31 მარტი ისტორიული რეფერენდუმისა და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა
31 მარტი ქართველი ერის ერთიანობის, სულისკვეთებისა და მიზანსწრაფულობის სიმბოლოდ იქცა. 1991 წლის რეფერენდუმზე, რომელშიც 3 მილიონ 300 ათასზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა, თითქმის 99%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. 9 აპრილს კი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო და საქართველო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციიდან გაათავისუფლა.
კიდევ ერთი მიზეზით არის 31 მარტი ღირსშესანიშნავი. დღეს რეფერენდუმის სულისჩამდგმელის, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 84-ე დაბადების დღეა.
ზვიად გამსახურდია დაიბადა თბილისში 1939 წლის 31 მარტს, გამოჩენილი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. სწავლობდა თბილისის 47-ე საშუალო სკოლაში. განათლების მიღება განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით. უნივერსიტეტში სწავლა 1962 წელს დაასრულა. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
ახალგაზრდა ზვიად გამსახურდიასა და მისი მეგობრების დაპირისპირება საბჭოთა რეჟიმთან აშკარად 1956 წელს გამომჟღავნდა, როდესაც მათ თბილისის ქუჩებში საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს. ჯგუფის წევრები დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ზვიად გამსახურდია პატიმრობაში მეორედ 1959 წელს მოხვდა და ისევ მალე გაათავისუფლეს.
1975 წელს ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციის „საერთაშორისო ამნისტიის“ (Amnesty International) წევრად აირჩიეს. ამ ორი მეგობრისა და თანამებრძოლის თაოსნობით 1976 წელს თბილისში დაფუძნდა „საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი“. ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე მისი თავმჯდომარე იყო. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა ჟურნალებს: „საქართველო“, „ოქროს საწმისი“, „საქართველოს მოამბე“ და სხვ. გამსახურდიას ინიციატივით თბილისში პირველად გამოიცა რუსი დისიდენტი მწერლის, ალექსანდრე სოლჟენიცინის „გულაგის არქიპელაგი“.
1978 წელს ზვიად გამსახურდია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვასა და დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალურ ნომინანტად წარადგინა. მოგვიანებით კი, გამსახურდია აირჩიეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHR-IGFM, მაინის ფრანკფურტი) წევრად. გარდა ამისა, იგი აქტიურად თანამშრომლობდა მოსკოვში გამომავალ დისიდენტურ ჟურნალთან „მიმდინარე ამბების ქრონიკა“.
დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა 1977 წელს დააპატიმრა, პატიმრობიდან 1979 წელს გაათავისუფლეს. 1979 წლიდან იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში და იყო 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციის ერთ-ერთი მოთავე, მათ შორის, 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც 9 აპრილს ტრაგედიით დასრულდა, ხოლო ზვიად გამსახურდია, როგორც აქციის ორგანიზატორი, დააპატიმრეს.
მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდეგ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას. 1990 წლის დამდეგს მისი თაოსნობით შეიქმნა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ბლოკი „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“, რომელმაც 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
მოგვიანებით, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე, შეკითხვას „ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ – საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა.
1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და მალევე ზვიად გამსახურდია ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია, რაც იმავე წლის 26 მაისს საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე დადასტურდა.
1992 წლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა სომხეთის გავლით ჩეჩნეთში, გროზნოში გადასულიყო, სადაც გენერალმა ჯოჰარ დუდაევმა თავშესაფარი მისცა.
1993 წლის სექტემბერში პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საქართველოში, სამეგრელოში დაბრუნდა. 1993 წლის ნოემბერში იგი, რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად, მთიანი სამეგრელოს სოფლებს აფარებდა თავს. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში (ამ ფაქტზე 2004 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N-174 შექმნილი სახელმწიფო კომისიისა და პროკურატურის მიერ).
1994 წლის თებერვალში იგი გადაასვენეს გროზნოში, 2007 წელს კი საქართველოში გადმოასვენეს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია. ბრიტანული პრესის ცნობით, ცხედარი იპოვეს ერთადერთი ტყვიის ჭრილობით თავში. არსებობს მისი სიკვდილის ახსნის რამდენიმე ვერსია, თუმცა მათი სიზუსტის დადგენა ვერ ხერხდება.
ლელა დევდარიანი