“ოპოზიციამ მიაგნო ოქროს ძაფს, რომლითაც ახალგაზრდების მობილიზება შეძლო“ – ზაალ ანჯაფარიძე

ზაალ ანჯაფარიძე

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, რასაც საქართველოს მოსახლეობის მწვავე პროტესტი და ვნებათაღელვა მოჰყვა, მმართველმა პარტიამ მეორე მოსმენით ჩააგდო. “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, 10 მარტს, ფორმალურად უყარეს კენჭი – 1 მომხრე, 35 წინააღმდეგ. სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.

საქართველოს უახლეს ისტორიას კიდევ ერთი მძიმე თარიღი შეემატა. 7-8 მარტს ქვეყანა, ფაქტობრივად სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. კანონპროექტი, რომელიც მისმა ავტორებმა ამერიკული FARA-ს ანალოგად წარმოგვიდგინეს, რადიკალურმა ოპოზიციამ “რუსულ კანონად” მონათლა, რაც ავტომატურად გულისხმობს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის საფრთხის შექმნას. ძნელი სათქმელია, რომელი მხარის არგუმენტები უფრო დამაჯერებელი იყო, ოპოზიციის თუ მმართველი პარტიის, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ყოველივეს მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. პროტესტანტების ძირითად ნაწილს ახალგაზრდები წარმოადგენდნენ და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისროდნენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს, პიროტექნიკას. ჩაამსხვრიეს პარლამენტის შენობის შუშები, დაარბიეს პარლამენტის პერიმეტრი და რუსთაველის გამზირის ინფრასტრუქტურა. დაწვეს პოლიციის ავტომობილი და დააზიანეს შსს-ს კუთვნილი სხვა სატრანსპორტო საშუალებები. აქციის მონაწილეების აგრესიას პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი დაუპირისპირა. იყო აქციის მონაწილეების ხელკეტებით ცემის რამდენიმე ფაქტიც. 10 მარტს ახალგაზრდებმა აქცია დასრულებულად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო.

რა იყო მასშტაბური პროტესტის მთავარი დეტონატორი და შესაძლებელი იყო თუ არა ვითარების ესკალაციის თავიდან არიდება? ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე მედია სააგენტო “24”-ს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრა.

– ძალიან რთული პროცესია და ვფიქრობ, რომ კანონპროექტის გაწვევით არაფერი დამთავრებულა. ოპოზიციის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მათ ეს მიიჩნიეს საკუთარ გამარჯვებად და ისინი ახლა უკვე ეიფორიის ფონზე შეეცდებიან ხელისუფლებაზე ზემოქმედების გაძლიერებას. შესაძლოა, წინა პლანზე წამოვიდეს სხვა პოლიტიკური მოთხოვნები, მაგალითად, ჩანაცვლდეს არსებული მთავრობა, შეიქმნას ეროვნული თანხმობის ახალი მთავრობა, რადგან ამ მთავრობამ ვერ გაამართლა და ა.შ. უკვე გაისმა ასეთი შინაარსის წინადადებები. დღის წესრიგში დააბრუნებენ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას. ჩემი პროგნოზით ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ვითარება არ დამშვიდდეს. სიტუაციის დამშვიდება ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ არ შედის ოპოზიციის ინტერესებში. ხელისუფლებამ ისეთი კარგი საჩუქარი გაუკეთა ამ კანონპროექტის ინიციირებით ოპოზიციას, რომ უკეთესს ვერც ინატრებდნენ. ოპოზიცია რას წარმოადგენდა მანამდე, სანამ ეს კანონპროექტი შევიდოდა პარლამენტში? ოპოზიცია იყო დასუსტებული, დემორალიზებული, ერთმანეთთან დაპირისპირებული. 300-კაცზე მეტი ვერ გამოჰყავდათ მიტინგზე, თემა არ ჰქონდათ სამიტინგო. შესაბამისად ხელისუფლებას ყველა პირობები ჰქონდა, რომ ეს ვითარება მშვიდად მიეყვანა 2024 წლის არჩევნებამდე. „ხალხის ძალისა“ და ხელისუფლების წარმომადგენლებს პრიორიტეტულად არასამთავრობოების გარედან დაფინანსების პრობლემა თუ მიაჩნდათ და ამაზე კანონის ინიციირებას აპირებდნენ, ამას სერიოზული მომზადება სჭირდებოდა. გამოცდილი ხალხია და უნდა სცოდნოდათ, რომ ის სამიზნე ჯგუფი, რომელსაც ეს კანონპროექტი ეხებოდა, პირდაპირ დასავლეთის მხარდაჭერილი ორგანიზაციებია და ფაქტობრივად, მათი საყრდენი საქართველოში. გარკვეულ წილად ისინი არიან კიდეც გავლენის აგენტები, – ამ სიტყვის პოზიტიური გაგებით. დასავლეთი მათ დაფინანსებას აძლევს, იმისთვის, რომ რეალურად საკუთარი პოლიტიკა გაატაროს. მეორეც, ისეთი ტერმინების ჩადება კანონპროექტში, როგორიც არის „აგენტი“, რომელიც ასევე დევს რუსულ პროექტში, სარისკო იყო. რუსულ კანონშიც უცხოეთიდან დაფინანსებულს აგენტად მოიხსენიებენ. არ სჭირდებოდა ამას დიდი გამჭრიახობა, რომ ეს გამოიწვევდა იმ რეაქციებს, რა რეაქციებიც გამოიწვია. მეორე – თუკი დავუშვათ ასეთი სერიოზული კანონის მიღებას აპირებდნენ, წინასწარ უნდა ჩაეტარებინათ კვლევა.

რა სახის კვლევას გულისხმობთ?

– მე რომ ხელისუფლების ადგილას ვყოფილიყავი, მაგალითად, ავიღებდი გარედან დაფინანსებული 50-მდე წამყვანი ორგანიზაციის ვებგვერდს, ჩავატარებდი ანალიზს გამჭვირვალობის საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტით და გამოვკვეთდი სურათს, თუ რამდენად არის მათი გვერდი გამჭვირვალე და იძლევა ცრუ ინფორმაციას მათი დამფინანსებლების შესახებ. ამის შემდეგ, ხელში მექნებოდა ექსპერტულად დასაბუთებული კვლევა და ამით გავამყარებდი კანონპროექტს, თუ კი, თვითმიზანი იყო ამ კანონპროექტის მიღება.

– ფაქტობრივად მმართველმა პარტიამ საზოგადოებას უთხრა, – სიტყვაზე უნდა გვენდოთო. თქვენი აზრით, არ არსებობდა არგუმენტირებული წინაპირობა, რის გამოც შეიმუშავეს ეს კანონპროექტი? ან კიდევ სათანადოდ ვერ მოამზადეს საზოგადოებრივი აზრი?

– საქმეს როცა სერიოზულად უდგები, ამას სჭირდება წინასწარი მომზადება, კვლევითი სამუშაო, მამტკიცებელი ბაზა. არაფერი მსგავსი არ გაკეთებულა, ადგნენ რა პირდაპირ შემოიტანეს, ამას მოჰყვა ის რაც ვნახეთ. ჩემთვის აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო, რომ ეს ასე მოხდებოდა.

– პირველივე საკომიტეტო მოსმენაზე გამოიკვეთა იმის წინაპირობა, თუ როგორ განვითარდებოდა სცენარი. პირადად მე, როგორც რიგით მოქალაქესა და ჟურნალისტს, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მაგიდების აყირავების წუთიდან გამიჩნდა მოლოდინი, რომ პროცესი ამით არ დასრულდებოდა. რატომ ვერ განჭვრიტა ეს მმართველმა ძალამ?

– მმართველი პარტიისა და „ხალხის ძალის“ ერთობლივ განცხადებაში რა არის ნათქვამი, რომ ჩვენ ამ კანონპროექტს მივუბრუნდებით, მაგრამ მანამდე ხალხთან ჩავატარებთ შეხვედრებს, ახსნა-განმარტებებს გავაკეთებთო. კი მაგრამ, ამის გაკეთება კანონპროექტის ინიციირებამდე ხომ შეიძლებოდა? ახლა რომ ჩაატარონ შეხვედრები ვინ დაუჯერებს? მეორე საკითხია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ოპოზიციის დაძახილზე პარლამენტის შენობის წინ პირველ დღეს ცოტა ადამიანი მივიდა. საქართველოში ხალხი საპროტესტო თუ მხარდამჭერ აქციაზე ორ თემას გამოჰყავს – ევროპული მომავალი, თუ კი მას რაიმე საფრთხე ემუქრება და ანტირუსული დისკუსია, თითქოს რაღაც ხდება ქვეყანაში ისეთი, რამაც შესაძლებელია რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოს ქვეყანა. იგივე ხდებოდა 2019 წლის 20 ივნისს ე.წ. გავრილოვის აქციის დროს. მაშინაც ასე წარმოჩინდა, რომ თითქოს ქვეყანა რუსულ ორბიტაზე ბრუნდებოდა. 2022 წლის 20 ივნისს, როცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, ხალხი გამოვიდა ქუჩაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ ამ აქციის უკან პოლიტიკოსები იდგნენ და ეს ხალხი უბრალოდ, მასად სჭირდებოდათ, რათა საკუთარი პოლიტიკური მიზნები განეხორციელებინათ, ის აქცია ჩაიშალა. მაგრამ ახლა, ოპოზიციამ ძალიან კარგად გაათამაშა პროევროპული და ანტირუსული კარტი.

– ფაქტია, რომ სიტყვა “რუსულმა” ისევ იმუშავა…

– ამ მიდგომამ ისევე იმუშავა კარგად, როგორც თავის დროზე ხელისუფლების მიერ კულტივირებულმა – „ომი გინდათ?“ ოპოზიციამ მიაგნო იმ ოქროს ძაფს, რომლითაც შეძლო ახალგაზრდების მობილიზება. დღეს, ფაქტობრივად ჩვენს ყველა წამყვან უნივერსიტეტებში ლექტორებად, პროფესორებად ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი მუშაობს, რომლებიც წარსულში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში იყვნენ, ან დეპუტატები, ან მინისტრები, ან სახელმწიფო მოხელეები, ან ხელისუფლებასთან არიან დაპირისპირებულები. პირდაპირ მოუწოდებდნენ სტუდენტებს, რომ აქციაზე მისულიყვნენ. როცა ისინი შედიან სტუდენტებთან აუდიტორიაში, მათ აქვთ, რაღაც გავლენა ახალგაზრდებზე, ხომ? ესეც გასათვალისწინებელია.

– ჩერგოლეიშვილი და ბოკერია არც მალავენ, რომ კერძო უნივერსიტეტებში საკუთარ პროექტებს ახორციელებენ, მუშაობენ ახალგაზრდების იდეოლოგიურ აღზრდაზე, ქმნიან „ახალ ქართველებს“. ფაქტია, რომ ხელისუფლება დიდი ხანია დისტანცირებულია საზოგადოების სხვადასხვა ფენებისგან. რით ახსნით ამას?

– ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მხრიდან ვერანაირ აქტიურობას ვერ ვხედავ. როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ ეყრდნობა ტრადიციული კონსერვატორული შეხედულებების მქონე ელექტორატს, რომელსაც წარმოადგენს არა ახალგაზრდობა, არამედ უფროსი თაობა. ახალგაზრდობას, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიარე თაობაა, სხვა მენტალიტეტი, სხვა ფასეულობები აქვს და ტრადიციულ, ჩვენთვის მისაღებ ადათ-წესებსა და ტრადიციებს შესაძლოა არ ეკიდებოდეს ჩვენსავით. უფრო თავისუფლად უყურებენ ამ ყველაფერს. მათ არ აქვთ ჯერ ცხოვრებისეული გამოცდილება, ისინი მიზანმიმართული პროპაგანდის მიმართ მოწყვლადები არიან. ეს მარტო ახლა კი არ მომხდარა, მოხდა წინა აქციების დროსაც. „თეთრი ხმაურის“ აქცია რომ იყო, ღამის ბარები რომ დაარბიეს და მერე, ყოფილმა პრემიერმა გახარიამ ბოდიში რომ მოიხადა. ძალიან დიდ შეცდომას უშვებს მთავრობა, როცა ამ მიმართულებით არ მუშაობს, შესაბამისად იმკის კიდეც შედეგს.

– ცხადია ხელისუფლების ყურადღებაში მე არ ვგულისხმობ ახალგაზრდების ხელისუფლების პოლიტიკური იდეოლოგიის ქვეშ მოქცევას, უფრო ვგულისხმობ იმას, რომ ახალგაზრდა უნდა გრძნობდეს სახელმწიფოსგან მხარდაჭერას, პერსპექტივას საკუთარ სამშობლოში, რომ ის სჭირდება ქვეყანას. 7-8 მარტის პროცესების დეტონატორი იყო თუ არა, საქართველოში აშშ-ს ელჩის, ევროპელი პოლიტიკოსებისა და, რაღა შორს წავიდე, პრეზიდენტის განცხადებები?

-როდესაც პრეზიდენტი გამოდის და პირდაპირ სოლიდარობას უცხადებს საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ეუბნება, – თქვენს გვერდით ვარო, – ამაზე ღია განაცხადი რა შეიძლება იყოს? 30 წელს ითვლის საქართველოსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობა. არ მახსენდება ამ 30 წლის განმავლობაში, რომ აშშ-ს საელჩო ასეთი ღია და კონფრონტაციული შინაარსისა და პათოსის განცხადებებით გამოსულიყოს, ერეოდეს ჩვენს წმინდა შიდა პოლიტიკურ საკითხებში, თუ კი მათ რამე არ მოსწონდათ, ამას ისინი აგვარებდნენ დახურულ კარს მიღმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე. არ მგონია ელჩი დეგნანის პირადი ინიციატივა იყოს ის განცხადებები, რასაც მისგან ვისმენთ. ალბათ, შეთანხმებულია სახელმწიფო დეპარტამენტთან, რომ პირდაპირი, დაუფარავი განცხადებებით ელჩმა ერთგვარი სტიმული მისცეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ელჩი, რომ იტყვის საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე გათენდაო, ამას ოპოზიცია თავისი ქმედებების ლეგიტიმაციად ხომ მიიჩნევს? თუ კი დემოკრატიისთვის შავი დღე გათენდა, გამოდის ჩვენ მართლები ვართ ჩვენს პროტესტშიო.

– აუცილებლად უნდა გკითხოთ საკუთრივ “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონზე”. გვჭირდება კი, მსგავსი შინაარსის კანონი? ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელმაც ამ 30 წლის განმავლობაში ვნახეთ გარედან დაფინანსებული სამოქალაქო ომი, გარედან დაფინანსებული „ვარდების რევოლუცია“. საჭიროა თუ არა არსებობდეს რაღაც სამართლებრივი ბერკეტი, რომელიც გამჭვირვალეს გახდის იმას, თუ როგორ ფინანსდება პოლიტიკური პროცესები საქართველოში?

– პირადად მე მომხრე ვარ, რომ უფრო მეტი გამჭვირვალობა იყოს გარედან დაფინანსებული ორგანიზაციების მუშაობაში. რატომღაც თვლიან, რომ რადგან ორგანიზაციების უმეტესობა დასავლეთიდან ფინანსდება, ეს დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული აქტია. ნურას უკაცრავად. საქართველოში არსებობს სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც საერთოდ არ ჩანან, ან ნაკლებად ჩანან საჯარო სივრცეში, მაგრამ ფინანსდებიან ისლამური სამყაროს სხვადასხვა სახელმწიფოსგან. რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც აწარმოებენ აქ ისეთ საქმიანობას, რომელიც ყოველთვის შეიძლება არ იყოს თანხვედრაში ჩვენს სახელმწიფო ინტერესებთან. ვიცით საერთოდ მათი საქმიანობის შესახებ? ვაჰაბიტური ორგანიზაციები არიან პანკისში და სერიოზული დაფინანსების წყაროები აქვთ. ამის გაკეთება შესაძლებელია ვთქვათ უკვე არსებულ კანონში შეტანილი ცვლილებებით და არა ასეთი დემონსტრაციული, გამომწვევი სახელწოდებით, რომ პირდაპირ აგენტების დასახელებას ვიწყებთ. ჩვენი უახლესი ისტორიიდან გამომდინარე სიტყვა „აგენტს“ მსუსხავი მნიშვნელობა აქვს. პირადად მე მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მომხრე ვარ.
ერთ-ერთი არასამთავრობოს ხელმძღვანელს ჰკითხეს, – ვის წინაშე ხართ ანგარიშვალდებულიო? – მან თვალის დაუხამხამებლად უპასუხა, – რა თქმა უნდა, დონორების წინაშეო, – ამით ყველაფერი ნათქვამია.

-კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კანონპროექტების უკან გაწვევის მიზეზად დაასახელეს მოქალაქეების უსაფრთხოება. რომ აქციაზე მისულ ადამიანებს, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან სასიცოცხლო საფრთხე ემუქრებოდათ. რამდენად დამაჯერებელია ასეთი მიზეზი?

– პირადად მე არ მჯერა, ამ თითქოს გასამართლებელი საბუთის. შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. “ნაციონალურ მოძრაობას” თუ მოუდნება გვამის დადება, ამას, როგორმე მოახერხებენ. ჩემი აზრით, აქ შედეგი უფრო საგარეო ზემოქმედებამ გამოიღო. არ დარჩენილა, არც ერთი დასავლური სტრუქტურა, ვისაც კრიტიკა არ გამოუთქვამს კანონპროექტის მიმართ. მე და თქვენ, რაც მოვისმინეთ და წავიკითხეთ საჯარო სივრცეში, ამის გარდა იქნებოდა დახურული კომუნიკაცია ხელისუფლებასთან დახურული არხებით. ისეთი რამ უთხრეს ხელისუფლებას, რომ დათმობაზე წავიდნენ.

– აქციის მონაწილეთა მხრიდან ვანდალიზმის ფაქტებს როგორ შეაფასებთ?

-ვანდალიზმი, რაც 7-8 მარტს ვიხილეთ, იგივე იყო 2019 წლის 20 ივნისის აქციაზეც. ამით ახალი არაფერი მომხდარა. მართალია 8 მარტის აქციაზე ნაკლებად იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, მაგრამ იყვნენ ორგანიზებული რადიკალური ჯგუფები, რომლებსაც აუცილებლად ეყოლებოდათ თავიანთი ორგანიზატორი და ლიდერი. ვერავინ გაამართლებს იმ ვანდალურ ფაქტებს, რაც ვნახეთ. ეს, არც ევროპული საქციელია და, არც ქართული. ეს დაუსჯელი თუ დარჩა ყველას ექნება იმავეს განმეორების ცდუნება.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი


“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა

ძაღლის ღია სივრცეში საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე ჯარიმა 150 ლარამდე გაიზრდება

საქართველოში ნაოსნობის უსაფრთხოება კანონმდებლობით დარეგულირდება

მორიგი უბედური შემთხვევა თბილისში – პიტბულმა ამჯერად ბივერ ტერიერი შეიწირა

“დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტში” შესწორება შევიდა

პოდკასტი