ერთი საუკუნის წინ, 17-24 თებერვალს, თბილისის მისადგომებთან იუნკრები გმირულად დაეცნენ

1921 წლის 17-24 თებერვალს იალღუნთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლების ბრძოლაში რამდენიმე იუნკერი დაიღუპა.

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. ეს დღე 2010 წლიდან განსაკუთრებულად აღინიშნება.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თითქმის სამწლიანი არსებობის შემდეგ, რუსეთის მე-11 არმია, მოსკოვის ინსტრუქციების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა. წითელარმიელების მასობრივი შემოტევა ქვეყნის ხუთი მხრიდან განხორციელდა.

19-20 თებერვალს, კოჯრისა და ტაბახმელას მისადგომებთან, მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510- მა იუნკერმა გაუწია. თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში 20-25 წლის ბიჭები მამაცური ბრძოლით შეეწინააღმდეგნენ მტერს და სამშობლოს დასაცავად თავიც გაწირეს. ეს ბიჭები თბილისის სამხედრო სკოლის იუნკრები იყვნენ. მათ შორის იყო 19 წლის სტუდენტი მარო მაყაშვილი, რომელიც წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, წითელ ჯვარში მოხალისედ ჩაეწერა და კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა.

ქართველ ჟანა დ’არკად წოდებული მარო მაყაშვილი, 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევებით სასიკვდილოდ დაიჭრა და სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

“არც სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისი,
თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი!
გულზე სევდა შემომაწვა თავის მძიმე ლოდებით;
საქართველო გაიჟღინთა მაყაშვილთა გოდებით!”

მარო მაყაშვილის მამამ, კოტე მაყაშვილმა ამ სიტყვებში ყველა იმ ქართველი მშობლის ტკივილი ასახა, რომელთა შვილებიც 1921 წლის სუსხიან ზამთარში ქვეყნის დასაცავად იბრძოდნენ და გმირულად დაეცნენ.

სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი-ქალის დაღუპვა მძიმედ განიცადა ქართულმა საზოგადოებამ, რაც იმდროინდელ პრესაშიც აისახა.

მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ამ ბრძოლაში იუნკრების რაინდობისა და დიადი სილამაზის სამარადისო სიმბოლურ სურათად დარჩება ტყვიამფრქვევს გადაფარებული, განგმირული შალვა ერისთავიც. მან 24 თებერვალს, ტაბახმელასთან, საკუთარი სიცოცხლის ფასად საცეცხლე პოზიცია გააუვნებელყო, რითაც თანამებრძოლებს კონტრშეტევის წარმატებით დასრულების საშუალება მისცა.

1921 წლის 24 თებერვალს, წითელარმიელებმა ტაბახმელას სანგრის სამივე ზოლი დაიკავეს და გაშლილ მინდორზე კონტრიერიშზე გადასულ ქართველ იუნკრებს ტყვიამფრქვევით უპასუხეს. იუნკერთა ასეული სიკვდილისგან, ქსნის ერისთავთა შთამომავალმა, შალვა ერისთავმა საკუთარი სიკვდილით იხსნა. ქართველი რაინდი სანგარში შევარდა და ტყვიამფრქვევს საკუთარი სხეულით გადაეფარა.

სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული იუნკერი, შალვა ერისთავი ,,შევარდნის“ ფეხბურთელი და განთქმულმა მორბენალი იყო.

კოჯორსა და ტაბახმელაში რუსეთის მე-11 არმიასთან უთანასწორო შეტაკებები, ქვეყნის გასაბჭოებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაციაში წასვლით და კომუნისტური მმართველობის დამყარებით დასრულდა.

თითქმის ერთი საუკუნის წინ, იუნკერთა თავგანწირვა და თბილისის მისადგომებთან რუსული არმიისთვის გაწეული წინააღმდეგობა, საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.

თავისუფალი სამშობლოსთვის ბრძოლის ველზე დაღუპული გმირები 23 თებერვალს, ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს. ქართველ იუნკრებთან ერთად დაკრძალეს მარო მაყაშვილიც.

ლევილის არქივში დაცულ დოკუმენტებში, ერთ-ერთ საქაღალდეში აღმოაჩინეს ხელნაწერი, 11 გვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც სამხედრო სასწავლებლის დანაკარგისა და დაჭრილების შესახებაა ინფორმაცია დაფიქსირებული (დოკუმენტები გადაეცა საქართველოს ეროვნულ არქივს).

კოჯორ-ტაბახმელაში დაღუპული იუნკრები:
შალვა ერისთავი, ოთარ ლორთქიფანიძე, იოსებ ჯანდიერი, ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, მაკარ ბურჭულაძე, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, გიგლა გარსიაშვილი, მამუკა ასათიანი, გიორგი ფურცელაძე, დავით სარჯველაძე, იასონ მალხაზ ჭავჭავაძე, არჯევან ანანიაშვილი, ირაკლი თოიძე…

დაჭრილები:
ვარლამ აბაშიძე, ნიკოლოზ ვახვახიშვილი, გიორგი ზალდასტანიშვილი, ივანე მაჩაბელი, რევაზ მირზაშვილი, ბაგრატ სამხარაძე, ალექსანდრე ტატიშვილი, ვასილ ქაჯაია, მიხეილ ხიდირბეგიშვილი, შალვა ავალიშვილი, ირაკლი აღლაძე, ვლადიმერ გიორგაძე, სიმონ იაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, დავით მამუჩაიშვილი, დავით მორჩაძე, ივანე სიმონიშვილი, ისაკ ხინველი, გიორგი ცქიტიშვილი, ნიკოლოზ ჯაფარიძე, ნიკოლოზ დგებუაძე, ივანე ვეფხვაძე, იოსებ ზაუტაშვილი, კონსტანტინე იაშვილი, ალექსანდრე ქუმარიტაშვილი, კონსტანტინე ლოლაძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, გიორგი ბაღინაშვილი, ზურაბ ტატიშვილი, ვლადიმერ წიკლაური, ნიკოლოზ ჯაფარიძე, სოლომონ ჭიღლაძე, გიორგი ბალუაშვილი, გრიგოლ კიკიანი, ისიდორე ფერაძე, დიმიტრი ამირეჯიბი, მამუკა ასათიანი, ამბროს გორდეზიანი, აბესალომ იოსავა, გიორგი საღინაშვილი, ნიკოლოზ საღინაშვილი, დიმიტრი ხუციშვილი, ვლადიმერ ჩილაჩავა, გრიგოლ ჩხეიძე.

იუნკერთა ბრძოლებს და მათ შემდგომ ბედს თავის მოგონებებში დეტალურად აღწერს ნიკოლოზ (კოკი) დადიანის შვილი, იუნკერი მიხეილ დადიანი. როგორც იხსენებს, მან მარო მაყაშვილი მაშინ ნახა, როცა ის ტაბახმელიდან სანიტარული ეტლით დაჭრილებთან ერთად თბილისისკენ გამოემგზავრა, თუმცა, რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, ორთვალას ყუმბარა დაეცა…

მიხეილ დადიანის მოგონებები დაისტამბა 1976 წლის (#18) ჟურნალ „კავკასიონში“(პარიზი).
თავად მიხეილ დადიანი, 1921 წლის 18 მარტს, ბათუმიდან გემით სტამბულისკენ გაემგზავრა, იქიდან კი საფრანგეთში ჩავიდნენ…

გიორგი კვინიტაძესთან ერთად გემზე სიკვდილს გადარჩენილი იუნკრები მრავლად იყვნენ, რომლებმაც დატოვეს საქართველო.

 


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი