“დღემდე უცნობია, როგორი ხარისხის საწვავს ვყიდულობთ” – ვინ ინარჩუნებს მაღალ მარჟას
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში საწვავზე ფასების კლება გაგრძელდება, რაც მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრების ნავთობის იმპორტიორებთან შეხვედრის შედეგია.
როგორც პრემიერმა განმარტა, შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ის მარჟები, რაც კომპანიებს აქვთ დაწესებული, არ იყო გონივრული და მათგან ფასების კლების პირობა მიიღო.
“ესეც, რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხს დაეხმარება, ჩვენს ხალხზე აისახება და ინფლაციასაც წაადგება. ეს ინფლაციის დონეს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ფასები არის შემცირებული ნავთობზე, რომელიც იმპორტიორებს შემოაქვთ. მათი არგუმენტები მოვისმინეთ და საკითხი შეეხებოდა მარაგების მართვას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
იმ შემთხვევაში თუ მარჟები არ დაიკლებს, ქვეყნის პრემიერი მთავრობა რეგულაციების ამოქმედებას გეგმავს, თუმცა ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით. კერძოდ, საუბარია ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე, სადაც ღარიბაშვილის თქმით, მაღალ ფასებთან ბრძოლა, ე.წ. დაკეტვით გადაწყვიტეს, ანუ განსაზღვრეს ზედა ჭერი.
“მთავრობას ნებისმიერ დროს აქვს ბერკეტები, რეგულაციები. ენერგოკრიზისი არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მთელ მსოფლიოსა და ევროპაში. ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე, კიდევ გაგრძელდება თვის ბოლომდე ფასების კლება საწვავზე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკა შენგელია დიდი ხანია საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში საწვავზე ფასის შემცირება შესაძლებელია, რაც ავტომატურად აისახება პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების ფასებზე. თუმცა არსებობს მეორე პრობლემა – კომპანიების არათანაბარ პირობებში ჩაყენება.
როგორც ნიკა შენგელიამ მედია სააგენტო “24”-ს განუცხადა, ფასები შედარებით დაკლებულია, თუმცა დიზელის საწვავის ფასზე ამას ვერ ვიტყვით. კარტელი ცდილობს, დიზელის საწვავზე მაღალი ფასი შეინარჩუნოს. დღეს ბენზინისა და დიზელის ფასები უნდა იყოს 3 ლარზე დაბალი, თუმცა საცალო ქსელი, მაინც ინარჩუნებს მაღალ მარჟას.
“თუნდაც, რომ შევხედოთ ბირჟის “პლატცის” ფასს, ბენზინის ფასი მაღალია, შესაბამისად ბენზინზე აქციზიც მაღალია – ტონაზე 600 ლარი, ხოლო დიზელის საწვავზე შეადგენს 400 ლარს. პარადოქსი ისაა, რომ აქედან გამომდინარე ბენზინზე უფრო დაბალია ფასი, ვიდრე დიზელზე. გასაკვირია პრემიერის განცხადება, როდესაც აღინიშნა, რომ “ვისოლს” აქვს მაღალი მარჟა – ერთ ლიტრ საწვავზე 80 თეთრიდან 1 ლარამდე. მარტო “ვისოლს” აქვს მაღალი მარჟაა? იგივე “გალფი” ავიღოთ, მასაც რუსეთიდან შემოაქვს საწვავი და მისი მარჟაც მაღალია. არც “ლუკოილზეა” დაბალი ფასები”, – აცხადებს ნიკა შენგელია.
უკვე ერთი წელია, კონკურენციის სააგენტო სწავლობს საწვავის ფასების ხელოვნურად გაზრდის საკითხს. დასკვნა უახლოეს დღეებში უნდა გამოქვეყნდეს. ნიკა შენგელიას აზრით, შედეგი იქნება იგივე, რაც 2015 წელს, როდესაც ანალოგიური ხასიათის კვლევა ჩატარდა და მთავრობა მხოლოდ ჯარიმებით შემოიფარგლა. ჯარიმები არაფრის მომტანი იყო, როგორც ეკონომიკისთვის, ასევე მოსახლეობისთვის. კერძოდ, 2015 წელს გამოწერილი 55 მილიონ ლარამდე ჯარიმიდან საბოლოოდ ბიუჯეტს 4,4 მილიონ ლარამდე გადაუხადეს.
ნიკა შენგელია კონკრეტული კომპანიის – “ვისოლის” გარშემო შექმნილ საეჭვო ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.
როგორც ექსპერტი განმარტავს, “ვისოლი” ერთადერთი ქართული კომპანიაა რომელიც 2006 წლამდე, სანამ „სოკარი“ შემოვიდოდა საქართველოში, იყო ყველაზე ხარისხიანი საწვავის იმპორტიორი ბერძნულ კომპანია “ეკოსთან” ერთად და მართლაც ჯანსაღი კონკურენციაც გვქონდა სახეზე. “სოკარის” შემოსვლის ეპოქამდე “ვისოლს” აზერბაიჯანიდან თვეში სულ რაღაც ერთი ან ორი ვაგონი დიზელის საწვავი შემოჰქონდა თ. შავდათუაშვილის, თ. ახვლედიანის და გ. ვასაძის ფირმა „მოდეტოს“ მეშვეობით. ყველა სხვა პროდუქტები კი, ევროპიდან.
ნიკა შენგელიას თქმით, “სოკარმა” აიძულა “ვისოლიც” და სხვა კომპანიებიც მასთან ეთანამშრომლათ. თავისი თანამშრომლების – ხუხაშვილის და ზუბიტაშვილის მეშვეობით შექმნა კომპანიები ავტოგასამართი სადგურები, რომლის ქსელებიდან შედარებით დაბალი ხარისხის საწვავის რეალიზაცია ახორციელებდა. დღეს კი, “ვისოლი”, რომელიც რუსულ საწვავზე გადაერთო და “სოკარის” გავლენიდან გამოდის, თავდასხმის ობიექტი გახდა.
“ყველა ქვეყანა, საწვავთან მიმართებაში ცდილობს, რომ არ იყოს მიბმული საერთაშორისო ბირჟის „პლატცებზე“. იცავენ თავის მოსახლეობას და ქმნიან სხვადასხვა რეგულაციების მექანიზმებს საკუთარი ეკონომიკის დასაცავად. ყველა ქვეყანა აკონტროლებს სახელმწიფო მნიშვნელობის დარგებს და ობიექტებს. ჩვენთან კი ვხედავთ, რომ “სოკარმა”, მაჰირ მამედოვის ხელმძღვანელობით, შექმნა ჩვენს ქვეყანაში “კარტელური” გუნდი, ჩაუდგა მას სათავეში და ენერგო მატარებლებზე ხელოვნურად აწეული მაღალი ფასებით ანგრევს ჩვენს ეკონომიკას და ატყავებს მოსახლეობას”, – აცხადებს ნია შენგელია.
მისივე თქმით, “ვისოლი”, სავარაუდოდ, იმიტომ გახდა დარტყმის ობიექტი, რომ ის ქართული კომპანიაა. გარდა ამისა, დღემდე არ იცის საქართველოს მოსახლეობამ, როგორი ხარისხის ბუნებრივ აირს აწვდის მათ “სოკარი”.
“გასაიდუმლოებულია ინფორმაცია, რომ ჩვენ ვიღებთ დაბალ კალორიულ ბუნებრივ აირს ხოლო ფულს გვახდევინებენ, როგორც მაღალ კალორიულს შეესაბამება, დღემდე არ არის დამონტაჟებული არც ერთ გამანაწილებელზე კოლორიმეტრი და მოსახლეობა დღემდე გადასახადებს მხოლოდ გახარჯული კუბური მეტრების ანგარიშით იხდის, მაშინ, როდესაც ჩვენ ორი მონაცემით უნდა ვიხდიდეთ გადასახადებს – სათანადო ფორმულის გამოყენებით კალორიულობა და კუბური მეტრზე გადაანგარიშებით”, – განმარტავს ნიკა შენგელია.
მისივე მოსაზრებით, სანამ არ შეიქმნება ნავთობპროდუქტების დარგში სახელმწიფო კომპანია და სახელმწიფო არ განახორციელებს რეგულაციებს, მაჰირ მამედოვის კომპანია და სხვებიც, არ შეჩერდებიან და გააგრძელებენ ეკოლოგიის დაბინძურებას უხარისხო ნავთობპროდუქტებით, ამას ემატება მოსახლეობის ძარცვა ხელოვნურად გაზრდილი მაღალი ფასებით და ქვეყნის ეკონომიკის ნგრევა, ინფლაცია მაღალი ფასებით.
როგორც მედია სააგენტო “24”-ს ნიკა შენგელიამ განუცხადა, სანამ საქართველოში არ შეჩერდება უხარისხო საწვავისა და ძრავის ზეთების იმპორტი, ფასების პრობლემა და მძიმე ეკოლოგიური ვითარება ქვეყანაში, მარტო 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვით ვერ მოაგვარებს.
შორენა ღავთაძე