილი იყო.

ამ ნეტარებას ნუთუ დავიშურებთ იმ კაცის სახელისათვის, ვინც ორმოც-და-თორმეტი წელიწადი „რკინის კარი“ იყო საქართველოსი!..

ამისთანა სახსენებელი ანდერძს ეგვანება, იმ ანდერძს, რომელიც ისაქმებს ჟამთა დაუთავებლად ერეკლე მეფის სახელითა. ისაქმებს იმ დიდ-სათნოებიან საქმითა, რომელსაც სწავლა-განათლება ჰქვიან და რომლისთვისაც ისე გულდადებით და გულის-ტკივილით იღწვოდა აწ განსვენებული გვირგვინოსანი, რაც შეეძლო, როცა დრო და ჟამთა ვითარება ათასში ერთხელ ამისთვის მოაცლიდა. ეს ხელთუქმნელი მაგრამ დიდად საგრძნობელი სახსოვარი თავის-თავად იღაღადებს დღე-მუდამ, რომ სახელოვანი ერეკლე მისთანა კაცი ყოფილა, რომელსაც შთამომავლობისაგან სამართლიანად ეთქმის: „მოკვდა და თავისის ანდერძით აწ ისევ ჰსაქმობს მკვდარიო“.