5-ლარად ჩაბარებული ქართული თხილი უკან 56 ლარად გვიბრუნდება – “ჩვენ შრომას ფასი არ აქვს”

ბოლო დროს, ხშირად გაიგონებთ ფრაზას – “მიწას ფასი დაედება”. მიწას ფასი ედება, მაგრამ რატომღაც არა ამ მიწის მკვიდრთათვის.

თხილი, რომელიც საქართველოს რეგიონის მოსახლეობისთვის ლამის ფულად ერთეულად არის ქცეული, გაუფასურდა. ბოლო წლებია, როგორც რიგითი მოქალაქე და ჟურნალისტი, თვალს ვადევნებ თხილის მოსავლის მართვის პროცესს. კიდევ ერთი იმედის ნაპერწკალი, რომელიც ქართველ გლეხში (გნებავთ ფერმერი უწოდეთ) გაჩნდა, რომ სახელმწიფო სოფლის მეურნეობის აღორძინებაში მხარში დაუდგებოდათ, ბოლო დროს ჩაქრა. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ აქაც ნეპოტიზმმა და ზოგიერთი ბიზნესმენის გაუმაძღარმა მადამ იმძლავრა. დაინახეს რა ქართული თხილიდან შემოსავალი, ცდილობენ გზად ყველა სუსტი და მცირე გაკრიფონ.

ყველამ ვიცით რა დამართა ფაროსანამ დასავლეთ საქართველოს თხილის მოსავალს, მერე რამდენი ძალისხმევა და სახელმწიფო სახსრები დაიხარჯა მავნებელთან ბრძოლაში, მართალია ფულის ნაწილი ვიღაცის ჯიბეზეც დაილექა, მაგრამ ვინ ჩივის, ოღონდ საქმეს ეშველოს, ოღონდაც სოფელს არგონ. იზარალა ხალხმა, მიწის იმედად დარჩენილმა მოსახლეობამ, რომელსაც წლიდან-წლამდე თავი თხილისა და კაკლის მოსავლის წყალობით გაჰქონდათ.

თუ კი, წინა წლებში, მათ შორის, პანდემიის დროსაც, კახეთში უზარმაზარი სატვირთოები იტვირთებოდა და თხილის ფასიც სულ უფრო იმატებდა, წლეულს ქართულ ბაზარზე გაურჩეველი თხილის ფასი დაეცა და 4 ლარს ქვემოთ ჩასცდა, სამაგიეროდ იმპორტირებული, გარჩეული თხილი ფასობს საქართველოს ქსელურ მარკეტებში ძვირად.

ამ დღეებში სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, სადაც თხილის ფასთან დაკავშირებით საკუთარ გულისტკივილს გვიზიარებს თანამემამულე. 250 გრამი დაფასოებული, გარჩეული თხილი მაღაზიის დახლზე 14 ლარამდე ღირს, მაშინ, როდესაც ადგილზე, გაურჩეველი 1 გკ თხილი 5 ლარად თუ ჩაიბარეს, დიდი შეღავათია. 1 კგ თხილის მოყვანა გლეხს 3 ლარზე მეტი უჯდება.

ვიდეოში ნაჩვენები თხილი დამუშავებულია არაბეთის გაერთიანებულ საემიროში, გადაამუშავეს და გარჩეული სახით უკან ერთ-ერთმა კომპანიამ შემოიტანა.

“ამ პირობებში შეიძლება გვეშველოს? ჩვენ შრომას ფასი არ აქვს და ბიზნესმენები ფულს შოულობენ. სხვა კუდებს ნუ მოაბამთ ხოლმე ჩვენ რეალურ პრობლემებზე, როცა ვსაუბრობთ, რომ თითქოს ინტრიგანები და დაუმორჩილებლები ვართ. დაფიქრდით! კახეთში თხილი დეკემბერში 5 ლარად ჩავაბარე, როგორ არ უნდა დამწყდეს გული”, – ამბობს ვიდეოს ავტორი.

მართლაც, რომ გულდასაწყვეტია, უფრო მეტიც, გასაბრაზებელი, როცა ექსპორტზე გატანილი თხილი იმპორტის სახით უკანვე გიბრუნდება ქერქ გაცლილი, გარჩეული და ქართველმა მომხმარებელმა კილო 56 ლარად უნდა შეიძინოს. როგორ უნდა განვითარდეს სოფლად მცხოვრები გლეხი, როგორ უნდა მიიზიდოს სოფელმა ახალგაზრდა მუშა-ხელი, როგორ წავიდეს წინ ქვეყანა?

“ეს ცოდვა მოგეწევათ, იცოდეთ, თუ არ მოიხედავთ გლეხებისკენ, ვისაც ეს გეხებათ! გაძვირდა შხამქიმიკატები, მუშა-ხელი. ეს ცოდვა მოგეწევათ ყველას”, – ამბობს ვიდეოს ავტორი.

