“დაირღვა უკანასკნელი დიდი შეთანხმება დასავლეთსა და რუსეთს შორის”

რატომ არ დაეჯახება რუსეთი აშშ-ს? – ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან

დემურ გიორხელიძე

იკვეთება თუ არა ბაიდენის კიევში მოულოდნელი ვიზიტით გარკვეული ფარული შეთანხმებები პუტინსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის, რა განზრახვა აქვს აშშ-ს რუსეთთან და ჩინეთთან დაკავშირებით, რა ვერ გათვალა საქართველოს სტრატეგიულმა მოკავშირემ და რას ნიშნავს რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე სკამზე ერთდროულად ჯდომის პოლიტიკა? – ამ საკითხებზე მედია სააგენტო “24”-ს ექსპერტი დემურ გიორხელიძე ესაუბრა.

-როგორ შეაფასებდით ამერიკის პრეზიდენტის უკრაინაში მოულოდნელ ვიზიტს? ფაქტია, საომარი მოქმედებების პირობებში ცხელ წერტილში ჩასვლა და თან წინასწარი შეთანხმების, სპეციალური ესკორტის გარეშე, რეგიონში რუსეთთან გარკვეულ ფარულ შეთანხმებებზეც მიანიშნებს. ითქვა, რომ ვიზიტის შესახებ, მხოლოდ რუსეთი იყო ინფორმირებული და აშშ-ში ამ ინფორმაციას არ ფლობდნენ.

– ვფიქრობ, რომ მდგომარეობა სულ უფრო იძაბება. თუმცა, დაძაბვის ტემპი, მაღალი არ არის და ეს შემთხვევით არ კეთდება. იმიტომ, რომ ესკალაციას დასავლეთი ძალიან ერიდება. თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ დავწერე, ბოლო მომენტის შეხვედრები, რაც მოხდა, იგივე ნატოს ეგიდით და ან, თუ გნებავთ, ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტი უკრაინაში, იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ვარაუდი სწორი გამოდგა. კერძოდ, თანდათანობით, ნელ-ნელა უკრაინას ყველა სახის იარაღს მიაწოდებენ, რადგან უკრაინას ადამიანური რესურსი ჯერ საკმაოდ აქვს, ტექნიკის შემთხვევაში იდეოლოგიით, რომ იტყვიან, მომართულ უზარმაზარ ერს, საკუთარი თავის დაზოგვის, მომავალი ნაკლებად აინტერესებს. მათ ჰყავთ მტერი და ამისთვის იბრძვიან. თუმცა, ვფიქრობ, უკრაინა მხოლოდ ის რესურსია, რომელმაც რუსეთს პირველი, ასე ვთქვათ, გამიზნული ზიანი უნდა მიაყენოს. დანარჩენი გაგრძელდება და ამისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ასე რომ, დაძაბულობა ძალიან სერიოზულია. ნახეთ, რომ რუსეთმა ცალმხრივად დაარღვია და გამოვიდა “სტრატეგიული შეტევითი შეიარაღება 3”-ის ფარგლებიდან. ეს იყო უკანასკნელი დიდი შეთანხმება დასავლეთსა და რუსეთს შორის. ეს იმას მიანიშნებს, რომ ესკალაცია თანდათანობით უფრო მეტ ტემპს აიღებს. თუმცა, ჯერ უკრაინის რესურსი ამოწურული არ არის. უკრაინის რესურსის ამოწურვის შემდეგ სცენარები სხვადასხვა მიმართულებით განვითარდება. იგი აუცილებლად ევროპის პირველ დიდ დაპირისპირებას ღიად გამოაჩენს რუსეთთან. იმიტომ, რომ ეს დაპირისპირება აუცილებლად მოხდება. ბაიდენის ვიზიტი კი ლოგიკაში არ ჯდება, წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ამერიკელებმაც არაფერი იცოდნენ ამ ვიზიტის შესახებ, რაც არ ხდება. თანაც, ამერიკის პრეზიდენტი ისტორიაში პირველად სამხედრო ესკორტის გარეშე ჩავიდა საომარი მოქმედების ზონაში. არაფერი იყო გამორიცხული, თუნდაც ერთი რაკეტის გასროლა. მაგრამ როგორც გაირკვა და თითქმის ყველა ამერიკულმა გამოცემამ დაწერა, რომ ეს წინასწარ შეთანხმებული იყო. თანაც, ამერიკელებზე ადრე და საიდუმლოდ, ეს ყველაფერი რუსეთს გააგებინეს გაცილებით ადრე, ვიდრე ამერიკელები გაიგებდნენ. მოკლედ, თავისთავად ცხადია, რუსეთს იმედი არ უნდა ჰქონდეს იმის თაობაზე, რომ რაიმე მოლაპარაკებების სახით დასრულდება. ჯერ ეს ეტაპი ძალიან შორსაა. სანამ ბოლო სტადია არ იქნება მიღწეული, ვინ ვის გამოფიტავს. აქ საუბარია აშშ-სა და რუსეთზე. დასავლეთი ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე რაიმე ძალას არ წარმოადგენს. იგივე ნატო არ წარმოადგენს ძალას, იმიტომ, რომ მთავარი განმსაზღვრელი და ყველა რეალური შეიარაღების გამკონტროლებელი მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებია. რა იქნება ხვალ, ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ ეს, დღეს და ხვალ არ მოხდება. ყველაფერი საბოლოოდ მოლაპარაკებებით დასრულდება. მაგრამ, ვინ რა მდგომარეობაში იქნება მოლაპარაკების წინა პერიოდში, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. არ ვფიქრობ, რომ გაცხადებულ მიზნებს დასავლეთი გადაუხვევს რუსული სახელმწიფოს სრული განადგურების შესახებ. ეს სტრატეგიული ამოცანა არ იცვლება.

– რადგან რუსეთმა ამერიკაზე უფრო ადრე გაიგო ბაიდენის კიევში ვიზიტის შესახებ, არ ფიქრობთ, რომ გარკვეული ფარული შეთანხმებით მოქმედებაა ეს ყველაფერი? არც რუსეთი ჩანს ისე, რომ მარტივად თმობდეს პოზიციებს.

– ჩვენ რაიმე შეთქმულების თეორიაში რომ არ გადავეშვათ, ფაქტებს შევხედოთ. 2022 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, რუსეთისა და აშშ-ის უმაღლესი სახელისუფლებო რგოლების, სპეცსამსახურების წარმომადგენლები, სამხედროების მაღალი პირების და ა.შ., თითქმის 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფი ჩამოსული იყო და კონფიდენციალურად შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს. ამ შეხვედრებზე, არც ამერიკელებს და არც რუსებს რაიმე ინფორმაცია არ გაუსაჯაროებიათ. როგორც კი 24 თებერვლის მოვლენები დაიწყო, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის თავდაცვის სამინისტროს შორის ამერიკელების თხოვნით აღდგა ის კავშირი, რომელიც სირიაში ჩამოყალიბდა. სირიაში კი ჩამოყალიბდა კავშირი, ფაქტობრივად, რამდენიმე კილომეტრში დაახლოვდა ერთმანეთთან აშშ-ის შეიარაღებული ნაწილები და რუსული შეიარაღებული ნაწილები, იყო ავიაცია და ა.შ. კავშირი დამყარდა და როცა ამერიკელები თავიანთ ზონაში დაფრინავდნენ, ისინი ყველაფერს ატყობინებდნენ რუსებს და როგორც კი რუსები აფრინდებოდნენ, ყველაფერი წინასწარ იცოდნენ ამერიკელებმა. ამიტომ ისინი დომინირებდნენ თავიანთი გავლენის სფეროებში. ეს ყველაფერი გაკეთდა არა ურთიერთსიყვარულით, არამედ მხოლოდ იმის გამო, რომ გამორიცხულიყო ნებისმიერი შემთხვევითობა ამ ორი ქვეყნის სამხედროების დაპირისპირებისა. ასე რომ, 24 თებერვლის მერეც, ამერიკული მხარის თხოვნით, ეს კავშირი აღდგა. იყო რაღაც პერიოდი, რომ რაღაც შეფერხებით მუშაობდა, მაგრამ კავშირი მყარია. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ქვეყნები მაინც ცდილობენ ერთმანეთს არ დაეჯახონ, იმიტომ, რომ რუსეთს ნულოვანი ინტერესი უნდა ჰქონდეს და აქვს შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებისა. ასევე, არანაირი მტრობა არ ჩანს იმისა, რომ ამერიკელებს უნდათ რუსებს უშუალოდ დაეჯახონ. ამერიკელებმა მიაგნეს საუცხოო სცენარს – სხვების მეშვეობით, ფაქტობრივად, მთელი დასავლეთი მობილიზებულია რუსეთის საწინააღმდეგოდ. ჩვენ იმასაც არ ვუმხელთ ჩვენს მსმენელებს, რომ უკრაინაში 35 000-მდე უცხოელი ჯარისკაცი იბრძვის. აქედან ყველა დაქირავებული არ არის, მათ შორის ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცებია, რომლებიც სხვა ფორმაში არიან გადაცმული. ასე რომ, ყველაფერი ცნობილია. მიზანი ცნობილია – რუსეთის განადგურება. ახლა უნდა დაველოდოთ. თუ მოლაპარაკებამდე მოხდა ისე, რომ რუსებს ძალა გამოაცალეს, გასაგებია მოსალაპარაკებელიც არაფერი იქნება. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე შესაძლებელია და იმასაც გეტყვით, რომ ვერ ვხედავ, თუმცა ძალიან ყურადღებით ვაკვირდები პროცესებს, ჩემი პროფესია მაიძულებს ამას, არანაირი ემოცია და სიმპათია-ანტიპათიები არ გამაჩნია, როცა პოლიტიკაზე ვსაუბრობ, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ იმ შანსსაც კი, რომ შეიძლებოდეს რუსეთის დამარცხება. სულ ცოტა დროც და ეს ყველაფერი გამოჩნდება.

-რუსეთ-უკრაინის ომის შეფასებების დროს ასეთი აზრიც მოვისმინე – პუტინს ერთადერთი გზა რჩება, სტალინის მსგავსად იმოქმედოს. მეორე ვერსიით, იმხელა იარაღი შედის უკრაინაში, რომ რუსეთის პრეზიდენტი ბირთვული იარაღისკენ გაიხედავს…

– არა, გამორიცხული მგონია. ბირთვული დაპირისპირება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ორ ქვეყანას შორის. სხვას არანაირი შანსი არ აქვს. ესენი არიან ამერიკელები და რუსები. ეს კი ურთიერთ განადგურების ტოლფასია. უკრაინა არ საჭიროებს ატომურ იარაღს. ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რომ უკრაინაში რუსები ისე ვერ მოიქცევიან, როგორც ფაშისტური გერმანიის დამარცხების დროს იქცეოდნენ. ახლა ჩვენ არ გვაქვს ის თემა, რომ გავარჩიოთ რუსები და უკრაინელები. ესენი თუ ერთი ხალხი არ არის, უახლოესი მონათესავე ხალხია. მაგრამ მათ აშკარად სხვა ტაქტიკა აირჩიეს. ეს უკვე აშკარაა – ნელი პროცესი გადამუშავებისა, იმ შეიარაღებული ძალებისა, რაზეც გაჟონა ინფორმაციამ. ისინი ელოდებიან როდის ჩაერთვება უკრაინის ელიტარული ნაწილები ბრძოლებში იმიტომ, რომ ბახმუტის შემდეგ რჩება სლავიანსკ-კრამატორსკის ნაწილი. სამხედრო თვალსაზრისით დაცული ტერიტორიები ფაქტობრივად არ არის, გარდა დიდ ქალაქებში თავისებური, რომ იტყვიან, აუცილებელი შეიარაღების კონტინგენტისა.

– რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გრძელდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ აქტიური კრიტიკა. რამდენად ადეკვატურია მმართველი ძალის ნაბიჯები და რას ნიშნავს, პრემიერის გააქტიურება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით?

