“სტიქიასა და პროფესიას შეწირული მასწავლებელი” – უნდა მიენიჭოს თუ არა გელა ლიპარტელიანს სახელმწიფო ჯილდო

ცაგერის მუნიციპალიტეტში, 21 თებერვალს ჩამოწოლილ ზვავს 43 წლის მასწავლებელი გელა ლიპარტელიანი ემსხვერპლა. სამოქალაქო თავდადებისა და განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის, ჟურნალისტი ნანა აკობიძე გარდაცვლილი მასწავლებლისთვის სახელმწიფო ჯილდოს მინიჭებას მოითხოვს, სამწუხაროდ, სიკვდილის შემდეგ.

თავად გელა ლიპარტელიანსა და ნანა აკობიძეს შორის ნაცნობობა შემთხვევით შედგა. გზაზე მდგარი მგზავრისთვის დახმარება და სახლამდე მიყვანა გელა ლიპარტელიანს შეუთავაზებია. რამდენიმე წუთიანი საუბარი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჟურნალიტს, ახალგაზრდა მასწავლებელის შინაგან სამყაროზე წარმოდგენა შექმნოდა.

აი, რას გვიამბობს ნანა აკობიძე:

“ლეჩხუმში მივდიოდი, ჩემს სოფელში. შემოგვაღამდა, გზა იყო გაფუჭებული და ვერ ავედით სახლამდე – ტრასაზე გავჩერდით. მე აგიყვანთო – მანქანა გაჩერდა. არ მეცნო. მე გიცნობთო. მეზობელი სოფლიდან აღმოჩნდა – აფხაზეთში ვიყავით გადასახლებული, მერე მე დავბრუნდი, სოფელში ინგლისურს ვასწავლიო. აგვიყვანა, აგვარბენინა. ვეპატიჟე, არ შემოგვყვა სახლში. ვაიმე, რა ვაჩუქო-მეთქი და წიგნი მომხვდა ხელში -“აფხაზეთის ომის ანთოლოგია”. – ამაზე უკეთესს ვერაფერს მაჩუქებდით, ალბათ, იმიტომ შეგხვდით დღეს, რომ ეს წიგნი გეჩუქებინათო.
ახალგაზრდა მასწავლებელი გელა ლიპარტელიანი – დიდთოვლობაში მაინც წავიდა სახლიდან, რომ გაკვეთილზე შესულიყო მეორე დღეს.
ზვავმა მოიყოლა მანქანით. ცაგერში ზვავმა მოიყოლა მასწავლებელი გელა ლიპარტელიანი, რომელიც ქალაქიდან დაბრუნდა სოფელში იმისთვის, რომ ესწავლებინა ბავშვებისთვის ინგლისური. და არა მარტო. იცნობდეთ, სტიქიას და პროფესიას შეწირული მასწავლებელს.
უსამართლობაა, ეს არ უნდა მომხდარიყო, არავინ არ იმსახურებს ასეთ ტრაგიკულ ხვედრს და მით უფრო – ეს ანგელოზივით ადამიანი, რომელმაც სიკვდილამდე ალბათ გაიარა ჯოჯოხეთი და ვერავის მიაწვდინა ხმა. საშინელებაა ამის წარმოდგენა”. 

ახალგაზრდა მასწავლებელი ერთდროულად მაღალმთიანი სოფლის სამ სკოლაში ასწავლიდა ინგლისურს. თავად ზაჰესში ცხოვრობდა, მაგრამ სამუშაოდ სოფელში წავიდა. როგორც ნანა აკობიძე ამბობს, იმ დღეს შეეძლო მასწავლებელ გელა ლიპარტელიანს სახლში დარჩენილიყო თბილ ღუმელთან და ფანჯრიდან ეცქირა, როგორ ლამაზად ბარდნიდა. არავინ გაათავისუფლებდა ამის გამო სამსახურიდან. მაგრამ ის მიდიოდა სკოლაში – ბავშვებთან, დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. ამას მაღალი პასუხისმგებლობა ჰქვია. იდეის ქონა და ამ იდეის ერთგულება.

“პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დამიდასტურეს, რომ ეს ნამდვილად არის სამოქალაქო თავდადება, განათლების სფეროში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილთან ერთად და რასაკვირველია, იმსახურებს სახელმწიფო ჯილდოს. სამწუხაროდ, სიკვდილის შემდეგ. ფორმალური მხარეა შესასრულებელი: – სკოლამ/სკოლებმა უნდა გამოგზავნონ შუამდგომლობის წერილი. იმ სკოლებმა, რომლებსაც სამი დღეა, შუქი არ მიეწოდებათ – ასეთი დიდთოვლობა არ ახსოვთ ლეჩხუმელებს”, – წერს ჟურნალისტი ნანა აკობიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მომხდარი ტრაგედიის ფონზე ერთგვარი დისკუსია გაიხსნა სოციალურ ქსელში, სადაც სოფლის მასწავლებლები საერთო პრობლემებსა და იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რასაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ყოველდღიურად აწყდებიან.

