“სახელმწიფო ღალატისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ” – ბაღათურია სააკაშვილისთვის სასჯელის დამძიმებას ითხოვს

პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ დავით-გარეჯთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოს წინაშე ღალატი ჩაიდინა და მას ამ უმძიმეს დანაშაულზე, პასუხისგება მოუწევს. ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავით-გარეჯი აზერბაიჯანის ეროვნულ სიმდიდრედ გამოაცხადა. რატომ მინელდა დავით-გარეჯის თემასთან დაკავშირებით თბილისის ყურადღება და რა მნიშვნელოვანი მამხილებელი მტკიცებულება დევს პროკურატურაში სააკაშვილის წინააღმდეგ – ამ და სხვა საკითხებზე მედია სააგენტო „24“-ს პოლიტიკოსი ჯონდი ბაღათურია ესაუბრა.

– აზერბაიჯანის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია, ამ ტიპის პროპაგანდას ეწევა. ეს ახალი არ არის. შესაძლოა, დღეს რაიმე ფრაგმენტი გამოჩნდა ჩვენთან სოციალურ ქსელებში, ამიტომ საზოგადოების ნაწილს, რომელიც ინფორმირებული არ არის, ჰგონია, რომ ეს სიახლეა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დიდი ხნის წინ გამოაცხადა, რომ ეს არის ალბანური კულტურის ძეგლი და კარგა ხანია, ამის ტირაჟირებას ეწევა. ეს აზერბაიჯანის მხარეა ასეთი. რატომ აკეთებს ამას? – ალბათ, იმიტომ, რომ ნახა, საქართველოს ხელისუფლება რომ მოღალატე იყო, ახლანდელი საქართველო მას ჰგონია, რომ უფრო ძლიერია. დღეს ასეთი განცდა აზერბაიჯანის არა მარტო ხელისუფლებას, ზოგადად, საზოგადოებასაც აქვს. ეს არის გამარჯვების სინდრომი. თუმცა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, არც მაგათ ავიწყდებათ, რომ ჩვენ პარტნიორები ვართ. ნამდვილად ვართ პარტნიორები და ეს პარტნიორობა, მეზობლობა, ისე უნდა გავაგრძელოთ, როგორც ვითარდება. ძალიან გონიერი კაცი მგონია აზერბაიჯანის პრეზიდენტი და არ ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, ეს ურთიერთობები არ დალაგდეს. მინდა გითხრათ, რომ ამაზე აქტიურად მუშაობა მიმდინარეობს. უბრალოდ, ეს მომენტი ნამდვილად არის – “გამარჯვების სინდრომი”. არის ასეთი სინდრომი, როგორც დამარცხების სინდრომია, რაც კომპრომისული ნაბიჯების გადადგმას აფერხებს ხოლმე. მაგრამ მაინც, ვფიქრობ, იმდენად მაღალია ურთიერთ საჭიროება ამ ორ სახელმწიფოს შორის, მით უმეტეს, ახლა, რომ ამაზე ჩვენ მოვილაპარაკებთ.

-ფიქრობთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვარზე საქართველოს ეროვნული ინტერესები დაცული იქნება? ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის ინტერესები გაითვალისწინა და დაუთმო. მისი სიტყვებია, – მერე იტყვიან, 80 მილიონი აიღოო.

– სააკაშვილი არის ქვეყნის მოღალატე. თავისი მერკანტილური ინტერესების სანაცვლოდ, მე ამაში დარწმუნებული ვარ, ცდილობდა ჩაედინა სახელმწიფო ღალატი დავით – გარეჯთან მიმართებაში, მაგრამ მისი ფორმალიზაცია ვერ მოახერხა. ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმით, ყველანაირად, სამართლებრივად, საქართველოს მხარე არის მართალი და ახლა, ვფიქრობ, რომ მოლაპარაკება შედგება.

– სააკაშვილის სიტყვებია, სატელევიზიო განცხადებაში, მეზობელ აზერბაიჯანს სტრატეგიული სიმაღლე სჭირდებოდაო. ახლა, როცა რეგიონში ომია და ფაქტობრივად, ქვეყანაც საფრთხის წინაშეა, რას ნიშნავს ექსპრეზიდენტის მსგავსი გადაწყვეტილება – სტრატეგიული სიმაღლის დათმობა?

– სტრატეგიულ სიმაღლედ გამოყენება, ეს არის სამხედრო თვალსაზრისით. ჯერ ასეთი რამე, არ გაუკეთებია. ის, რაც სააკაშვილმა თქვა, ეს არის მისი აღიარებითი ჩვენება. მართლა ისეთი უიმედო იდიოტიც რომ იყოს, რომ არ ესმოდეს, ქედის გადაცემა, მაღლობის გადაცემა უკვე ავტომატურად ნიშნავს, ბერთუბნის და ჩიჩხიტურის გადაცემას. დავუშვათ, რომ ასეთი იდიოტი პრეზიდენტი გვყავდა, ესეც კი არ იცოდა და არავინ უთხრა და ჰგონია, რომ სხვა ადგილას არის უდაბნო და ჩიჩხიტურის მონასტრები, სტრატეგიული გაბატონებული სიმაღლის გადაცემა (გაბატონებული სიმაღლე ჰქვია ამას), სამხედრო თვალსაზრისით მეზობელი ქვეყნისთვის, შენს მეზობელ საზღვართან, ეს არის სახელმწიფო ღალატი. სტრატეგიული გაბატონებული სიმაღლე, ვის წინააღმდეგ შეიძლება დაჭირდეს თეორიულად, ჰიპოთეზურად, – ისევ მეზობელთან. როცა ქართულ-აზერბაიჯანულ საზღვარზე მიმდინარეობს ლაპარაკი და პრეზიდენტი იმდენად უიმედო იდიოტი გყავს, რომ ჟურნალისტებთან ღიად აცხადებს, რომ სამხედრო უსაფრთხოებისთვის ანუ საქართველოს წინააღმდეგ სტრატეგიული სიმაღლე მომთხოვეს და მე ამათ დავავალე, გადაეცითო, ხომ მართლა ქვეყნის უბედურებაა, როცა ასეთი პრეზიდენტი გყავს. კიდევ, მეორე პრობლემა ის არის, რომ მას დღემდე, სახელმწიფო ღალატის მუხლით, ბრალი არ აქვს წაყენებული.

– ფაქტობრივად, ექსპრეზიდენტის აღიარებითი ჩვენება უკვე არსებობს. თქვენი აზრით, რატომ არ წაუყენა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს?

– ეს ჩვენება მე მივიტანე და საქმის მასალებში დევს. ამას პროკურატურა გვერდს ვერ აუვლის. არაფერი რომ არ ეშველება, ეს ისეთი საქმეა. სააკაშვილს, ვინმე ხომ არ აბრალებს, ფარული ჩანაწერი ხომ არ არის, თვითონ ამბობს ამ ყველაფერს. ტექნიკურ ჯგუფს, რომელიც ახლა დაკავებულია – მელაშვილს და ილიჩოვას მან დაავალა, საზღვრის ხაზი ისე გაივლოს, სტრატეგიული სიმაღლე გადაეცეს აზერბაიჯანს. დამთავრებულია. ამას რა გამოძიება უნდა კიდევ, ვინ უნდა დაიკითხოს? დაკითხულიც არის, ფაქტობრივად, სააკაშვილი და ჩვენებაც მოცემული აქვს.

– მაგრამ ფაქტია, რომ პროკურატურა ფეხს ითრევს და სააკაშვილისთვის ამ ნაწილში ბრალის წარდგენას არ ჩქარობს, შესაძლოა, ეს საქმე საერთოდ, თაროზე შემოიდოს?

– პროკურატურას სააკაშვილთან დაკავშირებული ბევრი რამ აქვს თაროზე შემოდებული. მათ შორის, ძალიან დიდი თანხებია მითვისებული, სახელმწიფო ქონებას ვგულისხმობ. პირდაპირ დევს დოკუმენტები, რომ ბევრიც აღარ არის გამოსაძიებელი. ესე დოკუმენტებიც ჩემი გადაგზავნილია. არ ვიცი, ის ნაწილი, თავის დროზე, ნამდვილად მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა, თაროზე შემოდო. შეიძლება პროკურატურას თავისი სტრატეგია აქვს, არ ვიცი, მაგრამ ამას გვერდს ვერ აუვლის, მაშინ, ილიჩოვა და მელაშვილი, უნდა გაათავისუფლოს. ეს საქმე იმდენად არის გადაბმული, რომ ბრალი მხოლოდ მათ ვერ წარედგინებათ. გარდა პროკურატურაში მიცემული ახსნა-განმარტებისა, სასამართლომ დამიბარა ამის გამო და სასამართლოზეც იგივე ვთქვი. ეს ისეთი საქმეა, ვერ მიიჩქმალება. ასე რომ, ვფიქრობ, ყველა შემთხვევაში, პროკურატურა სააკაშვილს, სახელმწიფო ღალატის მუხლით ბრალს, ადრე თუ გვიან, მაინც წაუყენებს. მართალია, ეს მუხლი ახლა ამოღებულია, მაგრამ სხვა მუხლები არსებობს, რომლითაც, იგივე ილიჩოვას და მელაშვილს წაუყენეს ბრალი. დამამძიმებელი გარემოებაა თანამდებობის ბოტოტად გამოყენება, მერე – დანაშაული ჯგუფურია. აქ ჩანს შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რაშიც უმაღლესი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ – მთელი ელიტა მაშინდელი ხელისუფლების. აღმასრულებელი, საპარლამენტო ელიტა – ყველა ამაში მონაწილეობდა. ყველა პარლამენტის წევრი არა, მაგრამ მათი ნაწილი ამ თემის გათეთრებით იყო დაკავებული. მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტრო. იქ დევს კიდევ ძალიან საინტერესო მასალა – მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მიწერ-მოწერა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

– გარეჯის თემა, რომელიც რუკების ჩამოტანით გააქტიურდა, მიწყნარდა. პრეზიდენტი ზურაბიშვილიც იყო აზერბაიჯანში ჩასული. რით ახსნით ამ სიჩუმეს?

– არ მიწყნარდა, საქმე აღიძრა. ორი პირი ზის. ჩვენ შეგვიძლია კრიტიკულად შევხედოთ და ვთქვათ, რომ საქმის გამოძიება ცოტა გაჭიანურებულად მიმდინარეობს.

– არა მხოლოდ სს საქმეს ვგულისხმობ, არამედ იგივე სახელმწიფო კომისიის მუშაობას და პოლიტიკური ფიგურების მხრიდან გამოჩენილ ინტერესს, ამ თემის ირგვლივ მუშაობა, შეხვედრების და განცხადებების ნაკლებობაა.

-კარგია, რომ ნაკლებად ჩანს. ეს ის დრო და მომენტია, ის შემთხვევა, როცა ხმაური არ უხდება. იმედი მაქვს, ხელისუფლება წარმატებულად იმუშავებს. კარგად ესმით, ეს საკითხი. ხელისუფლება მუშაობს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. ვფიქრობ, ეს მუშაობა კარგად უნდა დამთავრდეს.

– როგორც ყველა საკითხი საქართველოსთან მიმართებაში, ითქვა, რომ გარეჯის თემაც, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაწყდა. იზიარებთ ამ პოზიციას? შეიძლება, რომ გარეჯის ამ მონაკვეთის აზერბაიჯანისთვის დათმობა გლობალური პოლიტიკური ცვლილებების ანუ ახალი პოლიტიკური რუკის შედგენის ნაწილად მოვიაზროთ?

-არა, მაგას არ ვიზიარებ. აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჰქონდა ეს სურვილი. ვიმეორებ, ეს არის მიბმული მათ ეკონომიკის ზრდაზე, წარმატებაზე. ისტორიული წარსული – მიბმა რაღაც ფესვებთან, ასეთ დროს ხელისუფლებისთვის აქტუალური ხდება. არ მინდა ისეთი რაღაცები ვილაპარაკო, რომელიც შეიძლება არასასიამოვნო მოსასმენი აღმოჩნდეს აზერბაიჯანული მხარისთვის. უბრალოდ, პატივისცემით ვარ განწყობილი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ და როგორც ჩვენი პარტნიორი, მოკავშირე და მეზობელი სახელმწიფოს მიმართ. თან აშკარად გონიერი, ფრთხილი და პატრიოტი ხელისუფლება ჰყავს აზერბაიჯანს. ამიტომ, როდესაც თვითონ პატრიოტია, მათ კარგად ესმით ჩვენი. კი, გვყავდა მოღალატე ხელისუფლება, მაგრამ ხალხისთვის მაინც მძიმე აღსაქმელია, რასაც პრეზიდენტი ცდილობდა, რომ ჩაედინა. საკითხი სამართლებრივად კარგად არის გამართული და მომზადებული. პოლიტიკურ-დიპლომატიურ ხაზს ძალიან წაადგება ახლა სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებაც. ამით წერტილი დაესმება ბოლო იმედს – იქნებ, რაღაც გარიგება შედგეს.

– რას იტყვით სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სააკაშვილს უარი ეთქვა სასჯელის გადავადებაზე და გათავისუფლებაზე? ფაქტია, ეს უარია ჰუმანიტარული მიზნით სამკურნალოდ წასვლაზეც.

-აბსოლუტურად უღირსი, უვიცი და არაკვალიფიციური გზა აირჩია სააკაშვილმა და მისმა დაცვამ, საკუთარი ტყავის გადასარჩენად. საკუთარი იმიჯი პრაქტიკულად უკვე გაანულა, როგორც უგუნურმა, ლაჩარმა, უღირსმა პოლიტიკოსმა. კადრები, რაც ჩვენ ვნახეთ, მსგავსი საქციელი, არის უღირსი კაცის საქციელი, თანაც უსირცხვილოსი. რად უნდა ამ გზით გათავისუფლება, ხომ უნდა იცხოვროს, ვიღაცამ გამარჯობა ხომ უნდა უთხრას. მაგისთვის მთავარია, ტყავი გადაირჩინოს. აშკარად ეტყობათ, მიხვდნენ, რომ შეეშალათ. შეცდომა დაუშვა. აქ, მეცოდება.

– კონკრეტულად რა შეეშალა?

-ადრეც ვთქვი, რომ ის თავისიანებმა შეიყვანეს შეცდომაში, შემოიტყუეს. ვფიქრობ, ამაში მონაწილეობდა მისი გარემოცვა, რომელიც მისი ციხეში ჩასმით კი არ იყო დაინტერესებული, არამედ ფულის გამოცინცვლით. 2013 წლის მერე სააკაშვილს კვებავდნენ ილუზიით, გვარამია ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ამ მხრივ და ეუბნებოდა – შენ ისევ ფავორიტი ხარ, საქართველოს მიწაზე ფეხი რომ დადგა, ხალხი ქუჩაში გამოცვივდება და ხელში ატატებული შეგიყვანს პრეზიდენტის რეზიდენციაში, პარლამენტს დავიპყრობთო… – ნახევარქათამას ზღაპარი ხომ იცი, ზუსტად ასეთ ზღაპრებს უყვებოდა. მას არ ჰქონდა რეალური ინფორმაცია და კონტექსტიდან ამოვარდნილი გადაწყვეტილება მიიღო, ტაქტიკურადაც შეცდა. ბოლო-ბოლო, კაცურად რომ ჩამოსულიყო თვითმფრინავით, კიდევ სხვა რამე იქნებოდა. სააკაშვილი პოლიტიკურად მკვდარი ფიგურაა. პოლიტიკურად მკვდარია ყველასთვის. ტოქსიკურია. მაგასთან ახლა არავის არაფერი უნდა.

ესაუბრა გიორგი გლოველი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი