ამერიკელ ჯაშუშებად მონათლული გურული მხედრების ისტორია – ჩოხიანი ცხენოსნები ველურ დასავლეთში
ქართველი მხედრების ამერიკულ ასპარეზობას პირველმა მსოფლიო ომმა დაუსვა წერტილი, ზოგი მათგანი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა.
1892 წელს, გურული მხედრებისთვის ცხოვრების ახალი, ემოციებითა და სიახლეებით სავსე ეტაპი დაიწყო. მოჯირითეების საინტერესო და იმავდროულად ტრაგიკული ისტორია ასე იწყება: ამ წელს, ბათუმს იმპრესარიო თომას ოლივერი ესტუმრა. ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბუფალო ბილის წარმომადგენელს დავალებული ჰქონდა ,,ველური დასავლეთის შოუებისთვის” (Wild West Shows) ცხენოსნები ამოერჩია. ოლივერმა, აშშ-ის კონსულთან, მისი მდგმური და მდივანი, ჩიბათელი კირილე ჯორბენაძე გაიცნო და მისი დახმარებით გურიაში 10-კაციანი გუნდი შეკრიბა. ჯგუფს ივანე მახარაძე მეთაურობდა.
“გამგებელთა სანდო კაცი, რომელსაც დავალებული ჰქონდა, შეჰკრიბე რამდენიმე ცხენოსანი გურული ვაჟკაცი და ჩიკაგოს გამოჰგზავნეო. იმ კაცს უკვე შეუკრებია ეს დასი, რომელშიაც 10 კარგი ვაჟკაცია, მშვენივრად გამოწყობილი და შეთოფიარაღებული. ის დასი 13 თებერვალს უკვე ჩამოვიდა ბათუმს და ამ მოკლე ხანში გაემგზავრება კიდევაც ამერიკას”, – იუწყებოდა მაშინდელი პრესა.
გურიიდან წასული მხედრები ინგლისში “ველური დასავლეთის შოუებს” შეუერთდნენ. ცხენოსნების შესახებ ინფორმაციამ მალე ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყურამდეც მიაღწია. გურულები, 1892 წლის 25 ივნისს, ქართველი ივანე მახარაძის თაოსნობით, დედოფლის, სამეფო ოჯახისა და სხვა არისტოკრატების წინაშე წარდგნენ. წარმოდგენით, აღფრთოვანებულმა დედოფალმა ვიქტორიამ მათ მოოქრული ალბომი გადასცა, სადაც მათი წარმოდგენის ამსახველი ფოტოები იყო განთავსებული.
1893 წლის 29 მარტს გემმა “ჩესტერმა” გურული მხედრები ამერიკაში ჩაიყვანა. დაახლოებით 2-კვირაში, ჯგუფს ქართველ მოჯირითეთა კიდევ ერთი ნაწილი შეუერთდა და შემდეგ, რეგულარულად, მინიმუმ 2 ასეთი ჯგუფი მიემგზავრებოდა ოკეანის მიღმა. ცხენოსანთა შორის რამდენიმე ქალი იყო. მხედრები აღტაცებულები იხსენებდნენ შტატებს.
“პატივისცემა ნამეტანი გვაქვს. ხელი ჩემგან არ ეიწერება და უკანასკნელს გეტყვი: მარმარილოს ქვის ჩერჩმები გვაქვს, იმოდენა სიმდიდრე ყოფილა“, – იტყობინებოდა სახლში გამოგზავნილ წერილში მოჯირითე ნიკოლოზ ჭყონია.
1892-1917 წლებში, “ველური დასავლეთის შოუებში” 150-მდე გურული მხედარი გამოდიოდა. ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ შტატებში. როგორც ამბობენ, გურულებმა დიდი გავლენა მოახდინეს ქოვბოების სუბ-კულტურაზე, ლონდონში კი მათმა გამოჩენამ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. იქ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათგან კი ქართველების გამოსვლა მთავარ წარმოდგენად ითვლებოდა. ისეთივე ინტერესს მხოლოდ ინდიელები და ქოვბოები იმსახურებდნენ.
ველური დასავლეთის ცნობილი მკვლევარი და ისტორიკოსი დი ბრაუნი წერდა:
“ცხენზე ჯირითი როდეოში შემოიტანეს თავზეხელაღებულმა კაზაკებმა (გურულებს, სხვადასხვა მიზეზთა გამო, კაზაკებს ეძახდნენ). კაზაკების თავბრუდამხვევი ტრიუკებით დაინტერესებულმა ქოვბოებმა ეს გაითავისეს და შემდგომ თავისებური ვარიანტი წარმოადგინეს ამერიკულ როდეოში. ქართველი მხედრები წარმოუდგენელ ილეთებს აკეთებდნენ ჭენების დროს“.
ქართველების განუმეორებელ ჯირითზე წერდნენ ამერიკული გაზეთებიც: ,,ისინი უნაგირზე ხელებზე და ფეხებზე დამდგარი აჭენებდნენ ცხენებს“.
შოუს ერთი წარმოდგენა 10-12 ათას მაყურებელს იტევდა. როგორც ამბობენ, აქაურობა ,,ცოცხალ გამოფენას” ჰგავდა. გურულებს ჭრელ ფერებში შეკერილი ჩოხები ეცვათ. ესეც შოუს კომერციული ნაწილი იყო. მხედრები, ჯირითის დროს, მართლაც რომ დაუვიწყარი და უიშვიათესი სცენებით აოცებდნენ სტუმრებს. მათი შოუს აუცილებელი ატრიბუტი ცეკვები, სიმღერა, იარაღი და ტანისამოსი იყო. აქტიურ მაყურებელთა შორის აშშ-ის პრეზიდენტები – ვუდრო ვილსონი და თეოდორ რუზველტი, ხშირად იმყოფებოდნენ.
საინტერესოა, თავად შოუს ისტორია. “ველური დასავლეთის შოუებში”, ვოდევილის სპექტაკლები, შტატებსა და ევროპაში, 1870-1920 წლებში იმართებოდა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. შოუებში თეატრალური სასცენო სპექტაკლები იყო წარმოდგენილი, რომელიც, შემდგომ, მასშტაბურ, ღია წარმოდგენებში გადაიზარდა. საღამოები ასახავდა რომანტიკულ ამბებს ქოვბოების, ველური ინდიელების, ჯარის სკაუტების, ველური დასავლეთის უკანონობისა და გარეული ცხოველების შესახებ, რომელიც ამერიკულ დასავლეთში იყო გავრცელებული. სიუჟეტები იყო, როგორც ნამდვილ მოვლენებზე დაფუძნებული, ასევე გამოგონილ ამბებზეც. ის კი სენსაციურობას და საზოგადოების დიდ ინტერესს უფრო მეტად ზრდიდა.
ბუფალო ბილის “ველური დასავლეთის შოუები” ჩრდილოეთ პლატეში, ნებრასკას შტატში 1883 წელს დაარსდა. ბუფალო ბილ კოდიმ თავისი ცხოვრების ნამდვილი თავგადასავალი პირველ დიდ დასავლურ შოუდ აქცია. გასართობი წარმოდგენის პუბლიცისტმა, არიზონა ჯონ ბერკმა, გამოიყენა იმ დროისთვის ინოვაციური მეთოდები, როგორიცაა ცნობილი ადამიანების მიერ შოუს დარეკლამება, პრესა, სტატიები ბილბორდები და პროდუქციის ლიცენზირება, რამაც შოუს წარმატებასა და პოპულარობას შეუწყო ხელი. შოუს წარმატება მკაფიოდ აისახა დასავლურ კულტურაში და კინემატოგრაფიაში, პოპ-კულტურაში, თანამედროვე როდეოში, ცირკში და ა.შ. და დღემდე საკმაოდ აქტუალურია.
სწორედ ამ შოუების გავლენით შეიქმნა ფილმების ჟანრი ,,ვესტერნი”. პირველი ნამდვილი ვესტერნი ,,მატარებლის დიდი ძარცვა” 1903 წელს გადაიღეს, ამას კი ათასობით მსგავსი სიუჟეტის ფილმები მოჰყვა. ბუფალო ბილისა და გურული მოჯირითეების ამბავი ერთ-ერთი უძველესი მაგალითია ქართულ- ამერიკული ურთიერთობის ისტორიაში.
ქართველი მხედრების შემდგომ ნაბიჯებს და მათ ამერიკულ ასპარეზობას პირველმა მსოფლიო ომმა დაუსვა წერტილი. ომის დროს დაიკეტა საზღვრები და თითქმის შეუძლებელი გახდა ოკეანის გაღმა გადასვლა. ზოგიერთი მათგანი სამშობლოში ომის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა, ზოგმა კი, ტიპური ამერიკული ოჯახი შექმნა და სამშობლოსთან კავშირი დაკარგა. გურული მოჯირითეების მცირე ნაწილი, რომლებიც საქართველოში დაბრუნდნენ, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ. მაშინდელმა ხელისუფლებამ მხედრები ამერიკის ჯაშუშებად მონათლეს და დააპატიმრეს. ბევრი მათგანი იძულებული გახდა საზღვარგარეთ ყოფნის დამადასტურებელი ყველა სამხილი გაენადგურებინა.
ნიუ-იორკში, ელისის კუნძულის იმიგრაციის ეროვნულ მუზეუმში საგულდაგულოდ შერჩეული კოლექცია ინახება, რომელიც ამერიკული იმიგრაციის მდიდარი ისტორიის ფოტოებს, მემკვიდრეობასა და საძიებო ისტორიულ ჩანაწერებს აერთიანებს. მათ შორისაა მაშინდელი შოუების აფიშები, რომლებზეც გურული ცხენოსნები არიან აღბეჭდილნი. საცავში ასევე ინახება ხმალი და ქამარი, რომელიც, დიდი ალბათობით, ქართველი მოჯირითეების კუთვნილებაა. მუზეუმის საგამოფენო სივრცეში კი მათი ორი წევრის, იასონ იმნაძის და კირილე ხოფერიას ფოტოა გამოფენილი, რომელიც დამთვალიერებლებში დღემდე დიდ ინტერესს იწვევს.
ლიკა მაჩხანელი