როგორც ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ამბობს, პრობლემა ის არის, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა დაფუძნებული კლანების მომსახურებაზე! სოფლის მეურნეობის ყველა პროგრამა, ისევე, როგორც ეკონომიკის სხვა დარგებში, არის სიყალბე და საკუთარი ინტერესების გატარება.

“შედეგი სახეზეა! – სესხების დაფარვის დაფინანსება, – ყურძნის შესყიდვაზე თბილისში რეგისტრირებული ფირმების დაფინანსება, – სოფლის მეურნეობაში მეწარმე ადამიანების აღვირახსნილი ძარცვა და ა.შ. ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ხელისუფლების ფრთის ქვეშ კეთდება! ეკონომიკა იზრდება ხომ? მეტი თქვენ რა გითხრა! 250 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხომ? და ხალხი სამსახურს ვერ პოულობს და გარბის ქვეყნიდან!”, – წერს აღნიშნული ვიდეოს კომენტარებში დემურ გიორხელიძე.

როგორც თავშიც აღვნიშნე, საქართველოში გლეხები თხილს ერთ სეზონზე არ ყიდიან, სოფლის მეურნეობის ამ პროდუქტს ლამის ფულადი ერთეულის ფუნქცია აქვს. თხილს, როგორც კახეთში, ასევე დასავლეთ საქართველოში, ოჯახები წლის განმავლობაში ინახავენ და 100-150 კილოგრამობით, ოჯახის საჭიროების გათვალისწინებითა და თხილის ფასის მატების მიხედვით ყიდიან.

თხილის ნაყოფი გამოირჩევა მაღალი შენახვის უნარიანობით, ორი წლის განმავლობაში არ კარგავს სასაქონლო მაჩვენებლებს, კვების ღირებულებას. კარგი ტრანსპორტაბელურია. სწორად შენახვის შემთხვევაში გაუტეხავი თხილი 12 თვემდე ძლებს და ინარჩუნებს თვისებებს. მაგრამ თუ არასწორ პირობებში შევინახავთ, შეიძლება 3-4 თვეში გაფუჭდეს. თხილის კულტურა თავისი ეკონომიური მნიშვნელობით და საერთაშორისო ბაზარზე ყოველწლიურად მზარდი მოხმარებიდან გამომდინარე დიდ ინტერესს იწვევს. როგორც წესი ზამთარში თხილის ფასი იმატებს, განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში. თხილი დიდი რაოდენობით გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმში.

კახეთთან შედარებით დასავლეთ საქართველოში კიდევ სხვა პრობლემებია. აქ, ბევრი პატარა ზომის თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაჩერდა. პროფესიით იურისტი ლია მუხაშავრია, რამდენიმე წელია თხილის წარმოებით აქტიურად არის დაკავებული. კოოპერატივი ჩამოაყალიბა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადაც ოჯახები 4 სოფლიდან არიან გაწევრიანებულნი. როგორც მან მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საბედნიეროდ, თხილის დიდი ფართობის ბაღები გაჩნდა საქართველოში, თხილის მწარმოებლების დაახლოებით 80% მაინც მცირე მიწიანი ფერმერები არიან. მათი მცირე წლიური შემოსავალი კი, 300-500 კგ-ია. თხილზე დაბალი ფასიც, სწორედ მოსახლეობის ამ ნაწილს აზარალებს.

ამ დროის განმავლობაში, უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ თხილის ხარისხთან დაკავშირებული ბევრი ნიუანსი შეისწავლა და ძალიან სწუხს იმის გამო, რომ სახელმწიფო სათანადო ძალისხმევას არ იჩენს იმისთვის, რომ სოფლებში გლეხებამდე საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია მიიტანონ. ეს მაშინ, როცა მეზობელი აზერბაიჯანი ქართულ თხილს სერიოზულ კონკურენციას უწევს.

ქართველი გლეხი იმედგაცრუებულია. ბევრი გლეხისგან უკვე მესმის რადიკალური გადაწყვეტილება – გაჩეხონ თხილი და სხვა კულტურების მოყვანაში სცადონ ბედი. დამეთანხმებით, ასეთი მიდგომა არასწორია, მაგრამ ის ორიოდე ადამიანი, ვინც კიდევ იმედით შესცქერის საქართველოში სოფლის მეურნეობის ხვალინდელ უკეთეს მომავალს, ვერ გადაარჩენს სფეროს საზოგადოების მხრიდან მაინც თუ არ იგრძნეს მძლავრი მხარდაჭერა. აი, სად გვჭირდება არასამთავრობო სექტორი, ის ყბადაღებული დაფინანსების თემა და იმ ფულის რეალური მიზნების გარკვევის საკითხიც აქ შედის ჩიხში.

ლია მუხაშავრია

“აზერბაიჯანი ბოლო წლებში, თხილის მნიშვნელოვანი მწარმოებელი გახდა. ძალიან კარგად უდგებიან ამ საკითხს, სახელმწიფო იძლევა ძალიან დაბალპროცენტიან კრედიტებს. სფეროში ჩართული ჰყავთ მეცნიერები და სპეციალისტები, რათა სწორად შეარჩიონ ნიადაგი, სად უნდა გაშენდეს, როგორ და რა ჯიშები. ძალიან კარგი შედეგები აქვთ აზერბაიჯანში, საქართველოში კი, ძალიან ნაკლებად მიდის საჭირო ინფორმაცია ფერმერებამდე, რაც უარყოფითად აისახება სოფელზე, ყველა თვალსაზრისით”, – აცხადებს ლია მუხაშავრია.

ახლა, ვიღაც იტყვის, თხილის სტანდარტის დაცვას ვერ უზრუნველყოფთო. ხარისხზე მოქმედებს ამინდი, სეზონურობა, სხვადასხვა ფაქტორები. ამ მიმართულებით საქართველოში მიმდინარეობს რაიმე სახის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, რომ მოსახლეობამ და მწარმოებლებმა იცოდნენ, რა ახდენს გავლენას თხილის ხარისხზე? პასუხია – არა. თუ ვცდები, შემისწორეთ.

როგორც ლია მუხაშავრიამ მითხრა, კახელები თხილს კარგად უვლიან, მათი თხილის ფასი წელსაც შედარებით მაღალი იყო. ამის მიზეზი ის არის, რომ კახელი ფერმერები ყველა კულტურას წამლავენ, დასავლეთში კი თხილის შეწამვლა ბოლო დროს დაიწყესო.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში 6 დღის წინ სხდომა გაიმართა. ძალიან საინტერესო აქცენტები დაისვა, მაგრამ გასაოცარი ის არის, რომ მხოლოდ სიტყვების დონეზე რჩება ყველაფერი და წინსვლა არაფერს ეტყობა. საქართველოში სოფლის მეურნეობა უამრავი გამოწვევის წინაშეაო, მაგრამ ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ ახალგაზრდობა არ არის დაინტერესებული სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართვითო, – ვიშვიშებდნენ პარლამენტარები.

ჰო, კიდევ ესეც თქვეს, – თანამედროვე სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა საჭირო, ამის მცოდნე კი, კაციშვილი არ მოგვეძებნება ქვეყანაშიო, ასაკოვანმა ხალხმა აბა, ციფრული ტექნოლოგიების რა იციანო. – თქვე ოჯახ აშენებულებო, ასე ადვილად თუ გვარდება ეს პრობლემა და მხოლოდ ციფრული ტექნოლოგიების არცოდნა ამძიმეს ვითარებას, მაგის მოგვარებას რა დიდი დრო უნდა? შეიმუშავეთ საგანმანათლებლო პროექტები, გამოაცხადეთ მიღება და აბა ნახეთ, სწავლის მსურველების რიგი თუ არ დაგიდგეთ, მაგრამ არ გაწყობთ…

ჰო, აი, კიდევ – ქართველი ახალგაზრდები დღეს, ძირითადად მეღვინეობით ინტერესდებიანო. სადაც დაინახავს პერსპექტივას და ბაზარს, იმ მიმართულებით განსაზღვრავს ახალგაზრდა კაცი თავის მომავალს, რა არის ამაში გასაკვირი და უცხო?

“ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის შემდეგ, პროგრესი სოფლის მეურნეობაში თვალსაჩინოა, თუმცა სექტორს საკმარისი სპეციალისტები არ გვყავს. ჩვენი ფერმერები, გლეხები ძალიან ბევრს შრომობენ, მაგრამ სამწუხაროდ, ის შედეგი არ არის, რაც მათ შრომას უნდა მოჰყვეს ცოდნით და თანამედროვე ტექნოლოგიებით მიდგომის შემთხვევაში. იგივე შრომით შესაძლებელია გაცილებით მეტი შედეგები მივიღოთ. ყველა მიმართულებით გვაკლია ჩვენ სპეციალისტები. ეს საკითხი მთავრობამ და კონკრეტულმა უწყებებმა თავის თავზე უნდა აიღონ, რათა გარკვეული პროგრამებითა და წახალისებით ჩვენ შევძლოთ და ეს დეფიციტი შევავსოთ“, – განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გელა სამხარაულმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილის აზრით კი, სოფლის მეურნეობაში დღეს ყველაზე დიდი დეფიციტია არა ფული, ან ცოდნა, არამედ ფიზიკური სამუშაო ძალა.

ბოლო დროს, ხშირად გაიგონებთ ფრაზას – “მიწას ფასი დაედება”. მიწას ფასი ედება, მაგრამ რატომღაც არა ამ მიწის მკვიდრთათვის. რეგიონები სულ უფრო მეტად იცლება, ახალგაზრდები ან დიდ ქალაქებში მიდიან სამუშაოდ, ან საცხოვრებელ ადგილებს სამუდამოდ ტოვებენ. როგორ და როდის აპირებს ამ პრობლემებზე ორიენტირებას სახელმწიფო, ჯერ კიდევ უცნობია.

შორენა პაპაშვილი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი