“სააკაშვილი დუმილის სანაცვლოდ, დიდი ფულის შოვნას შეეცდება” – ევროპარლამენტარები ღელავენ
პატიმარი ექსპრეზიდენტის ირგვლივ ხმაური და დაპირისპირება არ წყდება. სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მსჯავრდადებულის მიმართ არასათანადო მკურნალობასა და ქვეყნიდან მისი გაყვანის აუცილებლობაზე საუბრობენ და თან, ე.წ. მაგნიტსკის სიას ადგენენ, სამომავლოდ „დასასჯელი“ რომ არავინ გამორჩეთ. კლინიკა „ვივამედის“ მედპერსონალი კი, იმ წნეხსა და გაუსაძლის სამუშაო პირობებზე საუბრობს, რომელშიც თვეებია, რაც მუშაობს უწევთ.
აღსანიშნავია, რომ დღიდან მიხეილ სააკაშვილის „ვივამედში“ „გადაყვანისა“, ჩნდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მედპერსონალი საშინელი სტრესის ქვეშ მუშაობს; რომ ექთნებს და ექიმებს დელზე დალურჯებები აღენიშნებათ; რომ მათ სააკაშვილი რაღაც ნივთებს ესვრის და ემუქრება და ა.შ. ექთნების ნაწილმა სამსახური დატოვა. ერთ-ერთმა ექთანმა, რომელიც სააკაშვილთან ერთად, გავრცელებულ კადრებშიც ჩანდა, ჟურნალისტს კომენტარი მისცა და სამსახურიდან წასვლის მიზეზად, სწორედ სტრესული მდგომარეობა დაასახელა, პლუს მუქარა ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეყვანაზე.
აღსანიშნავია, რომ ამ მძიმე სამუშაო პირობებზე ტელეეთერით კლინიკის ხელმძღვანელმაც არაერთხელ ისაუბრა. ამის მიუხედავად, ფაქტია, ვითარება არ შეცვლილა.
„კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხის და მუქარის ქვეშ. კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან“, – განაცხადა ჟურნალისტებთან “ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ინფორმაციით შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან.
კლინიკის დირექტორის თქმით, ყველა მუქარას შესაბამისი პასუხი გაეცემა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლინიკა ღიად ითხოვს საგამოძიებო ორგანოების ჩართვას და კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობას.
„განსაკუთრებით ბოლო პერიოდია, რაც კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხისა და მუქარის ქვეშ. კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან. პერსონალი წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ მუშაობს. უკვე გადავიდნენ ოჯახის წევრებზე, მუქარაზე. დასახელდება ყველა ეს ადამიანი. მემუქრებიან მეც და მათ შორის, ჩემი ოჯახის წევრებსაც სატელეფონო და სოციალური ქსელის საშუალებით. ყველა მუქარას შესაბამისი პასუხი გაეცემა. ეს ადამიანები დასახელდებიან“, – აღნიშნა ზურაბ ჩხეიძემ.
აღსანიშნავია, რომ ჩხეიძის განცხადების პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის შესახებ. ეს ინფორმაცია ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გაავრცელა. მისი თქმით, მას სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა დაურეკა და უთხრა, რომ მის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას აპირებენ.
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, კლინიკის ხელმძღვანელობამ უარყო. ექიმების განმარტებით, სააკაშვილი არ არის რეანიმაციაში გადაყვანილი.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2 თებერვალს ევროპარლამენტარებმა დებატებზე განიხილეს. მათ შეშფოთება გამოხატეს სააკაშვილის მდგომარეობის გამო და საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს. ევროპარლამენტში გამართულ დებატებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, ევროპარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც წარმოდგენილი არიან სხვადასხვა პარტიის დეპუტატები და ბუნებრივია, თითოეულ მათგანს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე და მათ შესაძლოა ეს მოსაზრებები გაუცვალონ ერთმანეთს.
“ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო ევროპარლამენტის პოზიცია, იმიტომ, რომ მაყურებელმა დარბაზიც იხილა, ეს არ იყო მთელი ევროპარლამენტი, არამედ წარმოდგენილი იყო მხოლოდ გარკვეული მცირე ნაწილი, რომელიც გამოხატავდა საკუთარ მოსაზრებებს”, – განაცხადა რატი ბგერაძემ.
იგი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებულ უცხოელ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, დაიცვან მნიშვნელოვანი სტანდარტი, საკუთარი განცხადებები გაამყარონ მტკიცებულებებით.
მსჯავრდადებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კვების რეჟიმზე სასამართლოს ინფორმაცია დღეს, კლინიკა “ვივამედის” გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ მიაწოდა. იგი ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხეს. დაკითხვისას ნადირაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილის კლინიკურ-ლაბორატორიული, სუბიექტური და ობიექტური მონაცემები საშუალებას იძლევა, რომ მისი მკურნალობა თერაპიულ პალატაში გაგრძელდეს.
მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ სააკაშვილს ჭამა არ შეუძლია, მაგრამ, მისი ფსიქო-ემოციური ფონი საკმაოდ დამძიმებულია. მან იცის, რომ კარგად ყოფნით გარეთ ვერ მოხვდება და შესაბამისად, ის არც საკუთარ თავს და არც ექიმებს ხელს არ უწყობს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
“მას კახექსია კვების გამო აქვს. დაგვთანხმდეს კვებაზე, კვებითი დანამატების მიღებაზე, შესაბამის მკურნალობაზე და დაინახავთ, როგორ იქნება. სხვათა შორის, დღეს 300 გრამი გვაქვს ნამატი და მთელ კლინიკას გვიხარია”, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.
რაც შეეხება ექსპრეზიდენტის დიაგნოზს და მკურნალობას, სააკაშვილის დედის ბოლო კომენტარით თუ ვიმსჯელებთ, მან შეიძლება საქართველოშიც გააგრძელოს მკურნალობა.
„ჩვენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლას არ ვითხოვთ, სასჯელის გადავადება გვინდა“, – ასე უპასუხა ჟურნალისტს გიული ალასანიამ.
ეს კი სწორედ იმ დღეს მოხდა, როცა სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს.
რაც შეეხება დიაგნოზს და ექსპერტიზებს, საქმეში სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ჩაიდო, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა წარმოადგინა პროცესზე. დიაგნოზი – დემენცია კი, თავად მიხეილ სააკაშვილმა გამორიცხა თავისივე ინტერვიუთი, რომელიც გერმანულ „შპიგელში“ დაიბეჭდა.
დემენციას გამორიცხავს და ექსპერტების პასუხისმგებლობის საკითხს სკეპტიკურად უყურებს „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
„სად აქვს დემენცია? რომელიმე დიაგნოზში წერია? ეგ არის ნათქვამი იმისთვის, რომ პიარი შექმნამ, თორემ მსგავსი დასკვნა, არსად დევს“, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩნდება ვერსია, რომ მსგავსი ჩანაწერის ექსპერტიზის დასკვნაში არარსებობით, ხდება სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის, გარკვეული მოფრთხილება და სამომავლოდ მისი ინტერესების გატარება. ამ ვერსიას ნანა კაკაბაძე არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დღეს, სააკაშვილის რეიტინგი განულებულია.
„ექსპერტიზის დასკვნა საერთოდ არ არსებობს, რომ მას რაიმე მნიშვნელოვანი, საგანგაშო დაავადება ჭირს. რაღაც წვრილ-წვრილი დაავადებები ნამდვილად აქვს, ისევე როგორც ყველა ადამიანს. მნიშვნელოვან დაავადებაში, ვგულისხმობ, განუკურნებელ დაავადებას, რომლის გამოც პატიმარი გათავისუფლებას ექვემდებარება. მსგავსი მას არაფერი ჭირს. შესაბამისად, არც დასკვნა დევს საქმეში, რომ სააკაშვილს რაიმე უკურნებელი დაავადება აქვს. ყველაფერი არის მხოლოდ პიარისთვის, საზოგადოებრივი აზრის შექმნისთვის და ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის. რეალობაში მას დემენცია არ აქვს. კაცი განცხადებას-განცხადებაზე წერს. დემენციის დროს წერა კი არა, ენა ავიწყდებათ, ვერ მეტყველებენ“, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.
მისი თქმით, სააკაშვილი იბრძვის თავისუფლებისთვის და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ითხოვენ დასავლელი პოლიტიკოსები ასე აქტიურად მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გაშვებას, თუ არ არსებობს მყარი დასკვნა, რომ მისი მკურნალობა საქართველოში უშედეგო იქნება, ყოფილი პოლიტპატიმარი ნანა კაკაბაძე ფიქრობს, რომ კლინიკა „ვივამედის“ პაციენტი, ბრალდებული პრეზიდენტი „ოქროს მოწმეა“ იმ საქმეში, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი გაჩხრიკეს.
„მიხეილ სააკაშვილი დიდი ინფორმაციის მატარებელია. არ გამოვრიცხავ, ბაიდენთან რომ ჩხრეკა ჩატარდა, ამაზეც ჰქონდეს მას ინფორმაციები. სააკაშვილის გამოყვანა და გამოგლეჯა უნდათ იმათი ხელიდან, ვისთანაც შეიძლება ეგ ინფორმაციები გასკდეს და გამჟღავნდეს. მგონია, რომ სააკაშვილი ერთ-ერთი „ოქროს მოწმეა“ იმ საქმეებისა, რომელზეც ბაიდენი გაჩხრიკეს“, – ამბობს ნანა კაკაბაძე.
მისი აზრით, ციხეში დარჩენის შემთხვევაში, სააკაშვილი შესაძლოა ალაპარაკდეს, სწორედ ამით არის განპირობებული ევროპარლამენტარების მონდომებაც.
„აბა, რატომ იჭრიან ვენებს ევროპარლამენტის წევრები და სხვები? სულელურ განცხადებებს აკეთებენ – პოლიტპატიმარია, ნაწამებია. ძალიან კარგად იციან, რომ ასე არ არის. ვფიქრობ, მათ ალაპარაკებს ამერიკული მხარე. ამის დამტკიცებას ვერ შევძლებ, მაგრამ, თვითონ დრო გვაჩვენებს. ვიმეორებ, მგონია, რომ სააკაშვილი არის „ოქროს მოწმე“ იმ საქმეში, რომელზეც ბაიდენი გაიჩხრიკა, რასაც მოსდევს კლინტონის საქმეები და ა.შ. ამიტომ მიდის ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე. უნდათ, საქართველოს ხელისუფლება ჩააყენონ ისეთ მდგომარეობაში – თუ სააკაშვილს არ გაუშვებ, იზოლირებული იქნები და მსოფლიო აზრს შევქმნით შენ წინააღმდეგ. ცდილობენ, ასე იმოქმედონ საქართველოს ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხიდან გამოუშვან. ეს კეთდება სააკაშვილის დუმილის სანაცვლოდ“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ მედია სააგენტო „24“-თან საუბარში.
ყოფილი პოლიტპატიმარი ე.წ. მაგნიტსკის სიას თითიდან გამოწოვილს უწოდებს. მისი აზრით, შიდადაპირისპირების და პარტიის დაშლის პირას მყოფ ნაციონალებს, იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ ამ სიით რამეს მიაღწევენ.
“სააკაშვილი დუმილის სანაცვლოდ, დიდი ფულის შოვნას შეეცდება და თან იმაზე ბევრად მეტის, ვიდრე დღეს კეზერაშვილს აქვს. თუ თავისუფლებაში იქნება მიშა სააკაშვილი, მისი გაჩუმებისთვის დიდ ფულს გადაიხდიან“, – ამბობს ნანა კაკაბაძე.
გიორგი გლოველი