“აბა, გაბედე და დონორი ქვეყნის ფული არასწორად დახარჯე, ჰაერში აგწევენ” – ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან
რა მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, რატომ არ არის ამოღებული უკრაინიდან შემოსული „შავი ფული“, რა საფრთხეს უქმნის ქვეყანას ნეოლიბერალების მმართველობა, რას უნდა ელოდეს ხელისუფლება ქართველი დიპლომატებისგან და დავოსის ფორუმის რა მნიშვნელოვანი გზავნილი გამორჩა ქართულ მედიას და რაზე დუმს პრესა? – ამ საკითხებზე მედია სააგენტო „24“-ს დამოუკიდებელი პოლიტიკოსი გიგლა ბარამიძე ესაუბრა.
-რა ვერ გათვალეს “უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტის” ავტორებმა და რამდენად სწორი დრო შეირჩა კანონის მისაღებად?
– პირველი: საერთოდ, საქართველოში, ვინ რეალურად არასამთავრობოა, ვინ ჯაშუში, ვინ აგენტურული საქმიანობით დაკავებული, პრინციპში, ისედაც ზეპირად ვიცით. რას ნიშნავს ჯაშუში – როდესაც სხვა ქვეყნიდან იღებ ხელფასს, გრანტებს, დანამატებს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია. მთელ მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრძალული აქვთ პოლიტიკური საქმიანობა და ეს ორგანიზაციები რეალურად ამ თანხებს პოლიტიკური საქმიანობისთვის იყენებენ. აი, ეს არის ჯაშუშობა, აგენტობა. ამიტომ, აგენტომანია და ჯაშუშობა საქართველოში უნდა დამთავრდეს. ამ კანონის მიღებამდე ჩვენ ისედაც ვიცოდით, ესენი ვინ იყვნენ. საქართველოში არის 10 000-მდე რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია. აქედან, დაახლოებით, 99% დაკავებულია თავიანთი საქმეებით, ქველმოქმედებით, კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. დაახლოებით 60-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, პირდაპირ არის ჩართული ნაცმოძრაობასთან ერთად ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ საქმიანობაში. ერთი სული აქვთ, სისტემა შეცვალონ და თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამიტომ, ხელისუფლება ამ კანონის მიღების დროს, არ უნდა აჩქარებულიყო და საზოგადოებისთვის აეხსნა, დიფერენციაცია მომხდარიყო – პოლიტიკაში ცხვირჩარგულ არასამთავრობოებსა და სხვა არასამთავრობოებს შორის. ეს რომ არ მოხდა, ამან ბევრი შეკითხვა გამოიწვია და იქითა წარმომადგენლები, ყველა ერთად მივიდა მიტინგზე. ეს ერთი; მეორე – როდესაც სისხლისღვრის საშიშროება დადგა, ხელისუფლებამ კარგი ქნა, თუნდაც თავისი ავტორიტეტის შელახვისა და შემცირების ხარჯზე, ნაბიჯი უკან გადადგა და არ დაუშვა ეს ყველაფერი. ეს, ერთის მხრივ, მისი გათვლებით, სწორიცაა და ღირსების მანიშნებელიც, რომ უკან დახევაც შეუძლია. ეს არის პოლიტიკა. თუმცა, საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანა. კარგი იქნებოდა, ვიდრე კანონს მიიღებდნენ, საზოგადოებისთვის, სტუდენტებისთვის, უმაღლესებში, სკოლებში კიდევ ერთხელ დეტალურად აეხსნათ, რატომ იღებდნენ ამ კანონს, ვის ეხება და რომ არაფერ კავშირში აქ არ არის რუსეთისკენ გზა.
-ფაქტია, ხელისუფლებას არა მხოლოდ მისი უკან გაწვევა მოუხდა, სერიოზული პროტესტი მიიღო.
