თბილისური ეზოდან დაწყებული ერთი მსახიობის ისტორია – “თითოეული სპექტაკლი იმ წუთში იბადება და იქვე კვდება”
შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ თბილისში, ავლაბარში, სადაც ახლა პრეზიდენტის სასახლე დგას, მის ადგილას ძველად ავტოინსპექცია იყო, რომლის უკანა მხარეს დიდი ეზო ამშვენებდა. ამ ეზოში სამხედროები ოჯახებით ცხოვრობდნენ. ჩვენი რესპონდენტი, სამხედრო ინჟინრის შვილია, რომელიც სწორედ ამ ეზოში გაიზარდა. ეზოს ძველად, “რუსულ ეზოსაც” ეძახდნენ, იმიტომ, რომ მაშინ იქ, ძალიან ბევრი რუსი სამხედრო ცხოვრობდა.
დროსთან ერთად “რუსული ეზოს” მობინადრეები იცვლებოდნენ და ეს ადგილი მხოლოდ სამხედროების აღარ იყო, იქ სხვებიც დასახლდნენ. სოფოს ოჯახმა ეზოში ბინა მაშინ მიიღო, როცა ის ძალიან პატარა იყო, ამიტომ, მისი ცხოვრების განსაკუთრებული ისტორიებიც, სწორედ ამ ეზოს უკავშირდება.
ამ ტერიტორიის მიმართ ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის განსაკუთრებული ინტერესი თვალსაჩინო “ვარდების რევოლუციის” შემდგომ გახდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეზოს ტერიტორია პრეზიდენტის რეზიდენციისთვის აითვისა. ადგილობრივი მცხოვრებლები კი ქალაქის სხვადასხვა უბნებში გადასახლდნენ. იმ დროისთვის, ჩვენი სტატიის მთავარი გმირი – სოფო ლომჯარია, იქ აღარ ცხოვრობდა, რადგან დაოჯახდა და მეუღლესთან ერთად სხვაგან დასახლდა. თუმცა სოფოს ბავშვობის მოგონებები და ტკბილი ისტორიები იმ ეზოში დარჩა, რომელიც უკვე აღარ არსებობს.
ახალგაზრდა მსახიობთან ინტერვიუც ძველი თბილისური ეზოდან დავიწყეთ. სოფო ლომჯარიას ეზოში ყოფნა და თამაში ძალიან ჰყვარებია. თურმე, ამას დიდ დროსაც უთმობდა. როგორც თავად გვიყვება, ეზოს ბავშვები სხვადასხვა თამაშით ირთობდნენ თავს და ამ თამაშების სინთეზით ახალ თამაშებს ქმნიდნენ. ძველი თაობებისთვის კარგად ნაცნობ 7 ქვას, პარალელობანას, “ვისი სული გსურს”, რეზინობანას, დაჭერობანას, დახუჭობანასა და სხვა თამაშებს იხსენებს, რომლებმაც მისი ბავშვობის წლები გაალამაზა. ამბობს, რომ დროს არც შებინდებისას კარგავდნენ და უკვე სკამებზე ჩამომსხდრები ქალაქობანას, გაფუჭებული ტელეფონისა და “ნამიოკობანას” თამაშობდნენ.
სოფო ლომჯარია ბავშვობის გახსენებისას, სევდანარევი ხმით ამბობს, რომ ახლანდელი თაობისთვის უკვე რთულად გასაგებია იმ დროის სიტკბო და ბედნიერების განცდა, როდესაც შვილმა ჰკითხა, თუ როგორ ერთობოდნენ მაშინ, როცა ტელეფონებიც კი არ ჰქონდათ. სოფოს აზრით, რთულია აუხსნა ახლანდელ ბავშვებს, თუ როგორ შეიძლება უშუქობაში გატარებული დღეები განსაკუთრებულად ტკბილ და ბედნიერებით აღსავსე მოგონებად ქცეულიყო. ამ ყველაფერში კი, თბილისურ ეზოებს თავისი ხიბლი ჰქონდა, რომლის გარეშეც ადამიანებს იმ რთული და მძიმე 90-იანი წლების გადატანა ძალიან გაუჭირდებოდათ. თუმცა, მინუსები ყველაფერს აქვს.
,,ის საშინელება, რაც მაშინ ხდებოდა, ძალიან რთულად გადასატანი იქნებოდა. როდესაც უეცრად გაქრა პროდუქტი, დენი, გაზი და ადამიანებს, რომლებსაც არ ჰქონდათ სხვა საშუალება, არც უნარ-ჩვევები, როგორღაც, ასეთ პირობებში თავი გაეტანათ, ამ ადამიანებს, მხოლოდ ურთიერთთანადგომამ გადაატანინა ეს პერიოდი. ჩვენთანაც ასე იყო”, – ამბობს მსახიობი.
სოფო იმ საწყის დღეებსაც იხსენებს, როდესაც პირველად წავიდა დენი და არ იცოდნენ, როგორც მოქცეულიყვნენ, კერძი როგორ მოემზადებინათ. ერთადერთი გამოსავალი, ეზოში კოცონის დანთება იყო და მასზე, კარტოფილის შეწვა.
რთულ დროს მეზობლობაც სხვაგვარი იყო, ერთმანეთის დახმარების იმედი ყოველთვის ჰქონდათ. სოფო ამბობს, რომ ის რთული პერიოდი, ერთიანობამ უფრო გადაატანინათ. იხსენებს იმ ფაქტსაც, აფხაზეთიდან დევნილებისთვის როგორ აგროვებდნენ ყველანი ერთად, გარკვეულ ნივთებს, პლედებს ტანისამოსს და ყველაფერს, რაც გააჩნდათ.
იხსენებს ბევრ რამეს, რასაც მეზობლები ერთად აკეთებდნენ. ახლანდელი გადასახედიდან კი, ამბობს, რომ ის ურთიერთობა, ახლოსაც არ არის დღევანდელთან, რომ დღეს მეზობლებს არც კი იცნობს და მსგავსი რამ, იმ დროს წარმოუდგენლად მიაჩნდათ.
მსახიობის კარიერას რაც შეეხება, როგორც სოფო ამბობს, ყველაფერი თითქოს თავისთავად მოხდა. თეატრი მშობლებმა შეაყვარეს. ხშირად დაჰყავდათ სხვადასხვა სპექტაკლზე, როგორც პატარებისთვის, ისე დიდებისთვის განკუთვნილ დადგმებზე. ჯერ კიდევ მე-4 კლასის მოსწავლე ყოფილა, პიონერთა სასახლეში, თეატრალურ წრეზე შესასვლელად რომ წასულა. ერთადერთი თეატრი, რომელშიც ნამყოფი არ იყო, გრიბოედოვის სახელობის თეატრია, სადაც ამჟამად მუშაობს და მსახიობის გზას წარმატებით მიუყვება.
მსახიობის კარიერის არჩევისკენ კიდევ ერთმა ფაქტმა უბიძგა. უკვე ზრდასრულობის ასაკში, თუმანიშვილის თეატრს ესტუმრა, სადაც სპექტაკლს – ,,ჩვენი პატარა ქალაქი“ უყურა. ამან მომავალ მსახიობზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მისთვის ეს სპექტაკლი თბილი და ემოციური აღმოჩნდა. სიტუაცია და ატმოსფეროც მასთან, მის ემოციებთან მიახლოებული ყოფილა, ამ დროს, კიდევ ერთხელ უფიქრია, რომ მსახიობობა ძალიან უნდოდა.
სოფოს აზრით, მსახიობის პროფესია ბევრი რამის თანხვედრას მოითხოვს. ნიჭის გარდა, სხვა ადამიანებთან მუშაობის უნარიც უნდა გააჩნდეს, ურთიერთობაშიც მოქნილი და კომფორტული იყოს. სოფო ფიქრობს, რომ მსახიობის პროფესია სხვა ადამიანებზეც არის დამოკიდებული. სპექტაკლის შექმნის თანამონაწილე უამრავი ადამიანია, რომლებთან ურთიერთობაც უნდა შეგეძლოს. მისი თქმით, ეს გარკვეულწილად სირთულეა, რაც მსახიობის პროფესიას, თან ახლავს.
“ფანტაზიის უნარი, ის აუცილებელი თვისებაა, რომელიც მსახიობს უნდა გააჩნდეს. ფანტაზიის უნარი, გეხმარება პერსონაჟის შექმნაში. პერსონაჟი კი, მსახიობმა ისე უნდა შექმნას, როგორც მწერალი ქმნის თავის ლიტერატურულ გმირს. მგრძნობიარე, ემპათიის უნარი უნდა ჰქონდეს, ფანტაზია, ერუდიცია და მოქნილი გონება. ბევრი უნარი უნდა გააჩნდეს, თუმცა, ესენი უმთავრესია”, – აღნიშნა მსახიობმა.
ბავშვობაში, საჯარო ბიბლიოთეკაში მუშაობის სურვილიც ჰქონია, ძალიან ხიბლავდა ბიბლიოთეკის მყუდრო გარემო. წარმოიდგენდა, თუ როგორი სიჩუმეა ბიბლიოთეკაში, რომ შეიძლება სხვადასხვა წიგნის აღება და მშვიდად წაკითხვა. არქეოლოგიაც მოსწონდა, ბავშვობიდან ბალერინობაზეც ოცნებობდა, მაგრამ ბალეტის წრეზე, არავინ შემიყვანაო, – ამბობს.
,,როდესაც ამას უყურებ პარტერიდან, ძალიან მისტიკური და ჰაეროვანია, რაღაცნაირი, არამატერიალური ჩემთვის. ამიტომ რაღაც სენტიმენტები მაქვს. თუმცა, საბოლოოდ, მაინც არ ვიცი ვინ ვიქნებოდი, რომ არა მსახიობი”, – ამბობს სოფო ლომჯარია.
მისი “სამსახიობო დებიუტი” ფოთში შედგა. როდესაც ზღვაზე იყო დასასვენებლად, ბავშვობის მეგობრებთან ერთად, თეატრალურ წარმოდგენებს დგამდა, რომელიც, ძირითადად, ზღაპრები იყო. აფიშასა და ბილეთებსაც დიდი რუდუნებით ხატავდნენ და შემდეგ, მათ ნამუშევარს მთელი ეზო უყურებდა.
სოფო ლომჯარიას პროფესიული დებიუტი კი, თეატრალურ უნივერსიტეტში, პირველი საკურსო სპექტაკლი ყოფილა, რომელსაც ,,უსახელო ვარსკვლავი“ ერქვა. რეჟისორი დავით კობახიძე გახლდათ. სპექტაკლში სოფო მთავარი პერსონაჟის – ,,მონას“ როლს თამაშობდა. მსახიობს, ეს პროცესი ძალიან ემოციურად და თბილად ახსენდება.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სოფომ მნიშვნელოვანი შეთავაზება მიიღო ზესტაფონის თეატრიდან. 3 წლის განმავლობაში ზესტაფონში ცხოვრობდა. სპექტაკლ ,,წვიმის გამყიდველში“, ლიზის როლს თამაშობდა.
,,ძალიან თბილი და კარგი ემოციები მაქვს ამ ქალაქთან, თეატრთან, მთელ დასთან, რეჟისორ მამუკა ცერცვაძესთან დაკავშირებით. ეს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პერიოდი იყო”, – ასე იხსენებს სოფო ზესტაფონში გატარებულ დღეებს.
ზესტაფონიდან ჩამოსვლის შემდეგ, სოფო გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილს შეხვდა, რომელიც იმ დროს, რუსულენოვან მსახიობს ეძებდა. “რუსულ ეზოში” რუსულენოვან ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება უკვე პროფესიაშიც გამოადგა. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, სპექტაკლში რუსულ ენაზე თამაში თავდაპირველად მისთვის მაინც სირთულეს წარმოადგენდა, თუმცა, რადგან დასმაც თბილად მიიღო, გაცილებით გაუმარტივდა.
გრიბოედოვის თეატრში სოფოს პირველი სპექტაკლი ავთანდილ ვარსიმაშვილის ,,ხანუმა“ გახლდათ, სადაც სონას პერსონაჟი განასახიერა. ამ სპექტაკლში ნიკო გომელაურისა და სხვა ბევრი უნიჭიერესი მსახიობის გვერდით თამაშობდა.
,,თეატრში ყოფნა ჩემთვის ისეთი შეგრძნებაა, რომ ეს არის ცოცხალი ხელოვნება. იქ ხდება რაღაც ჯადოსნობა, რომელიც სპექტაკლის დამთავრებისთანავე მთავრდება. სპექტაკლს ვერასდროს აღიქვამ სრული სისავსით, იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად შეიძლება შეიგრძნო. ჩემთვის თითოეული სპექტაკლი, იმ წუთას იბადება და იქვე კვდება”, – იდუმალებით გაჟღენთილი ხმით წარმოთქვა მსახიობმა.
როგორც გვიყვება, სცენაზე გასვლისას, ყველანაირი შემაწუხებელი შეგრძნება უქრება, თუმცა, ამის მთელი სიზუსტით გადმოცემა, მისთვის ისეთივე რთულია, როგორც თეატრის მნიშვნელობაზე ზუსტი განსაზღვრების მოძებნა.
მსახიობს ერთი გამორჩეული პერსონაჟი, რომლის თამაშიც უნდა, არ ჰყავს. ზოგადად, მრავალფეროვნება უყვარს და რაც უფრო მეტ სხვადასხვა პერსონაჟს მოირგებს, მისთვის უფრო სასიამოვნოა. ერთ პიესაში, შესაძლოა მთავარი გმირი მოსწონდეს, მეორეში – მეორეხარისხოვანი, ან სულაც ეპიზოდური.
განსაკუთრებულად საყვარელი რეჟისორიც არ ჰყავს. რადგან ბევრია ისეთი, რომელთან მუშაობაც სურს ან სურდა. მისი თქმით, სიამოვნებით იმუშავებდა განსხვავებულ რეჟისორთან და განსხვავებულ პერსონაჟსაც შექმნიდა.
როდესაც სოფოს უსმენ, ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ჰაერში მონარნარე ანგელოზს ესაუბრები. მისი ფიქრებიც ისეთი სუფთა და სიკეთითაა გაჟღენთილი… რთულია ადამიანის ერთი საუბრით შეცნობა, თუმცა, მარტივია იქ და იმ წამს გარკვეული შთაბეჭდილების შექმნა მასზე. სოფოც სწორედ ამ იდეით ცხოვრების გაგრძელებასა და კონკრეტული წუთებით ტკბობას აპირებს.
,,უბრალოდ უნდა აკეთო მაქსიმალურად ის, რაც იმ წუთში შეგიძლია, პესიმისტები არ უნდა ვიყოთ. არ უნდა იფიქრო, რატომ და რისთვის ხდება რაღაცები. დაზუსტებით არავინ იცის ის, რაც ჩვენს გარშემო ხდება. რატომ და რისთვის იშლებიან ყვავილები და რატომ და რისთვის ჩნდებიან სხვადასხვა არსებები და შემდეგ, ქრებიან. ნაყოფისთვის კი არ უნდა ვაკეთოთ რაღაც, იმ წუთებით ტკბობა უნდა ვისწავლოთ. ოდესღაც შედეგებს ნახავთ, უბრალოდ, ამ შედეგებზე წინასწარ არ უნდა ფიქრობდეთ. მე ასე ვცხოვრობ”, – ამბობს სოფო.
მისი დიდი სურვილია – განსხვავებული აზრის გამო, ადამიანებს შორის სიძულვილი არ ჩნდებოდეს. ფიქრობს, რომ ისეთი რთული დროა, ძალიან მარტივია ვიღაც გძულდეს და ვიღაცას უცებ გადაუსვა ხაზი. ეს კი, ძალიან არ მოსწონს. სურს, რომ ამ ქვეყნად, მეტი სიკეთე, მიმტევებლობისა და ერთმანეთის გაგების უნარი არსებობდეს. ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძოს და სიტყვა ,,ომი“, ყველასთვის აბსურდულად ჟღერდეს.
და მაინც… პროფესიის განურჩევლად, ცხოვრებაში შემდგარი რომ იყო, პირველ რიგში, ადამიანობა უნდა გაგაჩნდეს. ადამიანობა, რომელიც დღეს ასე ძვირფასია.
სალომე ხომასურიძე