წერეთლის გამზირისა და “დიდუბის ხიდის” რეაბილიტაციაზე 30 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

თბილისის საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთი ცენტრალური გზის, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია უახლოეს ხანებში დაიწყება. ასევე, იგეგმება დიდუბის რაიონში შალიკაშვილის ხიდის (ე.წ. დიდუბის ხიდის) რეაბილიტაცია-განახლება. ორივე პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოებს  ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, აკაკი წერეთლის გამზირზე, როგორც სხვა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაში, სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. კერძოდ, შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, მიწისქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები, გამზირზე მოეწყობა გარეგანათების ახალი სისტემა და დამონტაჟდება თანამედროვე LED ლამპიონები. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარები. ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, გაკეთდება საფეხმავლო კუნძულები, დაიხაზება ზებრა-გადასასვლელები, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ავტობუსის ზოლი.

გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28 408 291 ლარით დაფინანსდება.

რაც შეეხება შოთა შალიკაშვილის სახელობის ე.წ. დიდუბის ხიდის, ის 1953 წელს აშენდა და რეაბილიტაცია პირველად განხორციელდება. ხიდი 152 მეტრი სიგრძისაა. იგეგმება გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების განახლება, თაღების დაზიანებული უბნების, მოაჯირებისა და პარაპეტების განახლება. გაიწმინდება და მოპირკეთდება ფილები და მოეწყობა გარეგანათების სისტემა. ხიდის რეაბილიტაცია არსებული იერსახის შეუცვლელად განხორციელდება და ამისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 242 372 ლარი დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ „დიდუბის ხიდის“ რეაბილიტაციაზე სახელმწიფო შესყიდვა სამჯერ გამოაცხადა. ამჯერად შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4.864 მლნ ლარი, წინ ტენდერებთან შედარებით თითქმის 2 მლნ ლარით მეტია.

აღსანიშნავია, რომ ხიდის რეაბილიტაციაზე პირველი ტენდერი 2022 წლის თებერვალში გამოცხადდა, თუმცა ის არ შედგა და ხიდის რეაბილიტაციის დაწყებაც გადაიდო. მაშინ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 2 693 232 ლარის შეადგენდა. მეორე ტენდერი მერიამ 2023 წლის იანვარში გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 176 063 მლნ ლარი იყო, თუმცა არც ის შედგა.

ლელა დევდარიანი


მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება

თბილისში XIX-XX საუკუნეების აკლდამები აღმოაჩინეს

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება, ტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეფერხდება

ნიუ-იორკში ავტომობილების მრავალსართულიანი პარკინგი ჩამოინგრა (ფოტო)

პოდკასტი