-ხელისუფლების ყველაზე დიდი მინუსი ის არის, რომ ვერ ახერხებს ნაცსექტის და მასთან აფილირებული არასამთავრობოების, პოლიტიკაში ცხვირჩარგული არასამთავრობო ორგანიზაციების „შავ პიარს“, რამე დაუპირისპიროს. ამას ვერ ახერხებს და ეს წლების მანძილზე გრძელდება. ახლა ნახეთ ნონსენსი – ხელისუფლება ანუ „ქართული ოცნება“, რომლის დროსაც მოხდა ევროკავშირთან ასოცირების წევრობა საქართველოსი, უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, რომლის დროსაც გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობა – აი, ამ ოცნებას ის პოლიტიკურ სექტად ქცეული პოლიტიკური ძალა და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოს დაეკარგა 20%, რომელთა წარმომადგენლებიც დღემდე ხელფასს ოფიციალურად რუსულ რუბლებში იღებენ, რომელთაც დაკარგეს 100-ზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა, რუსეთს ჩააბარეს 250-ზე მეტი სტრატეგიული ობიექტი, ის ამბობს – მე ვარ პროევროპულიო და საზოგადოების გარკვეული ნაწილი აიყოლია. აი, ეს არის თითქმის ანეკდოტამდე მისული რამ. ეს არის უპირველესი შეცდომა „ქართული ოცნების“, რომ ვერ ახერხებს გაკეთებულის სახელის დარქმევას და გაფუჭებულზე სახელის დარქმევას. წარმოიდგინეთ, რა დონემდე ვერ შეძლეს საზოგადოებამდე მიტანა, რომ მერაბიშვილმა – ქართველი ხალხის, ახალგაზრდობის, 26 მაისს და არა მხოლოდ, სისხლის დამღვრელმა კაცმა, აქეთ დააბრალა დღევანდელ ხელისუფლებას, ძალისმიერი მეთოდებით მიტინგის დაშლა და რუსებისკენ წასვლა. პოლიტიკური ძალები, რომლებიც კეზერაშვილისგან სისხლიან ფულს იღებენ, ხელისუფლებას აქეთ აბრალებენ, შენ ხარ პრორუსიო. აი, ეს არის ყველაზე დიდი გადაცდომა, შეცდომა და ნაკლი დღევანდელი ხელისუფლების. ეს ვერ მოახერხა და ამიტომ, როდესაც ამას საზოგადოებას ვერ აუხსნი, ვერ განუმარტავ სათანადოდ, სად იწყება ევროპული გზა, ბუნებრივია, რომ ახალგაზრდობას, სტუდენტობას, რომელიც ამ დეტალებში არ არის გარკვეული, ისე ეშმაკურად შეუცურეს ნაცების ლოზუნგები, თვითონაც რომ არ იცოდნენ, ისე აძახებინეს – არ გვინდა რუსული ოცნება! გვინდა ევროპისკენ სვლა! – მაშინ, როცა გვერდით იგივე მიტინგზე იდგა რუსული საქმის გამკეთებელი არასამთავრობოებიც და ნაციონალური მოძრაობა. ხომ ხედავთ, როგორი ტექნოლოგიები იქნა საინტერესოდ გამოყენებული. მივესალმები, ხაზს ვუსვამ, ახალგაზრდების პოლიტიკურ აქტივობას, თუნდაც, სწავლის მერე – პოლიტიკური აქტივობაც და მოქალაქეობრივი პოზიციაც. ყველას, ისევე როგორც ჩვენ, გვინდა ევროპული ცივილიზაცია, რომლის უმთავრესი ერთ-ერთი დამფუძნებელი ისტორიულად საქართველოცა არის. მაგრამ, ამის ფონზე მოახდინო არეულობის პროვოცირება, ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და რომლის უკან ისევ ეს ძალა დგას – ნაცსექტა. ამ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები იყვნენ ახალგაზრდული ორგანიზაციიდან, რომლებიც ამტვრევდნენ და ამსხვრევდნენ ყველაფერს. იყო მანქანების გადატრიალება, ცეცხლის წაკიდება. ქალაქს და რუსთაველს, რას ერჩოდნენ, რას დაამსგავსეს?! მადლობა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მეორე დღეს მოვიდნენ და იქაურობა გაწმინდეს, მოასუფთავეს. ვიმეორებ, ხელისუფალი იმიტომ ხარ, რასაც აკეთებ, საზოგადოებას აუხსნა და წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ მეხუთე კოლონას – ნაცმოძრაობას და მისივე არასამთავრობოებს, საშუალება არ მისცე, მართალზე თქვას სიცრუე, სიცრუეზე – მართალი.
-ეს ყველაფერი, ხომ არ არის იმის შედეგი, რომ თავის დროზე არც პოლიტიკური შეფასება მიეცა სააკაშვილის რეჟიმს და არც სათანადოდ აგეს პასუხი დამნაშავეებმა? ძალები მოიკრიბეს, ფინანსურად მოძლიერდნენ და სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ?
– რა თქმა უნდა. თვითონ „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ კოჰაბიტაცია უდიდეს შეცდომად. შეცდომა იყო, რომ არ იქნა გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი, როგორი ღალატი ჩაიდინა ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს და წინა წლებში; როგორ ჩაფლული არიან კორუფციაში და ა.შ. ბოლომდე არაფერი მიიყვანეს და ახლა, ბოლო ორი წელია, ქმედებები დაიწყეს. მაგრამ, უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო. ანდა, რატომ არ არის ამოღებული „შავი თანხები“, რომელიც უკრაინიდანაც შემოდის და რომელიც ნაცმოძრაობას დაუგროვდა. როდესაც საქართველოს ახალგაზრდობას და სტუდენტებს, ნაციონალური მოძრაობის სულისჩამდგმელის, სააკაშვილის ოჯახი და კონკრეტულად მისი დედა, 170 მლნ-იან ქონებას ართმევს და 1 ლარად იღებს, რატომ არ არის ეს გამოძიებული? რა გახდა? 2 ბატს ვინმე თუ მოიპარავს, ციხეში უკრავენ თავს და აქ, 170 მლნ აქვს წაღებული ამ ქალბატონს და არც კი დაკითხეს საგამოძიებო ორგანოებმა. ეს დაუსჯელობის სინდრომი, ოღონდ ჩუმად იყოს, ოღონდ კიდევ რამე არ წამომაძახოს – ყველაფერმა თავი მოიყარა. ეს იყო დატესტვა, ასე ვთქვათ, შესავალი იმისა, რასაც საქართველოს მტრები გაზაფხულიდან, არჩევნების წინ, მეხუთე კოლონის მეშვეობით განახორციელებენ. ეს იქნება დადგმული, უბრალოდ, ახლა დატესტეს, ხელისუფლებას, სად აქვს სუსტი და სად ძლიერი მხარეები. ამის შედეგი იყო, რომ წინა პლანზე წამოვიდნენ უცბად ახალგაზრდები. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – მივესალმები ჩვენი ახალგაზრდების, სტუდენტების პოლიტიკურ პოზიციებს, მაგრამ, როდესაც გაიძახი, არ გინდა რუსეთი, მაგრამ ის, ვინც რუსეთს ყველაფერი მიართვა, შენს გვერდით დგას – ნაციონალური მოძრაობა. სად იყო ამ ახალგაზრდების გამოსვლა დაგეგმილი, როდესაც ერთი წლის წინანდელ სლოგანებს გაიძახიან ახალგაზრდები?!. ეს არის ჩვეულებრივი ტექნოლოგიები – გაგაკეთებინონ ისე, თვითონაც ვერ მიხვდე, რომ გაგაკეთებინეს. ანუ შენ უნდა გეგონოს, რომ თვითონ გააკეთე, სინამდვილეში, უნდათ გაგაკეთებინონ. იგივე „ქართული ოცნება“ – სად იყვნენ ახალგაზრდები, რომ ეს სლოგანი ნაცმოძრაობას და არასამთავრობოებს უკვე ერთი წელი აქვთ ჩამოყალიბებული. რუსული კრემლისკენ მიმავალი „ქართული ოცნება“! – ეს ლოზუნგები ხომ ნაციონალების არის. პრორუსი „ქართული ოცნება“! – ეს ყველაფერი ხომ იყო, უბრალოდ, გამოჩნდა, როცა ახალგაზრდებმა დაიწყეს ძახილი, მაგრამ, აბა, გადახედონ იმ ახალგაზრდებმა წინა თვეების მიტინგებს, გამოსვლებს და ნახონ, ხალხი რომ ვერ შეკრიბა ნაცბანდამ აქციაზე, იგივე სლოგანები იყო მაშინაც, ოღონდ ახლა ახალგაზრდებს ათქმევინეს. უფრო სწორად, ახალგაზრდებმა ეს ისე, თავისდაუნებურად გააკეთეს, რომ ვერც გაიგეს. ის ჯანსაღი პროტესტი, მისასალმებელია, ვთქვათ, არ უნდოდათ ეს კანონი. თუმცა, მგონი, უმეტესობას წაკითხულიც არ აქვს. იქ რუსული, არაფერია. მაგრამ, როდესაც შენი მასმედია, ანუ მედია მეტ-ნაკლებად, რომელიც ხელისუფლების მხარეს არის, ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა და საზოგადოებრივი აზრის ბომბარდირება ხდება, 24 საათიან რეჟიმში, ნაცბანდის და კეზერაშვილის ტელევიზიების მიერ, ამან შედეგი გამოიღო. იგივე მოხდება, არჩევნებამდე გარკვეულ პერიოდში, თუ ყური არ გამოიბერტყეს ხელისუფლებაში. ასე არ შეიძლება.
– ვნახეთ, დასავლეთის უსწრაფესი რეაგირება, რომ ხელისუფლებას უარი ეთქვა კანონის მიღებაზე. უკრაინის ომიდან გამომდინარე, როცა ყველა რუსეთს უპირისპირდება, საქართველოსთან მიმართებაში, ორმაგი სტანდარტია. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები და სტრატეგიული ობიექტები, ვინც რუსეთს ჩააბარა, დასავლეთი დღესაც მხარს სწორედ ამ ძალას უჭერს. ეს რას ნიშნავს?
– ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპაშიც და ოკეანის გაღმაც უძლიერესია გლობალისტური ძალები, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაშიც აქვთ დაპირისპირება და რომლებიც თავის წესებს ამკვიდრებენ. ახალი საერთაშორისო წესები ხომ გაპარტახებულია. ამ წესებს აღარავინ იცავს. ისინი თავიანთ წესებს ამკვიდრებენ, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ხაზია, არაეროვნული ხელისუფლებები. მათ არ სჭირდებათ ეროვნული და დამოუკიდებელი ხელისუფლებები. მათ სჭირდებათ ტრანსნაციონალური კორპორაციების მიზნების განხორციელება მთელ მსოფლიოში. რაც უფრო დამოუკიდებელია, თუნდაც პატარა ქვეყნის ხელისუფლება, მათ ასეთი არ სჭირდებათ. მათ სჭირდებათ მუდმივი ჯაჯგური, რომ უფრო იოლად იმართებოდეს. ამიტომაც არის, რომ პირწავარდნილ ყაჩაღს, ბანდიტს, სისხლიანი რეჟიმის შემქმნელს, ევროპარლამენტარები ლამის გარანტად დაუდგნენ, შემოიბრდღვნეს ყველაფერი, – გარეთ გამოდიო! ეს ამის მანიშნებელია. რაც შეეხება ამერიკის იგივე ზოგიერთი თანამდებობის პირის გამოსვლას, არასამთავრობოებთან დაკავშირებით, უნდა ვიცოდეთ, რა არის ეს სისტემა – არასამთავრობოების. ის სისტემა, რომელიც დამკვიდრებულია მთელ მსოფლიოში, ეს ამერიკული მოდელია, იძლევა საშუალებას პატარა ქვეყნების ხელისუფლებების მართვის, რომ ეს ქვეყნები, ყურებით ჰყავდეთ დაჭერილი. განა, არ იციან, რომ ეს არასამთავრობოები – „კმარა“, „დროა“, „სირცხვილია“ და უამრავი სხვა, რომლებსაც მილიონებით აფინანსებენ, ისინი არაფერს არასამთავრობოების კუთხით, არ აკეთებენ. თავიანთ რეზიდენტებად ჰყავთ წარმოდგენილი ამ ქვეყანაში და იმ საქმეს აკეთებინებენ, რაც მათ სურთ. სუსტი ხელისუფლება და მუდმივი დაპირისპირება ქვეყნის შიგნით, რომ ესენი იყვნენ მედიატორები – სიტუაციის და მიხედვით ალაგებდნენ საქმეს. აი, ეს არის თორემ, აბა, გაბედე და თუ დაინტერესებული ხარ შენ, დონორი ქვეყნის ფული არასწორად დახარჯე, ჰაერში აგწევენ იგივე დასავლეთიდან. მაგრამ, ამას არ აკეთებენ, რადგან სჭირდებათ ეს ყველაფერი. აი, ეს არის. როდესაც ამ კანონით გაჩნდა საშიშროება, რომ ეს სისტემა შეიძლება მოიშალოს, დაწყებული არ იყო, უკვე განცხადებებს აკეთებდნენ. 26 მაისს ხალხს ხელ-ფეხი შეუკრეს, ზოგს ტყვია ესროლეს, ზოგი გაანადგურეს და სახურავზე შეაგდეს და დასავლეთი ხმას არ იღებდა, გატრუნულები იყვნენ. არავის ახსოვდა ადამიანის უფლებები და არაპროპორციული ძალის გამოყენება. ახლა არაფერი იყო დაწყებული და ერთ ამბავში იყვნენ. რატომ? – იმიტომ, რომ მექანიზმი არ დავკარგოთ პატარა სახელმწიფოების ხელისუფლებების მართვისო. იმიტომ, რომ ეს შეიძლება გადამდები იყოს, საქართველოს სხვამაც მიბაძოს და თუ არ ეყოლა ეგეთი არასამთავრობოები, რომელსაც ყველაფერს პატიობენ, დედის გინებას, შეურაცხყოფას, ტროცკის მეთოდებს, დაწვას, მოლოტოვის კოქტეილებს, სროლას, ცემა-ტყეპას, აბა, როგორ უნდა დააშინო ხელისუფლებები. თორემ, საერთოდ, ჯანსაღი დემოკრატიული პროცესებისთვის, თავისი პროფილით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები სუპერ აუცილებელია და მადლობა 99%-ს ასეთ ორგანიზაციებს, უდიდეს საქმეს აკეთებენ. ქველმოქმედება, მეცენატობა, ეკოლოგია, სოციალური დაცვა, წახალისება, დასაქმება – ვინ არის ამის წინააღმდეგი?! მაგრამ აი, შტურმ ბრიგადები, რომ ჰყავს არასამთავრობოებს, ამ კანონით ამათი სახელის დარქმევა ხდებოდა – შენ ხარ აგენტი. ეს არ უნდოდათ. ანუ რა გამოვიდა, ახალგაზრდებს ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ, არამედ ნაცბანდას და მის არასამთავრობოებს – გაგიგიათ ასეთი რამ, ნონსენსი და სითავხედე – ჯაშუშები გიწყობენ რევოლუციას, რომ მე უნდა მქონდეს საშუალება ჯაშუშობის.
-ამ რამდენიმე ათეული ორგანიზაციის მეშვეობით, ღიად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში, ეს იკვეთება?
– ასე ხდება, რას იზამ. დავოსის ფორუმზე ერთ-ერთი წამყვანი ქალბატონი, ოფიციალური თავმჯდომარე, გამოვიდა და პირდაპირ თქვა (ეს მედიას გამოგრჩათ), მსოფლიოში მყარდება ახალი წესები. ეს არის ტოტალური გლობალიზმი. ძალიან საწყენი და დასაფიქრებელია, რომ არიან პატარა ქვეყნები, რომელთა მთავრობებისთვისაც უმთავრესია ეროვნული ინტერესები და არა გლობალური წესები. ადრე ამას ჩუმად ამბობდნენ. ახლა კი ღიად გითხრეს. ეს ხდება, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში.
-რეალურად ეს ჩანდა იგივე იმ დეპუტატების ჩაცმულობითაც, რომლებიც პატრიარქ ამბროსი ხელაიას მაისურებით გამოვიდნენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო განცხადებებით. ეს გზავნილი იყო – ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედ ძალებს მხარი უნდა დაუჭირონ.
– კი. ფასეულობების გადაფასებაა – ტყუილის მართლად წარმოჩენა, მართლის – ტყუილად. ილია ჭავჭავაძის ორი წიგნი არ აქვთ წაკითხული, მაგრამ ილიას მაისურებით იდგნენ. ეს არის ამათი მიზანი. ფაშიზმზე უფრო საშიშია ნეოლიბერალიზმი. იმიტომ, რომ ფაშისტური თეორია არ გაურბის თავის თეორიას და ცდილობს დაგიმტკიცოს, რით არის ფაშიზმი უკეთესი, ვიდრე სხვა წყობა, პოლიტიკური მიმდინარეობა. ესენი ევროცივილიზაციას, ევროპულ ფასეულობებს ამოფარებული ამკვიდრებენ ტოტალიტარულ ლიბერალიზმს, რომელიც ფაშიზმზე უარესია. რეიგანმა რომ თქვა, თუკი ამერიკაში მოვა ფაშიზმი, მას ნეოლიბერალების სახე ექნებაო. ჯერ კიდევ, როდის დაინახა მან ეს. ესენი ყველაზე საშიშები არიან. მათთვის არანაირ ეროვნულობას, არანაირ ფასეულობას აზრი არ აქვს. მათთვის მთავარია მასების მართვა თავის მიზნებისთვის. საბოლოო მიზანია – თავისი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მასების მართვის მეშვეობით, მილიარდების დაგროვება. ეს არის და ეს.
-შესაძლოა კანონის უკან გაწვევამ და განვითარებულმა მოვლენებმა, სახელისუფლო გუნდში რღვევა გამოიწვიოს? ინფორმაციები გაჩნდა, თითქოს გარკვეული დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობიდან გადიან.
– შეიძლება ეს უკან დახევა, ამ ეტაპზე საჭირო იყო. რომ სისხლი არ დაღვრილიყო. თუმცა, კიდევ ვამბობ, ვიდრე ამ კანონს მიიღებდნენ, მათ ერთი-ორი წელი უნდა ემუშავათ, რომ საქმე აქამდე არ მისულიყო. რაც შეეხება იმას, ვიღაცას უნდა შესვლა-გამოსვლა – ოცნების წევრი არ ვარ და არც მთავრობის გუნდის, გინდ გამოსულან, გინდ – დარჩენილან, ეგ არ არის ჩემი ინტერესის სფერო. მაგრამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარეა, როცა იძაბება სიტუაცია, მმართველ გუნდს ყოველთვის ვიღაც ტოვებს. არის ხოლმე შესაძლებლობა და რეალური სიტუაცია, რომ მმართველი გუნდი ყოველთვის ვიღაცამ დატოვოს. ტოვებენ ხოლმე. მეტიც, ეს გლობალისტური წრეები მთავრობაშიც და მმართველ გუნდშიც, მაქვს ინფორმაცია, კარგა ხანია, მუშაობენ, რომ გადაიბირონ უმაღლესი თანამდებობის პირები. რა, არ ვიცით, ეს? გახარიას შემთხვევა, არ არის ამის მაგალითი? და უამრავი სხვა. ახლაც არ არის გამორიცხული. შეიძლება რღვევა ასეთი ღია არ იყოს, რადგან „ქართულ ოცნებას“ რესურსები ჯერ კიდევ აქვს, ამას ხაზს ვუსვამ, თუ ნორმალურად გამოიყენა. მაგრამ, ვიღაცები თუ გაემიჯნებიან, ეს სრულიად შესაძლებელი და ბუნებრივი პროცესია. ასეთი ფაქტები შესაძლოა იყოს და ალბათ, ასეც იქნება. რაც უფრო გართულდება სიტუაცია, უფრო მეტად იყოს ასეთები ხელისუფლებაშიც და დიპლომატიურ კორპუსშიც, ტყუილად ამას არ ვამბობ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პარტიულ ბირთვში.
ესაუბრა გიორგი გლოველი