გერმანიაში ქართველი მძღოლები გაიფიცნენ – “მძიმე სამუშაო პირობები, სტრესი, აუღებელი ხელფასი”

გერმანიაში 200-მდე გაფიცული ქართველი მძღოლი მეორე კვირაა ღამეებს ტრაილერში ატარებს. მათ დახმარებისთვის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას მიმართეს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, დასაქმებულები რამდენიმე თვეა უხელფასოდ არიან, დამსაქმებელი კი მათთან კონტაქტზე არ გადის.

როგორც მძღოლები აცხადებენ, დამსაქმებელმა კოპანიამ მათ ჯერ მარტი-აპრილის კვირა დღის ხელფასის ჩამოჭრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა, ხელფასების ჩამოჭრა, მძღოლების გაუფრთხილებლად იანვრიდან დაიწყეს.

„მძიმე სამუშაო პირობები, სტრესი, აუღებელი ხელფასი საკუთარი სამშობლოდან შორს – გერმანიაში გაფიცულმა სატვირთო მანქანების მძღოლებმა დახმარებისთვის საქართველოში, პროფკავშირების გაერთიანებას მოგვმართეს. 200-მდე დასაქმებული ღამეებს მეორე კვირაა ტრაილერში ატარებს. გაფიცულები ჰყვებიან, რომ ერთმანეთისთვის საკვების ფულის გაზიარება უწევთ, რადგან რამდენიმე თვეა უხელფასოდ არიან, დამსაქმებელი კი მათთან კონტაქტზე არ გადის”, – აცხადებენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში.

მათივე ინფორმაციით, ანალოგიურ პირობებში იმყოფებიან იტალიაში დასაქმებულებიც, რომლებიც საკუთარი ტრაილერებით გერმანიაში ჩავიდნენ და გაფიცვას შეუერთდნენ.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, მათ ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებით, დახმარებისთვის პოლონეთისა და გერმანიის პროფკავშირებს მიმართა. საქმის კურსში ჩააყენეს უცხოური მედიაც და ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF) საგზაო ტრანსპორტის ზედამხედველობის ფონდი.

მათი წარმომადგენლები ადგილზე სიტუაციის შესაფასებლად მივიდნენ, სამართლებრივი უფლებების დასაცავად, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ შესაბამისი მინდობილობები გააკეთა და აქტივობები დაწყებულია. ასევე, გაფიცული მძღოლებისთვის ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF) წარმომადგენლებმა საკვები პროდუქტები მიიტანეს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციებს სოლიდარობისა და დახმარებისთვის.

ლელა დევდარიანი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი