სად იყო ძველ თბილისში გაჩერება “ზემელის აფთიაქი” – ქართული სააფთიაქო ბიზნესის სათავეებთან

ძველი თაობის თბილისელებში დღემდე შემორჩენილია ტერმინები, რომლებსაც დედაქალაქში საორიენტაციოდ იყენებენ და რომლებიც თანამედროვე ქალაქის დამისამართებიდან თანდათან გაქრა. ერთ-ერთი ასეთია ზემელის დაღმართი.

თბილისში ჩამოსახლებულ გერმანელთა შორის ექიმებიც იყვნენ. ერთ-ერთი იყო ჰომეოპათი ევგენი ზემელი, რომელმაც თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, ვერის დაღმართთან, აფთიაქი გახსნა.

ის ტრამვაის ვატმანს ყოველდღე უხდიდა ფულს, რომ აფთიაქისთვის რეკლამა გაეკეთებინა. იქ გაჩერებისას, ვატმანი დაიძახებდა – “ზემელის აფთიაქი!” – რაც არაჩვეულებრივი მარკეტინგული სვლა იყო.

ზემელის აფთიაქი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაანგრიეს. რუსთაველის გამზირისა და ვერის დაღმართის კუთხეს დღემდე “ზემელად” მოიხსენიებენ, თუმცა ბევრმა, შესაძლოა, არც კი იცის, ვინ იყო ზემელი.

აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნის თბილისში სააფთიაქო ბიზნესით ძირითადად გერმანელები იყვნენ დაკავებული: ევგენი ზემელი, ფერდინანდ ოტენი, ფლორა შენბერგი, ფრიც გლეზერი, ენგელბრეჰტ შენგარდი და სხვები.

ზემელსა და ოტენს სამი აფთიაქი ეკუთვნოდათ, სულ კი, 1912 წლისთვის თბილისში 23 აფთიაქი და 30 სააფთიაქო მაღაზია ფუნქციონირებდა.

ევგენი ზემელის ნამდვილი სახელია იულიუს იოალან იუგენი. ის უძველესი გერმანული გვარის შთამომავალია, ისტორიულ წყაროებში მე-13 საუკუნიდან მოიხსენიება. ზემელი 1858 წელს ლატვიაში დაიბადა, მაგრამ ჯერ კიდევ მის ბავშვობაში ოჯახი სანქტ-პეტერბურგში გადასახლებულა და სახელი ევგენიც მაშინ მიუღია. 1881 წელს თბილისში ჩამოვიდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ქალაქის ხელმძღვანელობის ნებართვით ოლღასა და ვერეს (დღევანდელი ჯავახიშვილის) აღმართის კუთხეში აფთიაქი გაუხსნია. ეს შენობა ახლა აღარ არსებობს, მაგრამ ის პატარა მიკროუბანი, რომელიც ქალაქის ცენტრალური ადგილია, არაოფიციალურად ისევ ზემელის სახელს ატარებს.

სააფთიაქო ბიზნესში გერმანელების გარდა მრავლად იყვნენ სომხებიც, რუსებიც, შემდეგ ქართველებიც დაემატნენ.
ზემელის სამი ვაჟიდან ერთ-ერთმა მამის საქმე გააგრძელა. ისინი პირველი გილდიის ვაჭრები იყვნენ. ვორონცოვზე წამლის საწყობი ჰქონდათ, სადაც მინერალურ წყალსაც ყიდდნენ. უზნაძეზე ფლობდნენ სახლს, სადაც ბინებს აქირავებდნენ. შემოსავლიანი სახლი იმ დროს ბევრ ვაჭარს ჰქონდა, მათ შორის სარაჯიშვილსაც და ზუბალაშვილებსაც.

მაშინდელ თბილისში პირველი გილდიის ვაჭრები (დღევანდელ ოლიგარქებს თუ შევადარებთ) ქველმოქმედებით იყვნენ დაკავებულნი. ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ყველა თანაბრად ზრუნავდა. აფინანსებდნენ სასწავლო კურსებს, სტიპენდიებით ეხმარებოდა ევროპაში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს… დიდ ყურადღებას აქცევდნენ განათლებას. ცნობილი ფაქტია, რომ XX საუკუნის მიჯნაზე, სვეტიცხოვლის რესტავრაციისთვის 150 000 რუბლი თბილისელმა გილდიის ვაჭრებმა გაიღეს.

ისინი ბევრნი არ იყვნენ, დაახლოებით ოცი კაცი. ყოველ წელს იკრიბებოდნენ და იღებდნენ საერთო ფოტოს, სადაც პირველ რიგებს აუცილებლად პირველი გილდიის ვაჭრები იკავებდნენ, უკან მეორე გილდიის ვაჭრები განლაგდებოდნენ. ფოტოებში დავით სარაჯიშვილთან ერთად ზემელიც არის დაფიქსირებული პირველი გილდიის ვაჭართა შორის.