რუსთაველის თეატრის მხატვრების შემოქმედებას თბილისში კიდევ ერთი ბინა ინახავს

ამბობენ, – ისტორიას ადამიანები ქმნიან და არა შენობებიო. ამ ისტორიის ნაწილია ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბინა, სადაც ბადრიძეების ოჯახი 1959 წლიდან ცხოვრობს და მისი ისტორიის შენარჩუნებაზე ზრუნავენ. Გამორჩეულ ყურადღებას ის ფერწერული ნამუშევრები იქცევენ, რომელიც ბინის კედლებზე და ჭერზეა შესრულებული.

ქართველმა მომღერალმა და პედაგოგმა, საქართველოს სახალხო არტისტმა დავით ბადრიძემ ბინა 1959 წელს შეიძინა. იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახის წევრები ხელოვნებით იყვნენ გატაცებულნი, სახლის მოხატვა გადაწყვიტეს. იმ პერიოდში, რუსთაველის თეატრის რესტავრაცია მიმდინარეობდა, რომელზეც უცხოეთიდან მოწვეული მხატვარ- რესტავრატორები მუშაობდნენ. დავით ბადრიძემ სწორედ მათ მოახატვინა ბინა. პროცესი თითქმის ნახევარი წელი გრძელდებოდა.

აქ თითოეული ნივთი თავის ისტორიას ინახავს.

ორიგინალურად მოხატული ჭერი და კედლები, ანტიკვარული ავეჯი და ნივთები დღემდე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.

სხვადასხვა ანტიკვარული ელემენტით შევსებული ავეჯი და ნივთებიც ოჯახის უფროსმა წარმომადგენლებმა სხვადასხვა ქვეყანაში შეიძინეს.

ნახატების ძირითადი ნაწილი კი, რომელიც მოხატულ კედლებს ავსებს, დავით ბადრიძის ოჯახს, სხვადასხვა პერიოდში, მეგობრებმა აჩუქეს.

იქიდან გამომდინარე, რომ კედლების და ჭერის გასუფთავება რთული და შრომატევადი პროცესია. ბინას რესტავრაცია მხოლოდ ორჯერ ჩაუტარდა.

დღეს, ამ სახლში ოჯახის მეოთხე თაობა ცხოვრობს, რომლებიც დავით ბადრიძის დაწყებულ ისტორიას ინახავენ და აგრძელებენ.

ლიკა მაჩხანელი