“რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც”

29 მარტი წმინდა ამბროსი აღმსარებლის ხსენების დღეა

ამბროსი ხელაია (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია)

მართლმადიდებელი ეკლესია, 29 მარტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, წმიდა ამბროსი აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ყოველი მოძღვარი მოწამეა, მაგრამ განსაკუთრებით მძიმეა, ჯვარი კათოლიკოს- პატრიარქისა. გამონაკლისი არც ამბროსი ხელაია ყოფილა. მან სამარადჟამოდ მაშინ დაიმკვიდრა თავი, როდესაც რწმენისა და მამულისათვის თავი გასწირა და ბოლშევიკ მწამებლებს შესძახა: “ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, გვამი კი თქვენთვის მომინდია! ”

“ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში, – იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს. როგორც მორწმუნე ვიტყვი – იყოს ნება ღვთისა! – და მოგმართავთ ქრისტეს სიტყვებით: “ასულნო იერუსალიმისანო, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა” (ლუკა.23, 28).

ქართველი სასულიერო პირი და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსი(1921-1927წწ), საქართველოს ეროვნული გმირი, ამბროსი ხელაია (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია) 1861 წელს, მარტვილის რაიონის სოფელ ინჩხურში დაიბადა. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო. შემდეგ იყო თბილისის სასულიერო სემინარია. ამ პერიოდში დაოჯახდა. ამბროსი ხელაია, 1887 წელს, სოხუმის ეპისკოპოსმა მღვდლად აკურთხა. მსახურობდა სოჭში, სოხუმში, ახალ ათონსა და ლიხნში. აგრეთვე იყო სამრევლო სკოლების ზედამხედველი და ქართული ენის მასწავლებელი. აქედან იწყება მისი აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს, ეკლესიის დაცვაში.

დაბრკოლებებით, ბრძოლით გადიოდა ამ ურთულეს გზას და ამ სირთულეს მისი მეუღლის, კესარიას მერჩულეს გარდაცვალება უფრო მეტად ამძაფრებდა. 1896 წელს გარდაიცვალა. მას შემდეგ დაობლებული შვილები გვერდიდან არასდროს მოუშორებია. თან ჰყავდა ყაზანში სწავლისას და გადასახლების დროსაც კი. სწორედ ამ პერიოდში, უწევდა ქვეყნის ბედზე ფიქრი და მოქმედება.

აფხაზეთში ცარიზმის რუსიფიკატორული და შოვინისტური პოლიტიკისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის ბრძოლა რუსეთში გადასახლებით დასრულდა. სამი წლის შემდეგ, 1908 წელს, ახალი ბრალდება წაუყენეს – ეგზარქოს ნიკონის სიკვდილში მონაწილეობა, რომელიც, საბოლოოდ, არ დამტკიცდა. 1911 წელს გაამართლეს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის უფლება 1917 წლამდე არ მისცეს.

იმ დროს, საქართველოში ვრცელდებოდა ხმები, რომ თითქოს ის მატერიალურად კარგად იყო უზრუნველყოფილი და არ უნდოდა თავის ქვეყანაში დაბრუნება. ამაზე წმინდანი თავის წერილში გულისტკივილით წერდა:

“ზოგიერთნი მთვლიან მე ბედნიერად, რომ მოვშორდი საქართველოს და ვითომ მატერიალურად კარგად მოვეწყე. ამ წერილის დამწერთ, ალბათ, ჯერ არ გამოუცდიათ მარტოობა სულისა”.

1917 წელს, როდესაც საქართველოში დაბრუნდა, იგი მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. 1921 წლის მესამე საეკლესიო კრებაზე კი საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქად აირჩიეს. ინთრონიზაცია 14 ოქტომბერს ჩატარდა. ამბროსი ხელაია აქტიურ მეცნიერულ მუშაობას ეწეოდა. იკვლევდა ისტორიულ ძეგლებს. პრესაში “ამბერის” ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს, საქართველოს პოლიტიკური, კულტურული, საეკლესიო წარსულის და მიმდინარე ვითარების შესახებ.

მისი აღმოჩენილია “მოქცევაი ქართლისაის” ჭელიშური ვარიანტი. Საქართველოს გასაბჭოებიდან ძალიან მოკლე დროში, ეკლესიის დევნის, ქართული ენის უფლებების შეზღუდვისა და ისტორიული მიწების სხვათა განკარგულებაში გადაცემის გამო, აქტიურად დაიწყო დოკუმენტების დაგზავნა ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციაში, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

“ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, უბილწავენ ეროვნულ კულტურას, დასასრულს, მას უბღალავენ წმიდათაწმიდას, სარწმუნოებრივ გრძნობას”, – წერდა კათოლიკოს- პატრიარქი მემორანდუმში და ქართველი ერის სახელით საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანასა და რეფერანდუმის მოწყობას ითხოვდა.

იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ღიად დაუპირისპირდა ბოლშევიკების ათეისტურ ხელისუფლებას. მას შემდეგ, უფრო მეტად გააქტიურდა მისი დევნა. 1922 წელს ამბროსი ხელაია საკათალიკოსო საბჭოს 9 წევრთან ერთად დააპატიმრეს. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ გრძნობდა.

“რელიგია არ არის სახელმწიფოსგან წარმოშობილი და დაწესებული. მას აქვს თავისი დამოუკიდებელი საფუძველი არსებობისა. სახელმწიფო და ეკლესია ამის გამო ორი სხვადასხვა დაწესებულებაა, მათ აქვთ სხვადასხვა სფერო მოქმედებისა. თავისი დანიშნულების ასრულებაში ორივე ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. სახარების დევიზია: “კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა”. სახელმწიფო ეკლესიურ შინაურ ცხოვრებაში არ ერევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ერთმანეთისგან გამოყოფილია. დაე, გამოყოფილ ეკლესიას წაართვან ყველა უფლებები იურიდიული პიროვნებისა, მას მაინც დარჩება ერთი სფერო თავისუფალი მოქმედებისა, ერთი კუთხე, თავისი წმიდათაწმიდა, რომელშიც სახელმწიფო არ უნდა შეიჭრას. ეს არის მისი შინაური რელიგიური ცხოვრება, რომელიც ექვემდებარება ღვთისაგან დაწესებულ ნორმებს. ვინც ეკლესიის მსახურთაგანი ამას გადაუხვევს, ის მოღალატეა სარწმუნოებისა”, – განაცხადა მან სასამართლოზე.

სამწუხაროდ, საქართველოს ეკლესიის შიგნითაც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაუპირისპირდნენ ამბროსი ხელაიას ამ შეუპოვარ პოზიციას-საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისაკენ მიმართულს. განაჩენი, რომელიც სასამართლომ გამოიტანა, სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა, თუმცა, მისი ასაკიდან გამომდინარე, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების კონფისკაციით მიუსაჯეს. მას სთხოვდნენ თავისი ნებით გადამდგარიყო პატრიარქობიდან, რაზედაც მტკიცე უარი განაცხადა. შვილებს მისი მონახულების უფლება რამდენჯერმე მისცეს. პატრიარქი მათ ყოველთვის მხნედ და მშვიდად ხვდებოდა, ისე, თითქოს არაფერი აწუხებდა.

1924 წლის ბოლოს, გამოცემული ამინისტიით, მას სასჯელი მოუხსნეს და გაათავისუფლეს, თუმცა სთხოვდნენ, რომ მემორანდუმში გამოთქმული აზრისთვის ბოდიში მოეხადა. პოზიცია არ შეუცვლია, მან მთელი თავისი ცხოვრება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეალია. კათოლიკოს – პატრიარქი, 1927 წლის 29 მარტს, გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

ამბროსი ხელაიას პირადი არქივი, რომელიც მის ქადაგებებს, მიმოწერასა და შემოქმედებით საქმიანობას ასახავს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდშია დაცული. 1995 წელს, საქართველოს ეკლესიის გაერთიანებულმა კრებამ განიხილა ამბროსი ხელაიას ცხოვრება, მისი დამსახურება ერისა და ეკლესიის წინაშე. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად, წმინდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით შერაცხა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ამბროსი ხელაია სიცოცხლეში თავისუფლებისა და სულიერი გაუტეხლობის სიმბოლო იყო, გარდაცვალების შემდეგ კი, ეროვნული გმირი, ქართველი ერისა და საქართველოს მფარველი.

ლიკა მაჩხანელი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი