თურქეთში მომხდარი მიწისძვრა საქართველოში უპირობო გავრცელების საფრთხეს არ შეიცავს
სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის პროგნოზირება, დღეს მსოფლიო სამეცნიერო სივრცეს არ შეუძლია.
12 თებერვალს, საქართველოში მოსალოდნელი ძლიერი მიწისძვრის შესახებ, სხვადასხვა სახით, ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომელსაც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, გამოეხმაურა.
თურქეთის რესპუბლიკაში, 6 თებერვლის ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა, ჩვენი საზოგადოების აღელვება ნამდვილად გამოიწვია, რადგან თურქეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. თუმცა, როგორც სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ განმარტა, მოწისძვრის ეპიცენტრი, საქართველოდან საკმაოდ შორს არის და საფრთხე არ გვემუქრება.
გარდა ამისა, სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის პროგნოზირება, დღეს მსოფლიო სამეცნიერო სივრცეს არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, მხოლოდ გამართული ინფრასტრუქტურა და სეისმომედეგი მშენებლობაა.
მათივე განმარტებით, აშშ, კანადა და იაპონია სწორედ ის ქვეყნებია, სადაც ძლიერი მიწისძვრის დროს, თუ სეისმურად დაცულ სახლში ვცხოვრობთ, საშიში არაფერია. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განმარტებით, თურქეთის რესპუბლიკასა და ბევრ მეგობარ ქვეყანაში, რეგიონის რთული გეოლოგიური პირობების გამო, ხშირად ხდება ძლიერი მიწისძვრები, რომლებიც დიდ მსხვერპლსა და ზარალს იწვევს (1999 წლის იზმირის მიწისძვრა, 2011 წლის ვანის მიწისძვრა, 1939 წლის ერზინჯანის მიწისძვრა და სხვა).
,,კავკასიაც რეგიონის კომპლექსური ტექტონიკის ნაწილია და რა თქმა უნდა, ჩვენთანაც ხდებოდა, ხდება და მომავალშიც მოხდება მიწისძვრები. გვსურს განვმარტოთ, რომ ცალსახა კორელაცია სხვადასხვა ტერიტორიაზე მიწისძვრათა ხდომილებებს შორის, არ არსებობს. სხვა სიტყვებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრა, უპირობოდ არ იწვევს საქართველოში მიწისძვრის ხდომილებას. საქართველო სეისმურად აქტიური ქვეყანაა. ჩვენთან ყოველდღიურად ათეულობით მიწისძვრა ხდება, ამიტომ, კიდევ ერთხელ განვუმარტავთ საზოგადოებას, რომ სამწუხაროდ, მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი, არ არსებობს. გთხოვთ, არ დაუჯეროთ და არ გაავრცელოთ ცრუ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში შიშსა და პანიკას იწვევს”- ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
სალომე ხომასურიძე