რვაფეხა ქართულ სასამართლო სისტემაში – როგორ იქმნებოდა კლანური მმართველობა საქართველოში

“თუ ამერიკული და ევროპული მართლმსაჯულებაა საზომი, მაშინ საზომი არის ნდობა. მაგრამ, მოსამართლის “ჩაკეტვა”, ნდობა არ არის. სასამართლოს მიუკარებლობას რეალობა განსაზღვრავს”, – ინტერვიუ ბესიკ ქარცივაძესთან

ბესიკ ქარცივაძე

ქართული მართლმსაჯულების მიმართ კრიტიკა არ ცხრება, მათ შორის, ევროპული სტრუქტურებიდან. “ვარდების რევოლუციის” შემდგომ მუდმივად რეფორმირების პროცესში მყოფმა სასამართლომ, რეფორმის არაერთ ეტაპზე იმასაც ვერ მიაღწია, რომ 3-4 წლით არ დააგროვოს განსახილველი საქმეები და ამა თუ იმ გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ინტერესები არ იკითხებოდეს. მოსამართლეების უვადოდ დანიშვნამ სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში ნდობა ვერ განაპირობა, ვერ მესამე ხელისუფლება აქცია დამოუკიდებელ სახელისუფლებო შტოდ. რა ეტაპები გაიარა სასამართლო რეფორმამ ე.წ. სასამართლო კლანის ჩამოყალიბებამდე, რატომ ვერ იწვევს ქართული სასამართლო ნდობას და რამდენად აშკარაა პოლიტიკური კონტექსტი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასა და იმ პროკურორებისა და მოსამართლეების თანამდებობებზე დატოვებაში, რომელთა უკანონო განაჩენებზეც სტრასბურგმა სახელმწიფოს ფულადი კომპენსაციები დააკისრა და რომლებზეც საბოლოოდ გამამართლებელი განაჩენები დადგა? – ამ პრობლემური თემის ირგვლივ მედია სააგენტო „24“-ს ადვოკატი ბესიკ ქარცივაძე ესაუბრა.

– არაერთი რეფორმის მიუხედავად, რატომ ვერ გვარდება საქართველოში მართლმსაჯულების პრობლემა?

– სასამართლო რეფორმა, როგორც დღის წესრიგი, ყველა მთავრობის დილემაა. სასამართლო მარტო მოსამართლეების კორპუსით არ ისაზღვრება. როდესაც „ვარდების რევოლუციამ“ დღის წესრიგში, მათი წარმოდგენით – „ახალი ხედვა“ დააყენა, გადაწყდა, რომ რეფორმა განხორციელებულიყო რამდენიმე მიმართულებით. ერთ – პოლიცია, საიდანაც ძველი კადრების უპირობო განთავისუფლება დაიწყო. მეორე – პროკურატურაში, მესამე – სასამართლო. ანუ სამი მიმართულებით გაშალეს ის რეალობა, რასაც ერქვა “ახალი კადრი” – ახალი ხედვით და ახალი იდეით. უნდა ითქვას, თუ რა მოხდა პოლიციაში, რადგან ეს ერთმანეთზე გადაბმული რეალობაა. პოლიციიდან გაუშვეს ძველი კადრები და გაიცა გარკვეული მითითებები, რომ ახლები, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა გამომძიებელი იურისტი იქნებოდა თუ არა, ანუ უმაღლესდამთავრებული სამართალმცოდნე. აქედან გამომდინარე პოლიციური კადრი შეივსო არაიურისტებით. ამას ერთგვარი კრიზისი რომ არ გამოეწვია, პროკურატურას მისცეს უფრო მეტი ზედამხედველობა საგამომძიებლო ნაწილზე. პროკურატურის რეფორმირების ახალ ტალღაში, სასწრაფოდ მოიზიდეს პროკურატურის კადრები და უკვე პროკურორებს ჩააბარეს უფლებამოსილება. მაგალითად, პოლიციელ გამომძიებელს ჩამოერთვა უფლება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დისკრეციული უფლება და ის პროკურორს გადაეცა, ისევე როგორც ზედამხედველობის ყველა კომპონენტი. ამასთან, ყველა ძველი მოსამართლე გაუშვეს.

– გაშვების მიზეზად რა დასახელდა – კორუმპირებულობა თუ პოლიტიკური ინტერესები?

