რიკოთის მონაკვეთზე გეოლოგიური და გეოფიზიკური ექსპერტიზის შედეგები ერთ კვირაში დაიდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რიკოთის მონაკვეთზე, რაც შეიძლება დროულად აღდგეს მოძრაობა და უსაფრთხო გადაადგილება იქნეს უზრუნველყოფილი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელმა რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მოძრაობის შეჩერების მიზეზებსა და გზის გახსნის საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„მოგეხსენებათ, 30 მარტს რიკოთის მონაკვეთზე შევწყვიტეთ მოძრაობა და გადავრთეთ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე. აღნიშნული გარემოება გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობიდან, ვინაიდან თოვლის დნობის შედეგად, გზასთან ახლოს, დაახლოებით, 200 მეტრში, განვითარდა მეწყრული პროცესები. შესაბამისი დაკვირვების შედეგად, გამოვლინდა ბზარების ზრდის, აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარებისა და ჩამოსვლის ტენდენცია. ამიტომ, სპეციალისტების დაკვირვების შემდეგ და მათი რეკომენდაციით, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვეზღუდა რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე რიკოთის 149-ე კმ-ზე გზის გაფართოების სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს შესაბამისი გეოლოგიური კვლევებისათვის გზის მიყვანის სამუშაოები. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გეოლოგიური, გეოფიზიკური კვლევები საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტების მიერ. კვირის ბოლოსთვის უკვე ცნობილი იქნება პირველადი, წინასწარი შედეგები, რომლის შემდეგაც იმსჯელებენ, როგორც საფრთხეების დონეზე, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე.

რაც შეეხება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იან მონაკვეთს, რომელზეც ამჟამად გადართულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ამ ეტაპზე 109 კმ-იანი გზის მხოლოდ და მხოლოდ 6 კმ-ზე მიმდინარეობს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები. კონკრეტულად, ტარდება ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზის საფარის და დამეწყრილი ადგილების რეაბილიტაცია, რაც ხელს უშლის მოძრაობას და შეფერხებით ხდება გადაადგილება მხოლოდ და მხოლოდ ამ 6 კმ-იან მონაკვეთზე.

გიორგი წერეთლის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რიკოთის მონაკვეთზე, რაც შეიძლება დროულად აღდგეს მოძრაობა და უსაფრთხო გადაადგილება იქნეს უზრუნველყოფილი.

ლელა დევდარიანი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი