“ჩემი ძვლები ქართულ მიწაში უნდა ჩავყარო” – 66-წლიანი დევნილობიდან 18 დღეში დასრულებული ცხოვრება

საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი და მარჯვენა ხელი, ალექსანდრე სულხანიშვილი ყოველთვის თავდადებითა და სიმამაცით გამოირჩეოდა. მისი ცხოვრება საინტერესო და ფათერაკებით აღსავსე იყო.

ტრაგიკული და გმირული პერიოდი, რომელიც მან თავის თანამებრძოლებთან ერთად განვლო, კარგა ხანს უსამართლოდ იყო მივიწყებული, თუმცა, როგორც ამბობენ, სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს. საქართველოს მებრძოლ რაინდზე დღეს უკვე ბევრი საინტერესო ისტორიაა შემონახული.

ალექსანდრე სულხანიშვილი 1896 წელს კახეთში, სოფელ აწყურში დაიბადა. 1918-21 წლებში საქართველოს ეროვნულ ჯარში მსახურობდა. საქართველოს ოკუპაციისა და გასაბჭოების შემდეგ კი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ,,შეფიცულთა რაზმში“ იბრძოდა.

1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდეგ, ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და რაზმის სხვა წევრებთან ერთად, თურქეთში გადავიდა და მას შემდეგ, 66 წელი ემიგრაციაში გაატარა. სხვადასხვა დროს საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. ეტაპობრივად მუშაობდა ხელოსნად, ტაქსის მძღოლად და იახტების მშენებლად. ერთი პერიოდი კი, ამერიკის ქართული სათვისტომოს აქტიური წევრი გახლდათ.

რაც შეეხება მის ლიტერატურულ მოღვაწეობას, გამოცემული აქვს წიგნები: ,,ხმა სიმართლისა: წითლების მოქმედება ნიუ-იორკის ქართულ სათვისტომოში“; ,,მოგონებანი შეფიცულ რაზმზე“; “რა ხდებოდა მეტეხის ციხეში ქართველებს შორის 1923 და 1924 წლებში და ილიას მკვლელობის სინამდვილე“; ,,ჩემი პასუხი ჯორდანიას მემკვიდრეებს“ და “შეფიცულთა რაზმის ცხოვრება საფრანგეთში 1924 წლის ნოემბრიდან“.
ეროვნული გმირის მოგონებანი, 1924 წლის აჯანყებისა და ქართული ემიგრაციის ისტორიის პირველი წლების შესწავლისათვის ,საინტერესო დოკუმენტია.

როგორც ცნობილია, ალექსანდრე სულხანიშვილთან ინახებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძვირფასი ხმალ-სატევარი, რომელიც მან 1989 წელს გაზეთ ,,სამშობლოს“ რედაქტორის, ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილის ხელით საქართველოს დაუბრუნა. 1990 წლის 19 ოქტომბერს კი, მისივე დახმარებით, 94 წლის მოხუცი სამშობლოში დაბრუნდა. პატარა პაკეტზე, რომელიც მან საქართველოში ჩამოიტანა, ,, საქართველოს მიწა“ ეწერა.
მანამ, სანამ ქართულ მიწაზე ფეხს დადგამდა, მის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ერთი მოქალაქე სხვადასხვა გაზეთის რედაქციებში შემდეგი შინაარსის წერილს აქტიურად გზავნიდა:

“ბატონო რედაქტორო!
შეუძლებელია ქართველმა ადამიანმა გულგრილად წაიკითხოს ბატონ ალექსანდრე სულხანიშვილის სასოწარკვეთილი სიტყვები: ,,ნუთუ არავის გავახსენდები, რომ სამშობლოში დაბრუნებაში დამხმარებოდა! ოჰ, ერთი კიდევ დამადგმევინა სამშობლოს მიწაზე ფეხი, ერთხელ კიდევ ჩამასუნთქა კახეთის ჰაერი და მერე რაც იქნებოდა, აღარ ვიდარდებდი.“
ამაზე ოცნებობს კაცი, რომელიც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და კეთილდღეობისთვის და ამისთვის შეუწირავს მთელი თავისი ახალგაზრდობა და ცხოვრება. დადგა დრო, რომ მადლიერმა შთამომავლობამ გავუღოთ სახლის და გულის კარები ბატონ ალექსანდრეს. მე პირადად მზად ვარ უყოყმანოდ, დიდი მადლიერების გრძნობით მოვიპატიჟო ის საცხოვრებლად ჩემს ბინაში.
ბატონო რედაქტორო! გთხოვთ მისწეროთ ბატონ ალექსანდრეს, რომ თბილისში არის ოჯახი – ჩემი ოჯახი, რომელიც გულღიად მიიღებს მას და გულის სითბოსა და მზრუნველობას არ მოაკლებს. გთხოვთ, დაეხმაროთ ბატონ ალექსანდრე სულხანიშვილს თავის სანიტარულ და საყვარელ სამშობლოში დაბრუნდეს.“

დიდი ლოდინის შემდეგ, მოხუცის ხანგრძლივი დევნილობა დასრულდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის უკანასკნელ შეფიცულს მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნება ეღირსა.

1990 წლის 19 ოქტომბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი. ქართული საზოგადოება 94 წლის ქართველი გმირის, ალექსანდრე სულხანიშვილის დასახვედრად შეიკრიბა.

,,ჩემი ძვლები ქართულ მიწაში უნდა ჩავყარო“- ეს სიტყვები წარმოთქვა სიმამაცით სახელგანთქმულმა გმირმა, როცა ქართულ მიწაზე დადგა ფეხი.

თუმცა, მძიმე ავადმყოფობიდან გამომდინარე, საქართველოში მხოლოდ 18 დღე იცოცხლა. ბედნიერი მიიცვალა, რადგან ოცნება აუსრულდა და აქ, საქართველოში იპოვა სამუდამო განსასვენებელი.

საქართველოს ღირსეული შვილის უკანასკნელ გზაზე გაცილებაც ისეთივე პომპეზური იყო, როგორიც დახვედრა.
სიცივისა და უამინდობის მიუხედავად, რამდენიმე ათასმა თანამემამულემ მარადიულობისკენ მიმავალ გზაზე გააცილა სამშობლოსთვის თავდადებული მებრძოლი.

საქართველოს მიწა, რომელიც მან 66 წლიან ლტოლვილობაში განუშორებლად ატარა, მისი ანდერძის მიხედვით, გულზე დააყარეს. ალექსანდრე სულხანიშვილი მშობლიურ სოფელში, აწყურის თეთრი გიორგის სახელობის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს.

დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა, რომელიც ქაქუცას სიკვდილის წინ ეჭირა ხელში, მისი ანდერძის მიხედვით, საქართველოს ახლად არჩეულ პარლამენტს გადაეცა. ეს დროშა ქაქუცას ხმალსა და ქამარ-ხანჯალთან ერთად ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.
ალექსანდრე სულხანიშვილის არქივი კი საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალურ სახელმწიფო არქივშია დაცული.

ლიკა მაჩხანელი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი