“ჯორჯ ბუშმა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა დაუწუნა“ – მოგონებები ზვიად გამსახურდიაზე

საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, დღეს, 84 წელი შეუსრულდებოდა.

ზვიად გამსახურდია

31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტი, საკუთარი ქვეყნის დიდი პატრიოტი და გულშემატკივარი, ქართველი ხალხისთვის სამართლისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის მებრძოლი, ზვიად გამსახურდია დაიბადა. ყველას, ვინც საქართველოს პირველ პრეზიდენტს იხსენებს, საკუთარი ზვიად გამსახურდია ჰყავს. ვინც მას პირადად იცნობდა, ყველა აღფრთოვანებულია მისით.

მედია სააგენტო “24” შეეცადა საქართველოს პირველ პრეზიდენტე ნაკლებად ცნობილი ფაქტები და მოგონებები გაგაცნოთ.

“31 მარტი ჩემი თანაკლასელისა და სკოლის მეგობრის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ნიჭიერი ბიჭი იყო, კარგი ლექსები ჰქონდა. ორჯერ ერთად ვიყავით დაჭერილი. მახსოვს, მე, ჯონდო მეტრეველი და ჩვენი ერთი თანაკლასელი ვოვა სიხარულიძე ბაკურიანში ვიყავით, ზვიადიც იქ ისვენებდა, ოღონდ ცალკე, სხვაგან. ვოვა თხილამურებზე სრიალებდა, მე და ჯონდო კი მთელი დღე ვსვამდით. ზვიადი რომ გამოგვივლიდა, – დაიხრჩობითო! – ბრაზობდა და სასეირნოდ გავყავდით…“ – ასე იხსენებს ცნობილი მწერალი გურამ დოჩანაშვილი მის თანაკლასელსა და მეგობარს, ზვიად გამსახურდიას.

ცნობილია, რომ 1956 წლის 9 მარტის სისხლიანი დღის შემდეგ, გურამ დოჩანაშვილმა და მისმა მეგობრებმა, ორგანიზაცია “გორგასლიანი” ჩამოაყალიბეს და რუსთაველის გამზირზე “პროკლამაციები” გააკრეს. დარბაზს ერთი ჭუჭრუტანა ჰქონია და, იმ ჭუჭრუტანას, მთელი კლასის ბავშვები მონაცვლეობით იყვნენ აკრული. მაშინ გურამ დოჩანაშვილი ვერ დაიჭირეს, რადგან ,,პროკლამაციების“ გაკვრის მეორე დღეს, მძიმედ დაჭრეს და საავადმყოფოში იწვა, ციხის ამბები კი, მოგვიანებით, გოგონებმაც და ბატონმა გურამმაც, ჯონდო მეტრეველისგან მოისმინეს. ეს უკანასკნელი ჰყვებოდა:

“ყველანი ცალ-ცალკე საკანში მოგვათავსეს. ბატონი ჯონდო საკნიდან რომ გაჰყავდათ, ყველა გასასვლელ-გამოსასვლელს იმახსოვრებდა. ასე, გამოთვლით ამოიცნო, ბიჭებიდან ვინ, რომელ საკანში იჯდა. 31 მარტს მორზეს ანბანის მსგავსი კაკუნით მიაწვდინა ყველას ხმა, ზვიადის დაბადების დღეაო, დროც “უკარნახა” და თითოეულმა საკნის სარკმელში ერთდროულად დაიყვირა: “ზვიად, გილოცავ დაბადების დღეს!”

ცნობილი ფაქტია, რომ ზვიად გამსახურდია 1978 წლის მაისში გადაასახლეს – ეს იყო დაღესტნის ნახევარუდაბნო, დაბა კოჩუბეი. როგორც ამბობენ, იქ ხშირად იყვნენ ქართველი მწყემსები, რომლებიც თავიანთ ფარას საზამთროდ მიერეკებოდნენ. ზვიად გამსახურდია მიწურში ცხოვრობდა და ძველბერძნულიდან მათეს სახარებას თარგმნიდა. ამ ამბავს, ზვიად გამსახურდიას ბოლო ნადირობა ეწოდება და ახლა, უფრო დაწვრილებით წაიკითხავთ, თუ რატომ იყო ეს პროცესი, საქართველოს პრეზიდენტისთვის უკანასკნელი. აქვე აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ ამ და ბევრი სხვა მოგონებიდან, მხოლოდ მისი ადამიანური ბუნება და ვაჟკაცური სულისკვეთება იკითხება.

“ზვიად გამსახურდია ადგილობრივებმა, რამდენიმეჯერ საიგაკებზე სანადიროდაც დაპატიჟეს. მერე ის აღარ ნადირობდა. როდესაც მიზეზი ვკითხე, ასეთი რამ მოყვა: როდესაც ვნადირობდით, დედალ-მამალ საიგაკს გამოვედევნეთო. საოცრებები ჩაიდინა მამალმა – გზები აგვირია, სპეციალურად ჩამორჩა და ბოლოს, თავი მოგვაკვლევინა, ისე რომ დედალი გადაარჩინა და გაქცევის საშუალება მისცაო. სრულიად დავმუნჯდი, როდესაც ეს ვნახე, არ მეგონა, თუ ამ ცხოველს ამხელა სიყვარულისა და თავგანწირვის ინსტინქტი ჰქონდაო. იმის მერე მან საერთოდ აღიკვეთა ნადირობა“, – წიგნიდან „ზვიად გამსახურდია – 79 ამბავი“.

ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთი მეგობარი და დაცვის წევრი, სოსო თორია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის გახსენებისას, აღნიშნავს, რომ მისი მთავარი თვისება, ურთიერთობებში სისუფთავე იყო. აღსანიშნავია ის, რომ ზვიადზე ამას, თითქმის ყველა ამბობს, ვინც კი მას იცნობდა.

„სიყვარული იყო მისი მთავარი თვისება – ადამიანი უყვარდა და ეძებდა დადებითს. იმ ერთს და დადებითს. ადამიანებს, ვინც გარშემო ეხვია, ადამიანებად დარჩენის შანსს, მეათასეჯერ აძლევდა“, – იხსენებს სოსო თორია.

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან, 30 წლის შემდეგ, მის საოცარ თვისებებზე, ვაჟკაცობაზე, პატრიოტიზმსა და უბრალოდ, ადამიანურ თვისებებზე, არაერთი ადამიანი საუბრობს. განსაკუთრებულად, მისი მეგობრები და თანამებრძოლები იხსენებენ.

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სოციალურ ქსელში, საქართველოს პირველ პრეზიდენტს იხსენებს და ამბობს, რომ მისი გულისთვის უიარაღო ხალხი, ტყვიაზე მიდიოდა. მის დანახვაზე კი, ხალხს სიხარულის ცრემლი მოსდიოდა. მას არც ფული ჰქონდა, არც ავტობუსებით ჩამოჰყავდა ხალხი და არც ტელევიზიები უკეთებდნენ პიარს, თუმცა, 100 000-200 000 ქართველი, მის მხარდასაჭერად, ტყვიების წვიმასაც არ უშინდებოდა და მისი იდეისთვის, თავს სწირავდა.

“ის ეროვნული იდეა – თავისუფლების სიმბოლო იყო. ბედნიერი ვარ, რომ მისი ერთგული ჯარისკაცი ვიყავი, ვარ და ვიქნები. ის ჩემი და ჩვენი მასწავლებელია – მან გვასწავლა თავისუფლება, მან გვაზიარა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას. ის დიდი განმანათლებელი იყო, მიტინგზე მის მიერ წარმოთქმული სიტყვა, ლექციას ჰგავდა – დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოზე, ქვეყნის ჭეშმარიტ ისტორიაზე. ერის ქრისტიანობისკენ, მართლმადიდებლური რწმენისკენ შემობრუნება, მხოლოდ მისი და მერაბის დამსახურებაა. ის დინების საწინააღმდეგოდ წავიდა, სხვაგვარად არ შეეძლო, ის ხომ ჰეროიკული გმირი იყო, თავისუფლების სიმბოლო, ერის განმათავისუფლებელი. ის კაცი (ჯორჯ ბუში), რომელმაც დინების საწინააღმდეგოდ ცურვა დაუწუნა – ამერიკის რიგით პრეზიდენტად დარჩება, როგორიც აშშ-ს უამრავი და მასზე უკეთესი ჰყავდა – ზვიადი კი ერთადერთ განმათავისუფლებლად, ნამდვილ პრეზიდენტად, ეროვნულ გმირად შევა საქართველოს და მსოფლიოს ისტორიაში. მან სიკვდილის შემდგომ დაამარცხა თავისი მტრები – დაჩოქილები შენდობას ითხოვენ, თავიანთ საქციელს ინანიებენ. ცოცხალი რომ იყოს, აუცილებლად შეუნდობდა, ის ხომ საოცრად დიდსულოვანი ქრისტიანი იყო”, – წერს სანდრო ბრეგაძე.

“ქართული მარშის” ლიდერი აღნიშნავს, რომ ბედნიერია, რათა ზვიად გამსახურდიას გვერდით ბოლომდე იდგა. ამბობს, რომ საქართველოს ჭეშმარიტი სიყვარული, სწორედ მისგან ისწავლა.

სანდრო ბრეგაძე იხსენებს, რომ ის მხოლოდ 19 წლის იყო, როდესაც ზვიადი, როგორც თანასწორს, ისე ესაუბრებოდა და მისთვის ერთხელაც არ უგრძნობინებია, რომ ის უმაღლესი ინტელექტის გმირი იყო, სხვები კი, უბრალო მოკვდავნი.

“დღეს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, დღეს 31 მარტს ჩაუყარა მან საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას – კურთხეულ იყოს დიდი ზვიადის სახელი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“, – წერს ,,ქართული მარშის“ ლიდერი.

ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი პრეზიდენტის ხსოვნას, პატივი მიაგეს. ირაკლი ღარიბაშვილი და შალვა პაპუაშვილი, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდნენ, სადაც ზვიად გამსახურდიაა დაკრძალული. მათ, პირველი პრეზიდენტის საფლავი, ყვავილებით შეამკეს.

საქართველოს პირველ პრეზიდენტს, საკუთარი ქვეყნის დიდ პატრიოტსა და გულშემატკივარს, ზვიად გამსახურდიას, დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა. როდესაც მის შესახებ ჰყვებიან, რაღაცნაირად, ყველა გრძნობა ერთად იყრის თავს – სიმამაცის, პატრიოტიზმის, ადამიანობის, სიკეთის, ვაჟკაცობის. ის ნამდვილად იყო საქართველოს პირველი და ალბათ, უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელსაც საკუთარი ქვეყანა, გულწრფელად და გულმხურვალედ უყვარდა.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი