მსოფლიოში პირველი მუსლიმი ქალი დეპუტატი საქართველოს ჰყავდა
1921 წელს, წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის შედეგად, ეროვნული კრების წევრების, მათ შორის, ფარიხან სოფიევას ქონება დააყადაღეს. საბჭოთა რეპრესიების დროს კი მისი 8 ძმიდან 5 დახვრიტეს.
138 წლის წინ, მსოფლიოში პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალი ფარიხან სოფიევა დაიბადა. ყარაჯალარიდან თბილისის მაზრის ერობის წევრმა, ფარიხან სოფიევამ 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, რის შედეგადაც ის მსოფლიოში პირველი აზერბაიჯანელი ქალი დეპუტატი გახდა. მან საპარლამენტო არჩევნებში, თავის მშობლიურ რაიონში, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის კანდიდატი დაამარცხა და ეროვნული კრების დამოუკიდებელი წევრი გახდა.
დღეს ფარიხან სოფიევას შესახებ მხოლოდ ერთი ფოტო და არც თუ ისე ბევრი ინფორმაცია მოგვეპოვება. ცნობილია, რომ ის 9-შვილიან ოჯახში ერთადერთი ქალი იყო. დეპუტატობის დროს მან თავისი რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის არაერთი კეთილი საქმე გააკეთა. მათ შორის ბანკში აღებული სესხით ობოლ ბავშვთა სახლი გახსნა, მშობლიურ სოფელში რკინიგზის სადგურის აშენების ინიციატივა წამოაყენა.
1921 წელს, წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის შედეგად, ეროვნული კრების წევრების, მათ შორის, ფარიხან სოფიევას ქონება დააყადაღეს. საბჭოთა რეპრესიების დროს კი მისი 8 ძმიდან 5 დახვრიტეს.
ფარიხან სოფიევა 1953 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა, როდესაც თავისი ძმის შვილის დაკავების შესახებ შეიტყო.
პარადოქსია, თუმცა, 105 წლის წინ, მსოფლიოში, დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული, პირველი აზერბაიჯანელი დეპუტატი ქალის სახელი დღეს, საქართველოს პარლამენტის არცერთ ოთახს არ აქვს მინიჭებული. ამ მოთხოვნით საქართველოს პარლამენტს უფლებადამცველმა სამირა ბაირამოვამ მიმართა. როგორც მან ,,მედია სააგენტო“ 24-ს განუცხადა, ქალთა როლისა და ეთნიკური უმცირესობების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფარიხან სოფიევას სახელი პარლამენტის ერთ ოთახს მიენიჭოს:
,,მე როგორც სამოქალაქო აქტივისტმა და უფლებადამცველმა პარლამენტს მივმართე, რომ ამ ფარიხანის სახელზე ერთი ოთახი იყოს. ჩვენმა აზერბაიჯანელმა ქალებმა უნდა იგრძნონ, რომ მათი ადგილი დღეს, პოლიტიკაში გამოიძებნება და უნდა იცოდნენ, რომ მათი წინაპრებიც აქტიურად იყვნენ ჩართული პოლიტიკაში“.
მისი თქმით, სამწუხაროდ, თემთან შეხვედრის დროს, ქალები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკა არ არის ქალის საქმე და ის უფრო მეტად კაცის საქმეა. მათ ინფორმაცია არ აქვთ არც ფარიხან სოფიევას შესახებ.
სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ ეთნიკური უმცირესობები საქართველოს ისტორიის ნაწილია და ამიტომ ეს ისტორია, თუნდაც ფარიხან სოფიევას შესახებ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს.
,,საკანონმდებლო ორგანოში, ფარიხანუმის სახელის ერთი ოთახისთვის დარქმევა, ბევრი ეთნიკური უმცირესობების ქალისთვის მოტივაცია იქნება, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა სამირა ბაირამოვამ ,,24“-თან.
ფარიხან სოფიევას როლსა და მნიშვნელობას, როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის, ,,სოლიდარობის მუზეუმის“ ხელმძღვანელი და თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ელნურ ალისოი იკვლევს. მან ფარიხან სოფიევას შესახებ ზეპირი ისტორიები შეაგროვა, წიგნად გამოსცა და დოკუმენტური ფილმიც გადაიღო.
,,მედია სააგენტო 24“ ფარიხან სოფიევას ღვაწლისა და მის შესახებ დაგეგმილი წიგნისა და ფილმის პრეზენტაციის შესახებ, ელნურ ალისოის ესაუბრა.
ელნურ ალისოი ამბობს, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში, აზერბაიჯანული თემი აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. აზერბაიჯანული თემი წარმოდგენილი იყო დამფუძნებელთა კრებაში ერობების ანუ ადგილობრივი ხელისუფლებების სახით. ამ პროცესში კი, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამორჩეული სწორედ ფარიხან სოფიევას საქმიანობა და ფენომენი იყო.
ელნურ ალისოიმ ფარიხანუმის შესახებ ,,ტასოს ფონდის“ დაფინანსებით კვლევა ჩაატარა, რაც მოიცავდა მსოფლიოში, დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი ქალის ისტორიის, საქმიანობის შესწავლას. კვლევის ერთი მიმართულება მოიცავდა ისტორიული დისკურსს, კერძოდ, არქივებში არსებული მასალების, ხელმოწერების, ფარიხანუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლას, მეორე მიმართულება ზეპირი ისტორიების მოგროვება იყო. კვლევის ფარგლებში 5 უხუცესი, მათ შორის 4 ქალბატონი და 1 მამაკაცი გამოიკითხა. ისინი როდესაც ბავშვები იყვნენ, უკვე ხანშიშესულ ფარიხანუმს უვლიდნენ და მასთან ერთად ცხოვრობდნენ.
ფარიხან სოფიევას ოჯახის ისტორია, ბიოგრაფია და ზეპირი ისტორიები თებერვალში, წიგნის სახით გამოიცემა. ამასთან კვლევის ფარგლებში მოკლე, მხატვრული დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს, რომელიც ზეპირ ისტორიებს ეფუძნება. მთავარი გმირი ფარიხანუმის ძმის შვილთაშვილია. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ფარიხან სოფიევას ძმის შვილთაშვილი პირველად შეიტყობს ფარიხანუმის სიდიადის შესახებ, შემდეგ კი მის მიერ გავლილ ცხოვრებას სხვადასხვა მეცნიერებთან, ექსპერტებთან დაეძებს. იგი ზუსტად იმ გზას გადის, რაც ფარიხანუმმა გაიარა.
კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ ფარიხან სოფიევა ხელს უწყობდა ადგილობრივ დონეზე ეთნიკური, რელიგიური და სხვა მოწყვლადი ჯგუფების, ქალების გაძლიერებას. ალისოი ამბობს, რომ ფარიხანუმმა მაშინდელი სტერეოტიპები დაანგრია, იმიტომ რომ ის იყო სოფლიდან და არა ქალაქიდან, იყო მუსლიმი, იყო ქალი და სხვა ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდა.
,,მან დაამსხვრია ყველა სტერეოტიპი და გახდა ლიდერი, რომელსაც მხარს მთელი თემი უჭერდა. მისი ბრძოლა იყო თანასწორობისთვის, განვითარებისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის. ფარიხანუმი არის ნამდვილად ძალიან სამაგალითო, ძალიან გამორჩეული ადამიანი ისტორიაში არა მხოლოდ ეთნიკური ჯგუფებისთვის, არამედ მთელი სახელმწიფოს ისტორიისთვის. ეს არის მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი ადამიანი, ვინაიდან ის პირველი მუსლიმი ქალია, რომელიც დემოკრატიულად აირჩიეს“, – ამბობს ,,24“-თან ელნურ ალისოი.
ელნურ ალისოი ამბობს, რომ ქართული სახელმწიფოს მშენებლობა სამოქალაქო ნაციონალიზმს ეფუძნება, თუმცა ხანდახან ეთნიკური უმცირესობებისა და რელიგიური ჯგუფების სამოქალაქო იდენტობა შელახულია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა რომელიმე ოთახს ფარიხანუმის სახელი მიანიჭოს.
საინტერესოა, როგორი იყო ფარიხან სოფიევა ჩვეულებრივ, ყოფით ურთიერთობებში, თემში, რა ეცვა, როგორ გამოიყურებოდა, რა უყვარდა ან რა სწყინდა. მისი სახლი თბილისში, მთაწმინდის რაიონში, მამა დავითთან მდებარეობდა, რომელიც ადრე საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი ელიტით, მწერლებით, გამორჩეული ადამიანებით იყო დასახლებული. მას მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდა მაშინდელ ცნობილ ექიმთანაც. ფარიხანუმი ხშირად ეხმარებოდა უცხოელებს, შორიდან ჩასულ ადამიანებს, ახალგაზრდებს, იმ ხალხს, რომელთაც ქვეყნის განვითარება სურდათ.
ალისო გვიყვება, რომ ფარიხანუმი თემში ცნობილი იყო, როგორც ,,შიფერი” ანუ მამაკაცური ქალი. ყოფით ცხოვრებაში იქცეოდა მამაკაცურად, ქორწილი იქნებოდა, დასაფლავება თუ ხალხმრავლობა ქალების ნაცვლად კაცებთან იჯდა. მაშინ, როცა თემში ხალხმრავლობის დროს, დღემდე ქალები ცალკე, ხოლო მამაკაცები ცალკე სხედან. ეწეოდა ჩიბუხს, დადიოდა ცხენით, ჰქონდა მაუზერის ტიპის იარაღი. მას, როგორც ნამდვილ ლიდერს, თემის ყველა წევრი პატივს სცემდა. გამოკითხული რესპონდენტების თქმით, უყვარდა ლურჯი ან რუხი ფერის სამოსი, ეცვა დიდი ჩექმები და გრძელი მოსაცმელი.
ელნურ ალისოის თქმით, აუცილებელია, რომ ის ეროვნული სულისკვეთება, რომელიც საბჭოთა ოკუპაციამდე ძლიერი იყო, აღდგეს, ამ თვალსაზრისით კი ფარიხანუმისთვის პარლამენტში ერთი ოთახის დათმობა, ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება. ამით, ერთი მხრივ, ქვეყანა თავის მულტიკულტურულ წარსულს აღიარებს, მეორე მხრივ სხვადასხვა რელიგიურ, ეთნიკურ, მოწყვლად ჯგუფებს, ქალებს წაახალისებს, რომ პოლიტიკური პროცესით დაინტერესდნენ.
საბოლოოდ, ფაქტია, რომ ფარიხან სოფიევა მართლაც ფენომენი და უნიკალური შემთხვევა იყო, არათუ საქართველოს არამედ მსოფლიოს ისტორიაში. ის იყო მუსლიმი ქალი, რომელმაც მე-20 საუკუნეში, დემოკრატიულ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და დაამარცხა კონკურენტი მამაკაცი. საქართველო კი გამორჩეული ქვეყანა იყო იმ კუთხით, რომ ზოგიერთი განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, 1918 წელს, ქალებს მათ შორის, მუსლიმ ქალებს, არათუ ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ, არამედ არჩევნებშიც იმარჯვებდნენ.
ავტორი: ინგა ფუტკარაძე