“სააკაშვილი არის აგენტი, საქართველოში ორგანიზებულად შემოგზავნეს” – ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის ომსა და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვას შორის კავშირს ხედავს და ერთი სცენარის ფარგლებში განიხილავს.
ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა 12 მარტს, ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც ამ კაცმა და მისმა ბოროტმა რეჟიმმა ჩაიდინა, როგორიცაა – გირგვლიანის მკვლელობა, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, რომელიც ლამის მოკლეს, არ აინტერესებთ რეალობა, არ აინტერესებთ, რომ „იმედი“, რომელიც დაარბიეს, ძალადობრივად წაიღეს და მიისაკუთრეს. არც ის აინტერესებთ, რომ სააკაშვილი ჩამობრძანდა და უკანონო გზით შემოვიდა. აპირებდა რევოლუციის მოწყობას, უნდოდა სისხლიანი დარბევები და ადამიანების დახოცვა. ეს ყველაფერი არ აინტერესებთ. მათ გვითხრეს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ თქვენი აზრი არ გვაინტერესებს, არც თქვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და აზრი არ გვაინტერესებს, ეს კაცი იყო ჩვენი მსახური, ჩვენი აგენტი და უნდა გამოუშვათ ციხიდან, დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდნენ უცხო ქვეყნების ინტერესებს”, – აცხადებს ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების მისამართით.
ღარიბაშვილმა “იმედთან” ინტერვიუში ისაუბრა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებზე და იმაზე, თუ რატომ სურს უკრაინას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.
მისივე თქმით, უკრაინაში ომის დაწყება მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ ნოემბერ – დეკემბერში (2001 წლის). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ფლობდა.
“ამის თაობაზე ინფორმაციები გვქონდა, ვიცოდი ჩვენი პარტნიორებისგან”, – აცხადებს ქვეყნის პრემიერი.
უკრაინის ომსა და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში შეპარვას შორის კავშირს ღარიბაშვილი იმაშიც ხედავს, რომ ომში მყოფი მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი ზედმეტად არის დაინტერესებული საქართველოს საშინაო საქმეებით.
“ომში მყოფი ადამიანი, როცა იცლის და საქართველოში რამდენიმე ათასი ადამიანის დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს უკვე პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ეს ადამიანი ჩართულია, მოტივირებულია აქაც რაღაც მოხდეს, შეიცვალოს. მინდა ყველას ვუსურვო ამ ომის დამთავრება და სიმშვიდე, მაგრამ თქვენ მიხედეთ თქვენს ქვეყანას, ჩვენ მივხედავთ ჩვენსას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა ზელენსკის მისამართით.
მისი თქმით, სააკაშვილი არის აგენტი, რომელიც საქართველოში, რუსეთ-უკრაინის ომის წინ ორგანიზებულად შემოგზავნეს.
“სააკაშვილი შემოვიდა პირველ ოქტომბერს. შემოაგზავნეს ორგანიზებულად, საქართველოში სურდათ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და საჭირო დროს ქვეყნის ომში ჩართვა”, – ამბობს ღარიბაშვილი.
მას საკუთარი ვერსია აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ სჭირდება უკრაინას საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა.
“ყველას თავისი ინტერესები აქვს. უკრაინისთვის შესაძლოა გარკვეული შვება ყოფილიყო, თუ კი რუსეთის უკრაინიდან ყურადღებას საქართველოზე გადმოიტანდა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეოდა პოლიგონად. რა თქმა უნდა, უკრაინას მეტი საშუალება ექნებოდა, რომ უკეთ მომზადებულიყო. დროს მოიგებდა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა განადგურდებოდა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა ხდება დღეს მსოფლიოში. აქ არაფერი მოხდება, ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ იმაზე მეტად არის გადაზღვეული, ვიდრე ოპოზიციას წარმოუდგენია”, – აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.
რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ წლის ბოლომდე მიიღებს ქვეყანა სტატუსს, თუ საუბარია დამსახურებულ მიღებაზე.
“ყველა ის ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც ტოლობის ნიშანს უწერს სააკაშვილის და ჩვენს ქვეყანას, ის პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტს, ჩვენს ხალხს, ამიტომ ჩვენი რეაქცია იქნება პროპორციული, ვინც ჩვენ პატივს არ გვცემს, ჩვენგანაც ნუ მოელის პატივისცემას. ვისაც არ უნდა დღეს კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია. სტატუსის მიღების შემდეგ მათ ხელიდან ეცლებათ ყველა ბრალდება და ვერაფერს ვეღარ დაგვწამებენ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა 12 მარტის ინტერვიუში.