თბილისში ტაქსების რეფორმის III ეტაპი დაიწყო – ცვლილებები A და B კატეგორიის ნებართვებში
რეფორმა არ ითვალისწინებს ავტომობილებზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას, ასევე, არ ითვალისწინებს ტაქსებისთვის რაიმე გადასახადის დაწესებას.
თბილისის მერიის ინიციატივით დედაქალაქში ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება, რომელიც ერთწლიანი A კატეგორიის ნებართვების უვადო ნებართვებად გადაქცევას ითვალისწინებს. ასევე: A კატეგორიის ნებართვების ბაზრის შექმნას, A კატეგორიის ნებართვების ყიდვა/გაყიდვის, იჯარით გაცემის და უფლებრივად დატვირთვის შემოღებას, A კატეგორიის ნებართვის ფასიან აქტივად გადაქცევას, A კატეგორიის ნებართვების ბაზარზე იურიდიული პირების დაშვებას.
როგორც მედია სააგენტო “24” თბილისის მერიაში განუმარტეს, 2023 წლის 20 მარტიდან შეწყდება არსებული სისტემით A კატეგორიის ნებართვების გაცემა. 2023 წლის 1 აპრილს კი მუნიციპალიტეტი ერთჯერადად გასცემს ახალი სისტემით (რეფორმის მესამე ეტაპით) გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს.
მუნიციპალიტეტი 2023 წლის 1 აპრილს, ახალი სისტემით (რეფორმის მესამე ეტაპით) გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს, გადასცემს ყველა ფიზიკურ პირს, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე, ნებისმიერ პერიოდში, ერთხელ მაინც ფლობდა ან აიღებს A კატეგორიის ნებართვას (ერთ ფიზიკურ პირს – ერთი ნებართვა).
2023 წლის 1 აპრილიდან A კატეგორიის ნებართვა მიიღება მხოლოდ შეძენის ან იჯარის უფლებით მიღების გზით იმ პირისგან, რომელიც საკუთრებაში ფლობს A კატეგორიის ნებართვას. A კატეგორიის ნებართვის შეძენა, გასხვისება, იჯარით გაცემა და მიღება, ან უფლებრივად დატვირთვა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
2023 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება სრულიად ახალი, თანამედროვე, გამართული ელექტრონული სისტემა taxi.tbilisi.gov.ge სისტემის მეშვეობით ნებართვის მფლობელი შეძლებს მართოს პირადი პროფილი, A და B კატეგორიის ნებართვები, დაკავშირებული მძღოლები და ავტომობილები. სისტემის მეშვეობით შესაძლებელი იქნება A კატეგორიის ნებართვების ყიდვა/გაყიდვა და იჯარის ფორმით გაცემა.
A კატეგორიის ნებართვის აქტივაცია: 2023 წლის 1 აპრილიდან გაცემული ახალი A კატეგორიის ნებართვა საჭიროებს მიმღების მიერ აქტივაციას. აქტივაციის ვადა განსაზღვრულია 2023 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 1 აპრილამდე.
A კატეგორიის ნებართვა, რომელიც არ გააქტიურდება დადგენილ ვადაში, ავტომატურად გაუქმდება აღნიშნული ვადის გასვლისთანავე. A კატეგორიის ნებართვის საფასური უცვლელია და დაანგარიშდება დღიურად.
ფიზიკურ პირებს, ვისაც არასოდეს აუღიათ A კატეგორიის ნებართვა და ახორციელებენ ან სურვილი აქვთ განახორციელონ A კატეგორიის ბაზარზე ტაქსის მომსახურება, ახალი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა გადაეცემათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2023 წლის 20 მარტამდე აიღებენ დღეს არსებული სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვას.
2023 წლის 20 მარტამდე გაცემული A კატეგორიის ნებართვა ინარჩუნებს ძალას შესაბამისი ვადით. B კატეგორიის ნებართვები და მასთან დაკავშირებული წესები, უცვლელია.
მერიის ინფორმაციით, რეფორმა არ ითვალისწინებს ავტომობილებზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას, ასევე, არ ითვალისწინებს ტაქსებისთვის რაიმე გადასახადის დაწესებას.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ტაქსების რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველი ეტაპი 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა და გაიცა 21 000 უკატეგორიო ტაქსის ნებართვა.
2019 წელს განხორციელდა ტაქსების რეფორმის II ეტაპი. 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა რეგულაცია მარჯვენასაჭიანი და განსხვავებული ფერის მანქანების შეზღუდვაზე. ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად – A და B. A კატეგორიის ტაქსებზე განისაზღვრა ერთიანი სტანდარტი – თეთრი ფერი და მანათობელი ნიშნები, წარწერით „TAXI თბილისი“. აღნიშნული რეფორმის შედეგად, გაიცა შემდეგი ნებართვები: A კატეგორია – 19 348 ტაქსი, B კატეგორია – 7 798 ტაქსი.
ლელა დევდარიანი