– სიმართლე გითხრათ, ძნელი სათქმელია, საქართველოს ხელისუფლებას რა პოზიცია აქვს, იმიტომ, რომ ის ცდილობს ერთდროულად რამდენიმე სკამზე დაჯდეს. ეს კი პოლიტიკაში ყველაზე წამგებიანია. ახლა არის მსოფლიო პოლიტიკური ლანდშაფტის უდიდესი გადაკეთების პერიოდი. აქ ტექტონიკური ხასიათის ძვრებია და ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების უსუსურ პოლიტიკურ ნაბიჯებს. შეტევა დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე სწორედაც განპირობებულია იმით, რომ ქვეყანას გამოკვეთილი პოზიცია არ აქვს. ხელისუფლებაში არ იციან ის, თუ ორი დიდი მსოფლიო მოთამაშის დაპირისპირებაში, როგორ უნდა მოიქცნენ. ესენი ცდილობენ, არც მწვადი დაწვან და არც შამფური. პრაგმატულად მოაზროვნე დასავლელ პოლიტიკოსებს თუ არ ემსახურები, შენ არავის აინტერესებ. ეს მსახურება კი საქართველოს შეიძლება განადგურების ფასად დაუჯდეს, როგორც კი, საქართველო ბრძოლას წამოიწყებს რუსების წინააღმდეგ. ამიტომ, ყველაფერი პრაგმატიკულ საფუძველზეა დასანახი და საქართველოს ხელისუფლებას პრაგმატიზმი აბსოლუტურად არ ახასიათებს. რუსეთთანაც უნდა, რომ ეს საფრთხე იგრძნოს. თქვენ გგონიათ, რომ რუსები უყვარს ან რუსების დაკვეთას ასრულებენ? – არა, სისულელეა. ეშინიათ, პირდაპირი გაგებით. დასავლეთი კი ამდენი ხანია, რომ იტყვიან, გაფინანსებს, უფრო სწორად, ამ პოლიტიკური ელიტების მოსყიდვას ახორციელებს უკვე მერამდენე ათწლეულია და ვერ მიხვდა იმას, რომ რა ქვეყანაა, რა კულტურაა ეს და რაზე შეიძლება ჰქონდეს გათვლა. იგივე იმ ენჯეოების მილიარდ დოლარამდე დაფინანსება. ვითომ სამოქალაქო საზოგადოების შექმნისთვის, არადა, ჩვენ მივიღეთ რამდენიმე ასეული არასამთავრობო, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების გარდა, ყველაფერს დაარქმევ. ეს არის უფრო ნეო-კომკავშირი, ვიდრე რაიმე სამოქალაქო აქტივობის მქონე საღი, საკუთარ ქვეყანაზე ორიენტირებული ძალა. ამიტომ, ყველაფერი ერთმანეთშია არეული. ახლა მკაცრად დააწვნენ საქართველოს იმიტომ. თავიდანვე ვვარაუდობდი, უკრაინაში სიტუაციის გაუარესებასთან ერთად, საქართველოზე წნეხი გაძლიერდებოდა და ასეც მოხდა. ყურადღების ცენტრში შემთხვევით არ არის ყოფილი პრეზიდენტი.

– გამოდის ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველო პირდაპირ თუ ირიბად ამ კონფლიქტში ჩაითრიონ?

– ვფიქრობ, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოუშვან ციხიდან. დანარჩენი უკვე მეორე განყოფილებაა. როდესაც ევროპარლამენტი აბსოლუტურად სიცრუეზე აგებულ გადაწყვეტილებას იღებს, აბსოლუტურად ტყუილზე, დემაგოგიურ არგუმენტაციაზე, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, – ეს რატომ კეთდება? რუსეთთან ომი უკრაინის ტერიტორიაზე ევროპელებს უზარმაზარი ფული დაუჯდათ, კიდევ უფრო მეტი დაუჯდებათ იმიტომ, რომ არ შეწყდება. ვიმეორებ, უკრაინის კონფლიქტით არ მთავრდება სტრატეგიული ამოცანა – რუსეთის სახელმწიფოს განადგურება. ამიტომ ეს არის დასავლეთთან საბოლოოდ ურთიერთობის ჩაშლა, რამდენიმე ათწლეული. როდის აღდგება, არ ვიცი. მაგრამ ეს კონფრონტაცია არ მოიშლება. საკუთრივ ევროპის ფუნქციაა გაურკვეველი ამ გადანაწილებაში. თვითონ ევროკავშირი არ წარმოადგენს მსოფლიო პოლიტიკურ მოთამაშეს. ის არც რეგიონულ დონეზეა სერიოზული. ეს არის პოლიტიკური ჯუჯა, რომელიც აბსოლუტურად ამერიკული პოლიტიკის ფრთის ქვეშაა. არის კიდევ წმინდა ეკონომიკური ხასიათის მოვლენები. კერძოდ, გადანაწილების შემთხვევაში ანგლოსაქსური სამყაროსთვის სივრცეები იზღუდება და რჩება ის, რასაც ევროპას უწოდებენ. ევროპაში მიმდინარე პროცესების მთავარი მიზანია, მთლიანად ჩაიხსნას რუსეთი და ჩინეთი ევროპისაგან. ვნახოთ, რა გამოვა. არ მგონია, რომ ამ ეტაპზე ამ გეგმის განხორციელება შესაძლებელი იყოს. თუმცა, ეს ერთ, ორ ან სამ წელიწადში არ დასრულდება.

ესაუბრა გიორგი გლოველი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

დღეს მსოფლიო ოკეანის დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოდკასტი