“მიმდინარეობს უკრაინის ავღანიზაცია, რომ სამხრეთ კავკასია მთლიანად აიწეწოს” – მაია ნიკოლეიშვილი

მაია ნიკოლეიშვილი

რა საფრთხის წინაშე დგას სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად, საქართველო, რამდენად დიდია ომის საფრთხე, რა აჩვენა ჩინეთის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამ, რატომ არის აუცილებელი მორატორიუმი ხელისუფლების კრიტიკაზე? – ამ საკითხების ირგვლივ მედია სააგენტო „24“-ს ანალიტიკოსი მაია ნიკოლეიშვილი ესაუბრა.

– რა აჩვენა 7-9 მარტის მოვლენებმა და ე.წ. გავლენის აგენტების კანონის უკან გამოწვევამ, რომელიც ორ დღეში თავად ევროკავშირისთვის გახდა აქტუალური და რომელსაც საქართველოში “რუსული კანონი” უწოდეს?

-აქციებმა აჩვენა საზოგადოების ერთი ნაწილის ძალიან დიდი უმწიფრობა. ვისაც კონკრეტული მიზანი და დავალება აქვს, ის ხალხი მართავდა იმ პროცესებს, აქციებს – არა. აქციებზე იმდენად არ ჩანდნენ, პროცესებს ვამბობ. ამ პროცესებს მართავდა ხალხი, ვისაც პირდაპირ დავალება აქვს, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მოხდეს და ხელისუფლება შეიცვალოს. ცუდი ის იყო, რომ უამრავი უმწიფარი ადამიანი აჰყვა ამას. ზოგი ასაკით საკმაოდ ხანდაზმული და ზუსტად ის, რომ ევროპისკენ გვინდაო, აი, ამ სატყუარაში უამრავი ადამიანი გაება. სულ იმას ვფიქრობ, თუ საკუთარი აზრი არ გაგაჩნია და ვერ აანალიზებ, მსოფლიოში რა ხდება, საქართველოში მზე და სიმშვიდეა, ეს ძალიან მატყუარაა და ჩიტები რომ გალობენ. ღმერთმა დაიფაროს, უკრაინაშიც ომის წინ ასე იყო. იქაც ჩიტები გალობდნენ. დღეს კი აღარ გალობენ. იქ, სადაც მიწა იწვის, ჩიტები არ გალობენ. აქედან გამომდინარე, მეტი ტვინი, მოსმენა და გააზრება გვმართებს. თუ გააზრების უნარი არ აქვთ, ხაფანგში მაინც ნუ გაებმებიან. დღეს მათ, ვინც ამ პროცესებს მართავდა, მათ ისევ იგივე დავალება აქვთ, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ამბობენ, აი, ლიონს წვავენ და ეს არის ნამდვილი ევროპა. კი, ნამდვილია, ბარბაროსები ევროპაში იყვნენ. სწორედ ევროპა იყო ბარბაროსების, მაგრამ ეს ევროპა, ჩვენ არ გვინდა. ევროპაც იცვლება და სამწუხაროდ, ბარბაროსობის ისტორიაც, ის ეტაპი სამწუხაროდ, ევროპას უბრუნდება. ზუსტად ის, ბარბაროსები რომ შეესივნენ და ევროპას გადაუარეს და ცივილიზაცია დაამხეს. დღეს ევროპას აბსოლუტურად იგივე ჭირს. პარიზისა და ლიონის ქუჩებში, რაც ხდება, ეს არის. მოთხოვნას მნიშვნელობა არ აქვს. ქცევას ვამბობ. ზუსტად ეს ბარბაროსული ქცევა იყო აქაც. ბარბაროსების ადგილი სამხრეთ კავკასიაში, არ არის. დღეს სამხრეთ კავკასიას უდიდესი საფრთხე უდგას, ეს გამოწვევა, არ არის. დღეს ქართველების სიკვდილ-სიცოცხლის და საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას – გამოწვევა ძალიან რბილი სიტყვაა. თუ აქ ოპოზიციამ ხელისუფლების შეცვლას მიაღწია, რა თქმა უნდა, დავალებით, ერთ დღეზე მეტი ისინი ხელისუფლებას და ძალაუფლებას ვერ მოიპოვებენ, იმიტომ, რომ მომენტალურად ამ ყველაფერს ომი მოჰყვება. ომი მოჰყვება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში. თურქეთში, ირანში და რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაში.

– რამდენად სწორად აფასებს მოსალოდნელ საფრთხეს საქართველოს ხელისუფლება?

– პრემიერმა შედარებით რბილად თქვა, – დღეს, საქართველოში, ყველაზე დიდ საფრთხეს ანგლოსაქსური ინტერესები წარმოადგენს. მე არ ვამბობ, სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა, არა. ანგლოსაქსური ინტერესები დღეს საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხეა და მთლიანად რეგიონისთვის. საქართველოს ცალკე ნუ განვიხილავთ. ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ გასაგებია, რომ ეს საფრთხე უფრო გაძლიერდა. ჩინეთის და რუსეთის ალიანსი უფრო მეტ საფრთხეს უქმნის იქ მიმდინარე პროცესებს ანუ ამერიკის ჰეგემონიას. და, ამ შემთხვევაში, ამერიკის ადმინისტრაციის ძალიან არასწორი, შეზღუდული ხედვებით, ის, რომ – ხდება უკრაინის ავღანიზაცია; რომ სამხრეთ კავკასია, თურქეთი მთლიანად აიწეწოს, ამას ისინი თავიანთ გადარჩენად თვლიან. ისინი სხვა კონტინენტიდან აკვირდებიან პროცესებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ბუმერანგი მათ მიუბრუნდებათ. ჩვენ გონიერება უნდა გამოვიჩინოთ და რეგიონი გადავარჩინოთ. საქართველოში თუ აბოლდა, ეს მთლიანად რეგიონს აიყოლიებს. ნებისმიერ ქართველს შეუძლია უკრაინაში წავიდეს და იომოს სურვილის შემთხვევაში. ქვეყნის წინაშე არსებობს ვალდებულება, ამიტომ მიმაჩნია, რომ დღეს ყველა გონიერი ქართველის ვალდებულებაა, გამოცხადდეს მორატორიუმი ხელისუფლების ლანძღვაზე, ჭკუის სწავლებაზე, რადგან ჩვენ ომში ვართ. მერე რა, რომ ქუჩაში მშვიდად დავდივართ. დღეს ჩვენ ომში ვართ. საოცარი საფრთხის წინაშე ვართ. ასეთი საფრთხე მაშინ არ იყო, როცა გია დვალმა გამოაცხადა, – აფხაზეთი დავიბრუნოთ, ქართველებოო. ძალიან ბოროტული განცხადება გააკეთა, ნებსით თუ უნებლიედ, არ ვიცი. ზოგი ასეა, ინტელიგენციის წარმომადგენელი – ვითომ მსახიობები, მომღერლები, მწერლები – ერთ ადგილას “პეროს” გაირჭობენ (ბოდიში გამოთქმისთვის) და ჰგონიათ, რომ ეს ევროპულია. თავი იმიტომ აბია ადამიანს, რომ წყალი არ ჩაუვიდეს, თუ იმიტომ, რომ იაზროვნოს?! – უნდა იაზროვნონ. ელისო ბოლქვაძეზე გამოკიდებას, მართლა რაღაცა აზროვნების პატარა მექანიზმი მაინც თუ აქვთ შერჩენილი, უნდა მიხვდნენ – დღეს რომ საფრთხეა საქართველოს და მთლიანად რეგიონის თავზე, აქამდე არ ყოფილა. სწორედ სი ძინპინის და პუტინის შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ანგლოსაქსები ბოლომდე წამსვლელები არიან, რომ არა მარტო უკრაინა, არამედ ეს საომარი მოქმედებები მთლიანად რეგიონზე გავრცელდეს, სამხრეთ კავკასია – თურქეთის რეგიონზე.

– სამწუხაროდ, ქართულ მედიაში ამ შეხვედრის შესახებ ცოტა რამ ითქვა.

– ქართული მედიის ყურადღების ცენტრშია მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკი. აი, ვინ არის ანგლოსაქსების სამხედრო ტყვე. ზელენსკი არის ანგლოსაქსების სამხედრო ტყვე. ქართული მედია ფრაგმენტულად ანუ ზოგიერთი მედიასაშუალება ამ ყველაფერს ძალიან საღად იძლევა – სკოტ რიტერს მოუსმინე, ტაკერ კარლსონს მოუსმინეთ, რა, ის ამერიკა არ არის? თუ ისიც ცუდი ამერიკაა და რუსეთის ამერიკაა. არის მედიასაშუალებები, რომლებიც ამას აშუქებენ და არის სხვა მედიები, რომლებიც ყოველ დილით ზელენსკის გასმენინებენ. ტელეწამყვანმა ეკა მიშველაძემ თქვა კიდეც, – ასე მგონია, ზელენსკი ჩემი პრეზიდენტია, პრინციპში, არის კიდეცო. ყოფილმა ომბუდსმენმაც არ დამალა, – მირჩევნია ცხელი ბომბები ცვიოდესო.

– შესაძლოა გარკვეული დროის შემდგომ ხელახლა დადგეს დღის წესრიგში ” უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის” მიღება, რომელიც აქციების ფონზე უკან გამოიწვიეს და ჩავარდა? ფაქტია, დღეს ევროკავშირი იღებს ამ კანონს და არაერთ ქვეყანაშია მიღებული.

-რატომ ვსვამთ კითხვას. ის, რომ ანგლოსაქსებისთვის, ევროპელებისთვის შენ ხარ მეორე ხარისხის ქვეყანა, რომელსაც დოზირებული თავისუფლება უნდა ჰქონდეს, იმდენი, რამდენიც მათ უნდათ, ჩვენ მათთვის ფაქტობრივად, სინზე გამობმული ძაღლივით ვართ. ანუ ჯაჭვი გვაქვს კისერზე, მიბმული ვართ იმ მავთულზე, მაგრამ დავრბივართ იმხელაზე, რამდენიც მათ სურთ. ჯოზეფ ბორელმა თქვა – ჩვენ გვაქვს ბაღი, გარეთ არის ჯუნგლებიო. ჯუნგლებისგან უნდა დავიცვათო. ჩვენ მათთვის ჯუნგლები ვართ. რატომ არ გვინდა ქართველებს რომ ეს შევიგნოთ? სად წავიდა ჩვენი საღი განსჯის უნარი. რატომ ვერ ვხვდებით, რომ ჩვენ მათთვის სხვა ხარისხის ადამიანები ვართ, როგორც ჩინელები, ინდოელები, აფრიკელები. ჩვენ აი, აქ განვიხილებით. ის ღამურებიც, რომლებიც ჩვენთან ისტერიკებს მართავენ, ვითომ დასავლელები არიან, ისინიც ამ ხარისხის ადამიანებად განიხილებიან. რაც შეიძლება იუპიტერისთვის, ის არ შეიძლება ხარისთვის – ეს არის უძველესი ჭეშმარიტება. გავიაზროთ. სხვა შემთხვევაში, ადამიანების ხარისხი რომ არ ყოფილიყო დაბალი, ამდენ უკრაინელს სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ? ხომ ხედავთ, ომი უკანასკნელ უკრაინელამდე მიდის. რამდენი სისხლით მოირწყო უკრაინული მიწა. რამდენი უკრაინელი ქალია გაყვანილი და პროსტიტუციაში იძულებით ჩართული. ციფრები რომ ნახოთ, გული გაგისკდებათ. ეს არის მანქანა, რომელიც მუშაობს. არ გაგიკვირდეთ, იქ რომ კანონს იღებენ. დღეს კანონები და ეს ყველაფერი, არის ბლეფი. დღეს შენ ხარ მსხვერპლი და მსხვერპლი ისე უნდა მოიქცეს, როგორც კოლონიზატორის ფსიქოლოგიის მქონე დღევანდელი ევროპოლიტბიუროს აბსოლუტურად მსგავს დირექტივებშია, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებულ ჰუმანურობაში.

– ქართველებს, არ გვინდა – “შინ, რუსეთში!”,  რამდენად რეალურია, რომ ევროპამ რუსული გზისკენ გაიხედოს?

– ევროკავშირი რომ დღეს თუ ხვალ დაიშლება, ამაში ორი აზრი არ არის. როდესაც ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავიდა, მისი დაშლა მაშინ დაიწყო. დღეს ოლაფ შოლცზე არის უზარმაზარი ეჭვები, რომ ის საქმის კურსში იყო ჩრდილოეთ ნაკადის აფეთქებაზე ანუ გერმანიის მთლიანად დახრჩობაზე, მის კანცლერზეა დიდი ეჭვები, რომ ის საქმის კურსში იყო ანგლოსაქსებთან ერთად. ანუ საკუთარი ქვეყნის მასულდგმულებელი იაფი ენერგორესურსის აფეთქების საქმის კურსში თუ იყო, ჩათვალეთ, რომ დღეს მაკრონს რა დღეც უდგას, ხვალ იგივე დღე შოლცს დაუდგება და ზეგ ევროკავშირი ამ ფორმით აღარ იქნება. ჩვენ ამ ილუზიაში არ უნდა ვიყოთ, ვითომ ყველაფერი კარგად არის. იგივე ევროკავშირში ყველაფერი შეიცვლება. ევროპა პირდაპირ ტყვეა ამერიკის შეერთებული შტატების, ვასალია. ეს ყველაფერი, მთლიანად ანგლოსაქსური გეგმა, პირველ რიგში, ევროპის დაჩოქებას და მის გაპარტახებას ემსახურება, შემდეგ რუსეთის დასუსტებას და შემდეგ – ჩინეთის. ანუ სამი კურდღლის დაჭერა დაიწყო ანგლოსაქსურმა გეგმამ. მაგრამ ფაქტია, არ მართლდება. რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოიქცა, რასაც ელოდნენ. მე უფრო მგონია – ბარბაროსობა რესტავრირდა ევროპაში და ევროპა აღარ იქნება უსაფრთხო, აღარ იქნება ინდუსტრიულად განვითარებული და ევროკავშირსაც, ჩემი ღრმა რწმენით, აბსოლუტური კრახი ელის. მით უმეტეს, ამ კრახამდე ის მივიდა იმ გზებით, როგორც იარა საბჭოთა პოლიტბიურომ – კორუფცია, მექრთამეობა, პროტექციონიზმი, უსამართლობა.

– საქართველოს ეწვია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი. შეხვედრები გამართა არასამთავრობოებთან, ოპოზიციასთან და პრემიერთან. რას ნიშნავს ეს ვიზიტი?

– ბერბოკი არ არის იმ დონის პოლიტიკოსი, რომ მის პოლიტიკოსობაზე ვისაუბრო. ის არ არის ანგელა მერკელი. ბერბოკმა თქვა, მე არ მაინტერესებს, რას მეტყვიან ჩემი ამომრჩევლები, მე უკრაინელებს სიტყვა მივეციო. ამის მერე, რაზე შეიძლება საუბარი იყოს. პრემიერმა თქვა, რუსეთი 360 გრადუსით უნდა შემობრუნდესო. 360 გრადუსით შემობრუნება, ნიშნავს იგივე ადგილზე დარჩენას. ბერბოკი არის პირდაპირი ვასალი. სხვათა შორის, არც გონიერებით გამოირჩევა და გერმანელები მას თანამდებობისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევენ. ამის მერე, რა ვთქვა. ვფიქრობ, ის კონკრეტული დავალებით ჩამოვიდა.

ესაუბრა გიორგი გლოველი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

დღეს მსოფლიო ოკეანის დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოდკასტი