თბილისის ფუნიკულიორი საუკუნეზე მეტს ითვლის – წმინდა დავითის მთაზე აგებული უნიკალური გზა

თბილისის ფუნიკულიორი მსოფლიოს სამთო-საბაგირო გზებს შორის, ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი ნაგებობაა. მისი საოცარი ადგილმდებარეობით, ვიზუალური ფორმითა და ისტორიით, ასე დარჩება კიდევ მრავალი საუკუნის განმავლობაში.

1905 წლის 27 მარტს, საქართველოს დედაქალაქის, კიდევ ერთი უძვირფასესი სავიზიტო ბარათი და ქალაქის მშვენება, ფუნიკულიორი გაიხსნა.

ფუნიკულიორი ძველი თბილისიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან, ნამდვილად თვალისმომჭრელად გადმოსცქერის მრავალ ტკივილთან მებრძოლ ქალაქს. როდესაც ადამიანი ამ ციცაბო დაღმართზე აჭიმულ ულამაზეს რკინიგზასა და მთაზე მდგარ საოცარ შენობას შეხედავს, გარდაუვალია, რომ მისმა მშვენიერებამ წამით მაინც არ ჩააფიქროს.

ფუნიკულიორის გახსნას, მაშინდელი ჟურნალ-გაზეთებიდან, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ ნაწყვეტს გაზეთი ,,კავკაზიდან“, რომელმაც ობიექტის გახსნის დღე, დეტალურად აღწერა.

,,ორივე სადგური დროშებით იყო მორთული. დილის 10 საათისთვის, ფუნიკულიორის ქვედა დარბაზში, თავი მოიყარა მიწვეულმა ხალხმა. ქალაქის თავმა, გამგეობის წევრებმა, სხვადასხვა საზოგადო დაწესებულების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა.

კურთხევის დაწყების წინ, დავითის ეკლესიის ხელმძღვანელმა ო. მაქაროვმა (ალბათ, მაქარაშვილმა) წარმოთქვა სიტყვა. მადლობა გადაუხადა ფუნიკულიორის თაოსნებს და მშენებლებს. წირვა-კურთხევის შემდეგ, სტუმრები ვაგონში შევიდნენ.

ვაგონის წინა ბაქანზე მოთავსდნენ – ო. მაქაროვი, ქალაქის თავი, ფუნიკულიორის მშენებელი, ბატონი ბლაში, ბელგიის ვიცე-კონსული, ბატონი აივაზოვი და სხვები. როცა ვაგონის წინ გაჭიმული ლენტი გადაჭრა, ქალაქის თავმა თქვა: “ქალაქ ტფილისის მოსახლეობის სახელით, მივესალმები ამ ბრწყინვალე წარმოებას და ვაცხადებ ტფილისის ფუნიკულიორს გახსნილად”. გაისმა სასიგნალო ზარები და ვაგონი დაიძრა.

ამავე დროს, ზედა სადგურიდან მეორე ვაგონმა დაიწყო დაშვება. ნელა მიიწევდა ვაგონი ზევით. სტუმრების წინ იშლებოდა თბილისისა და მისი გარეუბნების ლამაზი ხედი, კავკასიის მთების პანორამა და ბოლოს, გამოჩნდა შორეული ყაზბეგის მოთეთრო მწვერვალი. 6 წუთის შემდეგ, ვაგონი ზედა სადგურთან გაჩერდა. გაისმა ერთსულოვანი “ვაშა”, შესრულდა შემხვედრი მარში. სიმღერის თანხლებით მღვდელმა სადგურსა და სამანქანო განყოფილებასთან შეკრებილთ, წმინდა წყალი აპკურა.

სადგურის დათვალიერების შემდეგ, სტუმრები ავიდნენ ზევით, მეორე სართულზე, სადაც ვრცელ დარბაზში მათ შესთავაზეს საუზმე და შამპანური. წარმოითქვა სიტყვები, სადღეგრძელოები. იმ საზეიმო დღეს, მთელი ძალით მუშაობდა თბილისის ფუნიკულიორი“- წერდა გაზეთი ,,კავკაზი“.

თბილისის ფუნიკულიორზე, პეტერბურგში გამომავალი ჟურნალი “ნივაც” (1905, #38) წერდა:

“ეს შესანიშნავი ნაგებობაა მოწყობილი ცნობილი უცხოეთის ფუნიკულიორების მსგავსად. რაღაც დაახლოებით ასეთი რამ არსებობს ქვედა ნოვგოროდში, მაგრამ იქაური ფუნიკულიორი, ვერც კი შეედრება წმინდა დავითის მთაზე აგებულ გზას.

ამჟამად, თბილისის ფუნიკულიორი, დიდი წარმატებით სარგებლობს თბილისის მცხოვრებთა შორის და წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას, რომლებითაც ესოდენ მდიდარია საქართველოს დედაქალაქი.“

დიახ, მაშინ, 1905 წელს, თბილისმა ნამდვილად არაჩვეულებრივი ნაგებობა შეიძინა და ამაზე, საუკუნეზე მეტი დროის გასვლის შემდეგაც, უამრავი რამ შეიძლება ითქვას.

დღეს, თბილისის ფუნიკულიორი არაერთი ტურისტისა თუ ადგილობრივი ადამიანისთვის სიმშვიდის მოპოვებისა და უბრალოდ, სასიამოვნო განწყობის შექმნის ადგილია.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ თბილისის ფუნიკულიორის გახსნას, ქართველი ხალხის კიდევ ერთმა, სამწუხაროდ, იმ ეპოქაში დაუფასებელმა სიამაყემ, ნიკო ფიროსმანმა, დიდი ფერწერული ტილო უძღვნა.

ახლა კი, მისი დაარსების უფრო დაწვრილებით და ძალზე საინტერესო ისტორიას შემოგთავაზებთ. ცნობილია, რომ XIX საუკუნის დასაწყისიდან, მთაწმინდის რაიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია, თავადი გაბაშვილების სამფლობელოდ ითვლებოდა.

სწორედ ამ პერიოდში, საქართველოში ივანე პოლტორაცკი ჩამოვიდა, რომელიც ქართველი საზოგადო მოღვაწე და მწერალ ილია ჭავჭავაძის მეგობარი იყო. მან ცოლად ნადეჟდა გაბაშვილი შეირთო. სწორედ იმ გაბაშვილების შთამომავალი, რომლის ოჯახსაც მთაწმინდის პარკის ტერიტორია ეკუთვნოდა. მთაწმინდის პარკისა და ფუნიკულიორის დაარსებაში, გაბაშვილებსა და პოლტორაცკებს, დიდი წვლილი მიუძღვით.

ივანე პოლტორაცკის, პირველი ქორწინებიდან, ვაჟი – ილია პოლტორაცკი ჰყავდა, რომელსაც სახელი ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად დაარქვეს და რომელიც პარიზში მოღვაწეობდა. სწორედ მან აღმოაჩინა ბელგიური ფირმა და მთაწმინდაზე ფუნიკულიორის მოსაწყობად საქართველოში თანხა გამოგზავნა.

იმ პერიოდში დედაქალაქი სახეს მალე იცვლიდა და მთაწმინდაზე გასეირნების მსურველთა რიცხვიც ნელ-ნელა იზრდებოდა. ბევრს სურდა, რომ მშენებარე ქალაქისთვის ზემოდან გადმოეხედა, ამიტომ ასასვლელად საჭირო იყო გზის გაყვანა. მთაწმინდის რელიეფის შესაფერისი გზა კი, სამთო-საბაგირო რკინიგზა ანუ ფუნიკულიორი იყო, რომელიც ლათინური სიტყვიდან – “ფუნის” წარმოდგება და ბაგირს, თოკს ნიშნავს.

იმ პერიოდში ასეთი გზები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაჰყავდათ. მალე საქმის მოთავეც გამოჩნდა, საქართველოს ბელგიური საზოგადოების წევრი და თბილისის “კონკას” დირექტორი, ბელგიელი ინჟინერი ალფონს რობე, რომელმაც მთაწმინდის მიწების ნაწილი შეიძინა და ზღვის დონიდან 727 მეტრზე, მტკვრის დონიდან კი, 380-400 მეტრზე ფუნიკულიორი გაიყვანა.

მან ფუნიკულიორის მშენებლობის იდეა, 1896 წელს წამოაყენა და გადაწყვეტილება ქალაქის თვითმმართველობას გააცნო. მოლაპარაკებები სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 1900 წლის ივლისში, თბილისის თვითმმართველობამ, ქალაქში ფუნიკულიორის გაყვანის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და რობის პროექტი დაამტკიცა.

როგორც კი ხელშეკრულება გაფორმდა, ბელგიელმა მთაწმინდის მიწა ნაკვეთებად დაყო და აგარაკების სახით, მისი გაყიდვა დაიწყო. ფიქრობდა, რომ მთაწმინდის პლატოს, ახალი დასახლებისთვის გამოიყენებდნენ. იქვე ადგილი ფუნიკულიორისთვისაც დატოვა. თუმცა, ვაჭრობა ნელი ტემპით მიმდინარეობდა, რამაც აგარაკების მფლობელები გაანაწყენა და რობის წინააღმდეგ საქმე აღძრეს. ამ ფაქტმა ინჟინერი იძულებული გახადა, მშენებლობა მაშინვე, 1903 წლის სექტემბერში დაეწყო.

პროექტი ფრანგმა ინჟინერმა, ბლანშმა შეადგინა. არქიტექტურულად კი, ალექსანდრე შიმკევიჩმა დაამუშავა. გზის მშენებლობას ბელგიელი ინჟინერი რაგოლერი ხელმძღვანელობდა, რომელსაც იტალიელი ინჟინერი, ფონტანა-როსი ეხმარებოდა.

ცნობილია ის ფაქტიც, რომ ხელშეკრულების ფარგლებში, ფუნიკულიორს 45 წლის განმავლობაში, ექსპლუატაციას ბელგიის ანონიმური საზოგადოება გაუწევდა. შემდეგ კი, ქალაქს უსასყიდლოდ გადაეცემოდა.

ხელშეკრულების მიხედვით, 5 წლამდე ბავშვები, ფოსტის დამტარებლები და პოლიცია-ჟანდარმერიის თანამშრომლები, უფასოდ იმგზავრებდნენ.

მშენებლობაში დიდი წვლილი, ცნობილმა საზოგადო მოღვაწე ნიკო ნიკოლაძემაც შეიტანა. რკინაბეტონის სამუშაოები ფუნიკულიორის ესტაკადისთვის, ანუ ხიდისებრი ნაგებობისთვის, რომელზეც რკინიგზა გადის, სწორედ ნიკო ნიკოლაძის ინიციატივითა და მხარდაჭერით შესრულდა.

ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერში დაიწყო და 1905 წლის 27 მარტს გაიხსნა. მის გახსნას ნიკო ფიროსმანმა დიდი ფერწერული ტილო მიუძღვნა.

მშენებლობის პირველი ეტაპი რომ დასრულდა, რუსეთის იმპერიაში და განსაკუთრებით თბილისში, 1905-1907 წლებში, პირველი რევოლუცია დაიწყო. ქალაქში არეულობა და არასტაბილური მდგომარეობა იყო. ცხადია, სამშენებლო ბიზნესი წინ ვერ წავიდოდა, თუმცა, ქალაქს ფუნიკულიორი დარჩა.

ფუნიკულიორის რკინიგზას სამი გაჩერება აქვს. შუა გაჩერებით მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადავდივართ. ზედა სადგურზე კოშკურებიანი ორსართულიანი ნაგებობა – “როტონდა” აიგო, სადაც იმავდროულად კაფე-ბარი და რესტორანი იყო განთავსებული.

საბოლოოდ, ფუნიკულიორის მშენებლობა 1904 წელს დასრულდა და ეს თარიღი ლიანდაგზეც არის აღბეჭდილი. მშენებლობაზე 400 ათასი მანეთი დაიხარჯა. მისი სიგრძე 501 მეტრი იყო.

თავდაპირველად ვაგონი სამი კუპესგან შედგებოდა და თითოში 8 მგზავრი ეტეოდა. ვაგონს ორი ბაქანი ჰქონდა, 24 მგზავრისთვის. მოგვიანებით, ეს ორი ბაქანი კუპედ გადაკეთდა და მასში გრძელი სკამები დაიდგა. თითოეული ვაგონის წონა, 4 000 კილოგრამს აღწევდა. ვაგონები ერთმანეთს გვერდს, გზის შუა ნაწილში უვლიდნენ. ერთი გეზს ფუნიკულიორის ზედა სადგურისკენ იღებდა, მეორე კი, ქვემოთ. მგზავრობა, ასვლა-ჩამოსვლა, 20 კაპიკი ღირდა.

1905 წლის იანვარში, “ივერიის” ერთ-ერთ ნომერში ასეთი ცნობა გაჩნდა:

“გუბერნიის სატეხნიკო კომისიამ და ქალაქის ინჟინრებმა ფუნიკულიორი დაათვალიერეს და მას მუშაობის ნება დართეს. როგორც კომისია ამბობს, ვაგონის ასვლა-ჩამოსვლას ექვსი წუთი დასჭირდა, გზაში ვაგონის შესაჩერებელი მანქანა-ტორმუზიც მოსწონებია კომისიას”.

ფუნიკულიორის პირველი რეკონსტრუქცია 1936-1938 წლებში ჩატარდა, დაძველებული ზედა სადგურის ადგილას ახალი აშენდა, მეორე კი – 1968-1969 წელს.

ამჯერად, ძველი ქვედა სადგურის ნაცვლად, ახალი შენობა აიგო, ვაგონების ძარები შეიცვალა და ფუნიკულიორთან მისასვლელი მოედანიც გაფართოვდა. ამჟამად, ფუნიკულიორის ზედა სადგურის შენობაში, რესტორანი ფუნქციონირებს. შენობის მეორე სართულზე კი, კოკა იგნატოვის პანოა განთავსებული.

დღეს, თბილისის ფუნიკულიორი მსოფლიოს სამთო-საბაგირო გზებს შორის, ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი ნაგებობაა. მისი საოცარი ადგილმდებარეობით, ვიზუალური ფორმითა და ისტორიით, ასე დარჩება კიდევ მრავალი საუკუნის განმავლობაში.

სალომე ხომასურიძე