3 მარტი დედის დღედ საქართველოში 1992 წლიდან აღინიშნება

მედია სააგენტო ,,24” გილოცავთ თითოეული ადამიანისთვის უძვირფასესი ადამიანის, დედის დღეს!

დღეს 3 მარტია – დღე, რომელიც საქართველოში დედის დღედ 1992 წლიდან აღინიშნება. ეს თარიღი საქართველოს 1992-95 წლების პარლამენტმა მიიღო. ინიციატორები იყვნენ ზაზა სიხარულიძე, ნონა კენჭუაშვილი, ვაჟა ოთარაშვილი.

დედის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულად აღნიშნავენ. ასევე განსხვავებულია მისი დაწესების ისტორია. საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ამ დღის აღნიშვნა დაიწყო.

დამოუკიდებლობის მოპოვების წლებში, საუბარი იყო იმაზე, რომ დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი ჩაენაცვლებინა, თუმცა ის ცალკე მაინც აღინიშნება. 3 მარტი ოფიციალურად უქმე დღეა. დღესასწაულს ქვეყანა სხვადასხვა ღონისძიებებით ხვდება. ტრადიციულად შვილები დედებს ყვავილებს, ღია ბარათებს ან სიმბოლურ საჩუქრებს ჩუქნიან.

დღეს, 3 მარტს, დედის დღე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებს, შვილის თანამებრძოლებმა მიულოცეს.

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, დაღუპული სამხედროების ოჯახებს, საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა და სოფელში ესტუმრნენ და დედის დღე ყვავილების თაიგულებით მიულოცეს.

აღსანიშნავია, რომ „დედის დღის” სამშობლოდ ამერიკის შეერთებული შტატებია მიჩნეული. ამ დღის აღნიშვნის პირველი მცდელობა 1972 წელს იყო. აქტივისტმა ჯულია უორდსმა გამოთქვა სურვილი, ყოფილიყო ისეთი დღესასწაული, რომელიც ყველა დედას მშვიდობისთვის ბრძოლაში გააერთიანებდა. მან საამისოდ არაერთი აქცია მოაწყო, მაგრამ უსაფუძვლოდ. მხოლოდ მოგვიანებით, 1907 წელს, მოქალაქე ანა ჯავისმა, რომელიც ითვლება ამ დღის ერთ-ერთ ფუძემდებლად, დაიწყო ოფიციალური წერილების მიწერა ჩინოვნიკებისთვის, რომ აუცილებელი იყო დედის დღის დაწესება. მისი მცდელობები წარმატებით 1910 წელს დასრულდა და ვირჯინიის შტატში ოფიციალურად პირველად აღნიშნეს დედის დღე. ოთხ წელიწადში კი ის უკვე ოფიციალურად მიიღეს და მას მერე დღესასწაულს აღნიშნავენ ყოველი წლის მაისის მეორე კვირას.

მედია სააგენტო ,,24” გილოცავთ თითოეული ადამიანისთვის უძვირფასესი ადამიანის, დედის დღეს!

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი