18 და-ძმა ჯაფარიძეები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირეს
თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი მუდმივად ცდილობდა რუსეთის გავლენიდან გასვლას. ამის დასტურია ის ისტორიული, საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე წარსული, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვების გზაზე გადაიტანა.
საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომელმაც არასრული სამი წელი იარსება (1918-1921 წლები), საკმაოდ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში.
26 მაისი, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება, იუნკერთა გმირობა და 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმიის თბილისში შემოსვლა ‒ ეს ის ფაქტებია, რომლებიც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ კარგად იცის, თუმცა თავისუფლების ეს მცირე პერიოდი ჯერ კიდევ შესასწავლია. 1921 წელს წითელი არმიის შემოჭრას საქართველომ თითქმის 40 ათასიანი ჯარი დაუპირისპირა. დამოუკიდებლობას ჯართან ერთად იცავდნენ სახალხო გვარდია, მოხალისეები. ცხარე ბრძოლები კოჯრის და ტაბახმელას მისადგომებთან გაიმართა. 18 თებერვალს დაიწყო წითელი არმიის იერიში თბილისზე. ამ ბრძოლებში განსაკუთრებით თავი გამოიჩინეს სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა – იუნკრებმა.
საქართველოს უახლესი ისტორია ქვეყნის არაერთი პატრიოტის სახელს და გვარს ინახავს. თუმცა, რამდენად სრულყოფილია იმ ადამიანების შესახებ ინფორმაცია, ვინც ამ ქვეყნის თავისუფლებას თავი შესწირა, ეს ჯერ კიდევ საკამათოა. დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი ავთანდილ ანთიძე, მედია სააგენტო “24”-თან საკმაოდ საინტერესო ისტორიას იხსენებს. ჯაფარიძეების ოჯახმა საბჭოთა რუსეთთან ბრძოლას 18 შვილი შესწირა. ეს ამბავი ავთანდილ ანთიძემ შემთხვევით, 80-იან წლებში გაიგო.
ავთანდილ ანთიძე: „შემთხვევით ჩემმა მეზობელმა, ძალიან შესანიშნავმა ადამიანმა, მიხეილ ჯაფარიძემ ძველი გაზეთები მომცა, რომელიც ასახავდა საქართველოს იმ 3-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდს. ფაქტობრივად, ეს იყო მთლიანი ქრონიკა, ძალიან დიდი რაოდენობით. ერთ დღეს, ჩვენთან, ოჯახში, სუფრა იყო გაშლილი, თურმე 26 მაისთან დაკავშირებით, ეს შემდგომ გავიგე. ბატონმა მიხეილმა საქართველოს სადღეგრძელო დალია მამაჩემთან ერთად და ცრემლები წამოუვიდა. როგორც აღმოჩნდა, 19 დედმამიშვილი იყვნენ ანუ ის იყო მე-19 ბიჭი, რომელიც დახვრეტას გადაურჩა. დანარჩენი, ყველა ძმები შეეწირნენ. ძირითადად კოჯრის ბრძოლებში დაიღუპნენ და შემდეგ უკვე, აჯანყების პერიოდში – 24 წლის აჯანყების დროს. მოკლედ, 18 ძმა ჯაფარიძე იმ პერიოდში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირა და მხოლოდ მიხეილი იყო იმ ოჯახიდან დარჩენილი. ამ მონაყოლმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. მერე მიშა ძიასთან, ფაქტობრივად, ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა. მისი მეუღლე ჩემი ნათლია იყო და ფაქტობრივად, როგორც ჩემს ოჯახში, მათთანაც ისე ვიყავი. თანდათან გამანდო ის შენახული ლიტერატურა, რაც მას თავის სარდაფში ჰქონდა გადამალული და შენახული. იმ პერიოდის ძალიან მდიდარი პერიოდიკა იყო. მაშინ დაახლოებით 7-8 კლასში ვიქნებოდი. ამ ლიტერატურის დამუშავება დავიწყე, წიგნები წავიკითხე. მოკლედ, სადღაც 13-14 წლის ასაკში ვეზიარე ამ აკრძალულ ლიტერატურას. ხომ წარმოგიდგენიათ, აკრძალული ხილი, როგორია და ზუსტად ამ სულისკვეთებით დავიწყე ცხოვრება. როცა ბატონ მიშას ვხვდებოდი, იმ პერიოდის ამბებს მიყვებოდა – აბსოლუტურად ყველაფერს, რაც ახსოვდა. ის იყო უკიდურესი დაუძინებელი მტერი საბჭოთა წყობილების. მის ოჯახში სიტყვა “ამხანაგს” ვერ ახსენებდი. წარმოიდგინეთ, ამ კაცს იმდენად სძულდა საბჭოთა წყობა, რომ ოჯახიდან ეს ერთადერთი გადარჩენილი ბიჭი, ომში რომ გაიწვიეს, სპეციალურად ტყვედ ჩაბარდა, რომ საბჭოთა კავშირის სახელით არ ებრძოლა. შემდეგ ვერ გაუძლო იქ ყოფნას, დაბრუნდა და მერე უკვე ციმბირში გადაასახლეს, როგორც ტყვედ ნამყოფი. იქიდან რომ ჩამოვიდა, მას მერე მძღოლად მუშაობდა. ძალიან განათლებული ადამიანი იყო. მოკლედ, ბავშვობიდან ასე ჩავები ანტიკომუნისტურ მოძრაობაში“.