ულამაზესი მედეა ჯაფარიძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა
“მედეა ჯაფარიძის შემოქმედებითი ნიჭიერება, სულიერი და ფიზიკური მშვენიერება მიიწევს ზევით, მაღალი იდეალებისაკენ და თითქოს, შენც მაღლდები მისი შემხედვარე”.
ქართული კინოსა და თეატრის ჩაუქრობელი ვარსკვლავი, ულამაზესი მედეა ჯაფარიძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა.
დაიბადა თბილისში – 1923 წლის 20 თებერვალს. 1939 წელს დაამთავრა თბილისის VIII საშუალო სკოლა. ორი წელი მუშაობდა ნაძალადევის კულტურის სახლთან არსებულ ხალხური შემოქმედების თეატრში. 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში ისმენდა გიორგი ტოვსტონოგოვის ლექციების კურსს მსახიობის ოსტატობაში.
მოგვიანებით მივლინებული იყო მოსკოვში, ვლ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის სტუდიაში. აქ იგი რეჟისორმა ი. ზავადსკიმ მიიწვია „მოსსოვეტის“ თეატრში, სადაც რუსულ ენაზე შეასრულა კლეოპატრას როლი ბერნარდ შოუს პიესაში „კეისარი და კლეოპატრა“. სულ მალევე დაბრუნდა სამშობლოში და მთელი ცხოვრება ქართულ კინო-თეატრს მიუძრვნა.
კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე არაერთი უბრწყინვალესი სახე შექმნა, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული თეატრის უმდიდრეს ისტორიაში. მათგან აღსანიშნავია: ნინა (მიხაილ ლერმონტოვის „მასკარადი“), ჯულიეტა, ბეატრიჩე, ლედი ანა (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „ჭირვეული ცოლის მორჯულება“, „რიჩარდ III“), ჭრიჭინა (მარიკა ბარათაშვილის „მარინე“), გულსუნდა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), მარტა (კასონას „ხეები ზეზეულად ხმებიან“), ვარვარა კარპოვნა (კიტა ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), გულქანი (პოლიკარპე კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), დედა (ლაშა თაბუკაშვილის „ძველი ვალსი“) და სხვა.
1950 წელს როლისთვის კინოფილმში „ჯურღაის ფარი“ დაჯილდოვდა სტალინის პრემიით. ამავე წელს მიენიჭა საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება.
მედეა ჯაფარიძე ბრწყინვალე ოსტატობით ქმნიდა როგორც სახასიათო და კომედიურ, ასევე ლირიკულ და დრამატულ როლებს.
ვახტანგ ტაბლიაშვილი წერდა:
“მედეამ მე უაღრესად გამიმართლა იმედი. რეჟისორი მსახიობს აძლევს როლის მარცვალს. რეჟისორს უყვარს ის მსახიობი, რომელსაც აქვს საკუთარი ინიციატივა. სწორედ ასეთი მსახიობი იღებს რეჟისორისაგან მარცვალს და აი, იმ მარცვლისგან ზრდის თავისებურ სახეს. ასე შექმნა მედეამ ქეთო – “ქეთო და კოტეში”. ამ სურათის შემდეგ ჩემი რწმენა უფრო გაიზარდა მედეასადმი და როდესაც ვიფიქრე “რომეო და ჯულიეტას” დადგმის შესახებ, აქაც არჩევანი არ ყოფილა. ჩემთვის ჭეშმარიტება იყო ის, რომ მედეას უნდა ეთამაშა ჯულიეტა და უნდა მოგახსენოთ, რომ აქაც იგივე განმეორდა: ჩემ მიერ მიცემული მარცვალი მედეამ დიდ, საინტერესო ნაყოფად გაზარდა. მე ძალიან მიხარია, რომ მედეას საინტერესო ბიოგრაფიაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ჯულიეტას, რომელიც ჩვენ ერთობლივად შევქმენით“.
ცნობილი იტალიელი სცენარისტი ტონინო გუერა მედეა ჯაფარიძის მშვენიერებით იყო მოხიბლული:
“დღეს, როცა სამყაროში ამდენი რამ ინგრევა და იმსხვრევა, როცა ამდენი საშიშროება ემუქრება კაცობრიობის მშვენიერებას, როცა ასე მოჭარბებულადაა მოძალებული ყველაფერი ყოფითი და მიწიერი, ბედნიერებაა ხედავდე ისეთ ადამიანს, როგორიცაა მედეა ჯაფარიძე, რომლის შემოქმედებითი ნიჭიერება, სულიერი და ფიზიკური მშვენიერება მიიწევს ზევით, მაღალი იდეალებისაკენ და თითქოს, შენც მაღლდები მისი შემხედვარე“.
მედეა ჯაფარიძეს გერონტი ქიქოძემ უფსკრულის პირას ამოსული ყვავილი უწოდა. მის ცხოვრებაში იყო აურაცხელი ყვავილი, მაგრამ გზა ცხოვრებისა არ ყოფილა იავარდფენილი. მისი ცხოვრება სავსე იყო დრამატული კოლიზიებით.
პატარა იყო, როცა მისი რევოლუციონერი ბიძა – ალიოშა ჯაფარიძე დახვრიტეს. ამ ტრაგედიამ ახალი ტრაგედია შვა – მედეას ულამაზეს დედას ფსიქიკური ჯანმრთელობა შეერყა. ის ხშირად იწვა საავადმყოფოში და იპარებოდა ხოლმე იქიდან შვილის სანახავად. რა თქმა უნდა, მას ისევ აგლეჯდნენ შვილს და ისევ საავადმყოფოში აბრუნებდნენ…
მედეას ბავშვობის ნაწილმა რუსეთში, ალიოშა ჯაფარიძის ქალიშვილებთან ერთად განვლო. დედის მომჯობინების შემდეგ კვლავ თბილისს დაუბრუნდა. ჯერ მხოლოდ ქუჩაში შემხვედრს აშტერებდა თავის განუმეორებელი სილამაზით, მალე ეკრანებზე გამოჩნდა თექვსმეტიოდე წლის მედეა ჯაფარიძე.
19 წლის იყო მარჯანიშვილის თეატრში რომ მივიდა და პირველად “მარგარიტა გოტიეში” გამოჩნდა ეპიზოდურ როლში… სულ მალე კი ცოლად გაჰყვა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, ასაკით 16 წლით უფროს, გრიგოლ კოსტავას. მათ ბედნიერებას მალე მოეღო ბოლო – გრიგოლ კოსტავა ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის დააპატიმრეს, ელოდა დახვრეტა. ლეგენდასავითაა შემორჩენილი, თუ როგორ იხსნა 20 წლის მედეამ მეუღლე – როგორ გაფრინდა მოსკოვს, როგორ შეაღწია კრემლში, იქ, საიდანაც ყველას უარით ისტუმრებდნენ, მის სილამაზეს კი ვერ შებედეს უარი. სასიკვდილო განაჩენი პატიმრობით შეიცვალა…
პატიმართა დახსნა და სხვათა დახმარება მისი ცხოვრების წესად იქცევა. ის თამამად აღებდა მაღალი თანამდებობის პირთა კაბინეტის კარებს. ერთი პერიოდი უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს. სხვაზე ზრუნვაში დაავიწყდა ოჯახი, თეატრიც კი – საამისოდ დრო აღარ რჩებოდა, რადგან უნდა ეშოვა საბარგო მანქანები, ხე-ტყე, ცემენტი, კოპტონი (საქონლის საკვები ჩენჩო) კოლმეურნეობისთვის, თუმცა არც იცოდა, რა იყო ეს კოპტონი.
წლების განმავლობაში მედეა ჯაფარიძის შუამდგომლობით 126 ადამიანი გადაურჩა ციხესა და დახვრეტას. ვინ დაუდგებოდა წინ მის კეთილ ნებას?! ალბათ, უფრო იმიტომ, რომ მედეა ჯაფარიძისგან ასხივებდა ისეთი რაღაც, რასაც სხვაში ვერ იპოვიდი და ეს “რაღაც” მისი პიროვნების მარკერი იყო! დეპუტატად მეორედ აღარ აირჩიეს. ხუმრობდნენ: ციხეში პატიმარი აღარ დაგვიტოვაო! მხოლოდ მას შეეძლო ეთხოვა გენერალური პროკურორისთვის პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ებრძოლა და მოეთხოვა ყველაფერი, რაც კი სხვას სჭირდებოდა…
„მას ხომ შეუძლებელი შეეძლო. შევიდოდა ნებისმიერ თანამდებობის პირთან. ჯერ სილამაზით წააქცევდა, მერე ატირებდა სხვისი გასაჭირის გამო და გულის მაგივრად, ყინულიც რომ ჰქონოდა მომსმენს, მაინც უნდა დაეკმაყოფილებინა თხოვნა“, – ამბობდა ოთარ მეღვინეთუხუცესი.
მედეა ჯაფარიძე არსად არ ერიდებოდა არც თავის მშვენიერების, არც თავის ავტორიტეტის გამოყენებას სხვათა დასახმარებლად. არც ცეკას მდივნებთან და არც შინ – მშობლიურ თეატრში.
პირადი ცხოვრება მუდამ ზურგს აქცევდა, ვიდრე რეზო თაბუკაშვილს არ შეხვდა (1947 წ.) და არ დაიწყო დიდი და უჩვეულო სიყვარულის ეპოპეა. ისინი რენესანსული ტიპის ხორცშესხმული ადამიანები იყვნენ უგმირო და უსულო რეალობაში. თვალშეუდგამი და მიუაჩრდილებელი ფიზიკური სილამაზე ერწყმოდა სულის მშვენიერებას. ყველა მუხლს იყრიდა ამ სილამაზის წინაშე – ნაცნობიც და უცნობიც, ქართველიც და ისინიც, ვინც არაფერი იცოდა ამ ორი ადამიანის შესახებ.
ერთხელ მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში შევიდნენ. ორკესტრი უკრავდა. ვიდრე თავისუფალ მაგიდასთან მივიდოდნენ, ორკესტრმა დაკვრა შეწყვიტა. მთელი დარბაზი მათკენ შემობრუნდა, ჯერ აღტაცების ხმები გაისმა, მერე კი ტაშმა იქუხა, – იგონებდა მალხაზ აბდუშელიშვილი. არაამქვეყნიურსა და არამიწიერ სილამაზეს დაუკრეს ტაში. მშვენიერების წინაშე ყველა და ყველაფერი უძლურია!
მედეა ჯაფარიძე გარდაიცვალა 1994 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლელა დევდარიანი