„მთელი ზამთარია, სახლიდან სკოლამდე და პირიქით 2-3 კილომეტრს გავდივარ ფეხით მგლის ნაკვალევზე, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, რომ ბავშვებს ვასწავლო. როცა სოფელში მოვდივარ მანქანით, გზა ისეთი სახიფათოა, როდის რომელ კლდეში გადავვარდებით, არ ვიცით. ვურეკავთ გამგებელს და ვთხოვთ გზის გაწმენდას. და გამგებელი გვპასუხობს: დღეს თოვს, ხვალ გადაიღებს და მაშინ დაგვწმენდთა, ორმაგი ხარჯიაო. როცა ამ გზაში ჩავკვდები, არც გმირის ძახილი მიშველის, არც იმის რომ საქვეყნო საქმეს ვაკეთებ და არც ზამთარში ჰოლანდიიდან ჩამოტანილი სამგლოვიარო ყვავილები. ყინვისგან ვკვდები აქ, მე შტერს მგონია, რომ სახელმწიფოს უკეთესს მომავალზე ვზრუნავ და თურმე თქვენ ხარჯის გაწევა არ გინდათ!! სირცხვილია, ხალხო… სირცხვილი!”, – წერს მასწავლებელი სოფელ ძმუითიდან.

აღნიშნული სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტშია. წლევანდელი ზამთარი დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან სოფლებში უხვთოვლიანი გამოდგა. თვითმმართველობები თურმე “არ ელოდნენ” და ზომებიც ვერ მიიღეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დიდთოვლობამ სოფელს პრობლემები შეუქმნა, თუმცა ამის გარეშეც არ იყვნენ ხელისუფლების ყურადღებით განებივრებულები. სოფელში არ არსებობს გზა, წყალი, აფთიაქი და მაღაზია. 3 დღის სამყოფი საკვები პროდუქტები, მასწავლებლებს, ხშირად, თბილისიდან მიაქვთ.

“გაუსაძლისი გახდა უკვე ამ სოფელში მუშაობა, არსებობა და ყველაფერი. არავინ თქვას, რომ ვინმესთვის პრიორიტეტია სოფლის გადარჩენა დაცლისგან”, – წერს ლუარა გოთიაშვილი სოფელ ძმუისიდან.

კიდევ ერთი მასწავლებელი ლალი მარგიანი წერს, რომ 21-ე საუკუნეში, საქართველოს ნებისმიერ სოფელში არსებობს გადაუჭრელი პრობლემები, როგორიც არის, თუნდაც შენობის გათბობა.

“სკოლას რომ ვერ გაათბობ და ათასნაირ ანთებას აიკიდებს მასწავლებელი, სახელმწიფო დაზღვევაც რომ არ ეკუთვნის და კრედიტს მორჩენილი ხელფასი უბრალო ანალიზის ხარჯში ვერ ეტევა, როცა დაუცველი ხარ, რა მაღალ ღირებულებებზე უნდა ესაუბრო ბავშვებს?! თბილი კაბინეტიდან კი საოცრად მარტივად და ლამაზად ჩანს ყველაფერი! მერე ეცინებათ, მასწავლებლებს გმირებად რომ იხსენიებენ! “, – წერს იგი.

“ამიტომ ცარიელდება სოფლები და ნასახლარს ემსგავსება, არ უქმნიან შესაბამის პირობებს ადამიანებს, სოფლებიდან კი არა, საქართველოდან გააქციეს ხალხი, მათ არ აინტერესებთ, არც ხალხი და არც საქართველო, მათ მხოლოდ თავიანთი ჯიბის გასქელება აინტერესებთ!”, – წერს ხატია ბჟალავა.

გელა ლიპარტელიანს გლოვობენ ლეჩხუმელები და ამბობენ, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც ჰაერივით სჭირდებოდა ლეჩხუმს. რაც შეეხება ჯილდოს მინიჭების იდეას, მათი აზრით, ის უკან მიდევნებული ლამპარივით იქნება, ათასჯერ სჯობდა სიცოცხლეშივე ეთქვათ, რა დიდ საქმესაც აკეთებდა. მაგრამ, ნათქვამია, წინა კაცი უკანას ხიდიაო.

“იქნებ სხვა, მისნაირ მასწავლებლებს გაუადვილოს ყოფა. ასეთ ერთეულ, გმირ კოლეგებზე დგას ჩვენი განათლების სისტემა”, – წერენ მოქალაქეები.

კიდევ ერთი დეტალი გელა ლიპარტელიანის ცხოვრებიდან. იმ სოფელში, სადაც ასწავლიდა, ერთი ბებერი ძაღლი იჯდა გორაკზე და თითქოს ვიღაცას ელოდა. როგორც კი, შორიდან გამოჩნდებოდა მასწავლებლის ავტომობილი, ძაღლს მოუსვენრობა იპყრობდა, გაიქცეოდა გელასკენ. ისიც, გააღებდა საბარგულს, ამოიღებდა პურს და მისცემდა ძაღლს. ასე კვებავდა ძაღლს ყოველდღე, ოთხფეხა მეგობარიც ყოველდღე ელოდა მის გამოჩენას…

 

შორენა პაპაშვილი


ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობამ უკვე 1800 ბიბლიოთეკა განაახლა

,,ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ – წიგნი, რომელიც ქართველ მეცნიერს განსხვავებულ ჭრილში გაგვაცნობს

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

პოდკასტი