“ჩვეულებრივი პარანოია” ქართულ პოლიტიკაში – “გვინდა კი, საერთოდ, ასეთი ევროპა?”
“ივანიშვილი ფარულად, კულუარულად მართავს ქვეყანას და პატარა, მშიშარა ბიჭების მეშვეობით, წერილებით გველაპარაკება, როცა გვეუბნება – გვინდა კი, საერთოდ ასეთი ევროპა?”, – აცხადებს გიორგი გახარია.
მმართველი პატია “ქართული ოცნების” ყოფილი პრემიერი, საარჩევნო სიის ყოფილი პირველი ნომერი და საუკეთესო კრიზის-მენეჯერის სახელით ცნობილი გიორგი გახარია, ბიძინა ივანიშვილს ღიად უპირისპირდება. ეს მისი პირველი დაპირისპირებაა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, რომელმაც 2012 წელს, არა მხოლოდ ძალაუფლება დაათმობინა სააკაშვილს, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკაში “შუა გაკრეფილიყო”.
თავდაპირველად ეს ფაქტი ოპოზიციის მხრიდან სერიოზული კრიტიკის საგანი იყო, დღეს კი საზოგადოება ხვდება, რომ ამ ფაქტმა ხალხის თვალში კარგად გამოკვეთა, ვინ ვინ არის, რა შესაძლებლობა აქვთ და ვისზე მუშაობდნენ?
რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე, რადიკალური ოპოზიციის მიერ “თვალთხარიად” წოდებული გახარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართავს და როგორც საქართველოს ყოფილი პრემიერი მხარდაჭერას სთხოვს, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში.
„ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა – მათ აირჩიეს ევროკავშირი, როგორც მათი ისტორიული და სტრატეგიული მიზანი. დღეს, ჩვენ ამ მიზნის მიღწევასთან ვართ ისე ახლოს, როგორც არასდროს. დღეს ეს შესაძლებლობა გააჩინა უკრაინელი ხალხის გმირობამ და მიზანდასახულობამ და ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად გვჭირდება თქვენი დახმარება. რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ შექმნა ცივი ომის შემდგომ ისტორიაში გარდამტეხი მომენტი და ჩვენი გეოპოლიტიკური ინტერესები დააახლოვა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ორივე მხარისთვის იქნება სარგებლის მომტანი. ევროპაში აღარ დარჩა სივრცე გაურკვევლობისთვის. იმპერიების ნგრევის და მათი გავლენის სფეროების შემცირების გარეშე არ იქნება მშვიდობა და უსაფრთხოება“, – წერს გახარია აღნიშნულ განცხადებაში და მიუთითებს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაეხმარება საქართველოს, მეტად გააძლიეროს ურთიერთობები და გააღრმაოს თანამშრომლობა, რათა სათანადოდ უპასუხოს გამოწვევებს.
„გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ უნდა მიიღონ, დიდწილად განსაზღვრავს საქართველოს მომავალ განვითარებას და დემოკრატიის ბედს. ბევრი თქვენგანი დღეს შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მდგომარეობით. ევროინტეგრაციის პროცესს შეუძლია ეს მდგომარეობა შეცვალოს. ამის საპირისპიროდ, უარი ევროინტეგრაციაზე შექმნის ვითარებას, რაც საქართველოს მიიყვანს ავტორიტარულ მმართველობამდე. კანდიდატის სტატუსის მინიჭება, არა მხოლოდ მოახდენს ევროკავშირის მხარდაჭერის დემონსტრირებას ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებისადმი, არამედ ხელს შეუწყობს მთლიან რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფას“, – აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია.
ამ განცხადების შემდგომ, ოპოზიციურ ფლანგზე გადაბარგებულმა გიორგი გახარიამ, რომლის „შავი ლაქაც“ 20 ივნისია და იმ დღიდან „თვალთხარიად“ მონათლეს, ფაქტობრივად, ღია ომი გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს.
ამ ფაქტმა საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა, არის კი, მართლაც გახარია ივანიშვილის სათადარიგო მოთამაშე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში თუ ის საბოლოდ ჩახსნილია? ეს ყოველივე არჩევნების დროს გაირკვევა, მანამდე კი ფაქტია, პატარა შეშინებულ ბიჭებს უწოდებს მმართველი ძალის ელიტას. გახარია მათ აფრთხილებს, – ივანიშვილი გიყენებთ და მოგეკითხებათო.
„გადამალული ივანიშვილი თავის დანაშაულის განსახორციელებლად გიყენებთ თქვენ და თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილი გაიპარება უკანა კარიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული. საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროპულ ინტეგრაციასთან, როგორც დღეს და ასევე, ასე ახლოს ამ შესაძლებლობის დაკარგვასთან. ეს დაკარგული შესაძლებლობა იქნება დანაშაული ჩვენი შვილების წინაშე“, – აცხადებს გიორგი გახარია.
ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებისა და შეფასებების გამო, თავად ექსპრემიერი თავს ივანიშვილთან ღია ომში არ აღიქვამს. უფრო მეტიც, აქვს პრეტენზია, რომ სწორედ მას ეკუთვნის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის სტატუსი. ცოტა უცნაურია პასუხისმგებლობაზე საუბრობდეს ადამიანი, რომელმაც ქვეყნის მთავრობის მეთაურის თანამდებობა ისეთ კრიტიკულ მომენტში დატოვა, როდესაც ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე იმყოფებოდა. მან თანამდებობა მთავარი ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას ელექტრონულ სამაჯურს შესწირა. სხვადასხვა მოარულ ვერსიებს შორის დღეს იმასაც ამბობენ, რომ გახარიამ რადიკალების რევოლუციური სცენარით მისთვის განსაზღვრული როლი ითამაშა.
„მე არავისთვის დამირტყამს. საერთოდ არ აღვიქვამ ასე. მე ვთვლი, რომ საქართველოში პასუხისმგებლობიანი ადამიანებისთვის მოვიდა პოზიციის დაკავების დრო. ამ პოზიციის არ დაკავებას ჩვენ უბრალოდ ისტორია არ გვაპატიებს. ჩვენი შვილები არ გვაპატიებენ. მე, უბრალოდ, ვთქვი ის, რასაც ვფიქრობ და ვთქვი, რაც ვიცი და რასაც ვთვლი, რომ არის სიმართლე“, – ამბობს გახარია.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს დასავლური განვითარება, ქართველის ხალხის საერთო ეროვნული კონსენსუსია. ამაში ქართველმა ხალხმა სისხლი დაღვარა და იმსახურებს ევროპულ არჩევანს.
“ნაციონალურ მოძრაობასთან” გარიგებაში მხილებული გახარია ივანიშვილს და მის პარტიას ახსენებს, რომ ადამიანებს, რომლებსაც 2012 წელს საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ ნდობა გამოუცხადა და ფაქტობრივად, ქვეყნის ბედი ჩააბარა, მეტი პასუხისმგებლობა მართებთ ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე. ექსპრემიერი ფიქრობს, რომ დღეს ივანიშვილი ფარულად, კულუარულად მართავს ქვეყანას და პატარა, მშიშარა ბიჭების მეშვეობით, წერილებით გველაპარაკება, როცა გვეუბნება – გვინდა კი, საერთოდ ასეთი ევროპა?
„კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ისეთ რამეს, რაც არცერთ ხელისუფლებას, ამ ქვეყნის ისტორიაში, არ დაუყენებია. აი, როგორი შედარებაა – მშვიდობა ევროპაა თუ რუსეთია. ჩემთვის, როგორც ყველა ნორმალური ადამიანისთვის ამ ქვეყანაში, ევროპა მშვიდობაა. ხოლო რუსეთთან პირისპირ დარჩენა, რა თქმა უნდა, ომს ნიშნავს. ვერასოდეს იქნება რუსეთი ჩვენი კეთილდღეობის გარანტორი, ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის. ისტორიას ეს არ ახსოვს. ვინც გვეუბნება, რომ არსებობს, რაღაც მესამე განსაკუთრებული გზა, ან მავნებელია, ან უვიცი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ 23 თებერვლის სატელევიზიო ინტერვიუში “ტვ პირველზე”.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ივანიშვილს მოუწოდებს, გამოვიდეს, ხალხს დაელაპარაკოს – პატივი სცეს ქართველ ხალხს, რომელმაც მას დიდი ნდობა გამოუცხადა და რომელსაც მისი იმედი ჰქონდა.
„ვიღაც აი, ამ გაურკვეველი პატარა ბავშვებით ნუ გველაპარაკება და წერილებს ნუ გვიგზავნის. თავის დაწერილ წერილებს“, – აცხადებს გახარია.
საჯარო განცხადებების დონეზე ექსპრემიერი ცდილობს, ივანიშვილს ის ქველმოქმედება და ღვაწლი არ დაუკარგოს, რომელიც მან ქვეყნისა და პირადად, მის მიმართ გასწია, თუმცა იქვე განმარტავს, რომ ეს არ არის ინდულგენცია, რომელიც ივანიშვილს უფლებას აძლევს, სხვისი შვილის მომავლით ივაჭროს.
„რაც არ უნდა გააკეთო ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ქართველი კაცი მადლიერია და ეს ემახსოვრება. მაგრამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც შენ შენი ფულის და შენი თავის ინტერესს ხალხზე მაღლა დააყენებ, ამასაც თავის შეფასებას მისცემს. სხვაზე აქ ლაპარაკი არაა. ბევრი რამ გვახსოვს კარგი. მეც ძალიან ბევრი კარგი მახსოვს პერსონალურად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ ინდულგენცია იყიდა; იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას კულუარულად პასუხისმგებლობის გარეშე შეუძლია ჩემი შვილის მომავლით ივაჭროს, რაც დღეს, ფაქტობრივად, ხდება“, – აცხადებს გიორგი გახარია და პარალელურად ბიძინა ივანიშვილს ჩრდილოვან მმართველობაში ამხელს.
აღსანიშნავია, რომ ეს მკვეთრი შეფასებები ყოფილი პრემიერის მხრიდან მას შემდეგ კეთდება, რაც ღიად ისმის შეფასებები, რომ ივანიშვილმა და მისმა პარტიამ რუსული კურსი აირჩია; რომ „ქართული ოცნება“ რუსეთია და ა.შ. რეალურად კი, სწორედ ახლაა ის დრო, როცა მსოფლიოში გავლენების გადანაწილების ახალი პროცესი დაიწყო და ქვეყანამ საკუთარი ინტერესები უნდა გამოკვეთოს, ისევე, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა დაიცვას.
გახარია „ქართული ოცნებას“, რომლის მთავრობის მეთაურიც ზუსტად 2 წლის წინ თავად იყო, ადანაშაულებს იმაში, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ფსონს უკრაინის დამარცხებაზე დებს და, რომ ამაზეა აგებული ქვეყნის ხელისუფლების მთელი საგარეო პოლიტიკაც.
“ეს არის უმძიმესი სტრატეგიული შეცდომა. რუსეთმა, ღმერთმა ნუ ქნას, ამ ომში რაღაც წარმატებას რომ მიაღწიოს, გეოპოლიტიკურად რუსეთს უკვე უდიდესი დამარცხება აქვს მიღებული”, – ამბობს ექსპრემიერი გახარია.
მისივე თქმით, ივანიშვილი ისე გავიდა პოლიტიკიდან, რომ რეალურად დარჩენილიყო პოლიტიკაში. დღეს, ფაქტობრივად, ამ ერთი ადამიანის აღქმებით იმართება მთელი საქართველო. სახელმწიფო, ფაქტობრივად, დისფუნქციურ მდგომარეობაშია. ინსტიტუტები თავის ფუნქციას ვერ ასრულებენ.
„როდესაც ვიღაც ერთი ადამიანის აღქმებით იმართება ქვეყანა, როდესაც არ მუშაობს ინსტიტუციური ფილტრები, როდესაც გაუთვითცნობიერებელი შიშები მოქმედებენ ამ ადამიანის განწყობებზე და აღქმებზე, ადეკვატურობაზე იქ საუბარი შეუძლებელია“, – აცხადებს გახარია და “ჩვეულებრივ პარანოიას” უწოდებს შიშებს, თითქოს საქართველოში ამერიკა გადატრიალებას ამზადებს; რომ ევროპარლამენტარები მოსყიდულები არიან და ა.შ.
გახარია პარანოიაზე საუბრისას ერთ სიბრტყეში განიხილავს ივანიშვილსაც და სააკაშვილსაც. პარანოიას სააკაშვილის ქმედებებშიც ხედავს, ამიტომ ფიქრობს, რომ დღეს მნიშვნელოვანია ქვეყანამ მკვეთრად დააფიქსიროს მისი დასავლური კურსი და თანაც სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე, რადგანაც ახლა, საქართველო გარედან დაკვირვების ობიექტია და ევროპისთვის ხელისუფლების პოზიცია ნათელი უნდა იყოს. ივანიშვილის აღქმებით მართვა კი, გახარიას თქმით, ქვეყანას აზიანებს, ისევე როგორც მმართველი პარტიის „პატარა ბიჭების“ შიშები…
… და მაინც, საინტერესოა, რამ აიძულა გახარიას ივანიშვილთან დაპირისპირების დემონსტრირება? ბიძინა ივანიშვილის პარანოიკული შიშები გახარიასთვის მაშინაც ცნობილი იყო, როცა მამა-მარჩენლის ფრთის ქვეშ იკვებებოდა, თუ რუსეთ-უკრაინის ომმა ახადა ფარდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გაბატონებულ ბაკქანალიას?
გიორგი გლოველი