– ნებისმიერი სიტყვა, რომლითაც შესაძლებელი იყო, წინააღმდეგობა არ გაეწიათ. ასეთი სიტყვაც კი მოძებნეს – “ძველი ხელისუფლების მარიონეტები”, “კორუმპირებულები”. შესაბამისად, ეს ეხებოდა ყველას, ცალ-ცალკე ყველა ინდივიდს. რევოლუციურ ტალღაზე მოსულმა ხელისუფლებამ შეძლო და მოსამართლეთა კორპუსის სრული დეგრადაცია დაანახა საზოგადოებას სიტყვით, ქმედებით და სხვადასხვა მანიპულირებით, მათ შორის, საკმაოდ გაშლილი ფრონტით – პროპაგანდით.

-გულისხმობთ იმ პერიოდს, როცა „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრმა, გიგა ბოკერიამ და სხვებმა პარლამენტის წინ მოსამართლეების ფიტულები დაწვეს და ამ გზით სასამართლოს წმენდა დაიწყეს?

– არა მარტო ფიტულები დაწვეს. იქ იყო საკმაოდ მძლავრი იდეოლოგიური მუხტი, რომელსაც დღესაც ლევან რამიშვილი ხელმძღვანელობს. რამიშვილის სახით ნაციონალებს დიდი იდეოლოგიური მამა ჰყავთ. რამიშვილი არც მაშინ და არც დღეს ეკრანზე აქტიურად არ ჩანს, თუმცა, ვისაც მასთან შეხება ჰქონია, ორგანიზაცია „კმარა“ იქნება თუ სხვა, იციან, მისი დიდი გავლენის შესახებ. დღესაც ჰყავს ახალგაზრდული კლასები, გადანაწილებული ჯგუფები და ახალ ქართველებად წარმოადგენენ მათი იდეოლოგიით შექმნილ საზოგადოებას, რომელსაც ბევრ ისეთ საკითხზე ესაუბრებიან და შესაბამისად, სამზადისიც იქითკენ არის, რომ შეიქმნას ახალი ქართული კადრი – ახალგაზრდა თაობა, რომელსაც ნოვატორული აზროვნების საწყისად აგონებენ, რომ ისინი ევროპული აზროვნებისკენ არიან წარმართული. თუმცა, არის თუ არა ეს ევროპული, თუ უფრო რეგრესული, ამას უკვე დრო აჩვენებს.

– ამგვარად მივიღეთ რევოლუციური ხელისუფლების ინტერესების გამტარებელთა კლანი სასამართლოში?

– ყველა ვარიანტში. როდესაც პირველი მოსამართლეების ნაკადი მოვიდა, ეს იყო ახალი რეალობა იმ დროისთვის. მოსამართლეებს ჩააცვეს მანტია, სასამართლო დარბაზები გაურემონტეს. შესაბამისად, ანტურაჟი შექმნეს – “ახალი კადრი – ახალი ადგილი” და აქედან გამომდინარე, ხდებოდა ერთგვარად წარმოდგენა სურათის – აი, ჩვენ მანტიაჩაცმულ მართლმსაჯულებას საზოგადოების სამსახურში ვამყოფებთ. თუმცა, დღევანდელი მოქმედი სასამართლო კორპუსის 80% პრაქტიკულად არიან სასამართლოს ყოფილი მდივნები, ყოფილი თანაშემწეები და გარკვეულწილად, ის ახალგაზრდა კადრი, რომელსაც კონსტიტუციურმა ასაკმა მისცა უფლება, რომ მოსამართლეები გამხდარიყვნენ. ამას მოჰყვა ის, რომ მოსამართლეების ახალ ნაკადთან ერთად, გაჩნდა ახალი ვალდებულებები – დაეფარათ, რომელი კაბინეტიდან დაურეკავდნენ, ღიად თუ დახურულად. ეს, რომ ერთგვარად დაეფარათ, კანონის დონეზე აიყვანეს შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნები და მოსამართლესთან ყველა კომუნიკაცია აიკრძალა. დღესაც, მოქმედი კანონით, მოსამართლესთან დარეკვის შემთხვევაში, მოსამართლე ვალდებულია განაცხადოს, რომ მასთან კომუნიკაცია ჰქონდა გარეშე პირს – ადვოკატს, პროკურორს და ა.შ. ეს კანონის დონეზეა აყვანილი, ანუ მოსამართლე, როგორც ფიგურა, ჩაკეტეს. თუმცა, პარალელი რომ გავავლოთ, მაგალითად, აშშ-ის მაგალითზე, რომელსაც ჰქვია ამერიკული სამართალი, იქ მოსამართლეებთან ღია ურთიერთობაა – პროკურორი, ადვოკატი მასთან ურთიერთობს. პირიქით, კაბინეტურ რეალობაში ხდება გარკვეული საკითხების რეგულაცია და არა ის, რომ ვერ შევა და არ შევა, არამედ პირიქით, ღიად ნახავს. თუ ამერიკული და ევროპული მართლმსაჯულებაა საზომი ამ შემთხვევაში, მაშინ საზომი არის ნდობა. მაგრამ, მოსამართლის ჩაკეტვა, ნდობა არ არის. ჩაკეტვით საქმე არ იხურება. სასამართლოს მიუკარებლობას რეალობა განსაზღვრავს.

– ეტყობა კი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომ მოსამართლეს არავისთან ჰქონია კონტაქტი და სამართლიანია მის მიერ საქართველოს სახელით გამოტანილი გადაწყვეტილება? გვახსოვს, სააკაშვილის დროს პროკურორებს და მოსამართლეებს ღიად ურეკავდნენ პროცესებზე.

– კი, როგორ არ იყო. მაგრამ, იქ რანგირებით ურთიერთობას ჰქონდა ადგილი და რიგითი ვერტიკალის პროკურორი ვერ დაურეკავდა. იქ იყვნენ სპეციალურად წარმოდგენილი ე.წ. ერთგულების კადრი, ვისაც შეეძლო ნებისმიერ დროს სხვადასხვა რანგის მოსამართლესთან – საქალაქო სასამართლოში, აპელაციაში თუ უზენაესში, ჰქონოდა ურთიერთობა. ანუ იქ ყველა ყველასთან, ასეთი ურთიერთობის რეალობა არ ყალიბდებოდა, რომ არ გაეჟონა ინფორმაციას. იყვნენ ისეთებიც, ე.წ. დამლაგებლები, რომლებიც სასამართლოში თემებს ალაგებდნენ.

-ეს, ალბათ, უფრო იუსტიციის საბჭოში, ხომ?

-შესაძლებელია იუსტიციის საბჭოში, შესაძლოა პროკურატურაში ყოფილიყო კადრი – მოადგილე პროკურორის ან თვითონ გენერალური პროკურორი, მთავარი პროკურორი. პროკურატურის ვერტიკალში განსაზღვრული იყო, ე.წ. საკითხის წარმომდგენი და დამლაგებელი. ამიტომ იყო, რომ მასობრივად ვერ გამოვიდა მერე ინფორმაცია. ყველა პროკურორს ასეთი ვალდებულებითი ურთიერთობა არ ჰქონდა, რომ დაერეკა მოსამართლესთან და გარკვეული მბრძანებლური ტონი შეექმნა. ამ ყველაფრის ისევ ჩასაკეტად სასამართლოებში შეიქმნა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, პალატის თავმჯდომარის და ა. შ. პოზიციები. ამან განაპირობა ის, რომ ვისაც ჰქონდა დავალებული შიდა სასამართლო განაწესში საქმეების განაწილება, შიდა მოსამართლეებთან ურთიერთობა, ნდობის ფაქტორი, პირველ რიგში, სწორედ ამ კადრზე ისაზღვრებოდა. ანუ ასეთი კადრი ინიშნებოდა, ამას აჩვენებს სია და შემდგომში არაერთი გახმაურებული ფაქტი, რომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარეების რანგირების ანუ ხელმძღვანელი რანგირების მოსამართლეებთან “ლაგდებოდა” საქმეები. ქვედა რგოლში, ვინ როგორ დაალაგებდა, ეს უკვე იმის პასუხისმგებლობა იყო, რომ იმ ხელისუფლებასთან ეთანამშრომლა, რათა თავისი გავლენა შეენარჩუნებინა, თუნდაც იმიტომ, რომ ყოფილიყო პალატის ხელმძღვანელი ან სასამართლო კოლეგიაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე. ანუ სასამართლოში ვერტიკალი ლაგდებოდა საკმაოდ მყარად წარმოდგენილი ხელმძღვანელი რგოლის მეშვეობით. პლუს ამას, იყო მეორე ვერტიკალი – პარტიული მუშაობის გამოცდილება, ანუ ვის ეთქმოდა სიტყვა პარტიაში – “ნაციონალურ მოძრაობაში”, ვისი სიტყვაც უპირობოდ სრულდებოდა. ამიტომ, აქაც ერთგვარი ჩაკეტვა იყო და ყველას ეს არ ჰქონდა.

– რანგირება ლაგდება, იქმნება კონკრეტული თანამდებობები და პარალელურად თანდათან ყალიბდება მოსამართლეთა კლანი? ეს ადამიანები ხომ ვიღაცასთან ანგარიშვალდებულები არიან?

– უდავოდ. პირველ რიგში, შერჩევა ხდებოდა. ხელმძღვანელ რგოლში მოდის ის ადამიანი, რომელიც შემდგომში თავისი სიჩუმით ახორციელებს იმ საქმეს, რომელსაც ჰქვია „მე საქმე დავალაგე“. ვინც ჩუმად არის, ის უფრო ოქროს ფასად ფასობს ამ შემთხვევაში. კლანს დავარქმევთ ამას თუ გავლენის სფეროს გადანაწილებას, ამას კრებსითი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. იმიტომ, რომ კლანი ჟღერს, კლანი წარმოდგენითია. მე ვფიქრობ, ეს კლანი არ არის, ეს უფრო სიღრმისეული რვაფეხაა, რომელსაც თავისი საცეცები აქვს უფრო მეტად წარმოდგენილი, ვიდრე დღეს ვინმეს წარმოუდგენია. თუ შიგნით პრაქტიკა არ გაქვს და სასამართლო პროცესებზე არ ხარ, წლების განმავლობაში არ უყურებ მოსამართლეს, როგორი იყო 10-15 წლის წინ და დღეს როგორია. მაგალითისთვის: იმ დროს, როდესაც ახალი ტალღა იყო და მოსამართლეები მოვიდნენ, მათ სკოლა გაატარეს. საკმაოდ დიდი რესურსი დაიხარჯა – მანტიები, შენობები, მათი კეთილმოწყობა, თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და ა.შ. მერე სახელმძღვანელოებში ცვლილებები და ა.შ. ბევრი ცვლილება შევიდა და ძალიან წარმოდგენითი პროცესი და კოდექსი შეიქმნა სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში. ახლა ნახეთ ტალღის გაგრძელების მეორე მხარე: დღეს მოსამართლეები უკვე გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ ინიშნებიან სამუდამოდ. ეს არის საპენსიო ასაკამდე დანიშვნა. დღეს მოქმედი კანონით, 65 წელია მაქსიმალური ზღვარი, როდესაც ადამიანი ქმედუნარიანია ანუ მას შეუძლია მხოლოდ ამ ასაკამდე იმუშაოს. ამისი გარანტირება არის სიტყვა „სამუდამოდ“ დანიშნული. საზოგადოებაში 65 წლის ჩათვლით ინიშნება თუ სამუდამოდ, ის ადამიანის გონებაში წარმოდგენილი ხედვაა, რომ ის სამუდამოდ დაინიშნა. რიგითი ადამიანი არ ფიქრობს ამ საუკეთესო სტანდარტზე, მის ცნობიერებაში არის, რომ ისინი ამდენ ხანს იქნებიან, თუ სამუდამოდ დაინიშნებიან. ეს გარკვეული დაცვაა მოსამართლისთვის. მოსამართლეს კანონი იცავს, კონსტიტუცია. მოსამართლის გადაწყვეტილების რევიზია არ ხდება ღიად. რევიზია ხდება მხოლოდ გასაჩივრების ფორმატში და გასაჩივრებით იცვლება განაჩენები. მაგრამ პასუხისმგებლობა, თუ რატომ მიიღო მოსამართლემ ესა თუ ის გადაწყვეტილება, რჩება იმ საზომში, რასაც ჰქვია მოსამართლის შეუვალობა. კონსტიტუციის და კანონის დონეზეა მათი შეუვალობა გამყარებული. აქედან გამომდინარე, მოსამართლეებს უკვე ახალი გზა მიეცათ.

– ჩვენ ვსაუბრობდით, როგორ იქმნებოდა ერთიანი სასამართლო სისტემის ბირთვი. “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბევრი პროკურორი გახდა მოსამართლე. მათ შორის, სახელდებოდა კლანის წევრ ჩინჩალაძის და სხვათა გვარები. ისინი იყვნენ ადგილებზე ხელისუფლების ინტერესების საყრდენები, ანუ კლანების ინტერესების გამტარებლები? ამ მოსამართლეთა დიდი ნაწილი დღეს ისევ სასამართლო ხელისუფლების სათავეშია. რით ახსნიდით ამას და რატომ არიან ეს დისკრედიტებული მოსამართლეები სანდო?

– როდესაც მართლმსაჯულება დგას ერთ საზომზე, რასაც ჰქვია კანონის უზენაესობა, ეს არის ყველასთვის და არა შერჩევითი კანონის უზენაესობა. მაგალითად, 2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და პარლამენტმა აღიარა სააკაშვილის ხელისუფლების დროს ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა, გაჩნდნენ პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მქონე პირები. მე ვიცავდი ათამდე პოლიტპატიმარს. ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმრები იყვნენ „ყინწვისის საქმეზე“ დაპატიმრებულები. ვიცავდი ნიკოლოზ გოგუაძეს, ჩემს კოლეგას – ბატონ კეშელავას. ეს ორნი იყვნენ სიაში პირველები „ყინწვისის საქმეში“, რომლებსაც პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭათ. ეს თემა იმიტომ მომყავს მაგალითად, რომ კარგად დავინახოთ, როგორმა ვერტიკალმა იმუშავა. გაჩნდა პოლიტპატიმარი, რომელსაც დღეს ნიკოლოზ გოგუაძე ჰქვია. როდესაც მას მიუსაჯეს, სტრასბურგის სასამართლოში შევიტანე საჩივარი, მუხლობრივი დარღვევები მივუთითე. ნიკოლოზ გოგუაძე იმ პერიოდში უკვე პატიმარი იყო და მას არაერთხელ მოსთხოვეს, რომ საჩივარი გამოეტანა. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი. ის სამარტოო საკანში იყო დიდი ხნით, წლების განმავლობაში. მის მიმართ ძალიან დიდი წნეხი იყო, მაგრამ ეს ახალგაზრდა კაცი არ გატყდა და სტრასბურგზე უარი არ თქვა. შედეგი? – რამდენიმე თვის უკან, დაახლოებით ერთი წლის ფარგლებში, სტრასბურგმა ნიკოლოზ გოგუაძის, როგორც პოლიტპატიმრის მიმართ განხორციელებული უკანონობა დაადასტურა და სახელმწიფოს სოლიდური ჯარიმის – 10 ათას ევროზე მეტის გადახდა დააკისრა გოგუაძის სასარგებლოდ. ამ საქმეში იყო 11 ადამიანი. ამ 11 მსჯავრდადებულიდან 7-ს უკვე პროკურატურამ მიმართა და მათ მოუხსნეს ბრალეულობა. პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირი, უკვე სასამართლომ გაამართლა. მე ჩვენება მივეცი ნიკოლოზ გოგუაძისა და სხვათა პროცესზე, როგორც ადვოკატმა, თუ რა ხდებოდა სააპელაციო სასამართლოში. მერე სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი და თქვა, რომ არასწორი ბრალი იყო. არასწორ ბრალს მოყვა შერჩევითი მართლმსაჯულებითი განაჩენი და შესაბამისად, ეს ყველაფერი გაუქმდა. მარტო რეაბილიტირებულნი კი არა, გამართლებულნი არიან. ახლა ამ მედლის მეორე მხარე ავიღოთ – არცერთი პროკურორის მიმართ, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა, პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. ანუ პასუხი არ აგებინეს, არც სამსახურებიდან გაუშვიათ. ანუ “ნიკოლოზ გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ” სტრასბურგში მოგებული პროცესის შემდეგ, სარჩელი თავად პროკურატურამ შეიტანა და ა.შ. არც ერთ გამომძიებელს, არც ერთ პროკურორს, უფრო მეტიც – მოსამართლეებს არ მოსთხოვეს პასუხი, თუ რა მოტივაციით იყო განპირობებული მათი განაჩენი. შესაბამისად, თუნდაც ამ საქმის მოსამართლეები ზე-თავისუფალ რეჟიმში არიან და მათგან უზენაესმა ეს საქმე არ მიიღო. მაშინ ჩათვალა, რომ არ იყო სასამართლო პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანი. ასეთი რამ წარმოუდგენელია. დღეს ეს კოდექსშია. უზენაესი სასამართლო საქმეების 80%-ს არ იხილავს. ამბობს, რომ სასამართლოსთვის არ არის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და ა.შ. ჩაკეტეს სასამართლოებში საქმეების განხილვა. ანალოგიური უფლება მისცეს აპელაციასაც. აქედან გამომდინარე სამოსამართლეო კორპუსი, თუნდაც უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები, იმ დატვირთვის რეჟიმში არ არიან, რასაც ჰქვია სხვა ინსტანციის ანუ დაბალი რგოლის მოსამართლეები. პასუხი რომ მოეთხოვათ ამ მოსამართლეებისთვის, სხვისთვის მაგალითი იქნებოდა. ეს ჯაჭვური რეაქციით განხორციელდებოდა. უბრალოდ, პრეცედენტი არ დაიშვა. ვინ არ დაუშვა, ეს ცალკე თემაა.

ესაუბრა შორენა კოწოწაშვილი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი