რატომ იძარცვება ქარხანა, სადაც სახელმწიფოს 12%-იანი წილი აქვს – სკანდალი ელმავალმშენებელი ქარხნის გარშემო

ირაკლი ჭითანავა

კომპანია „თბილისი ტრანსფერის“ დირექტორი ირაკლი ჭითანავა ელმავალმშენებელ ქარხანაში ინვესტიციის განხორციელებით და ფაქტობრივად გაჩერებული ქარხნის ამუშავებით არის დაინტერესებული. იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვს დაინტერესდეს ქარხნის პრობლემით და აუქციონი გააუქმოს. ირაკლი ჭითანავა საქართველოს ბანკსა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის დეპარტამენტს საეჭვო გარიგებაში ამხელს, თუმცა ნდობას არც გამოძიებას უცხადებს. მისი აზრით, ეჭვის საფუძველს იძლევა ის, რომ ქარხანას, რომლის ირგვლივაც გამოძიება მიმდინარეობს, ყადაღა მოუხსნეს და სასამართლომ აღარ დაადო. ამ ფონზე კი უკვე მეორე აუქციონი ჩაინიშნა, სადაც ქარხანა 21 ჰა ფართობით და მთელი თავისი ქონებით, 43 მლნ ლარად გამოიტანეს გასაყიდად 15 მლნ ლარის დავალიანების დასაფარად. ჭითანავას აზრით, 42 მლნ არის ძალიან მცირე ამხელა ქარხნისთვის, თავისი ქონებით, დიდი ტერიტორიით.

რა მოხდება 9 მარტს და გაიყიდება თუ არა ელმავალმშენებელი ქარხანა აუქციონზე, ამას საზოგადოება გაიგებს, ისევე როგორც ქარხნის ის 500-მდე თანამშრომელი, რომელიც დაახლოებით სამი წელია სამსახურიდან გაუშვეს 300 000 ლარამდე სახელფასო დავალიანებით. ინვესტორი, რომელიც მზად იყო ქარხანა აემუშავებინა და პროფილიც შეენარჩუნებინა, დღემდე ვერ ახერხებს საქმიანობის დაწყებას, რადგანაც ქარხანა აუქციონზე მოხვდა. ირაკლი ჭითანავა ეჭვობს, რომ ამ ქარხნის შეძენით დაინტერესებულია, რომელიმე დეველოპერული კომპანია, რომელიც შეძენის შემთხვევაში, გურამიშვილზე ერთ სოლიდურ უბანს ააშენებს. პრობლემის უკეთ გაცნობის მიზნით მედია სააგენტო „24“-ი „თბილისი ტრანსფერის დამფუძნებელსა და კომპანიის დირექტორ ირაკლი ჭითანავას ესაუბრა.

– საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები გააკეთეთ, ამ ეტაპისთვის რა მიმართულებით ახორციელებთ ინვესტიციებს და რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება ელმავალმშენებელი ქარხნით?

– ინვესტიციებს ბიზნესის სხვადასხვა სფეროში ვახორციელებთ და მზად ვართ, განვახორციელოთ ინვესტიცია ელმავალმშენებელი ქარხნის მიმართულებითაც. დღეს ეს ქარხანა დიდი პრობლემის წინაშეა. აქვს დავალიანებები სახელმწიფოს წინაშე, „საქართველოს ბანკის” და პლუს, კერძო კრედიტორების წინაშე. მესამე წელია ქარხანა გაჩერებულია და პროდუქციას არ უშვებს. მეორე წელია თანამშრომლებს ხელფასი არ მიუღიათ. ჩვენ აქციების შეძენაზე შეთანხმებას მივაღწიეთ ელმავალმშენებელი ქარხნის დამფუძნებელთან, კომპანია „ლოკო ტრანსთან“, რომელსაც აქციების 87% ეკუთვნის. შეთანხმებით, აქციები გადმოდიოდა ჩვენს კომპანიაზე, ვახორციელებდით ინვესტიციას, ვფარავდით ყველა დავალიანებას და ვუნარჩუნებდით ქარხანას მიმართულებას. კონკრეტული შეთანხმება იყო, რომ გავაგრძელებდით ელმავლების გამოშვებას. 2022 წლის 16 მარტს დავდეთ ხელშეკრულება კომპანია „ლოკო ტრანსთან“და ქარხნის აქციების 87% შევიძინეთ. როგორც კი 16 მარტს ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილში გამოკითხვაზე დამიბარეს. პირდაპირი არა, მაგრამ ირიბი ზემოქმედება იყო. ძველებური მეთოდებით მიმანიშნებდნენ, რომ შეიძლება ჩვენ ამ შესყიდვის გამო დავისაჯოთ. სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლს მაკითხებდნენ და როგორც იურისტმა, ადვილად დავუმტკიცე, რომ ეს კონკრეტული მუხლები, ამ საქმეს საერთოდ არ უდგება.

– რატომ წამოვიდა მუქარა?

– იქიდან გამომდინარე, რომ სანამ ჩვენ ამ ქარხნის მყიდველებად გამოვჩნდებოდით, მანამდე თითქმის 2 წელი, მის მფლობელს – „ლოკო ტრანსის“ ხელმძღვანელს, რომელიც კვიპროსის მოქალაქეა, უკვე ებრძოდნენ. საქმის ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება. ყველა სახის დოკუმენტაცია ამოიღეს. თანამშრომლები რამდენიმე დღის განმავლობაში დაჰყავდათ გამოკითხვებზე. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ გამოძიებამ ამით რაიმე შედეგი დადო. დირექტორთა საბჭოს ძირითადი წევრები, უცხოელები არიან და მათ საქართველო უკვე დატოვეს, გაიქცნენ, რადგან დაკავებით ემუქრებოდნენ. ამიტომ გაერიდნენ და ქვეყნიდან წავიდნენ. როცა ჩვენ ჩავერთეთ, რა თქმა უნდა, მათთვის ჩვენც არ ვიყავით საჭირო ფაქტორი და კონკრეტულად აინტერესებდათ, რატომ გვინდოდა ქარხნის შეძენა. განვუმარტეთ, რომ გვინდოდა პროფილის შენარჩუნება, ქარხნის ამუშავება და ინვესტიციების განხორციელება. შემდეგ რჩევის სახით, მაინც გვითხრეს, ამხელა პრობლემები აქვს ქარხანას და რატომ გინდათ ყიდვა, ძალიან საეჭვოაო და ა.შ

-ამ ყველაფერს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ნაწილი აკეთებდა? ვის ინტერესებს იცავდა?

– რა თქმა უნდა. იცავდა იმის ინტერესებს, ვისაც ამ ქარხნის ხელში ჩაგდება უნდა.

– ისინი რატომ გაიქცნენ, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან?

-რუსეთის მოქალაქეები არიან. ეს კომპანია, ძირითადად, რუსულ ბაზართან თანამშრომლობდა დაქირავებული სპეციალისტებიც იქიდან არიან. წასულებიდან, რამდენადაც ვიცი, კომპანიის დამფუძნებელი არცერთი არ არის.

-თუ იცით, სხვა ქართულმა კომპანიამაც გამოთქვა ქარხნის შეძენის სურვილი?

-ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენი ინფორმაციით, ჩვენ გამოჩენამდე იყო ასეთი კომპანია „ჯორჯიენ ელექტრიკ ლოკომოტივი“, რომელმაც სს „ელმავალმშენებელს“ ერთი შეკვეთა მოუტანა. ჩვენ ეჭვი გაქვს, რომ სავარაუდოდ, ესენი არიან ამ ქარხნის შეძენით დაინტერესებული. მაგრამ ოფიციალურად ეს ფიქსირდება და ასე ღიად სურვილი არსად ჩანს. მაგრამ კომპანია შევისწავლეთ და დამფუძნებლები ძირითადად უზბეკეთიდან ჰყავს. შეკვეთაც უზბეკეთიდან მოიტანეს.

-რატომ გადის ქარხანა აუქციონზე?

-პრობლემა ისაა, რომ გამოძიებამ ქარხანა, ფაქტობრივად, გააჩერა. ყველანაირი ოპერირების საშუალება შეუზღუდა, ყადაღებით, აკრძალვებით. „საქართველოს ბანკმაც“ დაუყადაღა ანგარიშები, მიზეზი: ბანკის მხრიდან – გადაუხდელობა, გამოძიების მხრიდან – გამოძიების მიმდინარეობა და რამე რომ არ შეცვალოს, ფაქტობრივად, კომპანია გაყინული აქვთ. 500 თანამშრომელი დარჩა უხელფასოდ. სადღაც 300 000 ლარია სახელფასო დავალიანება.

-სახელმწიფოს უარყოფითი როლი რაში გამოიხატება?

– გამოძიება დაუსრულებლად მიმდინარეობს და ამავდროულად, ქარხანას მუშაობას უზღუდავენ. სახელმწიფოს ამ ქარხანაში 12%-იანი წილი აქვს. სახელმწიფო მოგეხსენებათ რამდენიმე განშტოებისგან შედგება. ეს აქციები ახლა ქონების მართვის სააგენტოს ეკუთვნის. ამ სააგენტოსთვის კი, დღემდე რაიმე სასიკეთო მოქმედება, არ შეგვიმჩნევია. პირიქით, ქონების მართვის სააგენტოც ედავება თავის პარტნიორ „ლოკო ტრანსს“ დივიდენდთან დაკავშირებით. ამიტომ, დამატებითი შეზღუდვები შეუქმნა სხვადასხვა ყადაღით, დირექტორის ჩანაცვლების აკრძალვით და ა.შ. ფაქტობრივად, ქონების მართვის სააგენტო, გამოძიება და „საქართველოს ბანკი“ კომპანიას მოქმედების უფლებას უზღუდავს და, საერთოდ, არაფრის საშუალებას აძლევს. ჩვენი ინფორმაციით, კომპანიას, არათუ ხელფასების გადახდის, დაცვის შენახვის ფინანსებიც კი არ აქვს. ამ პერიოდში, რაც მე ვიცი, მინიმუმ ერთი ქურდობა მოხდა, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. ეს ქარხანა ასე უყურადღებოდ არის მიტოვებული.

– სწორად გავიგე, სახელმწიფომ გასაძარცვად გაიმეტა ქარხანა, სადაც 12%-იანი წილი აქვს? „საქართველოს ბანკთან“ სახელმწიფოს პრეტენზია არ აქვს?

– ჩვენ სახელმწიფოს პრეტენზიებს ვერ ვხედავთ. სახელმწიფოს როლი და ინტერესები, ერთი მხრივ, იგნორირებულია, ქონების მართვის სააგენტოსგან და, მეორე მხრივ, გამოძიება არ ვიცი, ჩიხშია შესული თუ რა ჭირს, საერთოდ არაფერი ხდება ამ მხრივ.

– ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი კონკრეტული დაინტერესებული პირის, ან კომპანიის სასარგებლოდ კეთდება? საკმაოდ სერიოზული ფართის ტერიტორია აქვს ქარხანას.

– თუ არის იმის ალბათობა, რომ რაღაც საიდუმლო გარიგება არსებობს და კონკრეტული პირები, თანამდებობის პირები იქნებიან ესენი თუ სხვადასხვა სტრუქტურასთან დაახლოებული პირები, ფაქტია, თანმდევი ნაბიჯებით მოახდინეს ქარხნის ბლოკირება. ახლა იქამდე მივიდნენ, რომ აუქციონი გამოცხადდა და ქარხანა იყიდება. აუქციონთან დაკავშირებით, ჩვენი მოსაზრება გვაქვს და ამას კომპანიის იურისტებიც დაადასტურებენ. ბევრი რაღაც ამ პროცესში კანონდარღვევით მოხდა. ყველაფერი გაკეთდა, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე რეგისტრირებული კომპანია ქარხნის მმართველობიდან გასულიყო. უფრო სწორად, გასული არ არის, მაგრამ ქარხნის ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე ზემოქმედების არანაირი ბეკეტი არ გააჩნია. პრემიერ-მინისტრსაც მიწერეს წერილი, გენერალურ პროკურორ შოთაძესაც, მაგრამ არსაიდან რეაგირება არ ჩანს.

-ანუ მალტაში რეგისტრირებულ კომპანიას საქართველოში ბიზნესს ართმევენ?

– ჩემი შეფასებით, ეს პირდაპირ ბიზნესის წართმევაა. ყელა სტრუქტურა, ვინც ამ საქმეშია ჩართული, თავის აგურს ისეთნაირად დებს, თითქოს კანონის ფარგლებში არიან, მაგრამ ქარხნის ბლოკირებას ახდენენ. თუ ყველა ანგარიშს დამიხურავ, ყველაფერს გამიყინავ, ოპერირების საშუალებას არ მომცემ, მე სესხი როგორ გადავიხადო?!. სწორედ ამ მიზეზით ვერ იხდის „ელმავალმშენებელი“ ამ დავალიანებას. ვერც ვერავინ გადაიხდის, ასეთ პირობებში თუ კომპანიას ასეთ მარწუხებში მოაქცევ. ვერც ტენდერებში მიიღებს მონაწილეობას, ვერც პროდუქტების შეკვეთებს განახორციელებს. მართალია, ბლოკირებულია ეს კომპანია, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ შესაბამისი ინვესტირებით ამ ვალების გადახდით და ახალი შეკვეთების მოზიდვით, შეგვიძლია ქარხანა ფეხზე დავაყენოთ.

-არც თქვენს განცხადებებზე იყო დროული რეაგირება სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან?

– ჩვენ პრემიერ-მინისტრს წერილით მივმართეთ და ვაცნობეთ, რომ ქარხნის შეძენას ვაპირებდით. მერე, როგორც ვიცი, ეს წერილი ეკონომიკის სამინისტროში მოხვდა, შემდეგ – ქონების მართვაში. თუ წინააღმდეგი იყვნენ, ესეც ვკითხეთ და ქონების მართვამ, დიდი ხვეწნა-მუდარის შემდგომ, ისიც ვადების დარღვევით, პასუხი მოგვწერა, რომ მათ პრობლემა არ ჰქონდათ, რომ ქარხანა შეგვეძინა. რადგან მათგან თანხმობა მივიღეთ, ჩვენც შეძენის პროცედურები დავიწყეთ. დღესაც ამ პროცესში ვართ. უცებ გავიგეთ, რომ ქარხანა აუქციონზე გაიტანეს და 3 რიცხვში პირველი აუქციონი ჩატარდა. თვითონ აუქციონის დანიშვნის მომენტია ძალიან საეჭვო. იმიტომ, რომ როდესაც ფინანსურ საკითხებზე გამოძიება მიმდინარეობს და კომპანიას და მის ქონებას ყადაღა ადევს, უცებ ხდება ასეთი რაღაც – ყადაღა ძალას კარგავს, სასამართლო ხელახლა ყადაღას აღარ ადებს და ფაქტობრივად, ხელ-ფეხს უხსნის „საქართველოს ბანკს“, რომ ქარხანა 21 ჰა მიწის ფართობით აუქციონზე გაიტანოს. პირველი აუქციონი ჩაიშალა. დღეს, 9 მარტს, მეორე აუქციონი ტარდება ნახევარი ფასით – 43 მლნ ლარად გამოდის ქარხანა მთელი თავისი ტერიტორიით. 43 მლნ ვერანაირად ვერ იქნება იმ 15 მლნ საპასუხო თანხა და საპირწონე. როდესაც პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ანაწევრებენ ქონებას დანაწევრება და ცალ-ცალკე გაყიდვა იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მცირე ქონება, რაც ქარხანას გააჩნია დაფარავდა ამ 15 მლნ-ს და ეს გამოეტანათ აუქციონზე, ამათ მთელი ქონება გამოიტანეს – მიწით, შენობებით, მოძრავი ქონებით და ა.შ.

– თქვენი აზრით, ბანკია დაინტერესებული ქარხნის შეძენით?

– არსებობს გარკვეული ეჭვები, რომ ქარხნის ტერიტორიას სამშენებლო პოლიგონად ამზადებენ. ვის რა ინტერესები აქვს, ვერაფერს გეტყვით, როდესაც ღია აუქციონი ჩატარდება, იქ გამოჩნდება, ვის რა ინტერესები აქვს. საუბარია, 21 ჰა მიწის ფართობზე, თითქმის ქალაქის ცენტრში, რომელიც საუკეთესოა „დეველოპმენტისთვის“. შედეგად კი მივიღებთ ქარხნის დანგრევას და 500-თანამშრომელს რეალურად უმუშევარს. საქართველო დაკარგავს პროფილს – ელმავალმშენებლობა.

-კონკრეტულად, რა რაოდენობის დავალიანების გამო გაიტანეს ქარხანა აუქციონზე?

-ჩვენი ინფორმაციით, დავალიანება რომლის გამოც ქარხანა აუქციონზე გაიტანეს, 4 მლნ აშშ დოლარია. ამავე დროს ქარხნის შეფასებაა 98 მლნ ლარი. 98 მლნ ლარიანი ქონება ერთბაშად, ლოტებად დაყოფის გარეშე რომ გადის აუქციონზე ესეც ეჭვებს იწვევს. ხდება მთლიანი ქონების გასხვისება, რაც ეჭვს იწვევს, რომ არსებობს ბიზნესინტერესები, რომელსაც აინტერესებს ქარხანა მთლიანად.

ესაუბრა გიორგი გლოველი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი